„დაველოდოთ, როგორ გადაწყვეტს დასავლეთი პუტინის გამოწვევას“

„დაველოდოთ, როგორ გადაწყვეტს დასავლეთი პუტინის გამოწვევას“

ყირიმის მსგავსად დონეცკი და ლუგანსკიც დამოუკიდებლობას ითხოვენ - საფრანგეთი და გერმანია 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში, რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთით 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმი უკანონოა.

„თუ უკრაინაში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ შედგება, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში“, - ნათქვამია ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ერთობლივ განცხადებაში.

გაითვალისწინებს თუ არა რუსეთი დასავლეთის მოწოდებებს, შეამციროს საკუთარი სამხედროების რიცხვი უკრაინის საზღვრებთან ან ხელი არ შეუშალოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას; როგორ გადაწყდება სიტუაცია რეგიონში და რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ამ თემებზე ექსპერტი კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.

ბატონო კორნელი, რეფერენდუმამდე პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვება ყირიმში იზეიმა. რას ნიშნავს პუტინის ჩასვლა ყირიმში, იმის მიუხედავად, რომ გერმანიის კანცლერმა მოუწოდა, არ მიეღო აღლუმში მონაწილეობა?

- ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართლდა ის შიშები, რაც არსებობდა - მიუხედავად მოჩვენებითი მცდელობისა, რომ რუსეთი მზად არის მოელაპარაკოს დასავლეთს, თითქოს, გერმანიის მეშვეობით, უშედეგო აღმოჩნდა. ბოლო დღებში იყო ლაპარაკი, რომ რუსეთი უკრაინასთან განლაგებული ჯარების უკანდახევას აპირებდა, მაგრამ ეს არ გამართლდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის არ აპირებს ყირიმის ანექსიაზე უარის თქმას და კიდევ უფრო ცინიკურ ნაბიჯებს დგამს. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის საზოგადოებასა და უკრაინაში ისედაც ძალზე ცუდი განწყობებია, ასეთ ფონზე ჩახვიდე სევასტოპოლში და ცინიკური განცხადებები აკეთო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია. რაც მთავარია ის სანქციების გამო შიშსაც ვერ გრძნობს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას, ანტიტერორისტული ღონისძიების მიუხედავად, სიტუაცია არ შეცვლილა, მეტიც იქ რეფერენდუმი ჩატარდა... სადამდე შეიძლება წავიდეს პუტინი?

- პუტინის ქმედებებზე პროგნოზის გაკეთება ცოტა არ იყოს, უმადური საქმეა, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანია, ლოგიკას არ ექვემდებარება მისი ქმედებები. როგორც ჩანს, მისი პირველი რიგის ამოცანაა, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციით თანდათანობით შეაგუოს თანამეგობრობა, რომ ყირიმის საკითხი საერთოდ არ ექვემდებარება მოლაპარაკებას და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ლარაპაკი არის მხოლოდ იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში - მოხდება უკრაინის ფედერალიზაცია, რისკენაც მიილტვის რუსეთი, რომ შემდეგ დაბლოკოს მისი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში.

აქედან გამომდინარე, ის ცდილობს სამშვიდობო მანტიაც კი მოირგოს და იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთს არ ექნება რეაქცია და გადაყლაპავს ყირიმის ანექსიას, შესალოა, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები აღარც გაამწვავოს.

იგივე ის განცხდებები, რომელიც გაკეთდა მერკელთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თითქოს მოუწოდა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტ ლიდერებს, რომ არ შეუშალონ ხელი არჩევნების ჩატარებას, მგონია, რომ იყო ბლეფი - თვითონ ეს ხალხი, თავისი საქმით, ნამდვილად არ ამტკიცებს იმას, რომ არჩევნების ჩატარებისთვის მზად არიან - ასეთი სცენარიც კი გაითამაშეს, რომ დამოუკიდებელი აქტორები არიან და პუტინთან არაფერი აკავშირებთ.

მიმდინარე პროცესების გამო დღეს უკრაინის სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაშია, მორყეულია უშიშროების და შინაგან საქმეთა სტრუქტურები და ეს გამოჩნდა კიდეც ოდესის მოვლენების დროს.

თვითონ უკრაინის ხელისუფლებაც არჩევნების ჩატარებამდე ვერ სთავაზობს კონკრეტულ გამოსავალს ამ სეპარატისტულ ნაწილს, თუმცა მათი მოთხოვნების მთლიანად დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან ეს უკრაინის სახელმწიფოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს..

თუ ეს არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ახალ ხელისუფლებას მაინც მოუწევს ამ პრობლემებზე ფიქრი და რაღაც შეთავაზებების გაკეთება. ამაზე ალბათ დასავლეთიც გარკვეულ გავლენას მოახდენს.

ახლა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება იმისკენ არის მიმართული, რომ ეს არჩევნები მეტ-ნაკლებად ლეგიტიმურად ჩატარდეს და მასში მიიღოს მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილმა. თუნდაც 50%-მა რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს ძალიან კარგი იქნება იმისათვის, რომ შემდეგ რუსეთმა არ გამოიყენოს თავის პროპაგანდაში, რომ ეს არის არალეგიტიმური და უკანონო ხელისუფლება.

დასავლეთიდან მუდმივად ისმის სანქციებით მუქარა, აშშ- და კანადამ შედარებით მკაცრი სანქციებიც დააწესეს, თუმცა მეორე-მესამე დონის სანქციებამდე საქმე ვერ მიდის. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ევროპის თავშეკავებულ ლიდერებსაც უკვე აშკარად აშფოთებს პუტინის ქმედებები. როგორ ფიქრობთ, პუტინს რომელმაც ფაქტობრივად, უკანდასახევი გზა მოიჭრა, შეაჩერებს ეს სანქციები?

- ეს რომ სხვა სახელმწიფო იყოს, კიდევ შეიძლებოდა სანქციებით რაღაცის იძულება, მაგრამ როდესაც დიდ სახელმწიფოზეა საუბარი, აქ დგება მისი პრესტიჟის საკითხი. უკანდახევა პუტინისთვის თვითმკვლელობის ფასი იქნება, გამომდინარე რუსეთის შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან. ის, რასაც პუტინი აკეთებს, ანუ ყოფილი რუსული მიწების შემოერთება, როგორც ჩანს ძალზე პოპულარულია რუსულ საზოგდოებაში. ამით ის ცდილობს, გადაფაროს ის შინგანი წინააღმდეგობები და ის მოძრაობები, რაც არის რუსეთში. ამიტომ, უკან ვერ დაიხევს, რადგან ეს შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს მისი რეჟიმისთვის.

რაც შეეხება სანქციებს, ჯერჯერობით ჩანს, რომ დიდი ოდენობით კაპიტალის გადინება ხდება რუსეთიდან, ეს ჯერ პირველი დონის სანქციებიდან გამომდინარე. ხოლო პუტინმა თუ მაინც შეიყვანა რუსული ჯარი უკრაინაში, მაშინ, უკვე, ალბათ, მეორე და მესამე დონის სანქციებზეც იქნება ლაპარაკი, რაც სერიოზულად დაარტყამს რუსულ ბიზნესსა დაა ეკონომიკას. თუმცა რამდენად გარისკავს პუტინი აქამდე გაამწვავოს საქმე, უკვე რთულად პროგნოზირებადია.

რაც შეეხება საქართველოს, ისმის სხვადასხვა მოსაზრებები, რომ რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ თუ დაჭირდა, უკან ნამდვილად არ დაიხევს და .. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს საზღვაო წყლებში შემოვიდა ამერიკული სამხედრო გემი, მიმდინარეობდა ქართველი მესაზღვრეების წვრთნები. დიპლომატიურ ენაზე ეს რას ნიშნავს? ხომ არ არის რუსეთის ერთგვარი გაფრთხილება, რომ აგრესიის შემთხვევაში საქართველო მარტო არ იქნება?

- ზოგადად, ასეთი სახის ვიზიტები ჩვენს პორტებში თითქმის შევარდნაძის პერიოდიდან ხორციელდება და ნორმადაც იქცა,რაც ძალზე აღიზიანებს რუსულ სამხედრო ისტებლიშმენტს - არ მოსწონთ, რომ ამერიკული სამხედრო გემები შავ ზღვაში შემოდიან მითუმეტეს ასეთ პირობებში, როგორიც ახლაა.

მაგრამ ეს სიგნალია ამერიკის მხრიდან, დაანახოს რუსეთს, რომ მიუხედავად იმისა რაც ხდება რუსეთ-საქართველოს შორის და უკრაინაში, ის მაინც უთმობს თავის ყურადღებას საქართველოს.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ საქართველოს ურთიერთობა ისედაც უმძიმეს სიტუაციაშია, უფრო გაუარესება ძნელად წარმოსადგენია, ამ ეტაპზე - ყოველ შემთხვევაში.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შესთავაზა საქართველოში თავდაცვითი სისტემების განთავსება. რას შეიძლება ველოდეთ ასეთი შეთავაზებისგან?

- ვისურვებდი, რომ ის ინიციატივა, რაც ირაკლი ალასანიამ გააჟღერა ასრულებულიყოს, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება, რადგან რეგიონში შექმნილი სიტუაციის ფონზე, არ მგონია, დასავლეთის რომელიმე სახელმწიფომ ან ნატომ გადადგას ეს ნაბიჯი.

ზოგადად ვფიქრობ, როდესაც მაღალი დონის ოფიციალური პირები აკეთებენ ასეთ განცხადებებს, უფრო მეტი წინდახედულებაა საჭირო, რუსეთ-საქართველოს შორის და მთლიანად, რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მითუმეტეს, თუ არ იყო კონსულტაციის შედეგი, ამას ძალიან ცუდად აღიქვამენ რუსეთში.

თუ ასეთი იდეები არის, ეს შეიძლება, კულუარებშიც განიხილებოდეს. ვფიქრობ, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო, თუმცა თვითონ იდეაა საინტერესო, მაგრამ მხოლოდ კონფერენციის დონეზე გაჟღერება არ არის საკმარისი, ამას უნდა მოჰყვებოდეს დასავლერთის მზაობა, რომელიც დღესდღეობით არ ჩანს.

ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმაც დაადასტურა - მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და გამოვიდა, რომ ამ განცხადების უკან რეალურად არაფერი არ დგას.

სავარაუდოდ, ასეთი ტიპის განცხადებები გამომდინარეობს იქიდან, რომ უკრაინის და უკვე მოლდოვაში მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, სადაც პრორუსული ძალების გააქტიურება დაიწყო, საქართველო არის რეალური საფრთხის წინაშე და სასურველია, ვიცოდეთ, რისი იმედი შეიძლება ვიქონიოთ დასავლეთის მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ტიპის პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას?

- არ ვეთახმები იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი ტიპის განცხდებების გაკეთება არ შეიძლება, რადგან რუსეთი გაღიზიანდება. მეორე მხრივ, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც 2008 წლის შემდეგ საქართველოს მუდმივდ აქვს საფრთხის პრობლემა და დედაქალაქიდან 40 კოლომეტრში დგანან საოკუპაციო ჯარები?- ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ გაქვს პრობლემა. ჩვენი საზოგადოების ნაწილს, როგორც ჩანს, ავიწყდება და რაკი ტანკებს ვერ ხედავენ, ჰგონიათ, ეს ყველაფერი სადღაც შორს ხდება.

ხელისუფლების ვალდებულებაა რომ ამ სიტუაციაზე იფიქროს, და ალბათ, ამან განაპირობა ასეთი განცხადებაც, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი საკითხები წყდება კულუარებში და თუ გარკვეული, შეთანხმებული პოზიცია ჩამოყალიბდება ჩვენს მოკავშირეებთან, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს ამაზე ღიად ლაპარაკი - წინააღმდეგ შემთხვევეში ზოგჯერ ძაბავს კიდეც სიტუაციას.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან საქართველო, როგორც მცირე ზომის სახელმწიფო, ვერ დააბალანსებს რუსეთის სამხედრო ძლიერებას. მაგრამ ჩვენი ამოცანა ის უნდა იყოს და რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც გვრჩევენ, რომ გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება, ვიდრე გეოპოლიტიკური სიტუაცია არ გაირკვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ბედისთვის.

ამ სიტუაციაში ინიციატივების გამოჩენა, რომელმაც არ ვიცით, საბოლოოდ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს, სასურველი არ არის. მთავარია, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს, გააგრძელოს რეფორმები. ამასობაში დასავლეთიც ჩამოყალიბდება, თუ რა უნდა გააკეთოს პუტინის გამოწვევასთან, უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც ავტომატურად შეეხება საქართველოს.

ბოლო პერიოდში საქართველოში მაღალი დონის დელეგაციების ჩამოვლა მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის ინტერესი საქართველოსადმი ჯერკიდევ მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ხვალ ან ზეგ დასავლეთი მზად არის, სამხედრო ძალით დაიცვას საქართველო. ეს არარეალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ამ ეტაპზე ცდილობენ, უსაფრთხოების გარანტიები შეუქმნან ნატოს წევრ სახელმწიოფოებს აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში. ეს არ არის ბოლომდე მოგვარებული და დასავლეთი რომ საქართველოს ან უკრაინას აღმოუჩენს სამხედრო-შეიარარებულ დახმარებას რუსეთის წინაარმდეგ, არარეალურია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ გულხელდაკრეფილი ველოდოთ და არაფერი არ უნდა ვაკეთოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.