პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამბობს, რომ 10 მაისს გავრცელებული პოლიტიკური თანამდებობის პირების, ბიზნესმენების პირადი და საქმიანი საუბრების უნებართვო ჩაწერასა და მიყურადების ფაქტზე უნდა ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგინდეს, ვის მიერ და რა მიზნით ხორციელდებოდა ჩანაწერების მოპოვება.
თამარ ქალდანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიებისა და მექანიზმების უზრუნველსაყოფად.
For.ge. თამარ ქალდანს ესაუბრა.
10 მაისს „რუსთავი 2“-ს მიერ გავრცელებული უნებართვო ჩაწერასა და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შესაძლებელია დადგინდეს რა ტექნიკური საშუალებით და ვის მიერ და როდის ხდებოდა ამ ჩანაწერების გაკეთება?
- ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მასალის შემდგომი ტირაჟირებისგან იმ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, ვისი ჩანაწერიც გავრცელდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა სატელეფონო საუბრებში გარდა თანამდებობის პირებისა, მონაწილეობენ კერძო პირები.
მასალა ნათელი მტკიცებულება იყო იმისა, რომ საჭირო იყო ძალიან ეფექტური და სწრაფი გამოძიების ჩატარება იმისათვის, რომ დადგინდეს რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, როგორ, ვის მიერ და რა ტექნიკური საშუალებებით ხდებოდა უკანონო მიყურადება, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი კომპეტენტური ორგანო. ცალსახად იკვეთება დანაშაულის ნიშნები და როდესაც იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ეს უნდა გახდეს სამართალდამცავი ორგანოების კვლევის საგანი.
ვიმედოვნებ, რომ მალე მოხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ჩემი აზრით, გამოძიებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს ტექნიკური საშუალება. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორი იმისათვის, რომ დადგინდეს შემდეგ უკვე ასეთი ტიპის მიყურადების განმახორციელებელი.
ჩანაწერები იყო ძალიან მაღალი ხარისხის. სავარაუდოდ რა ტექნიკური საშუალებებით მოხდა ჩაწერა?
- ინდივიდები ამას ალბათ ვერ გააკეთებდნენ. მიზანიც არ უნდა ჰქონოდათ ასეთი, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ტექნოლოგიებთან გვქონდა საქმე, როდესაც ასეთი ტიპის მიყურადება ხორციელდებოდა, ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი, გახლდათ ის, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციის შემდგომი ტირაჟირება და გავრცელება მიზანშეწონილი არ იყო. ყველას უნდა გაუჩნდეს ქვეყანაში განცდა, იქნება ეს ჟურნალისტი, ბიზნესის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომ ამ მეთოდების გამოყენება არ შეიძლება.
ნებისმიერი ტიპის ფარული მიყურადება, სატელეფონო საუბრების მოსმენა და ა.შ. უნდა ხორციელდებოდეს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე და შესაბამისი დაცვის გარანტიებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანის ფუნდამენტური უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ შედეგები იქნება საკამოდ მალე.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩამწერი აპარატურა ერთი წლის წინ დაიკარგა. თავისთავად ჩნდება კითხვა, ერთი წლის განმავლობაში რატომ ვერ შეძლო გამოძიებამ ერთი პირის დაკავება, ან იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, რომელსაც ევალებოდა ამ აპარატურის უსაფრხოება...
- თუ ტექნიკა გატანილია, მაშინ ძალიან სწარფად უნდა მოხდეს ამ ტექნიკის იდენტიფიცირება, იმიტომ, რომ ასეთი ტექნიკის ვინმეს ხელში არსებობა ბუნებრივია საკამოდ სერიოზულ საფრთხეებს წარმოშობს. რაც შეეხება იმ კომისიის მუშაობას, რომელშიც მე ვიყავი ჩართული, მასში იყო საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია, 1760 საათს აჭარბებდა ჩანაწერები. განადგურდა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ეხებოდა ადამიანების ინტიმურ ცხოვრებას.
ძირითადი მასალა გადაცემული იქნა პროკურატურისთვის. ბუნებრივია, ყველა ველოდებით ამ მასალებთან დაკავშირებით გამოძიების შედგებს. მაშინაც იდგა კითხვები, რაც ნებისმიერი ფარული მიყურადების დროს არის აქტუალური - ჩაწერის მიზანი, ტექნიკური საშუალება და ვის მიერ მოხდა ჩაწერის განხორციელება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი მასალის მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფატზე დაწყებულია გამოძიება. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს როდის გადაიზრდება გამოძიება კონკრეტული პირების ან ორგანიზაციების მიმართ დევნის პროცესში.
სირთულეებთანაა დაკავშირებული ამ საქმის გამოძიება? როდესაც ერთი წლის განმავლობაში გამოძიებამ ვერ შეძლო დამნაშავეების გამოვლენა, ჩნდება კითხვა - ამ ადამიანების რესურსის გამოყენება ხომ არ ხდება ისევ?
- ასეთ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. რაც უფრო მალე გაეცემა პასუხი, მით უკეთესია ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და ამ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ასეთი ტიპის დანაშაულს არა მარტო რეაქციული მიდგომა უნდა მოსდევდეს, არამედ პრევენციული მიდგომაც. ის ფარული ჩანაწერები რომელიც იქნა აღმოჩენილი, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის საფუძვლად იქცა.
ყველამ გააცნობიერა ამ ქვეყანაში, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესების და დახვეწის საჭიროება არსებობს. ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იყო არასამათავრობო სექტორი. გამოხატულია პოლიტიკური ნება, და ეს პოლიტიკური ნება ასახულია იგივე ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, იგივე ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, აღებული გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები.
ბუნებრივია, მარტო კანონი საკმარისი არ იქნება. უნდა იყოს საკმაოდ ქმედითი მექანიზმები იმისათვის, რომ ერთი მხრივ განხორციელდეს კონტროლი და მეორე მხრივ რეაგირებები ყოველთვის იყოს ეფექტური. რაც შეეხება იმ მასალების გამოძიებას, რომელიც პროკურატურას გადეცა, ბუნებრივია, არცერთ ფაილს და არცერთ იმ მატარებელს, რომელზეც იყო ინფორმაცია, არ ეწერა მისი შემქმნელის სახელი და გვარი.
ის ზღვა მასალა, რომელიც სხვადასხვა კაბინეტებში იყო მიმოფანტული, თავისთავად არ შეიცავას იდენტიფიცირების საშუალებას. აქედან გამომდინარე გარკვეული საფრთხეები ალბათ, არსებობს. საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია მითუმეტეს მიმდინარე ფონზე და რაც შეიძლება დროზე უნდა მოხდეს ამის გამოძიება, ყველა ელოდება კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს.
შსს-ს აქვს წვდომა მობილურ ოპერატორებთან? ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს არასამთავრობო სექტორი...
- ეს არ არის სადაო თემა. ის, რომ წვდომის შესაძლებლობა არსებობს, ეს არც პოლიტიკურ და არც სხვა ტიპის დავის საგანს არ წარმოადგენს.
ქალბატონო თამარ, შესაძლებელია ახლა ჩვენი საუბარი ისმინებოდეს?
- ახლა მე და თქვენ ვუსმენთ ერთმანეთს, მერე კი ამას წაიკითხავს ჩვენი მკითხველი. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში არსებობს შესაბამისი კანონის პირობებში ფარული მიყურადებისა და მოსმენის პრაქტიკა. მთავარია ეს ყველაფერი ხორციელდებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და შემდეგ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც შეიძლება ეს მასალა უარყოფითად გამოყანებულ იქნას, ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ ამ თემების მიმართ საზოგადეობის ინტერესი არის საკმაოდ მაღალი. ჩვენს საზოგადოებას აწუხებს მისი პერსონალური მონაცემების, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
კანონის მიღება და მისი პრაქტიკაში დანერგვა არის გამოსავალი? მაშინ, როდესაც საუბარია, რომ პირადი ცხოვრების კადრები გატანილია ქვეყნიდან, რა გარანტია არსებობს, რომ ეს არ გავრცელდება?
- ახალი კანონის მიღება არ ნიშნავს, რომ კითხვები რომელიც არსებობდა, მასზე პასუხის გაცემას არ ითხოვს საზოგადოება. ბუნებრივია, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შეიძლება მოხდეს, მასზე უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება, ეს გარადუვალია. ახალი კანონის მიღება ამ ქვეყანას არ ათავისუფლებს იმ საკითხების გამოკვლევისგან და გამოძიებისგან, რომლის შესახებ ინფორმაცია არსებობდა.