ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. „ბურთაობასთან“ დაკავშირებული მოგონებები თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. დღევანდელ ლამაზ გაზაფხულის დღეს, მინდა, შესაბამისი განწყობა შეგიქმნათ, ამიტომ რამდენიმე სახალისო საფეხბურთო მოგონებას შემოგთავაზებთ.
დათო ყიფიანს ხშირად მეტოქეები პერსონალურად ეთამაშებოდნენ. დათოს მინდორზე დაჭერას დიდი გმირობა უნდოდა. ყველა გუნდს ჰყავდა მიჩენილი დათოსთვის ფეხბურთელი. მინსკის „დინამოში” იყო ერთი ბოროვსკი, რომელიც თავგამოდებით ურტყამდა ყიფიანს მინდორზე. თენგიზ სულაქველიძე იხსენებდა:
„მინსკის „დინამოსთან“ ერთი თამაშის დროს დათომ დამიძახა. ჭომა, მიმიხედე ერთი ამ ბოროვსკისო. რა თქმა უნდა, გასაგები იყო ყველაფერი. ათ წუთში გავიყვანე ის ბოროვსკი მინდვრიდან, თანაც - „ნასილკით“, მოვაცილე დათოსაც და იქაურობასაც. დავინახე, ჩემს მოსაკლავად მოვიდა, მეც პატარა ავწიე ფეხი და ქე არ შემომაკვდა? რავა, ქართველებს „ხიტრობა“ გვაკლია ვითომ?“
ჩინებული „ფეხბურთელი“ გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. ბატონი ჯემალ ღაღანიძე ხშირად იხსენებდა ერთ ფაქტს:
„ქუთაისში ვითამაშეთ ფეხბურთი და იპოლიტე ხვიჩია ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა, – „იპოლიტე! იპოლიტე!“ – ყვიროდა. კარში მე ვიდექი. ჩვენთან იყო ივანე ქურხული, რომელიც არ უშვებდა იპოლიტეს კარისკენ, რომ ბურთი გაეტანა. როგორც იქნა, კიდევ ერთხელ დაწინაურდა იპოლიტე. დაარტყა იპოლიტემ ბურთს, მაგრამ ქურხულმა ფეხი წინ დაუხვედრა და უკან გაბრუნებული ბურთი იპოლიტეს მოხვდა სახეში. იგი წაიქცა, ამ დროს მეც წავიქეცი და ბურთი კარში გავიდა. გამწარებული იპოლიტე წამოხტა ფეხზე და დაიწყო სტადიონის გარშემო სირბილი. მე დავავლე გატანილ ბურთს ხელი და იპოლიტეს უკან გამოვეკიდე: – გაჩერდით, ბატონო იპოლიტე, დაწყნარდით, თქვენ გოლი გაიტანეთ–მეთქი“.
იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს „ტყავის ბურთის“ სიყვარულს აბრალებდა. იმხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც, მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა. ერთხელაც მსახიობის პროფესია მობეზრდა და ფეხბურთელობა გადაწყვიტა. იმ დროს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. იპოლიტე ხვიჩიამაც „დინამოს“ თავკაცს შემდეგი განცხადება აახლა:
„მე, იპოლიტე ალექსანდრეს ძე ხვიჩია, მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ხონში. დედაჩემმა აკვნიდანვე შემაყვარა ბურთი. ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ წუთებს, როდესაც აკვანში ვტიროდი და მამაჩემი დედაჩემს გასძახებდა, ჩაჩარე, ქალო, მაგ დალეულს ბურთი პირში, თორემ გადავაგდებ ფანჯრიდანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ახლა გთხოვთ მიმიღოთ თბილისის „დინამოში“ და საჯაროდ ვდებ პირობას:
1. არასდროს დავლევ გაკეთებულ ღვინოს;
2. არასდროს არ ავიცილებ და არ ავაცილებ სანაძლეოებს;
3. გუნდში მივატოვებ არტისტობას და გავხდები სერიოზული კაცი;
4. საწვრთნელ ვარჯიშზე გამოვივლი ხანდახან, მწვრთნელი რომ ძალიან არ შევაწუხო და თანაც მთლად რომ არ დავავიწყდე;
5. თამაშის მსვლელობის დროს მსაჯს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევაგინებ;
6. არასდროს მივიტან ჯამაგირს სახლში;
7. საერთოდ მივატოვებ ცოლ-შვილს და მეტი რაღა ვქნა, არ ვიცი. ხოლო თქვენ, ბატონო გავრილ, პირადად გჩუქნით მოკლემეტრაჟიან ფილმს „ბურთი და მოედანი“. თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით, როგორი მონაცემები მაქვს. ოქროს მედალს ახლავე თუ გადმომცემთ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩებით“.
მოთამაშეები და მათ შორის ურთიერთობები, მაყურებლები და მათი პრობლემები, მოთამაშეების მას-მედიის საშუალებებთან ურთიერთკავშირი, აგრეთვე დამოკიდებულება სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებთან. ეს ყველაფერი ერთ რთულ მექანიზმს წარმოადგენს და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რასაც თანამედროვე საფეხბურთო სამყარო ეწოდება. ერთი და იგივე პროფესიის წარმომადგენლებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა ახასიათებთ. გამონაკლისს არც ფეხბურთის ოსტატები შეადგენენ. თავის დროზე ახლობლობა ჰქონდათ გამოჩენილ ბრაზილიელ მოთამაშე გარინჩას და ქართველ სლავა მეტრეველს. ისინი ერთმანეთს არასაფეხბურთო გარემოში რამდენჯერმე შეხვედრიან და მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, დიდი სიყვარულიც გამოავლინეს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს თავად სლავა მეტრეველი იხსენებდა:
„განსაკუთრებით მაგონდება 1968 წელი და ქალაქი სან-პაულუ. გარინჩას სასტუმროს ჰოლში შევხვდი. მეგობრულად, ძველი ნაცნობებივით მოვიკითხეთ ერთმანეთი. შემდეგ ადგილობრივი ტორსიდორების ჯგუფი შემოგვეხვია. ძლივს მივახვედრე, რომ გრამფირფიტების მაღაზიაში მინდოდა წასვლა. მან გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. შემდეგ ხელკავი გამიყარა და მაღაზიისკენ გამიძღვა. უამრავი გულშემატკივარი მოგვდევდა. ყველამ გვიცნო. როგორც იქნა მაღაზიაშიც შევედით. მისმა მეპატრონემ კარში პოლიციელები ჩააყენა და მაღაზია ჩაკეტა. გარინჩამ ჩემი თავი წარუდგინა მეპატრონეს. ამ უკანასკნელმა კი უთხრა, ჩინებულად ვიცნობ, ეს სენიორ მეტრეველია და პირადად მინახავს მისი თამაში. შემდეგ გახარებულმა ჩემი შერჩეული გრამფირფიტები შემიხვია, თავი მოიკლა და საფასური არ გამომართვა. პოლიციელებს სთხოვა, სტუმარი სასტუმრომდე მიაცილეთო. წესრიგის დამცველებმა მე და გარინჩა შუაში ჩაგვაყენეს და სასტუმროსკენ დინჯად გავემართეთ. გულშემატკივართა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია მიგვაცილებდა. ბრაზილიელები ხელს გვართმევდნენ, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, თან მთელი გზა ხმამაღლა გაჰკიოდნენ: „მეტრეველი, სოვეტიკო გარინჩა!” ჩემს ბრწყინვალე მასპინძელს ესიამოვნა ეს ქათინაური, მომიბრუნდა და მითხრა, ხედავ რას გეძახიანო. მეც გავიღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მერე გარინჩამ ხელით ჰაერში ფინტი მოხაზა და მითხრა, აი, სწორედ ამაში გვამსგავსებენ ერთმანეთს”.
მართალია, ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა, „ნისლიან ალბიონზე“ ჩამოყალიბდა, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, მისი ისტორიული სამშობლო იტალია ყოფილა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ეს თამაში ძველ რომში დიდად ყოფილა გავრცელებული და „ხარპასტუმიც“ რქმევია.
იმ ხანად რომაელები დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ და, რასაკვირველია, ფეხბურთის განვითარებისათვის არ ეცალათ. ამ დაუდევრობამ კი ის გამოიწვია, რომ უკვე მოგვიანებით, „ტყავის ბურთის“ სამშობლოს პრეროგატივა ბრიტანელებს გადაულოცეს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 წელს იულიუს კეისრის ლეგიონერები ბრიტანეთში შეიჭრნენ და თან ფეხბურთიც შეიტანეს. 12 წლის შემდეგ ბრიტანეთს უკვე კლავდიუსის რაზმები ეწვივნენ და ახალი თამაში დერბიში და ჩესტერში გაავრცელეს. მოსწავლეები მეტად ნიჭიერები აღმოჩნდნენ და სულ მალე ფეხბურთმა ბრიტანეთის მთელ კუნძულებზე მოიკიდა ფეხი.
ჩვენი წელთაღრიცხვის 217 წელს კი მსოფლიოში პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა, რომელშიც ინგლისელებმა ანგარიშით 12:9 რომაელ ლეგიონერებს მოუგეს. ამ წარმატების შემდეგ ფეხბურთი ინგლისში საერთო-სახალხო გართობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად გადაიქცა.
ფეხბურთის მატჩები დიდძალ მაყურებელს იზიდავდა. ხალხის ერთად შეკრება კი იმდროინდელ მმართველ წრეებს გულზე არ ეხატებოდათ. ამის გამო იყო, რომ XIV საუკუნიდან ეს უწყინარი თამაში აკრძალულთა სიაში მოხვდა.
ფეხბურთი თავის დროზე ედუარდ II-ს (1314 წ.), ედუარდ III-ს (1349 წ.), რიჩარდ II-ს (1389 წ.), ჰენრიხ VII-ს (1491 წ.) და ელისაბედ I-ს (1602 წ.) აუკრძალავთ. ამის მიუხედავად ეს თამაში არ ჩამკვდარა, პირიქით, კვლავინდებურად რჩებოდა მაშინდელი სტუდენტობის საყვარელ გასართობად. ამით იმდროინდელი ახალგაზრდობა „დიქტატორი“ ხელმწიფეების მიმართ ერთგვარ პროტესტსაც კი გამოხატავდა.
ფეხბურთის ახალი განვითარება XVII საუკუნეში დაიწყო, როდესაც ამ თამაშმა თანამედროვე სახე მიიღო. 1788 წელს ოქსფორდში პირველი წესებიც შეადგინეს, რომელსაც უკვე საბოლოო სახე 1859 წელს ვინმე რობერტ უორდმა მისცა. ამის შემდეგ ფეხბურთი უკვე ელვის სისწრაფით განვითარდა.