პრესას და მწერალ ჟურნალისტებს ახლა უკვე პარაფსიქოლოგებად ცნობილმა, ცენტრალური ტელეარხების მიერ გაპიარებულმა ადამიანებმა შეუტიეს – მაგალითად, ირაკლი ლომაიამ “კვირის პალიტრის“ დასამარება გადაწყვიტა, რომელმაც თურმე უშუალოდ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის მეშვეობით, ტირაჟი ლომაიას ანტირეკლამით გაზარდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ლომაია გაზეთის დასამარებას იტალიელი ადვოკატების მეშვეობით, ქართულ სასამართლოში გეგმავს, რომელსაც ერთი ქართველი ადვოკატიც (ინგა სეხნიაშვილი) დაეხმარება. ამის შესახებ ლომაიამ პრესა.გე–სთან საუბრისას განაცხადა.
სანამ იმაზე მოგითხრობდეთ, თუ რამ გაადაწყვეტინა ირაკლი ლომაიას ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის წინააღმდეგ “ხმლის ამოღება“, მისი და ყველა იმ ადამიანის გასაგონად მოგახსენებთ, ვისაც პრესაში გამოქვეყნებული სტატიები და მწერალი ჟურნალისტების მოღვაწეობა, გულზე დიდად არ ეხატება – ბატონებო და ქალბატონებო, დღევანდელ საქართველოში, იმათ შორის, ვინც თავის საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებენ და საზოგადოებას სიმართლეს აგებინებენ, არიან მწერალი ჟურნალისტები, რომლებიც გაზეთებში, ინტერნეტგამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ უტევენ მათ, სხვადასხვა საშუალებებით.
ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენეთ, იმათ, ვინც ხელაღებით მოიხსენიებთ ხოლმე პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს და მათ ავტორებს, თორემ, მკითხველისთვის ზედმეტია იმის თქმა, რომ დღეს, ამა თუ იმ პრობლემაზე სიღრმისეული და მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებული ინფორმაციის მიღება, სწორედ მწერალი ჟურნალისტების საშუალებით შეუძლიათ.
ახლა რაც შეეხება ლომაიას გამძვინვარების მიზეზს – გაზეთმა “კვირის პალიტრამ, ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა – ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტი, ხათუნა პაიჭაძე, ირაკლი ლომაიას ყალბი აუდიო–ჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებს . ამის შესახებ ხათუნა პაიჭაძემ, სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი უფლებების დამცველ ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან ერთად ისაუბრა.
ადვოკატის განმარტებით, 2 ივლისს ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში“, ლომაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გაზეთ “კვირის პალიტრის“ საქმიანი რეპუტაციისა და გაზეთის ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ყალბ ცნობებს შეიცავდა.
ზვიად კორძაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლომაიამ აუდიო–ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც, თითქოს ისმის, როგორ ითხოვს ხათუნა პაიჭაძე “კვირის პალიტრაში“ რეკლამას, მისი საწინააღმდეგო მასალების გაზეთში გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ.
“ყველა აღნიშნული ცნობა, ასევე, ჩანაწერი ყალბია. ჩვენ სარჩელები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ. მოვითხოვთ ლომაიას მიერ ამ ინფორმაციის საჯარო უარყოფას, გაზეთ “კვირის პალიტრისა“ და ხათუნა პაიჭაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, თითოეულისთვის 50 ათასი ლარის გადახდას“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ და იქვე დასძინა, რომ, ლომაიას საწინააღმდეგო მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურასაც გადაეცა – კერძოდ, პროკურატურას გაუგზავნეს: ხათუნა პაიჭაძის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ირაკლი ლომაიას საქმიანობის შესახებ და დაზარალებული მოქალაქეების ჩვენებები.
სასამართლოში შეტანილ სარჩელში, “კვირის პალიტრა“ “იმედში“ გამოქვეყნებული აუდიო–ჩანაწერის ექსპერტიზასაც მოითხოვს და ლომაიასთვის მოთხოვილი თანხის საქველმოქმედო სახლ “კათარზისისთვის“ გადაცემას გეგმავს, რასაკვირველია, თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.
სანამ გარკვეულ მასალებს პროკურატურას გაუგზავნიდნენ და სარჩელს სასამართლოში შეიტანდნენ, ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ ირაკლი ლომაიას საქმიანობის შესახებ “კვირის პალიტრაში“ ორი წერილი გამოაქვეყნა.
ხათუნა პაიჭაძე: “ტელე–იმედში გასული ჩანაწერის მიხედვით, თითქოს, იმისთვის, რომ გაზეთ “კვირის პალიტრაში“ მისი საწინააღმდეგო მასალა არ დაიბეჭდოს, ლომაიასგან გაზეთში რეკლამის მოტანას ვითხოვ. ეს ჩანაწერი არის ყალბი და ჩემს ხმას არ შეიცავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ლომაიამ “კვირის პალიტრის“ და ჩემი შანტაჟი, მაგრამ ეს ხელს ვერ ამაღებინებს ირაკლი ლომაიასა და მისი მსგავსი ადამიანების ლუსტრირებაზე, რადგან მათ არაერთი ადამიანი მოატყუეს“.
“ინტერპრესნიუსში“ გამართულ პრესკონფერენციას, რამდენიმე მოქალაქეც ესწრებოდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ლომაიას “თაღლითობის მსხვერპლნი“ გახდნენ...
როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ფარულ ჩანაწერებს მხოლოდ შსს არ აკეთებს და ამ საქმით პარაფსიქოლოგებად ცნობილი ადამიანებიც არიან დაკავებულები, რომლებიც, ისევე, როგორც შსს, ამ ჩანაწერებს ცენტრალურ ტელეარხებს აწვდიან. როგორც ირაკლი ლომაიამ გვითხრა, მასთან “იმედის“ ჟურნალისტი მივიდა, ინტერვიუ სთხოვა და “როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, მივეცი ინფორმაცია, რომ მე მაქვს დაფიქსირებული ასეთი ფაქტი“.
აი, ასე მოხვდა თურმე 2 ივლისის საინფორმაციო გამოშვებაში ფარული ჩანაწერი, რომელზეც დღეს, პრესა.გე–სთან შეხვედრის და საუბრის დროს, ირაკლი ლომაია აცხადებს, რომ ეს ხათუნა პაიჭაძის ხმა არ არის – “ამასთან დაკავშირებით მე არ მითქვამს რომ ეს მაინცდამაინც ხათუნა პაიჭაძეა. მე უბრალოდ, ხაზგასმით ვთქვი რომ პაიჭაძე მე მაშანტაჟებს–თქო და ამ შანტაჟში ვიგულისხმე, რომ ხათუნა პაიჭაძემ ყოველგვარი საფუძვლების გარეშე დაიწყო ჩემზე ანტირეკლამა. ეს იმას ნიშნავს რომ მას შეეძლო ჩემთან მოსულიყო, გაერკვია ვინ არის ირაკლი ლომაია, რა მიღწევები აქვს...“
ერთი საინტერესო და სასაცილო ახალი ამბავი – “კვირის პალიტრა“ თურმე ლომაიას მეშვეობით, მისი ანტირეკლამით იწევს რეიტინგს მაღლა და შესაბამისად, შემოსავალსაც ლომაიას მეშვეობით იზრდის. ლომაია კაპიკ–კაპიკ აპირებს ამ მედია–საშუალების შემოსავლის დათვლას და შემდეგ სასამართლოს გზით, სოლიდური თანხის მოთხოვნას:
“კვირის პალიტრამ“ ჩემს ხარჯზე ტირაჟი მოუმატა და ჩემი ჩაძირვა განიზრახა; ეს ფაქტია, გასაგებია და იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და მოდით ვნახოთ “კათარზისს“ ირაკლი ლომაიას ორგანიზაცია გადაურიცხავს თანხას თუ “კვირის პალიტრა“... მე მოვითხოვ მორალურ ანაზღაურებას, მე შევიტან სარჩელს მათ წინააღმდეგ და ეს არ იქნება 100 000 ლარი; ყოველი გამოსული ტირაჟის თანხა დაითვლება, რომელიც “კვირის პალიტრამ“ ირაკლი ლომაიას ხარჯზე გამოსცა.
მივესალმები მათ გადადგმულ ნაბიჯს და შევხვდებით სასამართლოში. ამ ეტაპზე ადვოკატებმა საქმის ვითარება იციან, რომლებიც რასაკვირველია, სიმართლეს დაიცავენ და ყველაზე დიდ სიმართლეს ვინც დაიცავს, ეს არის საქართველოს სასამართლო, რომელიც დღეს უმაღლეს დონეზე დგას“.
ისე, მთელ საქართველოში ირაკლი ლომაია მგონი ერთადერთია, ვინც ამბობს, რომ ქართული მართლმსაჯულება უმაღლეს დონეზეა; ამას თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ ამბობენ. იმ შემთხვევაში, თუ პროცესი “კვირის პალიტრის“ სასარგებლოდ დასრულდება, ლომაია ამბობს:
“ხათუნა პაიჭაძეს 50 000–სს კი არა?! 100 000–სს გადავუხდი, საქვეყნოდ ბოდიშს მოვუხდი და ჩემს ყოველ ქმედებაზე პასუხს მართლმსაჯულების წინაშე ვაგებ, მაგრამ პროცესს როდესაც მოვიგებ, ამას პირდაპირ ვამბობ, “კვირის პალიტრა“ საქართველოს მოსახლეობას საშვილთაშვილოდ დაემშვიდობება“.
ჩალით დახურულ ქვეყანაში გამორიცხული არაფერია; რა იცით, ეგება და ლომაიამ შეძლოს ის, რაც ბევრისთვის დღემდე აუხდენელი ოცნებაა, არა მარტო “კვირის პალიტრასთან“ მიმართებაში.