მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა კალიფორნიამაც აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას regnum.ru ამერიკულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. რეზოლუციას კალიფორნიის სახელმწიფო ასამბლეის 70-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთის წინააღმდეგ. ამასთან, კალიფორნიის სახელმწიფო ასამბლეა აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აშშ-ის ოთხმა შტატმა აღიარა. ესენია ლუიზიანა, მენი, როდ-აილენდი და მასაჩუსეტსი, ასევე,- ლოს-ანჟელესის საქალაქო საბჭო.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე, ჩრდილოეთ კალიფორნიის აზერბაიჯანული კულტურის საბჭოს წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს აღნიშნული რეზოლუცია. ამ ორგანიზაციის აქტივისტებმა შტატის ასამბლეის პარლამენტარებს განუცხადეს, რომ ეს დოკუმენტი ეწინააღმდეგება ბაქოსა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთობების სულისკვეთებას და მხარს უჭერს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიების მიტაცების პოლიტიკას.
მომხდარის შემდეგ დღის წესრიგში დადგა, გაყიდიან თუ არა მთიან ყარაბაღს?! ამ სენსაციური იდეით სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი გამოვიდა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მიწები საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდოს, რაც რეგიონს საშუალებას მისცემს, ღიად დაამყაროს ვაჭრობა და მიიზიდოს ახალი ინვესტიციები.
სომხურმა გამოცემა „ლრაგირმა“ მკაცრად გააკრიტიკა მაკარიანი: „გაგიკ მაკარიანი ადვილად ასხვისებს მიწებს, რომლებიც ათასობით ადამიანის სისხლითაა გაჟღენთილი და, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკუთრებაა. დაე, მან საკუთრი სახლი და სოფელი მიჰყიდოს აზერბაიჯანელებს“.
„ამერიკამ შესაძლოა, ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს და ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის ხვალინდელი დღე“, - აცხადებს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ამერიკელები უკვე ახალი წინადადებით გამოდიან ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უცებ აღიაროს ყარაბაღის დამოუკიდებლობა. უფრო მეტიც, ამის თაობაზე კარნეგის ცენტრში განცხადებას აკეთებს მინსკის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის მხრიდან. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მართალია, ამერიკის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოსალოდნელი თითქოს არაა, მაგრამ მაინც შეიძლება ეს ნაბიჯი გადაიდგას, რათა ამერიკამ სხვა გეოპოლიტიკური ამოცანა შეასრულოს.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მამუკა არეშიძე დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეთავაზებას ნატოსადმი ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე, მათ შორის, საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსების თაობაზე, რაც ვაჭრობის დამატებითი არგუმენტი იქნება.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კალიფორნიაში ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო მთლიანად იქაური მდიდარი სომხების გავლენის ქვეშაა და სწორედ ისინი აფინანსებენ „დემოკრატების მოძრაობას“. ამდენად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კალიფორნიის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სწორედ ადგილობრივი სომხური თემის „დამსახურებაა“.
ამერიკის კონსტიტუციის თანახმად კი, ისეთი მოვლენები, როგორიცაა სახელმწიფოების აღიარება, ომის გამოცხადება, მშვიდობის დამყარება, მხოლოდ და მხოლოდ ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციაა. ასე რომ, ამერიკის 40-მა ან თუნდაც 45 შტატმაც რომ აღიაროს ყარაბაღის დამოუკიდებლობა, არაფერს ნიშნავს, სანამ ვაშინგტონში კონგრესის მიერ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
„საერთოდ, ამერიკაში ებრაული ლობის შემდეგ, თავისი გავლენით მეორე ადგილზეა სომხური ლობი. ასევე ხდება საფრანგეთში, ბელგიაში. თუმცა ამერიკა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რადგან მაშინ ამერიკამ პანდორას ყუთი უნდა გახსნას და ჯინი ამოუშვას ბოთლიდან. ამას მოჰყვება, რომ ხვალ-ზეგ ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება - კატალონიაც ჩაატარებს რეფერენდუმს და მაშინ ამერიკამ კატალონიის დამოუკიდებლობაც უნდა აღიაროს, შემდეგ ამას მოჰყვება ბელგიაში რომელიმე პროვინციის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც გამორიცხულია. საერთოდ, პრეცედენტი, რომ ყარაბაღი ოდესმე აღიარებულ იქნას ევროპის მიერ, ძალზე ცუდი იქნება საქართველოსთვის.
დღეს ამ თვალსაზრისით, უკეთეს მდგომარეობაშია აფხაზეთი, რადგან აფხაზეთი რუსეთის და თითო-ოროლა ჯუჯა სახელმწიფოს მიერ მაინცაა აღიარებული, ხოლო ყარაბაღი არავის მიერ არ არის აღიარებული. უფრო მეტიც, ყარაბაღი სომხეთსაც არ უღიარებია. ასე რომ, ყარაბაღი ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. შემდეგ მოდის ჩრდილოეთ კვიპროსი, რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული და -აფხაზეთი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის-რუსეთის მიერაა აღიარებული“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არარეალისტურად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა უახლოეს პერსპექტივაში აშშ-ის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარების პერსპექტივას ვერ ხედავს. მისი განმარტებით, აშშ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროს საზღვრებში. ამდენად, მას როგორც მინისტრს, ამ თემით სპეკულაციის სურვილი არ აქვს.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კალიფორნიის ან ამერიკის სხვა შტატების მიერ ყარაბაღის „აღიარების“ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სერიოზულ გადამოწმებას მოითხოვს და არანაირად არ ჯდება აშშ-ის ოფიციალურ პოზიციასთან ყარაბაღთან დაკავშირებით.
„არანაირი საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციოზში არ არის ყარაბაღის აღიარებაზე ან მსგავს რაღაცაზე. მათი ოფიციალური პოზიცია დაფიქსირებული იყო 7 მაისს, სადაც ყარაბაღის თემა სერიოზულად განიხილეს. ამან გამოიწვია სომხეთის პროტესტი, რადგან ისინი უნდა დაბრუნებოდნენ მადრიდის პრინციპებზე აგებულ კონფლიქტის დარეგულირების მექანიზმს, რაც აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ტერიტორიების დაბრუნებას გულისხმობს. მესმის, რომ ამერიკაში მუშაობს სომხური ლობი, მაგრამ მუშაობს ამერიკული ლობიც და ამერიკას ძალზე მკაფიო ინტერესები აქვს, მათ შორის, აზერბაიჯანში, კასპიის რეგიონში.
ყველაზე მთავარი - აშშ არასდროს გადაუხვევს იმ პრინციპებს, რომელზეც დგას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და აქ ყველაზე მთავარი მომენტი სწორედ ტერიტორიული მთლიანობაა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ, რომლის განმარტებითაც, ცალკეული შტატის პარლამენტს ძალზე სიმბოლური დატვირთვა აქვს, ხოლო ამერიკის, როგორც ქვეყნის პოზიცია, სხვა არის.
მისივე თქმით, მთიანი ყარაბახის გადაწყვეტის სულ ორი მექანიზმი შეიძლება განვიხილოთ. ერთი, რომ რუსეთმა მორიგი სისულელე ჩაიდინოს, რაც გააკეთა ყირიმში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც პირდაპირი ინტერვენცია განახორციელა. რა თქმა უნდა, ეს ძალზე ცუდად აისახება ყველა მხარეზე და მეორე, რასაც სთავაზობს დასავლეთი, რომ მხარეებმა მიაღწიონ მოწესრიგების ისეთ ფორმულას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. თუ პროცესები ასეთი მიმართულებით განვითარდება, მაშინ ეს იქნება კონფლიქტის ცივილიზებული გზებით გადაწყვეტის კარგი პრეცედენტი. თუმცა, სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა შორი პერსპეტივაა, ისევე, როგორც ჩვენი კონფლიქტების, რადგან დაპირისპირებულ მხარეებს რეალურად არავინ არაფერს ეკითხება. ამ პროცესებში ძალზე სერიოზული მხარეა ჩართული, რუსეთის ფედერაციის სახით, რომლის პოლიტიკაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. რუსეთს კი კონფლიქტების მოგვარების არანაირი სურვილი არ აქვს.
შეგახსენებთ, ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში, ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. ხოლო 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. 1988 წლის შემდეგ ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია კვლავაც სომხებისა და აზერბაიჯანელების სადაო ტერიტორიად ითვლება.