„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. თეატრალური სამყარო ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების წინააღმდეგ გამოდის და პარლამენტს მოუწოდებს ცვლილებების განხილვის პროცესი შეაჩეროს.
პროფესიული სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა თეატრალური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მსახიობებმა შესაბამისი განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს დღეს ოფიციალურად მიმართეს, სადაც აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი პროექტი არანაირ განხილვას არ უნდა დაექვემდებაროს, რადგან მასში მთლიანადაა უგულებელყოფილი თეატრის მოწყობის კარგად აპრობირებული სტრუქტურა.
მათი შეფასებით, ინიციატივით, თეატრების განვითარების საქმეში რეჟისორის როლი დაკნინებულია, ხოლო სათეატრო მენეჯმენტის ელემენტარული უფლება-მოვალეობანი ფაქტორბრივად ანულირებულია.
„ცვლილებების შინაარსი და აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მომავალში, თეატრების სტრუქტურასა და მართვაში სრული ქაოსი გამოიწვიოს. ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ თეატრი მსახიობებმა მართონ, რაც დაუშვებელია, რადგან ეს ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სხვა პირებთან ერთად ხელს აწერენ - ქეთი დოლიძე, დავით დოიაშვილი, ეკატერინე მაზმიშვილი, ლევან წულაძე, იოსებ ლაღიძე, მანანა გეგეჭკორი, მაკა ვასაძე, ირინა ღოღობერიძე და ნიკოლოზ წულუკიძე.
აღნიშნული პირების გარდა, ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან დეპუტატები გოგი ქავთარაძე და ნუკრი ქანთარია.
ქანთარია მიიჩნევს, რომ ცვლილებების ამ ფორმით განხილვა უკან გადადგმული ნაბიჯია და მას მხარს არ დაუჭერს, იგი კონსულტაციების გამართვის მომხრეა და ამბობს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრმა უნდა დანიშნოს და არა დასმა.
„დღეს მოქმედი ნორმით, სამხატვრო ხელმძღვანელს კულტურის მინისტრი ნიშნავს, რომელსაც დასს წარუდგენს. ახალი ცვლილებებით კი, მდგომარეობას ვართულებთ. სჯობს, დავჯდეთ და ვისაუბროთ. საკითხი ასე უნდა დავსვათ - ისეთი კულტურის მინისტრი უნდა იყოს, რომ კანდიდატის შერჩევა მას არ შეეშალოს“, - აღნიშნავს ქანთარია, რომლის მსგავსად ცვლილებების პათოსს არ იზიარებს კულტურის მინისტრის მოადგილე.
for.ge-ის კითხვის საპასუხოდ, ალექსანდრე მარგიშვილი აღნიშნავს, რომ სამინისტრო წინააღმდეგია, რომ დასზე სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულება გადავიდეს.
მისი თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არ უნდა მოხდეს და კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
„სიჩქარე არ გამოვა. გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მივიღოთ. კულტურის სამინისტრო არ ეთანხმება, რომ დასებზე სიმძიმის ცალსახა გადატანა მოხდეს. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ მთელი დისკრეცია, რომელიც კულტურის მინისტრს აქვს, დასზე და მსახიობებზე გადავიდეს. ამ ცვლილებების მიღებაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნავს მარგიშვილი.
მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, გედევან ფოფხაძე კონსულტაციების გამართვას მიესალმება, ზაზა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ თეატრალური წინასწამეტყველების მას არ სჯერა, რადგან საპანიკო არაფერია.
დეპუტატის მოსაზრებით, კანონპროექტის ბევრი ნორმა უტრირებულია და შეიძლება, ბევრ კრიტიკოსს პროექტი წაკითხულიც არ ჰქონდეს.
პაპუაშვილის თქმით, ცვლილებების გარშემო ვინმეს თუ საღი აზრი ექნება, ის გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ახალი რეგულაციების მიღება უჭირს.
„თუ კანონის სრულყოფა მოხდება, რა არის ცუდი, მაგრამ საპანიკოს ვერაფერს ვხედავ. თეატრში გადასაწყვეტი პრობლემები სხვაგან რატომ უნდა წყდებოდეს და თეატრის კოლექტივები საქმის კურსში რატომ არ უნდა იყვნენ? როცა მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ საქმის კურსში არ იყვნენ, ეს სიცრუეა, რადგან საკითხი გავლილია მინისტრის მოადგილესთან და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. პროგნოზი, რომ ცვლილება ქაოსს გამოიწვევს, აბსურდულია, რადგან თეატრალური წინასწამეტყველებისა და გამჭვრეტელთა არ მჯერა“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით კომიტეტებში უკვე განიხილა, რომლის მიხედვით, პროფესიულ თეატრებში სარეკომენდაციო საბჭოები უქმდება და დგინდება ბალანსი მინისტრის, სამხატვრო ხელმძღვანელის, სამხატვრო საბჭოსა და თეატრის დასს შორის.
პროექტით, თეატრებში პრობლემის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე სავალდებულო ხდება სამხატვრო საბჭოსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის ურთიერთშეთანხმება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, მედიატორად დასი გვევლინება.
ცვლილებებით, მთავრობას უფლება ექნება იმ თეატრებს, რომელთაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარებაში და სადაც ქართული თეატრის საფუძვლები ყალიბდებოდა, ეროვნული პროფესიულ თეატრის სტატუსი მიენიჭოთ.
ამას გარდა, პროექტით, პროფესიული ეროვნული თეატრის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა - თეატრის საერთო კრება. პროფესიული ეროვნული თეატრის საერთო მმართველობას სამხატვრო ხელმძღვანელი ახორციელებს. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე წარადგენს სამხატვრო საბჭო, რომელსაც მინისტრი პოსტზე ოთხი წლის ვადით ნიშნავს.
ასევე, ინიციატივით, პროფესიული ეროვნული თეატრის დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისას, სამხატვრო საბჭოს ან/და სამხატვრო ხელმძღვანელს შეუძლია მიმართოს მინისტრს თანანმდებობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მინისტრი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მაშინ სამხატვრი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.