კომპოზიტორები ბორდელის და კახა ცაბაძის წინააღმდეგ

კომპოზიტორები ბორდელის და კახა ცაბაძის წინააღმდეგ

კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს, კახა ცაბაძეს კომპოზიტორები უპირისპირდებიან. 17 მაისს 12.00 საათზე კომპოზიტორები ყრილობას იწვევენ, რომლის დღის წესრიგშიც კომპოზიტორთა კავშირში შექმნილი „ყოვლად შეუწყნარებელი კრიტიკული მდგომარეობა და მისი დაძლევის პრობლემა“ იქნება განხილული.

კონკრეტულად, კომპოზიტორები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ პლეხანოვზე, ძველი ფილარმონიის შენობაში არსებულ კომპოზიტორთა კავშირის პირველ სართულზე ბორდელია განთავსებული, სადაც არასრულწლოვან ქართველ გოგონებს ამუშავებენ. კომპოზიტორთა ინფორმაციით, მარტო ამ შენობის გაქირავებით კახა ცაბაძე 5000 დოლარს იღებს.

ამ ფაქტის შესახებ For.ge ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში წერდა სტატიას, სათაურით „კაფე-ბარი მხოლოდ ქართველი ქალებისთვის“. იმ პერიოდში ვიუწყებოდით, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარში ერაყელები ქართველ მამაკაცებს არ უშვებდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი კომპოზიტორებისთვის ახლახანს გახდა ცნობილი და ისინიც ამ უზნეო ფაქტების შეტყობის შემდეგ თავზარდაცემულნი აღმოჩნდნენ.

კომპოზიტორთა კავშირის წევრი ბარამ ბარამიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავდაპირველად კომპოზიტორთა კავშირის შენობაში ბორდელის გახსნის შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ. კახა ცაბაძემ მათ მხოლოდ ის აუხსნა, რომ ფართის დამქირავებლები არაბები იყვნენ. როცა კომპოზიტორებმა მას სთხოვეს, ეჩვენებინა დოკუმენტი ან იურისტმა თუ იცოდა, არაბებთან დადებულ საბუთში რა ეწერა, კახა ცაბაძემ მათ არაფერი შეატყობინა. უფრო მეტიც, უკვე არაერთი თვე გავიდა და კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს გამგეობის კრებაც კი არ მოუწვევია. კომპოზიტორთა კავშირის შენობა საერთოდ დაკეტილია, კანცელარიასაც ბოქლომი ადევს.

„თავისთავად, უნდა გაუქმდეს ეს უღირსი „დაწესებულება“, სამართალდამცავებს ევალებათ ბორდელი დახურონ, ჩვენ თურქებსა და არაბებს ვერ ვეჭიდავებით. ჩვენ არ გვინდა, ქალაქის ცენტრში იყოს სამეძაო დაწესებულება. უფლებადამცველმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც აღნიშნულ არაბულ ღამის კლუბ „დისკო ბეირუთში“ პროსტიტუციის ფაქტები გამოავლინა, ძალიან კარგად ისაუბრა ამ თემის შესახებ. მან მიმართა კახა ცაბაძეს და კომპოზიტორებს, ნუთუ მორალი და ზნეობა აღარ არსებობს, რომ იმ მცირეწლოვანი ბავშვების და მათი გაუბედურებული ოჯახების ხარჯზე გაკეთებული თანხით ერთი ნოტი არ დაიბეჭდოსო?! ეს სიტყვა ჩვენთვის, კომპოზიტორებისთვის მომაკვდინებელი იყო. არადა, სწორედ კახა ცაბაძე უნდა იღწვოდეს, რომ სასწრაფოდ გაუშვას საეჭვო რეპუტაციის ხალხი ამ შენობიდან.

გაოგნებულია კომპოზიტორთა საზოგადოება, რომელმაც ახლახანს გაარკვია, რა არის ჩვენს შენობაში განთავსებული. ადამიანი შეცბუნდება, აქ იმისთანა რამეები ხდება და აღარაფერია დასამალი. ადრე მანდ იყო კაზინო, იმაზეც ვჩიოდით და პირადად მე ვეუბნებოდი კახა ცაბაძეს, მართალია, ძალიან გვიჭირს, მაგრამ კაზინო არ არის კომპოზიტორთა კავშირის საკადრისი. ასეთ რამეს კი არავინ ელოდა. არავინ იცის, სად მიდის მაგ დაწესებულებიდან ამოღებული ფული.

კახა ცაბაძეს ეს თანხები ჩვენთვის არ გაუნაწილებია. ეს არის კატასტროფა კომპოზიტორთა კავშირისთვის. ერთხელ კაცი შეცდებაო და მას დავუჯერეთ, თუმცა მაგის დაჯერება არ შეიძლებოდა. ახლა მეორედაც გაიმეორა ეს ამბავი“, - გვითხრა ბარამ ბარამიძემ.

მანვე განმარტა, რომ ბორდელის პრობლემა უმძიმესია, მაგრამ კომპოზიტორებისთვის მთავარია, რომ ისინი კარგავენ შემოქმედებით კავშირს. კერძოდ, მათ წაართვეს დასასვენებელი სახლი ბორჯომში, სწორედ ამ შენობის დასაბრუნებლად ზრუნავდნენ კომპოზიტორები, რომ არა ეს საოცარი უბედურება, რაც ბორდელის გახსნას უკავშირდება.

ბარამ ბარამიძე არ მალავს, რომ 17 მაისს, სავარაუდოდ, კომპოზიტორთა კავშირი კახა ცაბაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს წამოჭრის, რადგან კომპოზიტორთა კავშირი აკლდამას დაემსგავსა და იქ ცხოვრება ჩაკვდა.

მისივე თქმით, პირადად იგი გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებს, რადგან კომპოზიტორთა კავშირი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და ერთობლივად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამასთან, ბარამ ბარამიძე იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა კომპოზიტორთა კავშირის საბჭოს წევრები გომარ სიხარულიძე და მარინა ქავთარაძე ხელს უწყობდნენ კახა ცაბაძის თავმჯდომარედ დანიშვნას, მას ეხმარებოდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი - ნია ბახტაძეც. ამ ფონზე უკვე ექვსი წელიწადი გავიდა, ამდენი უბედურება დაატყდა კომპოზიტორთა კავშირს და ეს ადამიანები კვლავაც ჩუმად არიან.

For.ge სხვა კომპოზიტორებსაც დაუკავშირდა. მათმა ნაწილმა კახა ცაბაძეზე კრიტიკულის თქმისგან თავი შეიკავა და ადამიანურად გვთხოვა, ეს თავშეკავება გაგვეგო, რადგან ისინი კახა ცაბაძის მამის - გოგი ცაბაძის ახლობლები იყვნენ და მამამისს, როგორც დიდ კომპოზიტორს აფასებდნენ.

კომპოზიტორთა ნაწილმა კი გვითხრა, რომ ბორდელების პრობლემა მათ შიდა ოჯახურ ყრილობაზე გადაწყდება და ამ პროლემების გარეთ გატანას ისინი არ აპირებენ. მაგალითად, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყველა საკითხი გადაწყდება შაბათ დღეს კომპოზიტორთა ყრილობაზე. შეკითხვაზე, მოითხოვენ თუ არა კომპოზიტორები კახა ცაბაძის თანამდებობიდან გადაყენებას, მაცაცო სებისკვერაძემ გვითხრა, რომ ამის შესახებ მან არაფერი იცის, თუმცა გამორიცხული არ არის, კომპოზიტორთა კავშირის პირველ სართულზე არსებული განუკითხაობის საქმეში თავად კახა ცაბაძე დამნაშავე არც აღმოჩნდეს.

ჩვენ ვესაუბრეთ კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილსაც. მანაც არ ისურვა პლეხანოვზე მდებარე ფართის საეჭვო დანიშნულებით გამოყენების შესახებ საუბარი და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მხრივ თავს ცუდად გრძნობდა.

For.ge კახა ცაბაძესაც დაუკავშირდა, თუმცა როცა შეიტყო, რომ კომპოზიტორთა მიერ მისი მისამარით გამოთქმული ბრალდებების შესახებ გვინდოდა საუბარი, გვითხრა: „მაგათ (ანუ კომპოზიტორებს) თავად გავცემ პასუხს და არ ვაპირებ მედიასთან ნაწილ-ნაწილ ამ თემაზე საუბარს. „ჩვენი ბუღალტერია თუ გაინტერესებთ, მობრძანდით და ნახეთ“.

შეკითხვაზე, გადახედავდა თუ არა ერთი წლის წინ არაბებთან დადებულ კონტრაქტს, რასაც კომპოზიტორთა კავშირის პირველ სართულზე ბორდელის განთავსება მოჰყვა, კახა ცაბაძემ საუბარი არ ისურვა, ბოდიში მოიხადა და ტელეფონი გათიშა.

თუმცა ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენთან საუბარში კახა ცაბაძემ დაადასტურა, რომ კომპოზიტორთა კავშირის შენობის ზემოთა სართულზე ფართს ფლობდნენ თურქები, ხოლო პირველ სართულზე  - შპს „ბაღდადის“ წარმომადგენლები, რომლის სრული დასახელებაც ზეპირად არ ახსოვდა, დოკუმენტები კი სამსახურში ჰქონდა.

კახა ცაბაძე იმასაც აცხადებდა, რომ უცხოელებთან სამწლიანი ხელშეკრულება 2013 წლის 16 ოქტომბერს დადო. ამდენად, მისი პრეროგატივა აღარ იყო, თუ ვის შეუშვებდნენ ახალი მეპატრონეები აღნიშნულ ფართში. შეკითხვაზე, ქართველი მანდილოსნებისგან განსხვავებით, რატომ არ უშვებდნენ ამ ღამის კლუბში ერაყელი მამაკაცები ქართველ მამაკაცებს, კახა ცაბაძემ გვითხრა:

„უცნაურ რამეს მეკითხებით. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა, მაგრამ ქართველ მამაკაცებს ცოტა სხვა რამეზე უნდა გავუბრაზდეთ. მოიცათ, ახლა, ქართველი ქალები რომ შედიან ამ ღამის კლუბში, ეს არ არის ამ ქალებისთვის შეურაცხმყოფელი? რატომ შედიან მარტონი? როცა შევლენ ეს ქალები იმ კაფეში, სწორედ მათ უნდა დაუხვდნენ წინ. კაცი არ შეუშვან კაფე-ბარში და მხოლოდ ქალი შეუშვან, ასეთი რამ ხელშეკრულებაში ნამდვილად არ ჩაგვიდია. ორივე მხარის სიმართლე უნდა დავადგინოთ. მეც დავადგენ ამას და გავარკვევ, მაგრამ ზოგი კაცი არც არის შესაშვები. პირველად არ ხდება, რომ ფართს უცხოელები ქირაობენ“, - გვითხრა გასულ წელს კახა ცაბაძემ.