ამ სტატიაში გაშუქებულ ორ მოვლენასა და ჩემ მიერ მომზადებულ მასალას - ჟურნალისტურ გამოძიებასა თუ უბრალოდ, ინტერვიუებს (რაც გინდათ, ის დაარქვით) ერთი რამ აერთიანებს - გარყვნილების თემა. უკვე თვეზე მეტია, რაც ამ მასალას ვამზადებ და როგორც იქნა, საშველიც დაადგა... ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც მამაკაცმა მთხოვა, ჩემი "სკაიპპარტნიორების" ნუსხაში მისი მონაცემებიც შემეტანა. დავეთანხმე. პირველივე მესიჯი ასეთი იყო: "ვარ რეჟისორი, ვიღებ პორნოფილმს. გთავაზობ თანამშრომლობას, რეალურად. ანაზღაურება სოლიდურია".
რაღა თქმა უნდა, მაშინვე გაიღვიძა ჟურნალისტურმა ინტერესმა და ჟინმა. ჰოდა, გადავწყვიტე, "საფლავამდე ჩავყოლოდი" და გამერკვია, სიმართლეს ამბობდა თუ არა ეს ყმაწვილი და თუ სიმართლე იყო, მერე ყველაფერი დაწვრილებით გამეგო. პირველი, რაც ვიკითხე, ის იყო, რა თანხას გადამიხდიდა, თუ მის წინადადებას დავთანხმდებოდი?
შემდეგ ჩვენი საუბარი ასე გაგრძელდა:
- ანაზღაურება საშუალოდ, 500-დან 1.000 ლარამდეა.
- დღეში?
- არა, ერთ სერიაში, მაგრამ როგორც წესი, ერთი სერიის გადაღება ერთ დღეში მთავრდება ხოლმე.
- მე რა მევალება?
- სცენარს გაეცნობით და მერე შეასრულებთ იმას, რასაც რეჟისორი გეტყვით.
- სადაა გარანტია, რომ ფულს გადამიხდით და არ "გადამაგდებთ"?
- მითხარით, თანახმა ხართ, რომ ფილმში გადაგიღოთ?
- ფულს თუ გადაიხდით, კი...
- გადავიხდით. შემხვდებით, ვნახავთ, მომეწონებით თუ არა და დანარჩენზე მერე მოვილაპარაკოთ.
- ვიდრე შეგხვდებით, მითხარით, რა გარანტია მაქვს, რომ არ მომატყუებთ?
- თანხას წინასწარ ჩაგირიცხავთ თქვენი ანგარიშის ნომერზე... როდესაც დარწმუნდებით, რომ ფული ჩარიცხულია, მერე გადაგიღებთ.
- რომ მოგატყუოთ, ფული ჩაგარიცხვინოთ და გადაღებაზე აღარ მოვიდე?
- მაგას ვერ გააკეთებთ, რადგან ფულის ჩასარიცხად ერთად მივალთ და შემდეგ იქიდანაც გადასაღებ მოედანზე ერთად წამოვალთ.
- ვაა, გადასაღები მოედანიც გაქვთ?
- მოედანი ჰქვია...
- ისე, გადაღებები პავილიონში მიმდინარეობს?
- არა, რა თქმა უნდა. მაგას შემდეგ გაიგებთ...
- ხალხის დათანხმება გიჭირთ?
- მამაკაცების დათანხმება არ გვიჭირს, ქალებთან კი გარკვეულ სირთულეს ვაწყდებით. იმიტომაცაა, რომ "სკაიპში" დაგეკონტაქტეთ.
- გასაგებია...
- რას იზამთ, თანახმა ხართ?
- ცოტა მეშინია, მაგრამ თანახმა ვარ, რადგან ფული ძალიან მჭირდება.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ გჭირდებათ, ფულის შოვნის იოლ ხერხს გთავაზობთ. მთავარია, კომპლექსები მოიხსნათ და როგორც რეჟისორი გეტყვით, ისე მოიქცეთ.
- კიდევ ერთი კითხვა მაქვს.
- ბრძანეთ.
- ეგ ფილმი საქართველოში უნდა აჩვენოთ?
- არა, რა თქმა უნდა, უცხოეთში უნდა გაიყიდოს.
- კი, მაგრამ უცხოეთში ასეთი ფილმების მეტი რა არის?! ვის რად უნდა ქართული ფილმი?
- ამას თავისი მუღამი აქვს და თქვენი საქმე არ არის. გპირდებით, რომ საქართველოში ამას ვერავინ ნახავს...
- რაიმე ხელშეკრულებას გამიფორმებთ?
- არა, ოფიციალური დოკუმენტი არ გაფორმდება.
- აბა, პირობა რომ არ შეასრულოთ, მერე სად ვეძებო სამართალი?
- ყველა პირობას შევასრულებთ.
- რამდენი წელია, ამ საქმით ხართ დაკავებული?
- 2 წელია.
- მერე, ამართლებს?
- თქვენ ბიზნესპარტნიორობას კი არა, შიშვლად გადაღებას გთავაზობთ.
- უკაცრავად, თქვენი გაბრაზება არ მინდოდა...
- არ გავბრაზებულვარ. უბრალოდ, რაც თქვენი საქმე არაა, იმაში ცხვირს ნუ ჩაყოფთ.
- კი, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? რეჟისორი?
- დიახ, რეჟისორიც ვარ და პროდიუსერიც. ჩემი მეგობარი სცენარს წერს, ფილმზე 2 ოპერატორი მუშაობს.
- და ფული საიდან მოგაქვთ?
- წინა ფილმების გაყიდვიდან.
- მოკლედ, პასუხი ყველა კითხვაზე გაქვთ. სიმართლე მითხარით, რატომ მპასუხობთ კითხვებზე? იმიტომ, რომ გეშინიათ, არ გავბრაზდე და უარი არ ვთქვა?
- არა, უწყინარ კითხვებს სვამთ და იმიტომ. კიდევ გაინტერესებთ რამე?
- დიახ. მაინტერესებს, სახე გამომიჩნდება თუ არა?
- დიახ, სცენარის მიხედვით, გამოგიჩნდებათ.
- ეგ ცუდია...
- შეგიძლიათ, პარიკი მოირგოთ, ეგ პრობლემა არაა...
- კარგი, როდის შევხვდეთ?
- ტელეფონის ნომერი მომეცით და დაგირეკავთ.
რაღა თქმა უნდა, ტელეფონის ნომერი მივეცი... რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდი ზარს და როგორც იქნა, მეხუთე დღეს დამირეკეს.
- ალო, ჩვენ ვისაუბრეთ თქვენი სამსახურის შესახებ (რა დელიკატურია!.. - ავტ.).
- რომელი სამსახურის შესახებ (მაინტერესებდა, თუ იტყოდა...)?
- რომელი და... აი, ის, მაღალი ანაზღაურება რომაა და ხელფასი ბანკში წინასწარ რომ უნდა ჩაგირიცხოთ...
- აა, პირდაპირ მითხარით მერე, პორნოფილმის რეჟისორი ვარ-თქო...
- ხომ შეიძლებოდა, სხვაგან მოვხვედრილიყავი?!
- მადლობა ასეთი სიფრთხილისთვის... გისმენთ.
- შეგიძლიათ, დღეს საღამოს შეგვხვდეთ?
- დიახ, შემიძლია.
- მაშინ, სანზონაში, კინო "საქართველოსთან", 7 საათზე.
- კარგი, მოვალ, - შევპირდი.
რაღა თქმა უნდა, მარტო მისვლას ვერ გავბედავდი. ჰოდა, დახმარება ახლობელს ვთხოვე. ოღონდ, მისი დახმარება იმაში გამოიხატებოდა, რომ შორიდან თვალყური უნდა ედევნებინა ჩემთვის და საჭიროების შემთხვევაში, ჩემ გვერდით გაჩენილიყო.
ჰოდა, 7 საათზე კინო "საქართველოსთან" მივედი. ჯერ შორიდან დავზვერე შეხვედრის ადგილი, მაგრამ იქ ვერავინ შევნიშნე. მერე ვიფიქრე, როგორც ჩანს, თვითონაც შორიდან მზვერავს და თუ პირველად მე არ დამინახა, ალბათ, არ გამოჩნდება-მეთქი. გამოვიცანი: როგორც კი თვალი მკიდა, მაშინვე ჩემ წინ დიდი შავი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც ასე, 25 წლის ახალგაზრდა გადმოვიდა და მომიახლოვდა.
- თქვენ მე მელოდებით? - მკითხა.
- რეჟისორი თქვენ ხართ? - ძალიან გამიკვირდა, არ მოველოდი, ასეთი ახალგაზრდა თუ იქნებოდა.
- დიახ...
- და...
- და ახლა, ვინაიდან გნახეთ, როლზე აგიყვანთ.
- კარგია, გმადლობთ... გადაღება როდისაა?
- ზეგ, გადაღებაზე ზეგ დაგიბარებთ. დღეს და ხვალ წინა ფილმის დამთავრებაზე ვმუშაობთ.
- შეიძლება, რაღაც გთხოვოთ?
- დიახ...
- თუ შეგიძლიათ, რომ სხვა გადაღებებს დამასწროთ და ვნახო, როგორი სიტუაციაა, თანაც, კომპლექსებს მოვიხსნი... ასეთ "ღონისძიებაში" მონაწილეობა არასოდეს მიმიღია და მინდა, ვიცოდე, რა ხდება...
- მერე, არ გადაიფიქრებ? - "შენობით" ფორმაზე გადავიდა...
- ფულს თუ გადამიხდით, არ გადავიფიქრებ...
- მაგაზე უკვე შევთანხმდით და ფულს ნამდვილად გადაგიხდით...
- მაგრამ გადაღებას წინასწარ არ დამასწრებთ?
- მეგობარს ვკითხავ და დაგირეკავთ.
იმ დღეს კარგა ხანს ველოდი მის ზარს, მაგრამ აღარ დაურეკავს. მეორე დღეს კი, როგორც იქნა, გავხდი მათი ყურადღების ღირსი და გადაღებაზე დასასწრებად მიმიწვიეს.
არ დავმალავ - როდესაც მითითებულ მისამართზე მივედი, გული გამალებით მიცემდა და ერთი პირობა, უკან გამობრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჩვეულებრივი, ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, ჩვეულებრივი ბინის წინ აღმოვჩნდი... მხნეობა მოვიკრიბე და კარზე დავაკაკუნე...
გავიგონე, რომ კართან ხან ერთი მოვიდა, ხან - მეორე... ბოლოს, როგორც იქნა, კარი ჩემმა ნაცნობმა რეჟისორმა გამიღო და ოთახში შემიპატიჟა.
კარგად გარემონტებული, კომფორტულად მოწყობილი ბინა იყო. პაირველ ოთახში აპარატურა იდგა, კედელზე მოზრდილი სარკე ეკიდა, რომლის წინაც ახალგაზრდა, ნახევრად შიშველი გოგონა იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა...
იქვე, დივანზე 2 მამაკაცი იჯდა. ოპერატორები კამერებთან ტრიალებდნენ, რეჟისორი და სცენარის ავტორი კი რაღაც დეტალებს ათანხმებდნენ. ჩემი თავი არავის წარუდგენია დამხვდურთათვის. გოგონა მომიბრუნდა და თავად გამეცნო:
- თამუნა...
- სასიამოვნოა. თქვენ მსახიობი ხართ? - შესავლის გარეშე "გადავედი საქმეზე".
- დიახ. წამოდით სამზარეულოში, ყავაზე დაგპატიჟებთ, - ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი. - ზურამ (რეჟისორმა) თქვა, რომ თქვენ გადაღების საყურებლად მოხვედით, შემდეგ კი ფილმში უნდა ითამაშოთ.
- დიახ, ასე ვთქვათ. დიდი ხანია, რაც ფილმებში გიღებენ?
- უკვე მესამე ფილმში მიღებენ.
- პროფესიონალი მსახიობი ხართ?
- არა, ჯერ სტუდენტი ვარ, თეატრალურში ვსწავლობ. თქვენ?
- მე... ჰმ... ისა... მე უმუშევარი ვარ, - მოვძებნე გამოსავალი.
- გასაგებია... თავიდან მეც ვნერვიულობდი, ახლა შევეჩვიე... თანაც, ნამდვილ მსახიობს არ უნდა "გაუტყდეს" იმის გაკეთება, რასაც რეჟისორი მოითხოვს.
- იმედი მაქვს, გადაღების დროს ნამდვილ სექსუალურ აქტს არ ატარებთ.
- რა თქმა უნდა! თანაც, რა აქტზეა ლაპარაკი, ესენი, - "მსახიობი" მამაკაცები იგულისხმა, - "პიდარასტები" არიან. ეგენი ერთმანეთთან თუ ჩაატარებენ აქტს, თორემ ქალის დანახვასა და შეხებაზე მაგათ რეაქცია არა აქვთ. ხედავ, როგორ ჭუკჭუკებენ?
- კი, ვხედავ... რომელიმე თქვენმა ახლობელმა თუ იცის, რას საქმიანობთ?
- არა და ნურც შენ ეტყვი ნურავის... ასე აჯობებს...
- კარგი, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას...
- თამუნა, ვიწყებთ! - გაისმა რეჟისორის მკაცრი ხმა.
თამუნა დაფაცურდა.
...რაც ამის შემდეგ იქ ვიხილე, დაწვრილებით ვეღარ აღვწერ, რადგან ცენზურას ექვემდებარება... რა თქმა უნდა, ფილმს სიუჟეტი არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ მოგიყვებით, რაზე იყო ფილმი, მაგრამ სამაგიეროდ, ბლომად იყო შიშველი სხეული, ცრუკვნესა და ცრუვნება, გარყვნილება და სიბინძურე... რეჟისორის შეძახილები:
"ბიჭო, წესიერად მიუდექი"; "გოგო, რას აკეთებ, სექსი არ გქონია?! ასე არ უნდა იმოძრაო", "გამაგიჟებენ ესენი, უკანალს ასე ნუ ათამაშებ"; "დაწექი, გოგო, ფეხები გაშალე, მოუშვი ახლოს პარტნიორი"...
ვფიქრობ, ნათლად წარმოიდგენთ, თუ რას განვიცდიდი მათი შემყურე - ზიზღსა და გაოგნებას. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ საქართველოში პორნოფილმებს იღებდნენ და არც საიმისოდ მეყოფოდა ფანტაზია, წარმომედგინა, რა ხდებოდა გადაღებებზე...
იქ ბოლომდე ვერ დავრჩი. ბოდიში მოვიხადე, მეჩქარება-მეთქი და წამოვედი. რეჟისორმა სიტყვა დამადევნა, - ხვალისთვის მოემზადე, ხვალ გადაღება გვაქვს და არაფერი დაგეგმო, დაგირეკავო. მხარს ზემოდან გადავძახე, კარგი-მეთქი და თავქუდმოგლეჯილი დავეშვი კიბეზე.
იმის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში მირეკავდნენ ხან თავისი, ხანაც - უცხო ნომრებიდან, მაგრამ მათ ზარებს აღარ ვპასუხობდი. იმედი მაქვს, "გზაში" გასულ სტატიას წაიკითხავენ და ამის შემდეგ ზარები შეწყდება, რადგან მათთვის ნათელი გახდება, რეალურად რა მიზნით მივედი მათთან, "გადასაღებ მოედანზე"...
თუმცა, ძვირფასო მკითხველო, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ. ვიდრე მე პორნოფილმის გადაღების დეტალებს ვაზუსტებდი და რეჟისორის ზარის მოლოდინში გახლდით, ისევ "სკაიპზე", 34 წლის მამაკაცი დამეკონტაქტა:
"მე ერთ წინადადებას შემოგთავაზებ. თუ დათანხმდები, ხომ კარგი, შენთვისაც და ჩემთვისაც, თუ არა და, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!.. თუ თანახმა იქნები, მაგარს დაგაბოლებ (თუ გევასება, რა თქმა უნდა). ძალიან მაგარ და სერიოზულ სექსფართიზე გაგჩითავ (როგორზეც, არ გეწყინოს, მაგრამ შენით ვერ გაიჩითები). მაგარი თუხთუხი და დამსწრეთა ცოცხალი სექსი იქნება. თუ გაგისწორდება და ჩემთან სექსის სურვილი გექნება, მაგ შემთხვევაში, ერთ ღამეში და თან, დროის სერიოზულ გატარებაში 200-დან 500 დოლარამდე გადაგიხდი. კარგად დაფიქრდი, არ წააგებ, დამიჯერე. რაც მთავარია, თუ ჩემს წინადადებას დათანხმდები, სადაც გაიჩითები და რა "სასტავსაც" ნახავ, იცოდე, არ გააბაზრებ... ისე, არც არავინ დაგიჯერებს".
ნუ, როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას და არ გაარკვიო, სად ხდება ეს ყველაფერი?.. ჰოდა, ვინაიდან დომინირებს აზრი, რომ ფულის გამო ზოგი ყველაფერს კადრულობს, თუ ფულს დახარბდები, ეჭვიც არ შეეპარება, რომ შენ სულ სხვა ინტერესი გაქვს. ამ შემთხვევაშიც, ფულზე ლაპარაკი დავიწყე და გარანტიები მოვითხოვე.
- ფულს მართლა იხდით?
- კი.
- სად არის გარანტია?
- თქვენ მითხარით თქვენი პირობა და მე შეგისრულებთ, ოღონდ, ჯერ თქვენი ნამდვილი სურათი, სადაც მთელი ტანით ჩანხართ, მაილზე უნდა გამომიგზავნოთ.
- ეგ მერე, როცა რაღაცებზე მოვილაპარაკებთ.
- კარგი, ასე იყოს.
- მაინტერესებს, რამდენი ადამიანი იკრიბება სექსფართიზე, მე რა მევალება და როგორი სიხშირით ხვდებით ერთმანეთს?
- დაახლოებით, 10-15 ადამიანი, ყველა ერთად ვართ და სექსიც ერთად გვაქვს. პარტნიორს და მათ რაოდენობას შენი სურვილით აარჩევ, ფულს კი წინასაწარ გადაგიხდი.
- შენ არ გამომიგზავნი სურათს? მაინტერესებს, შენ როგორი ხარ.
- არა, მე მაშინ მნახავ, როცა შემხვდები.
- გამოდის, ბრმად უნდა გენდო? სურათს მანამდე არ გამოგიგზავნი, ვიდრე პირველ ნაბიჯს თავად არ გადადგამ. იქნებ, მახინჯი ხარ?!
- მე თუ არ მოგეწონები, იქ სხვებიც იქნებიან და რომელიმეს აირჩევ.
- სურათს პირველი არ გამოვგზავნი, მას მხოლოდ გაგიცვლი შენს სურათში.
- ვხვდები, რომ სექსფართით დაინტერესდი და თუ იქ მოხვედრა გინდა, მაშინ ჩემს პირობას დათანხმდი.
- კარგი, თანახმა ვარ.
ამის შემდეგ, მის ელფოსტაზე ინტერნეტიდან ამოღებული, უცნობი ქალის ფოტო გავუგზავნე. პასუხმა არ დააყოვნა:
- ვაა, შენ რა სექსი ხარ?! ხვალაა სექსფართი და მოდი...
- მოდი, ჯერ შენი ფოტო გამოგზავნე და დაწვრილებით მომიყევი, რა ხდება იმ შეკრებზე, რომ მერე გაუგებრობაში არ აღმოვჩნდე.
- მუდმივად ერთი და იგივე ხალხი იკრიბება, გარეგნულად კი ყველა ერთმანეთზე უკეთესია.
- დიდი ხანია, რაც მაგ ფართის აწყობთ?
- რამდენიმე თვეა. კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და თავს უფლებას ვაძლევთ, გავერთოთ.
- კი, მაგრამ სხვა გასართობი ვერაფერი ნახეთ?
- შენ რა, "ოპოზიციონერობას" ხომ არ აპირებ?
- არა, მაგრამ მე მაგაზე ფულის გამო თუ წამოვალ. სიმართლე გითხრა, სხვა ინტერესი არ მაქვს.
- აი, ნახავ, როგორ მოგეწონება, მერე კი შეეჩვევი და ერთი სული გექნება, შაბათი როდის მოვა.
- შაბათობით იკრიბებით ხოლმე?
- დიახ. ჩვენ ყველა საქმიანი ადამიანები ვართ. მთელი კვირა ვმუშაობთ, შაბათს კი ვერთობით.
- ერთმანეთი როგორ მოძებნეთ?
- თავიდან ოთხნი ვიყავით. მე, ჩემი ძმაკაცი და ჩვენი შეყვარებულები. მერე გოგონებმა შემოგვთავაზეს, - სხვებსაც ვუთხრათო. მერე, ზოგი მათი მეგობარი შემოგვიერთდა, ზოგი - ჩვენი, ზოგიც ასე, ინტერნეტით დავითანხმეთ.
- კი, მაგრამ ფულს რატომ იხდით? ყოფილიყავით იმდენი, ფულის გადახდა რომ არ დაგჭირვებოდათ...
- ბევრნი რომ ვართ, ამას სხვა მუღამი აქვს. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტ სიამოვნებას მივიღებთ.
- და "დაგაბოლებო", რომ მითხარი, უმაგისოდ არ გამოდის დროის ტარება?
- დოპინგივითაა. მოსწევ და მერე ყველაფერი სულერთია.
- სვამთ კიდეც?
- კი, ვისაც უნდა, სვამს. უამრავი სასმელ-საჭმელი გვაქვს, მუსიკა და რამე... მერე მიდის პორნოს ყურება და ჟიმაობა... კონკურსებსაც კი ვაწყობთ ხოლმე, ვინ უფრო მაგარია...
- გამარჯვებულს რა პრიზი ხვდება?
- გამარჯვებულს სურვილს აუსრულებს ის, ვისაც ამოირჩევს.
- რა სურვილი უნდა ჩაუთქვა ისეთი, რომ მაგას პრიზი დაარქვა? ალბათ, ყავის მოდუღებას სთხოვს ან საცვლის გარეცხვას...
- ნუ, ბევრი რამაა ისეთი, რაც შეიძლება, შეუსრულოს. ახლა ჩვენს წესდებასაც დავწერთ და კლუბს ჩამოვაყალიბებთ, სადაც ყველა წევრი ვალდებული იქნება, კანონს დაემორჩილოს.
- ალბათ, ბინა დაქირავებული გაქვთ, არა?
- არა, ერთ ჩვენს ძმაკაცს კერძო სახლი აქვს, მარტო ცხოვრობს და იქ ვხვდებით. მაგარი კაი პონტია. ზამთარში ბუხარს ვანთებთ ხოლმე. შენ რა გგონია, უბრალო ხალხი კი არ იკრიბება, უმეტესობა მდიდარი ოჯახიდანაა.
- გასაგებია!
- მგონი, ხასიათი გაგიფუჭდა.
- ჰო, იცი, მართლა ასეა! აბა, მე, ერთმა უბადრუკმა ადამიანმა იმ რჩეულ საზოგადოებაში რა გავაკეთო? ამიტომ, გადავიფიქრე, აღარ მინდა.
- კი, მაგრამ იქ არავინ დაგჩაგრავს, ნუ გეშინია...
- არა, არა, გმადლობთ ინტერვიუსთვის.
- რა ინტერვიუ, გაგიჟდი?
- ჰო, ასე გამოვიდა, ბოდიშს გიხდი...
- არ დაბეჭდო!..
- სიურპრიზი ჩემზე იყოს...
გჯერათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან, აქვე, ყურისძირში ხდება? პირადად ჩემთვის, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ... რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..