კონცერტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის

კონცერტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის

ცნობილმა ქართველმა პიანისტებმა ლექსო თორაძემ და ედიშერ სავიცკიმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის კიდევ ერთი კონცერტი გამართეს. მათ საკონცერტო პროგრამა, შეიარაღებული ძალების სამხედრო-სასულე ორკესტრთან ერთად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში შეასრულეს. ღონისძიება პროექტ „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ფარგლებში გაიმართა. დასს დირიჟორობა უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწია.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან გამყრელიძე და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ. საღამოზე იმყოფებოდნენ ასევე, ადგილობრივი გამგეობის წევრები.

ლექსო თორაძემ და ედიშერ სავიცკიმ კონცერტი, სამხედრო-სასულე ორკესტრთან ერთად, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბათუმის ხელოვნების ცენტრში უკვე გამართეს. გალა კონცერტი კი, ცნობილი პიანისტებისა და სამხედრო მუსიკოსების მონაწილეობით, თბილისის რუსთაველის თეატრში ჩატარდება.