[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
კარგა ხანია ჩვენში დამკვიდრდა ტერმინი სინგაპურიზაცია, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთგვარი მისაბაძი მაგალითი. ანუ, საქართველომ იგივე გზა უნდა გაიაროს, ისეთივე რეფორმები უნდა განახორციელოს, როგორიც სინგაპურმა. ამდენად, გვარიანად საინტერესოა, თუ როგორ მიაღწია თავად საინგაპურმა იმას, რომ მისაბაძ მაგალითად იქცა.
დავიწყოთ მცირე ექსკურსით: სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე პატარა კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფოა. იგი შედგება ერთი დიდი და 58 პატარა კუნძულისაგან. მისი ფართობი 710 კვადრატული კილომეტრია და ამ მხრივ მსოფლიოში 175-ეა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 60-იანი წლებიდან დაწყებული პროგრამის მიხდვით, რომელიც მიზნად ზღვის ტერიტორიის შემოერთებას ისახავს, სინგაპურის ფართობი თანდათანობით იზრდება. სინგაპურის მოსახლეობა 4,9 მილიონი ადამიანია.
ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობა 162 მილიარდს აღწევს, რაც მსოფლიოში 44-ე მაჩვენებელია. ხოლო ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტის გადანაწილების მაჩვენებელი 80 ათას დოლარს აღწევს, რითაც სინგაპური მსოფლიოში მესამეა და მხოლოდ ლიხტენშტეინს და ყატარს ჩამორჩება. ანუ, მისაბაძი მართლაც ბევრია, მით უმეტეს, რომ ქვეყანას არანაირი რესურსი არ გააჩნია.
სინგაპური, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადიოდა. იგი იყო ჩინეთის, ჯოჰორის (თავის დროზე დამოუკიდებელი სასულთნო, ამჟამად შედის მალაიზიის შემადგენლობაში), ბრიტანეთის, იაპონიის და მალაიზიის კოლონია. 1965 წელს სწორედ ამ უკანასკნელისაგან განთავისუფლდა. ამ მომენტისათვის სინგაპური უღარიბესი ქვეყანა იყო, რომელიც იძულებული გახლდათ მტკნარი წყლის და სამშენებლო ქვიშის იმპორტიც კი განეხორციელებინა. მეზობელი ქვეყნები საკმაოდ მტრულად იყვნენ განწყობილი, ხოლო მოსახლეობის მესამედში კომუნისტური იდეოლოგია გახლდათ პოპულარული.
ქვეყანას სათავეში ედგა ლი კუან იუ და მისი გუნდი – ბურჟუაზიული იდეოლოგიის მომხრე, ბრიტანული განათლების მქონე ადამიანები. მათ შეიმუშავეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომლის მიზანი სინგაპურის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სავაჭრო-ფინანსურ ცენრტად ქცევა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა იყო.
სინგაპურის მთავარი პრობლემა აზიური ცხოვრების წესი – კორუფცია იყო. მასთან საბრძოლველად ლი კუან იუმ კანონები გაამარტივა და გაამკაცრა. მოსამართლეები მთლიანად შეცვალა, ძველების ნაცვლად საუკეთესო კერძო ადვოკატები დანიშნა და მაღალი ხელფასი დაუნიშნა. აგრეთვე, ხელფასები გაეზარდა მარალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციასთან საბრძოლველად შეიქმნა ახალი, დამოუკიდებელი ორგანო. გარდა ამისა, თითქმის მთლინად შეიცვალა პოლიციის კადრები. თანაც, მალაიზიელები ჩინელებით იქნა ჩანაცვლებული და ბრძოლა გამოეცხადა მაფიოზურ კლანებს.
ლი კუან იუ ყოველთვის ხაზს უსვამდა კანონის უზენაესობის და მის წინაშე თანასწორობის პრინციპს. საკანონმდებლო სისტემა ბრიტანულიდან იქნა გადმოღებული. ყოველივე ამან შედეგი მოიტანა და მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტის თითქმის მესამედი და უამრავი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ლი კუან იუს მეგობრები და ნათესავები ციხეში აღმოჩნდა, კორუფციამ საგრძნობლად იკლო. დღეისათვის სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა.
ამასთან, გატარდა განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სინგაპურელი ახალგაზრდების უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას აფინანსებდა. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი სახლი ჰქონოდა. ამისათვის შეიქმნა იპოთეკური კრედიტირების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა. ცხადია, შემცირდა და გამარტივდა გადასახადები და დიდი ყურადღება მიექცა სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ყოველივე ამის შედეგად სინგაპურმა მიაღწია მიზანს – ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა საფუძველი ჩაუყარეს ქვეყნის სავაჭრო-ფინანსურ ცენტრად ქცევას. სინგაპურს სულ უფრო მეტი ინვესტორი მიაწყდა და ეკონომიკა გაიფურჩქნა.
ლი კუან იუ სინგაპურს 1990 წლამდე, ანუ, 25 წლის განმავლობაში მართავდა. კიდევ საკითხავია, რომელი ტერმინია მართებული: სინგაპურული სასწაული თუ ლი კუან იუს სასწაული. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ყოველმხრივ უღარიბესი ქვეყანა მოკლე დროში უმდიდრესად იქცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავინდებურად ანხორციელებს მთელი ენერგიის, სასმელი წყლის და სურსათის იმპორტს.