საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველო დატოვა. ფრანსუა ოლანდი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს ერთი დღით, კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. საფრანგეთის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა, მონაწილეობა მიიღო ქართულ–ფრანგულ ეკონომიკურ ფორუმშიც.
თუმცა, მანამდე პირველი ოფიციალური პირი, ვინც ოლანდს საქართველოში შეხვდა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იყო. ქვეყნის პირველი დიპლომატი საფრანგეთის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდა და მათ შორის დაახლოებით 10–წუთიანი შეხვედრა აეროპორტის VIP დარბაზში შედგა.
შეხვედრა ჟურნალიტებისთვის დახურული იყო. ფანჯიკიძე–ოლანდის შეხვედრის დეტალები ოფიციალურად გავრცელებული კადრებიდან გახდა ცნობილი. კადრებში ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკმაოდ მწირ სუფრასთან სხედან და შეხვედრის ოთახიც საშუალოშემოსავლიანი კომპანიის ერთ–ერთ რიგით ოთახს ჰგავს. ქართველი საზოგადოების ნაწილმა უკმაყოფილება, სწორედ, გავრცელებული კადრებზე დაყრდნობით გამოთქვა. ხუმრობენ კიდეც, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ფინანსთა მინისტრის მიერ უცხოელთა მასპინძლობისთვის გათვალისწინებული ხარჯები გააკრიტიკა, საქართველოს მთავრობამ ხელგაშლილად დახვედრა საფრანგეთის პრეზიდენტისთვისაც ვეღარ „გაბედაო“.
თუმცა, ფრანსუა ოლანდი საქართველოდან გაუმასპინძლებლად არ გაუშვიათ. სტუმრის ქვეყნიდან გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მის საპატივცემულოდ, ოფიციალური სადილი გამართა.
მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი ფრანგ კოლეგას ავლაბრის სასახლეში ჯერ პირისპირ, შემდეგ გაფართოებული შემადგენლობასთან ერთად შეხვდა. შეხვედრების შემდეგ კი მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა შეაჯამეს და ქართველი და ფრანგი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებისთვის კვალვ აქტუალურია, მით უფრო რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერაა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გეგმები არსებობს და თანამშრომლობა თავდაცვის გარდა, განათლებისა და კულტურის სფეროებშიც აქტიურად ხორციელდება.
"ჩვენ თავდაცვის სფეროშიც გვაქვს თანამშრომლობა, რომელიც უფრო და უფრო მძლავრდება და ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს სურს ნატოსთან. ეს არის ერთ-ერთი საკითხი ნატოს სამიტის, რომელიც რამდენიმე თვეში ჩატარდება. აქ რა თქმა უნდა აუცილებელია თავიდან იყოს აცილებული აბსტრაქტული პროცედურა, რათა არ გავართულოთ სიტუაცია და აქ უკვე სიბრძნე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობაა საჭირო", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი უკვე ჩართულია ცენტრალური აფრიკის პრობლემის მოგვარებაში და ქართული მხარის მადლიერია იმის გამო, რომ ევროპის მხარდაჭერით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცები ივნისიდან ჩაერთვებიან.
„ივნისში ასევე შედგება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. მე მსურს დავუკავშირო ერთმანეთს ეს ორი ფაქტი, ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმება და, მეორე მხრივ, თქვენი მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ, ყოველთვის იქონიოთ ჩვენი იმედი,“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თუმცა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საფრანგეთისთვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობაზე დასმულ კითხვას ზოგადი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.
„როგორ მოახერხოს საქართველომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხია, შემდეგ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის, მისი ევროკავშირთან თანამშრომლობის ჭრილში განსახილველი საკითხი, შემდეგ ბუნებრივია საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, მზა ფორმულირება დღეს არ არსებობს ნატოს–თან მიმართებაში; ეს რა თქმა უნდა, ნატო–სთან თანამშრომლობის საკითხიცაა, რომელიც თავის სიტყვას იტყვის უელსის სამიტის ფარგლებში", - განაცხადა ოლანდმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ უელსში, ნატოს მომავალ სამიტზე ქართული მხარე წელში გამართული მიდის, რადგან წარმატებებს მიაღწია ჯარის რეფორმირების თვალსაზრისით და აქტიურია „აისაფის“ პროგრამაში.
გიორგი მარგველაშვილმა მეგობარ ქვეყნებთან მასშტაბური ეკონომიკური პროექტების განხორციელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ეს პროექტები, თავის მხრივ, საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას განაპირობებს.
„ჩვენი პოლიტიკა, სწორედ რომ, მიმართულია ამ თვალსაზრისით მეგობრების და მოკავშირეების მოძიებაზე. საქართველომ აჩვენა თავის თავი, როგორც ერთ–ერთმა პასუხსიმგებლიანმა მოთამაშემ გლობალური უსაფრთხოების მიმართებით – ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე,“– განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება საქართველო–საფრანგეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას – ამ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ვრცლად ქართულ–ფრანგულ ბიზნესფორუმზე ისაუბრა. ფრანსუა ოლანდმა განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციის ჩადება ევროპისთვის მნიშვნელოვანი კოზირია და სასურველი იქნება, ევროპას საქართველოსთან, დაახლოებით, 20–წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა ჰქონდეს.
საფრანგეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. რომლის თანახმადაც რამდენიმე პრიორიტეტი გამოიკვეთა – ურბანული, საბაგირო ტრანსპორტისა და საქალაქთაშორისო გზების განახლების მიზნით საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტო დაფუძნდება, შეიქმნება სხვა სააგენტოც, რომელიც მცირე საწარმოებს დაეყრდნობა და კერძო სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. საფრანგეთი აპირებს, ზამთრის სპორტის სახეობების კუთხით საქართველოს კონკრეტული პროექტების განხორციელებაში დაეხმაროს, ასევე, მონაწილეობა მიიღოს აჭარის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მომზადებასა და ჯანდაცვის სფეროს დაფინასებაში.