გროზნოდან დევნილი საიხან მუზაევი ქართველ სამართალდამცავებს უპირისპირდება

გროზნოდან დევნილი საიხან მუზაევი ქართველ სამართალდამცავებს უპირისპირდება

გროზნოდან დევნილი საიხან მუზაევი საქართველოს კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ვალერი ზუმბაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს და პარლამენტისგან გარანტიებს ითხოვს, რომ მას რუსულ მხარეს არ გადასცემენ.

საიხან მუზაევი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, პირად პრობლემაზე სასაუბროდ დღეს, საქართველოს პარლამენტში გამოცხადდა და ის პლენარული სხდომის დარბაზში, ქართველ კანონმდებლებს ნაციონალმა ირმა ნადირაშვილმა წარუდგინა.

ნადირაშვილის ცნობით, საიხან მუზაევი, რომელიც წლების განმავლობაში დევნილთა სამინისტროში თარჯიმნად მუშაობდა, ამჟამად, მუქარების ქვეშ ცხოვრობს.

დეპუტატის ინფორმაციით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მუზაევს შესთავაზეს ჩვენება მიეცა, რომ გენერალი ლორთქიფანიძე იყო ლაფანყურის ოპერაციის ორგანიზატორი.

„20013 წლის ოქტომბერში, მუზაევი ახმეტაში იმყოფებოდა, რა დროსაც, მოულოდნელად მანქანა გაჩერდა და ის უცნობმა პირებმა თბილისში, რუსთაველის 28 ნომერში უშიშროების კონსპირაციულ ოფისში მიიყვანეს. ერთ-ერთმა პირმა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე უხსენა და უთხრა, რომ ლორთქიფანიძე „ფე-ეს-ბე“-ზე მუშაობს, ჩეჩნები ჩამოუყვანია და მათი ლიკვიდაცია განახორციელა. მუზაევს შესთავაზეს ჩვენება მიეცა, რომ გენერალი ლორთქიფანიძე ლაფანყურის ოპერაციის ორგანიზატორი იყო. ეს ის ლორთქიფანიძე გახლავთ, რომელსაც თავად სახელმწიფო ტერორისტივით მოექცა, სახლთან ბომბი დაუდო და ეს საქმე ჯერ კიდევ არ გახლავთ გამოძიებული“, - აცხადებს ნადირაშვილი.

დეპუტატის მტკიცებით, ჩვენების სანაცვლოდ, მუზაევს მაღალ ანზღაურებადი სამსახური, ფული და საქართველოში უზრუნველი ცხოვრება შესთავაზეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისგან უარი მიიღეს, მას დაემუქრნენ.

„მას უთხრეს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებოდა. კერძოდ, დააპატიმრებდნენ და „ფე-ეს-ბეს“-ს გადასცემდნენ. მუზაევი დაბეჯითებით აცხადებს, რომ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე იყო, რომელიც მას დაემუქრა. როგორც ირკვევა, მუზაევთან რამდენიმე შეხვედრა მოგვიანებით მოდულის შენობაში გაიმართა, სადაც ზუმბაძემ მუზაევს 100 ლარიანი კუპიურების შეკვრა შესთავაზა, რომელიც მას არ აუღია“, - აღნიშნავს ნადირაშვილი, რომლის მონათხრობს ადასტურებს თავად მუზაევი.

გროზნოდან დევნილი პირი აცხადებს, რომ 2013 წლის ოქტომბერში, ის დაკითხვაზე იმ მიზნით გამოიძახეს, რომ გივი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. მუზაევის მტკიცებით, მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, შესაბამისად, ცრუ ჩვენებას ვერ მისცემდა.

„ვფიქრობდი, რომ თავს დამანებებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. სამი უცხო ადამიანიდან, რომლებიც ჩემზე ზეწოლას ახორცილებდნენ, ერთ-ერთი ვალერი ზუმბაძე ამოვიცანი, რომელსაც არაერთხელ ავუხსენი, რომ ლაფანყურის საქმესთან არანაირი კავშირი არ მქონდა და არც ლორთქიფანიძეს ვიცნობდი. იმის გამო, რომ ცრუ ჩვენებას არ ვაძლევდი, მათ მითხრეს, რომ თუკი მათ შემოთავაზებაზე უარს ვიტყოდი, რუსეთის „ფე-ეს-ბე“-ს გადამცემდნენ. მათ თითქმის ყველაფერი გააკეთეს, რასაც დამპირდნენ“, - აცხადებს მუზაევი, რომელიც ირწმუნება, რომ მის მიმართ „მუქარა“ შესრულდა კიდეც.

მუზაევის თქმით, ის სამსახურიდან გამოუშვეს და საქართველოს საზღვრის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის სასწავლო ვიზა მაქვს, ლონდონში გამგზავრებას ვერ ვახერხებ. წასვლა მინდა, მაგრამ საზღვარზე აღარ მიშვებენ და ეს უკვე ათჯერ მოხდა. წარმოშობით ჩეჩენი ვარ, უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და არც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი“, - დასძინა მუზაევმა.

მუზაევის პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობს ეკა ბესელია, რომელიც for.ge-ს საპასუხოდ აცხადებს, რომ მუზაევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მუზაევის განცხადება კომიტეტში 24 თებერვალს შევიდა, რომლის საფუძველზეც ძალოვანი უწყების მიმართ ორი რეკომენდაცია გაიცა.

„შინაგან საქმეთა მინისტრს და პროკურორს რეკომენდაცია მივწერე, რომ ამ საკითხის შესწავლა და იმის გამორკვევა მოხდეს, თუ რა ხდება მოწმესთან დაკავშირებით და ადგილი ჰქონდა თუ არა დაკითხვის დროს რაიმე უფლების დარღვევას?! ძალოვანი უწყებებისგან შუალედური პასუხი მივიღე, რომ ეს საკითხი შესასწავლად გადაცემული შესაბამის სამსახურს აქვს. მათ შორის - სპეციალური ოპერატიული სამსახურს. ახლა, პასუხს ველოდებით, რა არის ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ამ ადამიანის გადაადგილება არის შეზღუდული“, - აღნიშნავს დეპუტატი.

შს სამინისტროდან როდის მიიღებს პასუხს ეკა ბესელია, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მანამდე, 21 მაისს, საიხან მუზაევი ბრიტანეთში გამგზავრებას ისევ შეეცდება და ცნობილი გახდება, მას საქართველოს საზღვრის გადალახვის უფლებას მისცემენ თუ არა.