ხელისუფლება ერთს აცხადებს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს. მთავრობამ მაგისტრალური გაზსადენის ნაწილობრივი გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და იგი არასაპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოაქვს. შორს არ არიან ოკუპანტები, რომლებმაც გაზსადენის შესყიდვის სურვილი ბოლო წლებში რამდენჯერმე გამოხატეს. საპარლამენტო ოპოზიცია მაგისტრალური გაზსადენის ნებისმიერი ფორმით პრივატიზებას „კაპიტულაციად“ აფასებს.
„გაზპრომს“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენისადმი ინტერესი ნამდვილად არ დაუკარგავს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი მაგისტრალურ გაზსადენს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანს, კომპანიის ექსპერტები მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას დაიწყებენ.
„საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, შევიძენთ თუ არა გაზსადენის 10-15 %-ს, ჯერ ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება უნდა გავაკეთოთ. და ამის შემდეგ მიიღებენ “გაზპრომის” ექსპერტები გადაწყვეტილებას შეძენილი იყოს თუ არა ეს აქტივი“ – აცხადებენ “გაზრპომში”.
2005-2006 წლებში „გაზპრომმა“ მაგისტრალური გაზსადენის წილის შესყიდვის სურვილი რამდენჯერმე გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ მაგისტრალური გაზსადენის ნაწილობრივი გასხვისება გადაწყვიტა, რის გამოც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს და მაგისტრალური გაზსადენი არასაპრივატიზაციო ობიექტებნის ნუსხიდან ამოიღონ. საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობაში თანხმდებიან რომ მაგისტრალური გაზსადენის მინიმუმ 51% სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს.
უმრავლესობის წევრის, ლაშა თორდიას განმარტებით, მაგისტრალური გაზსადენი არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოვარდება და სახელმწიფოს საშუალება ექნება ობიექტის აქციების ნაწილი ლონდონის ბირჟაზე განათავსოს.
„გაზსადენის გასხვისებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. მისი პრივატიზება შესაძლებელია, თუმცა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს,“ – აცხადებს თორდია.
ასევე შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის შესაძენად საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას „ყაზმუნაიგაზი“ მართავს, თუმცა ეს ფაქტი სააგენტო „ჯი–ეიჩ–ენთან“ საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა კატეგორიულად უარყო. უფრო ადრე გაზსადენის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა პრემიერმაც გამორიცხა.
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი მაგისტრალური გაზსადენის ნებისმიერი ფორმით პრივატიზებას კაპიტულაციად აფასებს. ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის მტკიცებით, თუ მილსადენის თუნდაც ნაწილი პრივატიზებაზე გამოვა, იქ ინვესტირება მხოლოდ რუსული ფულით განხორციელდება. ამის შედეგად კი მისი აზრით, ბევრი საერთაშორისო პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რას აკეთებს ან აღიაროს, რომ რუსეთს კაპიტულაციას უცხადებს“, – აცხადებს ვეფხვაძე.
გიორგი თარგამაძის დაჯგუფება მაგისტარლური გაზსადენის საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო მფლობელობაში დარჩენის საკანონმდებლო დონეზე გარანტირებას ითხოვს და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სიტყვიერ დაპირებას საკმარისად არ მიიჩნევს.
„თუ გავითვალისწინეთ, რომ მთავრობას შეიძლება, დღეს – ერთი, ხვალ – მეორე, ზეგ კი მესამე პირი მართავდეს, მაგისტრალური გაზსადენის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენასთან დაკავშირებით გილაურის მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას ვერ ვენდობით. არავინ იცის, რა ხედვები და მიდგომები ექნება ამასთან დაკავშირებით მომდევნო პრემიერ-მინისტრს“ – აცხადებს ლევან ვეფხვაძე, რომელიც მმართველი უმრავლესობისგან შესაბამისი დათქმის ახალ კანონში ჩაწერას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღმოსავლეთ-დასავლეთის ალტერნატიული დერეფნის საფრთხის წინაშე დაყენებაზე საუბრობს.