ბიზნესმენი მამია სანადირაძე, რომელიც დღემდე სააკაშვილის დროს წართმეული „კავკასუს ონლაინის“ დასაბრუნებლად იბრძვის, საქართველოში ახალი ტექნოლოგიის შემოტანას გეგმავს - ეს არის სატელეფონო პროგრამა, რომელიც ინტერნეტით ჩამოიტვირთება მობილურ ტელეფონში და ყველაზე დახვეწილი მოსასმენი აპარატურითაც კი, კერძო საუბრების მოსმენა შეუძლებელი იქნება.
სხვა თემაა, როგორ შეხვდება სახელმწიფო ამ სიახლეს, თუმცა როგორც მამია სანადირაძე აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოება ამით არ დაზარალდება, რადგან კანონით დაშვებულ შემთხვევებში მოსმენა შესაძლებელი იქნება.
ბატონო მამია, ცოტა ხნის წინ თქვენი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერები გავრცელდა მედიით, საზოგადოებისთვის საინტერესოა, რას არკვევდით ჩინოვნიკებთან საუბრისას?
- დასამალი არაფერი მაქვს, ვესაუბრებოდი გელა სამხარაულს, რომელიც ჩემი მეჯვარის ძმაა, მაინტერესებდა პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმეთა შემსწავლელი საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნა, როდის შეიძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა და ამ კომისიასთან შეხვედრა.
მეორე საუბარი ეხებოდა ჩემს საქმეს, რომელიც წელიწადნახევარია, პროკურატურაშია - საუბარია ჩემთვის „კავკასუს-ონლაინის“ გამოძალვასთან დაკავშირებით. ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილის მისვლის შემდეგ გამიჩნდა, რადგან აღარც დაკითხვაზე მეძახდნენ, აღაც მოწმეებს კითხავდნენ და ა.შ. ვცდილობდი, გამეგო გამოძიება კვლავ ერთ ადგილას იყო გაყინული თუ რაღაცნაირად დაიძრა ადგილიდან.
როგორც დაზარალებული, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია „კავკასუს ონლაინის“ დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ, დროულად გამოიძიონ და არა თაროზე შემოდონ ან უსასრულოდ გაწელონ.
ვის შეეძლო თქვენთვის მოსმენა, ვინ არის რეალურად დაინტერესებული?
- რა თქმა უნდა ვიღაც დაინტერესებული იქნება, როცა საქმე პროკურატურაშია. ადამიანები, ვის წინააღმდეგაც ჩვენება მივეცი, ლევან ყარამანაშვილი და ხვიჩა მაქაცარია თავის დროზე, მიშა სააკაშვილის დაჯგუფებაში იყვნენ, დღეს „კავკასუს ონლაინის“ მფლობელები არიან. ალბათ, სწორედ მათ აინტერესებთ ჩემი ნაბიჯები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით.
დაინტერესებულები, ალბათ, არიან, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოიპოვეს...
- ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. შეიძლება გამოიყენეს ზურაბ კოტარია, რომელიც შს სამინისტროში კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი იყო, მოსასმენ აპარატურასა და კავშირგაბმულობის ტექნოლოგიებს აკონტროლებდა (საუბარია დაკარგულ აპარატურაზე).
როდესაც ვანო მერაბიშვილი წავიდა შს სამინისტროდან, ზურაბ კოტარიაც წავიდა, თან წაიყვანა თავისი რამდენიმე ტექნიკოსი. სად არის ეს ხალხი და რას აკეთებს, ძნელი გამოსაცნობი არ არის. კეთილი ინებოს შს სამინისტრომ და გამოიძიოს, თუ გამოძიების სურვილი აქვს - ადვილი მისაგნებები არიან, სხვამ ამ აპარატურასთან მუშაობა არ იცოდა.
მეორე მხრივ, გიგი უგულავამ თქვა, რომ შს სამინისტროსთან არის შპს გახსნილი, სადაც შეგიძლიათ, შეუკვეთოთ ნებისმიერი ადამიანის, კონკურენტის და ა.შ. პირადი სატელეფონო საუბარი და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დისკზე ჩაწერილს მოგართმევენ - როგორც ჩანს, გიგიმ იცის, შეკვეთილი აქვს მასაც და სხვა ნაციონალებსაც. დაკითხონ უგულავა და გაარკვიონ სად არის ეს შპს. რომელს შეუკვეთეს, მაგას ვეღარ გეტყვით, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ შემკვეთი ის ხალხია, ვინც ჩემი კომპანია მიითვისა.
როგორც ვიცი, ახალი პროგრამის შემოტანას აპირებთ საქართველოში, რომელიც უკანონო მოსმენებისგან დაიცავს ადამიანებს...
- ინგლისში ვცხოვრობ და როცა საქართველოში ჩამოვდივარ, გული მეწვება, როდესაც ჩემს ხალხს უუფლებოს და დამონებულს ვხედავ, დათა თუთაშხიას სიტყვები მინდა გავიმეორო, „რას გავხართ ხალხო რას, რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა“ ?!
ქართველი ხალხის უფლებები რომ აღარ დაირღვეს, საქართველოში დავნერგავ ახალ ტექნოლოგიას - დაკრიპტულ სატელეფონო პროგრამას და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიც კი ვეღარ მოუსმენს, ვისაც ეს დაკრიპტული პროგრამა ექნება ტელეფონში ჩატვირთული.
უკვე ვმუშაობ ამ ტექნოლოგიაზე, ხალხს შეეძლება, უფასოდ ჩამოტვირთოს და დააყენოს თავის ციფრულ მობილურებზე - მერე ვეღარც კანონით და ვაღარც უკანონოდ ვეღარავის ვეღარ მოუსმენენ. არ მივცემ მთავრობაში მოკალათებულ ბანდიტებს საშუალებას, რომ ქართველი ხალხის საუბრები ჩაიწერონ და მერე ვიღაც კრიმინალებს მიყიდონ - ძალიან ბევრი მედროვე და ყაჩაღია დღეს მოკალათებული სახელმწიფო სტრუქტურებში.
სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუ სასამართლოს სანქციით გადაწყდა, რომ სახელმწიფომ ვიღაცას უნდა მოუსმინოს, მას კი ტელეფონში ეს პროგრამა აქვს ჩატვირთული, მაშინ რა მოხდება?
- საერთაშორისო კომპანიასთან ვაფორმებ ხელშეკრულებას და სახელმწიფოს შეეძლება, ამ კომპანიას მიმართოს. ასეთ შემთხვევაში მოსმენა უპრობლემოდ განხორციელდება, ყველა წესისა და კანონის დაცვით.
თქვენ აღნიშნეთ, რომ გამოძიება დაიწყო, შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა დაბლოკა. ნაცვლიშვილი უკვე აღარ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, გამოძიება წინ არ მიიწევს, როგორ ფიქრობთ, დღესაც ვინმე მფარველობს „კავკასუსის“ მფლობელებს?
- ყველაფერი ორგანიზებულია და სულ რამდენიმე პიროვნების კონტროლქვეშაა მოქცეული პროკურატურაც და სხვა უწყებებიც. ასეთი ინფორმაცია მივიღე, რომ კახა კალაძე მფარველობს მაქაცარიას და ამ ჯგუფს.
შარანგიების ჯგუფზეა საუბარი?
- ეს არის „ჯი-ემ-სი ჯგუფი“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბიზნესებს აკონტროლებდა და მენეჯმენტს უწევდა. მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს კახა კალაძე მფარველობს ამ ჯგუფს.
ცნობილია თქვენთვის რაიმე არგუმენტი?
- რუსთავის „მარშუტკების“ საქმე გაიხსენეთ, 4-5 თვეა, რუსთაველი მძღოლები შიმშილობენ, იმ კორუფციული სქემის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც კახა კალაძემ და ხვიჩა მაქაცარიამ ერთობლივად განახორციელეს.
იმის ნაცვლად, რომ მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი, ადგნენ და ამ სფეროს მონოპოლიზება მოახდინეს - ერთ დიდ კომპანიას შეუერთეს. მძღოლები კი, რომლებსაც საბანკო კრედიტებით ჰქონდათ ეს სამარშრუტო ტაქსები შეძენილი, ულუკმაპუროდ დატოვეს.
როდესაც მძღოლების ადვოკატებმა მთელი კორუფციული სქემა დეტალურად გაშიფრეს და წარმოადგინეს, კახა კალაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი საბოტაჟი იყო. მძღოლი თავს რომ იწვავდა გამოუვალი მდგომარეობის გამო (ბინა ბანკში ჰქონდა ჩადებული, უსახლკაროდ და უმუშევრად რჩებოდა) ისე წარმოაჩინეს, თითქოს, ეს დადგმული სცენა იყო. მერე ეს მძღოლი მოშორებით გავიდა და ხეზე თავი ჩამოიხრჩო... თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ უნდა აღიძრას საქმე?!
გამოდის, რომ სააკაშვილის მიერ „მოსუფთავებული“ სეგმენტები უკვე ამ მთავრობამ გადმოიბარა. როგორც ჩანს, მოეწონათ შრომის გარეშე მიღბული დივიდენდები.
გაქვთ თქვენი ბიზნესის დაბრუნების იმედი?
- რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ რა მდგომარეობაში იქნება, არ ვიცი. უკვე წელიწადნახევარია, ეს ბიზნესი იძარცვება, კრედიტები იზრდება. სამართალს აუცილებლად მოვნახავ, საქართველო იქნება ეს თუ ინგლისის სასამართლო.
ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მოვუწოდებ, მიაქციონ ყურადღება, რომ გამოიძიონ ის დანაშაულები, რაც მეწარმეების წინააღმდეგ არის ჩადენილი - მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებულია ის საქმე, რასაც დღეს ხვიჩა მაქაცარია და კახა კალაძე აგრძელებენ. მაქაცარიამ ეს ტექნოლოგია ძალიან კარგად იცის და როგორც ჩანს, კალაძეც ჩართო.
მეგობრები არიან კალაძე და მაქაცარია?
- ბევრი ინფორმაცია მოდის ჩემამდე, რომ ხშირად მათ ერთად ხედავენ რესტორნებში... როდესაც კალაძე მინისტრი გახდა, არასამთავრობოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის იყო ენერგეტიკული კომპანიის წილის მფლობელი - საუბარია „საქენერგოპროექტზე“. ერთ მხარეს იყვნენ კალაძე და ნოღაიდელი (ამ კომპანიის განსახელმწიფოებრიობა მოხდა ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს), მეორე წილი იყო სააკაშვილის და მას მაქაცარია და „ჯი-ემ-სი ჯგუფი“ მართავდნენ. კალაძე და მაქაცარია ჯერ კიდევ იმ დროიდან არიან ბიზნეს-პარტნიორები.
შემდეგ, როდესაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა, როგორც ვვარაუდობ, კალაძემ თავისი წილი მათ დაუთმო. კი ამბობს, გავყიდეო, მაგრამ თანხა არსად არ ფიგურირებს, რამდენად მიჰყიდა არავინ იცის და არც მყიდველი დაუსახელებია. მგონია, რომ დღესაც ერთად მართავენ ამ კომპანიას. და არა მარტო ამ კომპანიას, სხვადასხვა სეგმენტების მონოპოლიზებასაც ახდენენ.
ფაქტია, რომ ქვეყანაში არ არის კონკურენცია, მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ გაანადგურა მცირე მეწარმეები, ზოგი ციხეში ჩაყარა, ზოგი დახოცა, ზოგს ქონება წაართვა. არადა ეს ის სეგმენტია, რომელმაც ქვეყანაში უნდა შექმნას საშუალო ფენა, რომელსაც ეყრდნობა სახელმწიფო, რომელიც არის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებნში ასეა. საქართველოს ყველა ხელისუფლება კი გულმოდგინედ ცდილობს, საზოგადოება უუფლებო, ღატაკი და ხელგაწვდილი იყოს.
ჯემალ ლეონიძეს 80 მილონი წაართვეს და დღეს ვაგონში ცხოვრობს, შალვა ოგბაიძე პოლიტიკას შეუერთდა და კიდევ მრავალი ადამიანის ისტორიის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც გააღატაკეს და უსახლკაროდ დატოვეს. ამ ხელისუფლებას მაინც უნდა შეეცვალა რაღაც, მაგრამ როგორც ჩანს, თავს არ იწუხებენ და სააკაშვილის გაკვალულ გზას მიჰყვებიან.
გაქვთ ინფორმაცია, თქვენი საქმე დაახლოებით რა ვადებში შეიძლება დასრულდეს?
- შეუძლიათ კიდევ 100 წელი გაწელონ. საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე გამოძიებული უნდა იყოს საქართველოში, სხვაგან ვერ იჩივლებ... ყოველ შემთხვევაში, ჩემი ადვოკატები ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე საქმე დაიძრას.
ანუ ეჭვი გაქვთ, ლაშა ნაცვლიშვილის შემდეგ ახლა კალაძე ბლოკავს თქვენს საქმეს?
- ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ჩემს საქმესთან დაკავშირებით მაქაცარიას კალაძე მფარველობს და ამიტომაც არ იძვრის ადგილიდან. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი ყურადღებას მიაქცევს ამ ყველაფერს. სხვა შემთხვევაში, გამოდის რომ ტყუილად გვიბრძოლია ხელისუფლების შესაცვლელად.