შარშანდლისგან განსხვავებით, ხვალინდელ 17 მაისს დაპირისპირებას ნაკლებად ელიან. ორგანიზაცია „იდენტობა“ არ გეგმავს არც საჯარო და არც დახურულ ღონისძიებას, რასაც სიტუაციის სიმწვავით ხსნის, მაგრამ „იდენტობაში“აცხადებენ, რომ მათი სახელით მაინც ვრცელდება სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ცალკეული პირები აანონსებენ რაიმე ტიპის შეკრებას, მსვლელობას ან აქციას.
როგორც ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამდენად, ხვალ თბილისში ლოცვითი აქცია-მსვლელობა მოეწყობა. შემდეგ მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებისა და ქუჩების კურთხევა.
ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. დღის ბოლომდე იქ დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები – ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ემთხვიონ მათ.
საპატრიარქომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც მორწმუნეებს მოუწოდა, ხვალისთვის დაგეგმილი მსვლელობები მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი იყოს.
მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავიანთი შვილები, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები. საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია არ ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს. პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღწვის მისი გამოსწორებისთვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რადგან ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს.
უკვე ცნობილია, რომ ხვალ ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ ხელმოწერებიც შეგროვდება და ამ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა დაფიქსირდება.
პარალელურად, 17 მაისთან დაკავშირებით ორგანიზაცია „იდენტობა“ საგანგებო ინსტრუქტაჟს უტარებს ლგბტ პირებს, რასაც მათივე ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ხსნის. უფრო მეტიც, „იდენტობამ“ ვებ-გვერდიც კი შესთავაზა ლგბტ-ეებს უსაფრთხოების რჩევების გასაცნობად. ისინი ეჭვობენ, რომ წელს რადიკალური ძალები მეტი მონდომებით ემზადებიან ამ დღისთვის. თავის მხრივ, „იდენტობას“ არ აქვს მოლოდინი, რომ 2014 წელს პოლიცია უფრო ეფექტურად შეძლებს ლგბტ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„თქვენივე ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად გთხოვთ 17 მაისს თავი შეიკავოთ ფილარმონიიდან პუშკინის სკვერის მიმართულებით ტერიტორიაზე სიარულისაგან. აგრეთვე, მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიასა და ვიწრო ქუჩებს. შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მრავალათასიან მსვლელობას გეგმავს სწორედ ამ მარშრუტზე და ეს დემონსტრანტები თქვენთვის სერიოზულ ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენენ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში, ეკლესიებთან, უბნის ბირჟასთან, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ჯგუფურად შეკრებილ ხალხთან მიახლოებისაგან. მოერიდეთ საღამოს და ღამით ქუჩაში გამოსვლას. თუ თქვენ ოჯახისაგან დამოუკიდებლად მარტო ცხოვრობთ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ, გირჩევთ, რომ ეს დღე გაატაროთ ოჯახის გარემოცვაში. ქუჩაში „სახიფათო“ სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გააჩერეთ ტაქსი, გაეცალეთ სახიფათო ადგილს და მიმართეთ პოლიციასა და „იდენტობის“ იურისტს. (ასევე გთხოვთ ამ დღეებში ჯიბეში მუდმივად გქონდეთ მობილური ტელეფონი და მინიმალური თანხა ტაქსისათვის). ეცადეთ საჯაროდ (ფეისბუკზე და ფორუმებში) არ მიუთითოთ თქვენი ადგილმდებარეობა, ან რა აქტივობას ახორციელებთ 17 მაისს“.
რა მოლოდინი აქვთ ჩვენს უფლებადამცველებსა და სასულიერო პირებს 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით და რა პრევენციულ ღონისძიებას მიმართავენ დაძაბულობის ასაცილებლად?
ამის გასაგებად For.ge ჩვენს უფლებამდამცველებთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა, როგორც გვითხრეს, კახა კოჟორიძე საქართველოში არ იმყოფებოდა, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია კი მობილურს არ პასუხობდნენ. მოგვიანებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა_საქართველოს“ ოფისს დავუკავშირდით, სადაც ეკა გიგაურთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ის კი გვითხრეს, რომ უმცირესობის თემა არ იყო მათი კომპეტენცია და ამიტომ თავს შეიკავებდნენ 17 მაისის აქციაზე საუბრისგან. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ წლევანდელ 17 მაისს არ განმეორდება ის, რაც შარშან მოხდა, რადგან ეს იქნება საერო პირთა მსვლელობა და ამ დღეს სხვა არანაირი ჯგუფები არ გეგმავენ გამოსვლას.
For.ge-მ გაარკვია ისიც, რომ ხვალინდელ მსვლელობას არ დააკვირდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ამ ფუნქციას განახორციელებს ორგანიზაცია „ინდენტობა“, ვახუშტი მენაბდის ორგანიზაცია („ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. თუმცა გაირკვა, რომ ახალგაზრდა იურისტები ამ თემაზე წინასწარ კომენტარს არ აკეთებდნენ.
ჩვენ მამა დავით ქვლივიძეს ვესაუბრეთ. მან გვითხრა, გავიხსენოთ, თუ რა მოხდა ლგბტ პირების გამოსვლასთან დაკავშირებით პარიზის ქუჩებში, სადაც 800 ათასი კაცი გამოვიდა და პარიზი ლამის დალეწეს, ასევე, იერუსალიმში რაბინებმა გადაწვეს მთელი იერუსალიმი და არ ჩაატარებინეს მათ მსვლელობა. ამდენად, ამ ქვეყნებთან შედარებით, თბილისში რაც მოხდა, არაფერი იყო.
მამა დავითის თქმით, გასული წლის 17 მაისს სერიოზული დაპირისპირება იმიტომ არ მოხდა, რომ მღვდლები ჩადგნენ შუაში და მათ შეაჩერეს ადამიანები. კერძოდ, სასულიერო პირები შევიდნენ იმ ავტობუსში, სადაც ლგბტ ხალხი იყო, რომ ისინი არ დაერბიათ. „ეს კი ტელევიზიებმა არ გააშუქეს, აქედან ჩანს მათი „სიმართლე“, - მიაჩნია მამა დავითს.
რაც შეეხება პატრიარქის მიერ 17 მაისის ოჯახის დღედ გამოცხადებას, მამა დავით ქვლივიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მზრუნველი მამის გადაწყვეტილება, რომელმაც იცის, ამ ცოდვას რა სასჯელი მოჰყვება ღვთისგან, როგორ დამთავრდა სოდომისა და გომორის ცხოვრება, წარღვნის მიზეზი რა იყო და ამ ცოდვის გამო უდიდესი იმპერიები როგორ აღიგავა.
„ეს ყველაფერი პატრიარქმა იცის და უფრთხილდება საკუთარ ერს. რა გააკეთეს ლგბტ-ებმა არგენტინაში, ბუენოს-აირესში, როდესაც კათოლიკურ ეკლესიაში შეიჭრნენ და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს. არადა, ტაძარში იდგნენ მლოცველები, ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული და ლოცულობდნენ. ამ დროს ნახევრად შიშველი ხალხი მათ აფურთხებდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საღებავებით სახეზე რაღაცებს აწერდნენ და საცვლები ჩამოახურეს მამაკაცებს ამ შიშველმა ქალებმა თავზე. აგრესია ეს არის და ეს უნდა ანახონ ჩვენს საზოგადოებას, რათა გაიგონ, მათი ნამდვილი სახე როგორია. არ გვინდა ასეთი რამ თბილისში. არა მგონია, ხვალ რაღაც დაპირისპირება მოხდეს“, - აღნიშნა მამა დავით ქვლივიძემ For.ge-სთან საუბარში და განმარტა, რომ, სავარაუდოდ, წლეულს ლგბტ-ს დამცველებმა აქციის ჩატარება იმიტომ გადაიფიქრეს, რომ მათმა „დამრიგებლებმა“ თავშეკავება ურჩიეს, რადგან ეს ევროპის მიმართ დიდ პროტესტს გამოიწვევდა. ეს მაშინ, როცა ამ გრანტის მიმღებ მცირერიცხოვან ადამიანებს უკვე 17 მილიონი აქვთ აღებული ვითომ ლგბტ-ეების დაცვის საქმეში.
For.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ხვალინდელ დღეს გარკვეულ რისკებს არ გამორიცხავს, რადგან გასული წლის 17 მაისს, მას შემდეგ, რაც ლგბტ აქციის მონაწილეთა ევაკუაცია მოხდა, დემონსტრანტების აგრესიული ჯგუფები მაინც გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში და ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც ლგბტ პირად მიიჩნევდნენ, ძალადობას ავლენდნენ.
„17 მაისის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ეს სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ისევ არსებობს რისკი, რომ მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი ჯგუფების გამოსვლამ და მათმა სიძულვილით მოტივირებულმა განწყობებმა ძალადობის გამომხატველი ინდივიდუალური შემთხვევები მოახდინოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციამ ეფექტურად დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები. გასული წლის 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა უარი თქვეს რაიმე ღია შეკრების გამართვაზე. ამიტომ ხვალინდელ აქციას ძირითადად სასულიერო პირები, სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფები მართავენ“, - გვითხრა თამთა მიქელაძემ.