მასწავლებელთა პროფესიული განვითარება თუ ბარიერი?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება თუ ბარიერი?

პროფესიული სტანდარტით უწყვეტი პროფესიული განვითარების „ლეგიტიმაციისთვის“ მასწავლებლებს შესაბამის სქემაში ჩართვა მოგვეთხოვება. თუ პედაგოგი ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ანუ თუ პროფესიონალიზმს სქემატურად არ დაადასტურებს, მისი გენიოსობაც კი ამაო იქნება. მასწალებელთა პროფესიული განვითარებისთვის „ზრუნვა“ ერთ-ერთია იმ მრავალ მემკვიდრეობიდან, რომელიც შინაარსობრივადაც და მიზნობრივადაც შაშკინიზმის ეპოქიდან, თითქმის, უცვლელად შემორჩა - მაშინაც და ახლაც სქემის ამოქმედებას უნდა „დაემტკიცებინა“ მასწავლებელთა არაპროფესიონალიზმი და აქედან გამომდინარე, მათი დაბალი სახელფასო ანაზღაურების მართებულობა.

სქემის „აპოლეგეტები“ აცხადებენ, რომ სახელფასო ზრდა შესაძლებელია ერთადერთი, მხოლოდ სქემაში ჩართვის გზით (უწყვეტი პროფესიული განვითარება), რასაც თურმე მოჰყვება ზედა საფეხურებზე (კატეგორიებზე) გადასვლა. სინამდვილეში ანაზღაურების ზრდის ოფიციალური სისტემა არ არსებობს, მას მხოლოდ გაკვრით ეხებიან, თუ რა პრინციპით და რა ოდენობით მოხდება ეს - უცნობია. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე მაინც, ხელფასის ზრდისთვის კი არაა აუცილებელი სქემაში ჩართვა, პირიქით - სქემაში ჩასართვადაა საჭირო: დრო, ენერგია და, ყველაზე მეტად, ადეკვატური საბაზო ხელფასი. სწორედ ხელფასმა უნდა უზრუნველყოს პედაგოგის გათავისუფლება დამატებითი სამუშაოსგან (რეპეტიტორობა ან სხვა სამსახური). ფინასურად ზურგგაუმაგრებელი სქემა პედაგოგთა მოტივაციას კი არა -დემოტივაციას გამოიწვევს.

იმ დროს, როდესაც დაშვებულია, რომ მაღალი ანაზღაურება და კომფორტული სამუშაო პირობები სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულთა შრომით შედეგების პირდაპირპროპორციული იყოს და ამით გამართლებულია მათი „სახელფასო-საპრემიო მადა“, რომელიც „ჭამაში“ კიდევ უფრო იზრდება (ასეა შევარდნაძის ეპოქიდან დღემდე), რატომ არ მოქმედებს იგივე პრინციპი პედაგოგთა მიმართ?

ვითომდა, დემოკრატიულობისა და პლურალიზმის საილუსტრაციოდ ამ დრომდე მიმდინარეობდა სქემის „საჯარო განხილვები“, მაგრამ ვინმემ გამოთქვა რაიმე ყურადსაღები მოსაზრება? ვინმემ ისაუბრა პედაგოგთა საფრთხეებზე და განათლების სამომავლო უპერსპექტივობაზე? სად არიან პედაგოგთა უფლებების ე.წ. დამცველი პროფესიული კავშირები?

„საჯარო განხილვა“ Online რეჟიმშიცაა, მაგრამ არაა დასმული შეკითხვა, რამდენი უნდა ჰქონდეს დაწყებითი (პრაქტიკოსი) საფეხურის მასწავლებელს ანაზღაურება და როგორი უნდა იყოს ზრდა შემდეგ საფეხურებზე. გამოკითხვას მხოლოდ გარეგნული მხარე აინტერესებს.

ცხადი ხდება, რომ სქემა ამ ეტაპზე და ამ მოცემულობაში მხოლოდ ერთი მიზნით იწყებს ამოქმედებას: არაპროფესიონალიზმისა და დაბალი კომპეტენციის კიჟინით, პედაგოგს წაერთვას „მორალური“ უფლება მოითხოვოს ხელფასის ზრდა. ისინი უნდა „დაშოშმინდნენ“, უკეთესი მომავლის იმედით. ეს მომავალი კი ან საერთოდ არ იქნება, ან მანამ არ დადგება, სანამ არ შემცირდება პედაგოგთა არსებული რაოდენობა.

„საფეხურებრივი სისტემის“ შემოღებას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა შაშკინის დროს და ასეა ახლაც.

პედაგოგთა მდგომარეობა პოსტსაბჭოურ სივრცეში მეტ-ნაკლებად ერთნაირია, მაგრამ ყველაზე არასახარბიელოდ მაინც საქართველოში რჩება. არასახრბიელო მდგომარეობაში მოვიაზრებთ დაბალ მოტივაციას და ამით გამოწვეულ დაბალ კომპეტენციებს, პროფესიის არაპრესტიჟულობას, მასწავლებლის სოციალურ დაუცველობას, დაბალი ხარისხის პროფესიული განვითარების პროგრამებს, და ა.შ. ამ მხრივ, სწორედაც რომ ყურადსაღები იყო პროფ. გია დვალის მონაწილეობით მოქმედი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის ერთი წლის წინანდელი დასკვნა. თუმცა, მასში გამოვლენილი პრობლემის აღმოსაფხვრელად არც არაფერი შეცვლილა და ვფიქრობ, შემდეგშიც ასე იქნება.

ხელისუფლებისაგან ვიზირებული ამგვარი სტაგნაცია თუ უკუსვლა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებას გეგმავს, იმ ევროკავშირთან, რომლის წევრი ქვეყნების პედაგოგის საშუალო წლიური ხელფასი 57 ათასიდან 101 ათას ევრომდეა; სადაც პედაგოგის კარეიერული ზრდის უამრავი მოდელი არსებობს, რომლებიც მორგებულია რეგიონულ სპეციფიკაზე. მაგალითად, გერმანიის ყველა რეგიონში საკუთარი „სქემა“ გამოიყენება. უფრო საინტერესოა შვეიცარია, რომელიც ფართობით ბევრად ჩამოუვარდება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მცირედ აღემატება საქართველოს. კლიმატური, ისტორიული, რელიგიური, ტრადიციული და სხვა ფაქტორების გათვალისიწინებით, ამ ქვეყანაში 150-მდე სხვადახვა საგანმანათლებლო მოდელი მოქმედებს. მოდელთა მრავალფეროვნებას განათლების სისტემის მენეჯმენტის ავტონომიზაცია განაპირობებს. პედაგოგის მოტივაცია კი ცარიელი „კარიერული წინსვლის“ ნაცვლად მზარდი ანაზღაურებითაა განპირობებული.

გამოკითხვის შედეგად ჯერ კიდევ 2008 წელს ჩვენი ქვეყნის პედაგოგთა 67%-ისთვის სკოლაში დარჩენის მოტივაცია იყო 700 ლარიანი ხელფასი, დღეს არამოტივირებულ პედაგოგთა რაოდენობაც და სამოტივაციო ნიშნულიც უდავოდ გაზრდილია, რადგან ძველი მიზეზები უფრო გაძლიერდა (6 წლის მერეც კი ვერ მიაღწია საბაზო ხელფასმა 700 ლარამდე) და მათ ახალიც დაემატა - ეს გახლავთ ხსენებული სქემა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ისმის კითხვები: გაურკვეველია, რატომ უნდა ჩაერთოს ამ სქემაში მასწავლებელი, რას ნიშნავს ცარიელი და ზეპირი განცხადებები, რომ კარიერაზე ხელფასის ზრდა იქნება დამოკიდებული. რა სისტემით, რა ოდენობით, რამდენჯერ გაიზრდება ხელფასი? რამდენად დიდია ამ ზეპირი დანაპირების სანდოობა იმ დროს, როდესაც არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დეკლარირებული დანაპირებიც კი არ შესრულებულა? ან ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პედაგოგთათვის კატეგორიების „დარიგება-ჩამორთმევა“ ტრადიციისამებრ ისევ ხელისუფლებათა ცვლაზე და უფრო მეტიც - მთავრობის წევრთა გადახალისებებზე აღარ იქნება დამოკიდებული?

ახლა მინდა მკითხველისა და კოლეგების ყურადღება თავად სქემა-სტანდარტით „ასაშენებელ“ სისტემაზე გადავიტანოთ: სქემაში ჩართული პედაგოგის მიერ კრედიტების „მართლდაგროვების“ პროცესი მონიტორინგს დაექვემდებარება. არანაირი გარანტია მონიტორინგის ობიექტურობისა და არც „სქემისტი“ პედაგოგის მუშაობის რეალურად შეფასებისა არ არსებობს. საეჭვოა მონიტორინგის მობილური ჯგუფისა და სხვათაშორის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობის - ტრენერთა ხელმძღვანელების (ტრენერები) პროფესიონალიზმი. გაურკვეველია გადამზადების ცენტრთა კვალიფიკაციის დონეც. თუკი ვამბობთ, რომ საქართველოში განათლების სისტემა რეგრესირებულია, თუკი საუნივერსიტეტო განათლებაც იგნორირებულია, მაშინ გადამმზადებლები, ტრენერები, მონიტორინგის ჯგუფები და სხვანი, საიდან მოვლენ? მაშინ, ვინ არის ის, ვინც კვანძის მთავარ ძაფსაა ჩაჭიდებული? მას საიდანღა აქვს ცოდნა, თუკი არავის არ აქვს იგი?

სქემის მოთხოვნები თავისი ვადებით, მასშტაბურობითა და სიძნელით იმთავითვე წინააღმდეგობაში მოდის სქემითვე გათვალისწინებულ მიზნათან, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებას, მის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.

ერთი შეხედვით, ცუდი არაფერია მასწავლებელთა „ფენებად“ დაყოფაში. მხედველობაში მაქვს სქემის პროექტი, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკოს მასწავლებელს მოეთხოვება 14 კრედიტი და საგნობრივი გამოცდის ჩაბარება, წარჩინებულ მასწავლებელს - 24 კრედიტი, მკვლევარ მასწავლებელს - 32, ხოლო მენტორ მასწავლებელს - 40. პრობლემა გახლვათ თვითონ კრედიტების დაგროვების ურთულესი სისტემა, იმდენად ურთულესი, რომ ის მხოლოდ უტოპიად შეგვიძლია განვიხილოთ. უბრალო არითმეტიკული დათვლით კარგად ჩანს, თუ როგორ გაიზრდება ამ მოდელში ჩართული პედაგოგის სამუშაო საათების რაოდენობა და რა მიუღწეველი იქნება ამ მოცულობის სამუშაოსთვის თავის გართმევა. მე არ შევუდგები მასწავლებლის დროის ხელახალ დაანგარიშებას, ამის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა გიორგი ნოზაძემ (ინტ. გაზეთი mastsavlebeli.ge 22 აპრილი 2014), მოკლედ განვიხილავ მას სხვა კუთხიდან:

სქემა არ ითვალისწინებს არა მარტო იმას, ეყოფა თუ არა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა და დრო თავად პედაგოგს, არამედ არც პედაგოგის პროფესიული საქმიანობის ადგილის - სკოლის ფაქტორსაც. როგორც წესი, მასწავლებელთა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა ჩაერთვება „მაღალი დონის“ აქტივობებში (სახელმძღვანელოს ავტორობა, ელექტრონული და სხვა სახის რესურსების შექმნა და ა.შ.), მათი უდიდესი უმრავლესობა კი უშუალოდ სკოლაში და უშუალოდ სასწავლო პროცესის დროს განსახორციელებელი აქტივობების გამოყენებას თუ მოახერხებს. ასეთი აქტივობების 1 საათი კი შეესაბამება მხოლოდ 0,03-0.05 კრედიტს.

რამდენად გასწვდება სკოლის ტექნიკური, ადამიანური და უფრო მეტად კი დროის რესურსი კრედიტების დაგროვების პროცესს?

შაშკინის დროინდელი სქემა ახალ საფეხურზე გადასასვლელად 7-8 წლიან ვადას იძლეოდა, ახალი პროექტით ის 5 წლამდე შემცირდა და ამით თითქოს საშუალო ასაკის პედაგოგებს მისცეს კარიერული წინსვლის საშუალება, მაგრამ აქტივობის „კრედიტთიღირებულება“ არ შეცვლილა. ამიტომ რას ვიღებთ: ისედაც დიდი მოცულობის სამუშაო პედაგოგმა ახლა ბევრად ნაკლებ დროში უნდა მოასწროს, მაგრამ მოასწრებს? შემოთავაზებული მოდელით თუ ვიმსჯელებთ, ხუთი წლის განმავლობაში ერთ პედაგოგს სკოლამ უნდა გამოუყოს კვირაში 2-5 საათი მაინც კრედიტების დასაგროვებელი აქტივობისთვის, ანუ: პრაქტიკოსს - 2, წარჩინებულს - 3, მკვლევარს - 4, ხოლო მენტორ მასწავლებელს - 5 საათი. ცხადია, ეს არაა მხოლოდ ცარიელი ციფრები. აქტივობამდე და მერეც საჭიროა ამ ყველაფრის დეტალური დაგეგმვა-აღწერა, ელექტრონულ ბაზაში ფიქსირება და ა.შ. თუ მოხდება „ზეციური სასწაული“ და მასწავლებლები ამას მაინც შეძლებენ, თავად სკოლა როგორ გაწვდება ამდენ აქტივობას? სკოლამ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღე თითო საგაკვეთილო საათიც რომ დაუთმოს პედაგოგს (რაც, ბუნებრივია, ყოვლად შეუძლებელია), სქემით გათვალისწინებულ ყველაზე დიდ ვადაში - 5 წელიწადში ის მაქსიმუმ 17-20 პედაგოგს თუ „დააკმაყოფილებს“. აი, ასეთი შედეგი გვექნება ყველაზე იდეალურ შემთხვევაშიც კი.

ამ კოლოსალური კრედიტდაგროვებითი სამუშაოს გარდა, პედაგოგს მოეთხოვება მოცემულ დროში სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობის გამოყენება. განა მოიძებნება საქართველოში დასაქმებული და, მითუმეტეს, სერტიფიცირებული პედაგოგებიდან თუნდაც 10 პროცენტი, რომელიც თავს გაართმევს აქტივობათა სავალდებულო მინიმუმს? (განსაკუთრებით, რთული იქნება ამგვარი ვალდებულების დაკისრება რეგიონებისა და კიდევ უფრო რთული სოფლების მასწავლებლებზე, სადაც მათ პედაგოგიურის გარდა, სასოფლო-სამეურეო სამუშაობიც მრავლად აქვთ). განა რამდენი პედაგოგი შეძლებს საქართველოში და, მითუმეტეს, სოფლებში სახელმძღავენლოს ავტორობა-თანაავტორობას, პრეზენტაციების ორგანიზებას, ტრენინგ-პროგრამებში ჩართვასა და ტრენერად მუშაობას, ინტერნეტ და სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნას, კვლევების, საგანმანათლებლო პროექტების ავტორობას, სტატიების წერას და ასე შემდეგ? და თუ ამდენს ვინმე გააკეთებს, ის სკოლაში რატომღა იმუშავებს, თან იმ დროს, როდესაც შრომითი ანაზღაურება ასე ხელშესახებად არაადეკვატურია და არც პერსპექტივაშია უკეთესობა?

და მაინც, თუ დავუშვებთ, რომ კარიერული წინსვლის ეს უტოპიური მოდელი ამ ფორმით მაინც ამოქმედდება და მასში ჩართულთ ჯადოქრული თვისებები აღმოაჩნდებათ, ან თუ მას კიდევ შეცვლიან და კრედიტდაგროვებითი სისტემა გაიოლდება, თუ პედაგოგის საწყისი (საბაზო) სახელფასო ანაზღაურებაც ევროსტანდარტებს დაუახლოვდება და რეალურად მზარდი გახდება... ამ შემთხვევაშიც კი აღმოვჩნდებით სხვა, უფრო ღრმა და მთავარი პრობლემატური კითხვის წინაშე: შეუწყობს ხელს სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთათვის კონკურენტუნარიანი საბაზო ცოდნის პაკეტის შეთავაზებას ასეთი სისტემის შექმნა? სინამდვილეში აი, რას მივიღებთ: კრედიტების დაგროვებასა და კატეგორიებზე ორიენტირებული მასწავლებელი სქემით შემოთავაზებულ აქტივობებს გამოიყენებს არა მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მონიტორინგის მობილური ჯგუფისთვის (ან ზოგადად მონიტორინგისთვის). შესაბამისად, კარგად აკინძული და შეკოწიწებული პორტფოლიო (რეალური თუ ელექტრონული საქაღალდეების გროვა), იქნება ის საფუძველი, რითაც მასწავლებლებს კრედიტები მიენიჭებათ(!) ამგვარი სიტუაცია საწყის ეტაპზევე უგულებელყოფს თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარ, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპს.

ამ ერთ სტატიაში შესაძლებელი იყო სქემის მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა და ამითაც კი ნათლად გამოიკვეთა, როგორც მოკლე ისე გრძელვადიანი შედეგები, უფრო სწორად, საფრთხეები, რომელიც ემუქრება პედაგოგს, სკოლას, მოსწავლესა და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის განათლების მომავალს. პედაგოგთა პროფესიული განვითარების შემოთავაზებული სქემის ახალი პროექტი, ფაქტობრივად, პირვანდელი - შაშკინიზმის იდეის ხორცშესხმის მცდელობას წარმოადგენს. ეს არის იერიშის ახალი ეტაპი სკოლებზე. დამცირების, შეურაცხყოფის, თავისუფლების შეზღუდვის, მექანიკურ ჩარჩოებში გამოკეტვის, ერთ ტოტალურ-უნიტარულ მოდელზე სწორების გზით, ჯერ უნდა შემცირდეს პედაგოგთა კონტიგენტი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა უნდა იყოს ცენტრალიზებულ მართვას დაქვემდებარებული მორჩილი ზომბირებული და „კასტებად“ დაყოფილი მასა. და, თუ არსებულ ხელისუფლებას ეს არ სურს, მაშინ შაშკინის ამ საიდუმლო დიქტატ-ტაქტიკაზე უარი უნდა თქვას, მაშინ თავად პროფესიონალ პედაგოგებს უნდა ჰკითხოს, როგორ ესმით მათ განათლების მერმისი და არა „პროფესიული განვითარების“ ასპარეზზე მაღალ თუ დაბალ საფეხურებზე შემთხვევით ან ნეპოტიზმით „შემოხეტებულ“ დილეტანტებს.