“დუშეთის გამგეობამ ისეთი გულისხმიერება გამოიჩინა, მინდა, ამის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყოს”

“დუშეთის გამგეობამ ისეთი გულისხმიერება გამოიჩინა, მინდა, ამის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყოს”

2013 წლის 16 დეკემბერს, ღამით ამოვარდნილმა ქარმა, ბაზალეთის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების მაცხოვრებლები დააზარალა. სტიქიამ 13 შენობის სახურავი იმდენად დაზიანდა, თითოეული სრულ რეაბილიტაციას სასწრაფოდ საჭიროებდა. სტიქიის მეორე დღესვე, შემთხვევის ადგილი დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ერეკლე ტრიპოლსკიმ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა და ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაქარია ხეხელაშვილმა დაათვალიერეს და დაზარალებულ ოჯახებს დახმარებასაც დაპირდნენ.

იანვარში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 127 100 ლარი გამოიყო, საიდანაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ყარსიმაანთ დასახლებაში მცხოვრები ლალი კასრაძის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მოხერხდა. ამასთან, სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი, სოფელ მლაშის ტერიტორიაზე მდებარე სასათბურე მეურნეობის საცხოვრებელი კორპუსი, სოფელ ჩრდილელიანთ დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე აკაკი და ნიკოლოზ სონიშვილებისა და სოფელ საკრამულის მკვიდრი გივი ხისრუაშვილის საცხოვრებელი სახლები შეკეთდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ჩანადირებში მცხოვრებ მურთაზ ბოდაველის, ლამარა ჭინჭარაშვილის, სოფელ ბაგის მკვიდრი ოთარ კედელაშვილის, ალბერტ ჩოხელის, სოფელ ჩუბინიაანთ დასახლებაში მცხოვრებ ნუგზარ არაჩაშვილის და სოფელ ჭილურტში დავით ფეიქრიშვილის საცხოვრებელ სახლებს.

For.ge სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ესაუბრა:

ლალი კასრაძე, ყარსიმაანთკარის მკვიდრი: “ძლიერი ქარი იყო, სახურავიდან სამშენებლო მასალა პირდაპირ საძინებელში ჩამოცვივდა. საბედნიეროდ, ბავშვები სახლიდან სტიქიის ამოვარდნისთანავე გავიყვანე. მოგვიანებით, დუშეთის გამგეობას დავუკავშირდი, ბატონი ვაჟა ჩოხელი კი ჩვენი პრობლემით მაშინვე დაინტერესდა. დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკიც მეორე დღესვე ჩამობრძანდა და შესაბამის დახმარებასაც შემპირდა. მართლაც, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც მითხრეს, ბოლომდე გვერდში დამიდგნენ, რაც ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო. ღმერთმა ქნას, მოსახლეობას მთავრობისგან ყოველთვის მსგავსი მხარდაჭერა ჰქონდეს”.

ქეთევან სონიშვილი, სოფელ ჩრდილელიანთკარის მკვიდრი: “სტიქიამ ჩვენ სახლს სახურავი გადახადა, თუმცა, როგორც კი გამგეობას დახმარება ვთხოვეთ, მშენებლები შესაბამისი აღჭურვილობით, მაშინვე გამოჩნდნენ. ასე ოპერატიულად, სასწრაფო დახმარებაც კი არ მოდის ხოლმე. დაზიანებული შენობა დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და გამგებელმა ვაჟა ჩოხელმაც დაათვალიერეს. 42 წელია აქ ვცხოვრობ და ადგილობრივი მთავრობისგან მსგავსი თანადგომა არასოდეს მახსოვს. ამ ადამიანებმა ისეთი გულისხმიერება გამოიჩინეს, მინდა, ამის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყოს. ჩვენი ოჯახის გარდა, დახმარება კიდევ არაერთ ადამიანს აღმოუჩინეს. ამის შესახებ მთელი რაიონი საუბრობს”. 

მურთაზ ბოდაველი, სოფელ ჩანადირების ადგილობრივი მკვიდრი: “სტიქიამ მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, ასეთი ქარბუქი მართლაც არ მახსოვს, მაგრამ გამგეობამ შესაბამისი დახმარება გაგვიწია და მასალაც დროულად მოგვაწოდეს”.

ალბერტ ჩოხელი, სოფელ ბაგის მკვიდრი: “სტიქიამ სახლის სახურავი საერთოდ ჩამოანგრია. როცა რაიონის ხელმძღვანელობას ამის შესახებ შევატყობინე, ჩვენ მიმართ ყურადღება მაშინვე გამოიჩინეს. სახურავის შესაკეთებლად, ლურსმნების ჩათვლით, ყველა საჭირო მასალა მოგვაწოდეს”.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაზალეთის ტბაზე მდებარე სანიჩბოსნო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულდა. მშენებელ ნიკოლოზ კახნიაშვილის განცხადებით, სტიქიის დროს, შენობის დაზიანების ძირითადი მიზეზი მისი არასწორი მონტაჟი გახდა: “დამპალ მასალაზე სახურავი იყო გადაკრული, რამაც, ბუნებრივია, სტიქიას ვერ გაუძლო და ერთი მესამედი მნიშვნელოვნად დაზიანდა. როგორც ვიცი, დუშეთის გამგეობამ პროექტი საკმაოდ სწრაფად შეიმუშავა, ბატონი ვაჟა ჩოხელი ცენტრალურ ხელისუფლებაში თანხის ჩასარიცხად ინტენსიურად რეკავდა, ხოლო, როგორც კი გამგეობამ დადგენილება მიიღო, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მაშინვე დაიწყო და საბოლოოდ, შენობამ ფუნქციონირებაც განაახლა”.

სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პარალელურად, დუშეთის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტებიც ხორციელდება. ქალაქ დუშეთს წლების განმავლობაში ხევის ადიდების პრობლემა აწუხებდა, თუმცა ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხერხდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქალაქ დუშეთის პირველი სკოლის ქართული ენის ფილოლოგი ნათელა ველთაური გვიამბობს, რომ დუშელებს სტიქიის უკვე აღარ ეშინიათ:

“ხევის ადიდება ქალაქს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა. 2005 წელს ხევი იმდენად ადიდდა, ნაპირები ჩამოშალა და ხევისპირზე მცხოვრებ მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა; მსხვერპლიც იყო _ საკუთარ ეზოში მამაკაცი დაიხრჩო. მაშინ ჩემი ეზოს მნიშვნელოვანი ნაწილიც წყალმა წაიღო. დუშელები, ფაქტობრივად, შიშით ველოდით წვიმას, რადგან სტიქიის წინაშე აბსოლუტურად დაუცველნი ვიყავით. როგორც ვიცი, 2005 წელს ხევში ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად გეგმა შემუშავდა, მაგრამ გეგმადვე დარჩა, რადგან წინა წლებში მის განხორციელებაზე არავის უზრუნია, წელს კი ეს რეალობად იქცა. მთელი ზამთარი მშენებლები ღამის სამ საათამდე მუშაობდნენ. ამ ეტაპზე, ჯებირების ჩადგმის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ორი ხიდი კი აბსოლუტურად შეიცვალა. როცა ასეთი დიდი საქმე უმოკლეს დროში განხორციელდა, მჯერა, დუშეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებიც სრული დატვირთვით ამუშავდება. არადა, როგორც ილია წერდა, “განა იქნება ღვთისაგან და კაცისაგან ისე დავიწყებული მხარე, როგორც ეს საწყალი დუშეთია”... ჩვენი რაიონი არავის ახსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან საკმაოდ ახლოს ვართ, მსგავსი დამოკიდებულება დუშეთს ტრადიციულად მოყვებოდა. მიხარია, რომ ბოლო წლებში ქუჩები მოწესრიგდა და რაიონიც უკეთესი გახდა. ხევის ჯებირებში ჩასმა ამ ღონისძიებების გვირგვინი იყო”. 

დუშეთში მიმდინარე სამუშაოებით კმაყოფილია ფილოლოგი რეზო ხუსრუაშვილიც. მისი განცხადებით, გამგეობაში, ძირითადად, მისი ყოფილი მოსწავლეები არიან დასაქმებულნი, ამიტომ მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს:

“ძალიან მინდა, მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა ადგილობრივ მოსახლეობას უყვარდეს, რადგან მათი უმრავლესობა ჩემი ყოფილი მოსწავლეა. მინდა, მათი საქმიანობით ვამაყობდე. ამ ეტაპზე, თუ ობიექტურად შევაფასებთ, დუშეთში უამრავი კარგი საქმე გაკეთდა. ხევი დუშელებისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. შესაბამისად, მისი ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რაც გაკეთდა კიდეც. შარშან დუშეთის ქუჩებიც მოასფალტდა, მათ შორის, სააკაძის ქუჩა, ბაჩანას შესახვევი, კარიაულთუბანი და მილახვრიანთკარის შიდაგზები. ამის გარდა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაც მოხერხდა. მოგეხსენებათ, დუშეთი მთაგორიანი ქალაქია, ამიტომ სანიაღვრე პრობლემების გადაჭრით მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ქალაქში გარეგანათებაც მოწესრიგდა. ასე რომ, ერთ წელიწადში უამრავი სამუშაო განხორციელდა”.

For.ge-ს ჟინვალის მკვიდრი ეკატერინე უძილაურიც ესაუბრა: “ჩვენი გამგებელი თითოეულ მოსახლეს გვერდში უდგას, ჩვენს ჭირსა და ლხინს იზიარებს. ჟინვალში გზები იმდენად მოუწესრიგებელი იყო, გავლაც ჭირდა, მაგრამ ეს პრობლემა საკმაოდ მოკლე ხანში მოგვარდა. ადგილობრივებს წყლის პრობლემაც აღარ გვაქვს. სამუშაოები ამ მიმართულებითაც განხორციელდა. რაც მთავარია, ამბულატორიის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და როგორც ვიცით, ფასანაურშიც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო. იმედი გვაქვს, მოსახლეობის პრობლემებისადმი მსგავსი დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება”.