ბრიტანეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურა შერჩეულია. ჩვენთვის სტრატეგიულ ქვეყანაში მრავალთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ამ ეტაპზე ინკოგნიტო ელჩობის კანდიდატი, როგორც იქნა, გამოინახა. ბრიტანეთში ჩვენი ელჩის არარსებობა განსაკუთრებით პრობლემატური იყო ნატოს სამიტის მოახლოების წინ. ამის გამო საგარეო უწყების საქციელს ცალკეული დიპლომატები აკრიტიკებდნენ.
ცოტა ხნის წინ სწორედ ბრიტანეთში ელჩობის კანდიდატად დაასახელეს მწერალ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა, რომლის პერსონამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აინტერესებდა, ბრიტანეთში მწერალ ქარუმიძის გაგზავნა უფრო მნიშვნელოვანი იყო თუ გამოცდილი დიპლომატის? ბოლოს და ბოლოს, პენ-კლუბში ხომ არ ვაგზავნიდით ამ ადამიანს? რატომ არავის ებადებოდა კითხვა, ეს „ელჩი“ როგორი დიპლომატი იქნებოდა, რა გამოცდილება და საბაზო განათლება ჰქონდა?
ქარუმიძის პერსონამ პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის აღშფოთებაც დაიმსახურა, მან მომავალ „დიპლომატს“ სვანების მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება დაუწუნა. მართალია, უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თინა ხიდაშელი ზურაბ ქარუმიძეს ფანტასტიკურ ადამიანად მოიხსენიებდა, მაგრამ ამტყდარი ხმაურის შემდეგ ქარუმიძის ელჩობას წერტილი დაესვა.
დღესდღეობით საგარეო უწყება არ ახმიანებს, ვინ იქნება ბრიტანეთში ჩვენი მომავალი ელჩი, მაგრამ, ალბათ, ის ისეთივე სკანდალური პერსონა არ იქნება, როგორც ქარუმიძე.
"მის სახელს ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს პროცედურა დასრულებული არ არის. შერჩეული კანდიდატურა შესაბამის პროცედურებს გადის და ის მალე იქნება დანიშნული", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამდენი ხანი ელჩის დანიშვნა ვერ მოხერხდა, ამას მაია ფანჯიკიძე სხვადასხვა მიზეზს უკავშირებს. კერძოდ, იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე თავის დროზე ხელი არ მოაწერა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. შემდეგ, როდესაც ეს დაბრკოლება აღარ იყო, იმ კანდიდატმა, რომელზეც იყო საუბარი, თავად განაცხადა უარი, რამაც შიდა პროცედურები შეაფერხა.
მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართა, რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და საბოლოოდ შეირჩა ერთი, რომელიც ახლა გადის ამ შიდა პროცედურას.
რატომ გაიწელა ელჩად დანიშვნის პროცედურები და რა ზიანს მოუტანს ეს საქართველოს?
“საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ერთ-ერთ დამფუძნებელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, პატარა ქვეყანას მისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ელჩები ჰყავდეს. ამიტომ არ არსებობს არცერთი ობიექტური მიზეზი, რომელიც გაამართლებს ამდენი ხნის განმავლობაში ელჩის არდანიშვნას.
„ელჩის არყოფნა კომუნიკაციის არარსებობაა. ელჩის შეზღუდვა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ბევრი სამუშაო გვაქვს, ნეგატიურად აისახება საქართველოზე. პიროვნულად ქარუმიძეს არ ვიცნობ და რამდენად შესაფერისი კანდიდატურა იყო, არ ვიცი. თუმცა იმ დროს პროცესი ძალზე ცუდად წარიმართა, როდესაც პარლამენტში ჯაჭვლიანმა მის მიმართ შეურაცხყოფა გამოხატა, შემდეგ კი გადაიფიქრეს მისი დანიშვნა. მთავარია ის, რომ დღეს კანდიდატურა კი არ უნდა ირჩეოდეს, არამედ დიდი ხნის ჩასული უნდა იყოს ელჩი ინგლისში, სადაც იმართება ნატოს სამიტი. ეს მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს, რომელიც ძალზე საზიანოა“,_აცხადებს ელენე ხოშტარია.
ამასთან, განმარტავს, რომ შესაძლოა, ადამიანი არ იყოს მაინცდამაინც საგარეო უწყების თანამშრომელი, მაგრამ ბევრი სხვა უნარი გააჩნდეს, რომელიც გამოადგება ელჩობისას. უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევა, როცა ელჩი არ იყო საგარეო სამინისტროდან, მაგრამ ძალზე წარმატებული კარიერა ჰქონია. ამიტომ მთავარია, რომელი კრიტერიუმებით შეირჩევა ესა თუ ის პიროვნება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთში მალე შეირჩევა ელჩობის კანდიდატი. ამიტომ აღნიშნული თემის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა გამართლებულად არ მიაჩნია. იგი ამშვიდებს ოპონენტებსაც, ამ თემაზე ნუ ინერვიულებენ, რადგან უმოკლეს ვადაში შეირჩევიან დიპლომატები.
„ბრიტანეთთან დაკავშირებით რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი, მაგრამ მოგვიანებით მათზე აღარ შეჩერდა არჩევანი. სამომავლოდ ამ პოსტზე შეირჩევა კვალიფიციური, გამოცდილი კადრი. არსებობს ჩვეულებრივი პროცედურები, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს და მალე გადაწყდება ეს საკითხი. კონსტიტუციიდან გამომდინარე, პარლამენტი ელჩების დანიშვნის საქმეში აქტიურად აღარ ერევა. ეს პრეროგატივა მთავრობას გადაეცა და სწორედ მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო წარადგენს კანდიდატურებს, რომელთაც შემდეგ უკვე პრეზიდენტი ნიშნავს“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ For.ge-სთან საუბარში.
იგი დარწმუნებულია, რომ ელჩის არარსებობა ნატოს სამიტს პრობლემას არ შეუქმნის. მისი თქმით, თავისთავად, არავინ იბადება დიპლომატად, უბრალოდ, ყველა იძენს ამ უნარ-ჩვევებს, ამიტომ ცალკეული პიროვნება შეიძლება არ იყოს დიპლომატი თავისი კარიერული წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ ღირსეულად წარმოაჩინოს საკუთარი ქვეყანა.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე არაკომპეტენტურობასა და თავმოუბმელობას მიაწერს იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე ცალკეულ ქვეყნებში ელჩები არ გვყავს. იგი ეჭვობს, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო წყვეტდეს ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხს.
„მე მგონი, ელჩების დანიშვნას სხვები წყვეტენ და არა - საგარეო საქმეთა სამინისტრო. ნატოს სამიტის წინ ჩვენი ელჩი არ გვყავს ბრიტანეთში. არა მგონია, ამის გამო მაპი არ მოგვცენ, მაგრამ ცუდი პრეცედენტია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი ამდენი ხანია, არ მოგვარდა და ხან ჯაჭვლიანი ერევა ამ საქმეში და ხან_ ვინ. ქარუმიძე შეიძლება არც უკეთესი იყო და არც უარესი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მას ჯაჭვლიანი არ უნდა ბლოკავდეს“,-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბარში.