როცა გარანტირებული ხელფასი და უფასო საწვავი გაქვს, „ზონდერებიც“ აღარ გადარდებს

როცა გარანტირებული ხელფასი და უფასო საწვავი გაქვს, „ზონდერებიც“ აღარ გადარდებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველს ლალი მოროშკინას შიმშილობის დაწყება არ დასჭირდა, რადგან როგორც for.ge -სთან საუბრისას განაცხადა, მის პროტესტს უკვე მოჰყვა მთავრობის თანადგომა. ლალი მოროშკინა დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის პოლიტიკას აპროტესტებდა და შიმშილობის დაწყებას გეგმავდა. როგორც მოროშკინა აცხადებდა, დეპარტამენტი დიმიტრი დარბაისელის მისვლის შემდეგ „ზონდერებით“ გაივსო, ამასთან, გაიცემოდა არაადეკვატური პრემიები.

„ზღვარსგადასული პრემიების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია ჩვენს ზემდგომ უწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყვა - როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს არ უთხრეს. მინდა, პირადად შევხვდე ღარიბაშვილს, რათა ვუთხრა, რა კადრებით არის დღეს სისტემა დაკომპლექტებული, რამხელა პრემიები აიღეს და თუ აქვს საქართველოს იმის ფუფუნება, რომ 40 000-ლარიანი პრემიები არიგონ“, - აცხადებდა მოროშკინა.

ლალი მოროშკინას „ფეისბუკზე“ განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბრალდებული გიორგი ყავლაშვილი დიმიტრი დარბაისელმა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძველი საქმიანობით არის დაკავებული და მოსმენების სამსახურს კურირებს. არადა, შეიძლება ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ყავლაშვილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასვე ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა ყავლაშვილი და კიდევ რვა ადამიანი სხვა საქმეზე დააკავეს, პროკურატურა მათ პირადი ცხოვრების ხელყოფას ედავებოდა. „დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები,რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ“, - აღნიშნა 2012 წლის 15 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა.

გიორგი ყავლაშვილს დაჭრაში ადანაშაულებდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გობეჩია. როგორც გობეჩია და მოწმეები აცხადებდნენ, ყავლაშვილმა ის სახის არეში დანით დაჭრა“.

for.ge-სთან საუბრისას მოროშკინა აცხადებს, რომ დარბაისელის გათავისუფლების საკითხი ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო და ასეთი ხმაური არ ატყდებოდა, ხელისუფლებიდან ინფორმაციას რომ არ გაეჟონა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნაციონალებმა კი, რა თქმა უნდა, დარბაისელის შესახებ ინფორმაცია პირველებმა გააჟღერეს.

ქალბატონო ლალი, ცნობილია, რომ ვიცე-პრემიერთან უკვე გქონდათ შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით, რაზე ისაუბრეთ?

- კახა კალაძეს გადავეცი ის საბუთები, რომელიც ამტკიცებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრაქტიკულად, ყველა მაღალჩინოსნის „ზონდერულ“ წარსულს და ეს არის უტყუარი მტკიცებულებები. აქ არიან ადამიანები, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ბიძინა ივანიშვილის ქონების განადგურებაზე, ჟურნალისტ მამუკას გობეჩია დაჭრაზე.

ამ სიაში არიან ასევე უჩა და საბა მაღლაფერიძეები - უშუალო დამრბევები 7 ნოემბრის, 6 მაისის (პოლიციის სამმართველოსთან) და 26 მაისის აქციების. გადავეცი ეს ყველაფერი და აგრეთვე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ამაზე მუშაობა დღეს კი არ დამიწყია, არამედ 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი.

მქონდა კონსულტაციები შს სამინისტროსთან, უსაფრთხოების სამსახურთან, უკვე მიდიოდა საუბარი იმაზე, თუ ვის უნდა შეეცვალა დარბაისელი, რადგან ეს ის კადრია, რომელმაც ეს ხალხი დაასაქმა სასჯელაღსრულების სისტემაში.

გარდა ამისა, მათ ხელფასებსა და პრემიებზე დახარჯა სოციალური პაკეტის ფული, რომელიც თანამშრომლების ჯანდაცვას უნდა მოხმარებოდა.

როდის მოვიდა დარბაისელი სასჯელაღსრულებაში და ვინ გაუწია რეკომენდაცია?

- გასული წლის დეკემბერში, ოფიციალურად დანიშნა სოზარ სუბარმა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სოზარ სუბარი არ იყო ამ კანდიდატურის მხარდამჭერი.

ანუ ვისი კადრია?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რომელიც დღეს აღარ იკავებს თანამდებობას.

შეეძლო მინისტრის გვერდის ავლით დეპარტამენტის თავმჯდომარეს ამ ოდენობის პრემიები დაერიგებინა?

- ხელფასის სახით იყო დარიგებული და რაღაც მაქინაცია აქაც არის ჩატარებული, როგორც ჩანს. კადრების დანიშვნა კი ცხადია, შეუძლია მინისტრის გვერდის ავლით. მაგრამ მთავარი ამბავი ის არის, რომ შს სამინისტრში უკვე მუსირებდა აზრი, რომ დარბაისელი უნდა გაეთავისუფლებინათ და უცებ, ამ განცხადებას ასწრებს და „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს. ეს ხომ არის პირ-ტექნოლოგია, როდესაც იცი, შენიანი რომ უნდა მოხსნან და აკეთებ განცხადებას, რომ მოსახსნელია ეს ადამიანი. ამ დროს დარწმუნებული ხარ, რომ მთავრობისგან შეიძლება იყოს რეაქცია - რაკი თქვენ თქვით, რომ მოსახსნელია, ჩვენ არ მოვხსნით - ეს ფანდია გათამაშებული.

როდესაც დარბაისელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა, თქვენ თქვით, რომ ეს ხდებოდა მოდულის შენობაში. როგორ ფიქრობთ, ვისგან გაჟონა ინფორმაციამ? ადამიანების შეზღუდული წრე იყო?

- ორი ადამიანი იყო სულ, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, შესაძლოა მოსასმენი აპარატურაა დარჩენილი, შესაძლოა, რაღაც სხვა გზებით, ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გასულია.

ისევ აპირებთ შიმშილობის დაწყებას?

- არ დამჭირდა, იმის გამო, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მთავრობისგან.

თქვენ აცხადებდით, რომ ამით საბოტაჟს უწყობდნენ პრემიერ-მინისტრს, რაში გამოიხატება ეს?

- პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ არც ერთი „ზონდერი“, რომელიც სისხლიან ოპერაციებში მონაწილეობდა, არ უნდა აღმოჩნდეს სახელმწიფო უწყებაში - ხომ გვახსოვს ეს განცხადება. პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებდა, რომ უნდა დაწესებულიყო ზღვრული პრემიები. გარდა ამისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ციხე არის ჩაკეტილი სისტემა და თუ ამ სისტემაში მოვიდა ძალა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს აქამდე მოყვანილი საქმე, ისე, როგორც ახალაიამ გააკეთა ციხეებში, ჩვენ შეიძლება მივიდეთ ციხის ბუნტამდე.

ამ ადამიანებს, რომლებმაც ომბუდსმენის თანამშრომელსაც კი აღუკვეთეს თავისუფლება და საოცრება ჩაიდინეს - ამას აფრიკულ ქვეყნებშიც კი არ აკეთებენ, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჰყავთ პატიმრები.

როგორც ცნობილია, ომბუდსმენის განცხადების საფუძველზე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო მოკვლევა...

- დიახ და ის ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა, შოთა ტრაპაიძე, მეშვიდე ციხის დირექტორი, დაჯილდოებულია 23 ათასიანი პრემიით.

თქვენს განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ სასჯელაღსრულების ერთ-ერთი თანამშრომელი ის ადამიანია, ვინც ბიძინა ივანიშვილის აპარატურა დააზიანა...

- გიორგი ყავლაშვილი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ისიც ცნობილია, თუ როგორ აარიდა თავი ყავლაშვილმა მართლმსაჯულებას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პროკურორს გააჩნია უფლება, არ დაიწყოს და შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა პირის მიმართ. განრიდებაში ყავლაშვილს დახმარება პროკურორმა თამარ მესაბიშვილმა გაუწია, რომელიც თავის მხრივ, დიმიტრი დარბაისელის კადრის და პირველი მოადგილის, სიმონ მაჩაიძის მეუღლეა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელის მიერ პრემირებულ პირებს შორის ყავლაშვილი და მაჩაიძეც არიან. პირველ მათგანს, პრემიის სახით 17 125, ხოლო მეორეს 38 733 ლარი ერგო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველას პასუხისმგებლობის საკითხი ერთად უნდა დადგეს.

როდესაც ეს ინფორმაცია მოიძიეთ, თქვენ თქვით, რომ 2-3 თვე დაგჭირდათ ამისათვის, კონკრეტულად ვის მიმართეთ? ან შემდეგ რატომ დაგჭირდათ ასეთი ხმამაღალი განცხადებების კეთება?

- ზემდგომ ორგანოს, შს სამინისტროს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყვა, ეს არის შს სამინისტროს მაღალჩინოსანი, საიდანაც გაჟონა ინფორმაციამ. ხმამაღალი განცხადებები მე არ გამიკეთებია, ვიდრე არ მივხვდი, რომ ინფორმაცია იყო გასული და იმ განცხადებას, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, სხვა აკეთებდა.

მქონდა შეხვედრები და კონსულტაციები სხვადასხვა ადამიანებნთან, მათ შორის უჩა ნანუაშვილთან, შს სამინისტროსთან, უსაფრთხოების სამსახურთან და ფაქტობრივად, ბოლო ეტაპამდე ვიყავით მისული... როგორც საჯარო მოხელე, ბოლომდე ვინარჩუნებდი დუმილს.

კალაძე დაგპირდათ, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება?

- ძალიან კარგი განცხადება გააკეთა კალაძემ ჟურნალისტებთანაც, რომ უკვე ყველაფრის საქმის კურსშია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ, არ ჩააყენეს საქმის კურსში.

საკუთარ თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ თავიდანვე კახა კალაძისთვის უნდა მიმემართა, მაშინვე, როგორც კი დავიწყე ამ თემაზე მუშაობა. თუმცა, მე მჭირდებოდა დაზუსტებული, უტყუარი ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს, ვისზედაც ვამბობ, რომ დამნაშავეა, ნამდვილად დანაშაული აქვთ ჩადენილი. და, რომ არც-ერთ ეპიზოდში გადაჭარბებული არ იყო ჩემი შეფასება. ამისათვის დამჭირდა ეს ორი თვე. მაგრამ ვნანობ, რომ თავიდანვე კალაძესთან არ იყო ეს თემა გავლილი.

სხვა სამინისტროებზეც არის ეჭვი, რომ შესაძლოა, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა. როგორ ფიქრობთ, გახდება სტიმული იმისათვის, საკადრო პოლიტიკას მეტი ყურადღება რომ დაუთმონ?

- პრემიერი ამბობდა, რომ მომხდარიყო იმ პირების სახელმწიფო სტრუქტურებიდან ჩამოცილება, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მონაწილეები არიან, დარწმუნებული ვარ ეს პროცესი სწორედ ახლა დაიწყება.

აქამდე რატომ ვერ დაიწყო? წინა ხელისუფლების მიერ მოწყობილი საბოტაჟი იყო, რომელსაც ახალი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა თუ რასთან გვქონდა საქმე?

- ესეც იყო და ინფანტილიზმიც. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ ძალზე დიდი მუშაობის ჩატარება მომიხდა ამ ყველაფრის გამოსავლენად. ალბათ, ყველა არ თვლის თავს მოვალედ, რომ ეს ყველაფერი აკეთოს, როცა გარანტირებული ხელფასი და უფასო საწვავი აქვს, ამაშია უბედურება.