„ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამები“ მომავალ წელსაც გაგრძელდება

„ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამები“ მომავალ წელსაც გაგრძელდება

სტუდენტებისთვის „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამები“ მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება, მანამდე კი განათლების სამინისტრომ 2013-2014 წელს განხორციელებული პროგრამის შედეგები სპეციალურ კონფერენციაზე შეაჯამა. სამინისტროს განმარტებით, „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების “ მიზანი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განთლების მიღებაში ხელშეწყობაა.

„დიდი გამოცდილება მივიღეთ, უცხოელი პროფესორებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი სიახლე გაგვიზიარეს. პირადად მე ფიზიკის კონფერენციაში ვმონაწილეობდი, ეს იყო კვლევა რადიოლოგიურ პრინციპებზე, კმაყოფილები ვართ ამ პროგრამაში მონაწილეობით“,- უთხრა For.ge-ს მაკა მათიაშვილმა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტია.

„ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამაში“ ქართველებთან ერთად სომეხი, თურქი და აზერბაიჯანელი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მიმდინარე სასწავლო წელს 8 პროექტი შეირჩა. სამინისტრომ, სწორედ, ეს პროექტები დააფინანსა. მათ მომზადებაში 200-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტი იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების პროფესორები, მეცნიერები და ექსპერტები უტარებდნენ.

განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ შემაჯამებელ კონფერენციას სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გარდა საპატიო სტუმრის სტატუსით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

„უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება ეს არის ჩვენი მთვარობის პრიორიტეტი. სწორედ, ამ ტიპის და სხვა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტები უწყობს ხელს განათლების სისტემის ევროპულ მოდელთან დაახლოებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროგრამები სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ „ზაფხულისა და ზამთრის სკოლები“ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასაც შეუწყობს ხელს და ახალგაზრდებს ერთმანეთთან დააახლოვებს.

პრემიერის განმარტებით, მსგავსი პროექტების ინიცირებაში სტუდენტებს უნივერსიტეტების ხელმძღვანელობაც უნდა დაეხმაროს და, მათ ამ მხრივ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა ევროპასთან საქართველოს დასაახლოებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ასეთი პროექტები კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯია საერთო ევროპულ საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე. 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ამით ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე გახდება საერთო ევროპული საკანონმდებლო სივრცის ნაწილი. ეს დაგვეხმარება ჩვენ ყველას, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. სწორედ, ამიტომაც არის განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი მიმართულება, მთავარი პრიორიტეტი და ამის დასტურია ჩვენ მიერ ახლახან დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განმარტა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებს განათლების მიღებაში დაეხმაროს და იმედი აქვს, რომ სტუდენტებიც გაამართლებენ მთავრობის მოლოდინს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2013-2014 წლებში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელებული პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და ამიტომაც გახდა აქტუალური პროგრამის გაგრძელება.

„პროექტში ბევრი სტუდენტი ჩაერთო. ქართველი სტუდენტების გარდა მონაწილეობდნენ სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შინაარსი იყო ძალიან საინტერესო, სტუდენტებმა თავად შეარჩიეს საინტერესო თემები და პროგრამის ფარგლებში, სწორედ, ამ თემებს ჩაუღრმავდნენ. შეიქმნა საგანმანათლებლო რესურსი, რომლის უშუალო თანამონაწილეები სტუდენტები იყვნენ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცხადებული პროგრამით კიდევ მეტი სტუდენტი დაინტერესდება და ამ კუთხით საქართველოს რეგიონების სტუდენტებიც გააქტიურდებიან.