საქართველოს მაღალი დონის ევროპელი ლიდერები სტუმრობენ - საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შემდეგ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპეი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი.
ვიზიტების ძირითადი მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვაა. რა მოლოდინები არსებობს ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტებიდან გამომდინარე, დასავლეთის მხრიდან ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
ბატონო სოსო, თვითონ ფაქტი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველო განებივრებულია დასავლელი ლიდერების სტუმრობით, როგორ შეიძლება შეფასდეს, ეს რის დემონსრტირებას ნიშნავს?
-ეს მკაფიო გზავნილია ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ მოიაზრება რუსეთიც, იმის დასტურად, რომ საქართველო წარმოადგენს სერიოზულ ინტერესს ცივილიზებული სამყაროსთვის, ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგადად, დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყნებისთვის.
ასეთი მხარდაჭერა, ცხადია, შემთხვევითი არ არის - გარკვეული მონანიების ფორმაც აქვს ასეთ ვიზიტებს - უკრაინის შემთხვევაში მათ დააგვიანეს ასეთი ყურადღების დემონსტრირება, და ახლა ცდილობენ, რომ ანალოგიური საფრთხისგან დაიცვან საქართველო, რომელიც ერთხელ უკვე აღმოჩნდა მსხვერპლი ასეთი უყურადრებობისა, 2008 წელს.
როგორც ითქვა ასეთი ვიზიტების ერთ-ერთი მოტივი ასოცირების ხელშკრულებაცაა, თუმცა საზოგადოების ნაწილში არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი და ხშირად ისმის კითხვა, რას მოგვიტანს ასეთი ვიზიტები, მაშინ, როდესაც დასავლეთის ლიდერების მხრიდან არ ისმის მკაფიო პასუხები, თუ რა სახის დახმარება შეიძლება მიიღოს საქართველომ?
-მყისიერი მოლოდინი არის უმეცრება, რაიმე საკითხი საღამოს რომ დააყენო და დილით გადაწყვეტილი დაგხვდეს, მხოლოდ ვნებს ზოგად პერსპექტივას. როდესაც მრავალი ათეული გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი სიღრმისეული წვდომის აუცილებლობა არსებობს, ცხადია, რაიმე ერთი ლოზუნგის გაჟღერება არ არის საკმარისი მთელი ჩვენი საზოგადოების რწმუნებისთვის, რომ ასე სჯობს.
ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ვფიქრობ,შეიძლება იყოს სანდო, გახლავთ ის, რომ საკუთარ პოლიტიკას რუსეთი არ შეცვლის უახლოესი საუკუნის განმავლობაში. შესაბამისად, იგი დარჩება მუდმივ საფრთხედ საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და მისი დამოუკიდებლობისათვის.
ასეთი საფრთხე არ მოდის არც ნატოსგან, არც ევროპისა და არც ამერიკისგან; პირიქით, მათ აინტერესებთ ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის დანახვა საქართველოს სახით, რომელიც აღიარებს დასავლურ ფასეულობებს.
ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაც უმალ ევროპული ხასიათისაა, ვიდრე - რუსული. მოწმენი ვართ, რომ უკვე გადაულახავი ზღუდე არსებობს რუსულ და დასავლურ ღირებულებებს შორის და თუ ვერ გამოვიტანთ ცალსახად მკაფიო დასკვნას, ამ ზღუდის რომელ მხარეს აქვს საქართველოს განვითარების მეტი პერსპექტივა, მაშინ არ ვყოფილვართ ღირსი უკეთესი მომავლის.
თუ ისევ რუსეთის ჩექმის ქვეშ არსებობის ტრფიალი სძლევს რაიმე ჯგუფს, რასაკვირველია, მათთან ურთიერთობა აუცილებელია, მაგრამ მათი გადარწმუნების პერსპექტივა ნაკლებია. ასეთები მიისწარფიან წარსულისკენ, რომელიც აღარ არსებობს. მოგონებები საბჭოთა კავშირზე უმჯობესია საკუთარ მემუარებში აღვწეროთ ვიდრე წარმოვიდგინოთ, რომ ის შესაძლოა, კვლავ რეალობა გახდეს.
რუსეთი უკვე კაპიტალისტური ქვეყანაა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, ასეთ ქვეყნებში ადამიანი ადამიანის მეგობარი და ძმა კი არა - მგელია. დიდი ხანია, ასე მგლებივით ეკიდებიან ერთმანეთს რუსეთშიც. ამიტომ, რაიმე სიკეთე სოციალისტური წარსულისა, დავიწყებულია იმ ქვეყანაში; მითუმეტეს, არანაირი სიკეთე არ იქნება გამეტებული იმ ქვეყნის მოსასხლეობის მიმართ, რომლის მხოლოდ ტერიტორია სჭირდებათ მათ.
თქვენ თქვით, რომელი მხარე გვინდა, უნდა ავირჩიოთ - ეს არჩევანი საქართველომ უკვე დიდი ხანია დააფიქსირა, ეს დადასტურდა ქვეყნის ახალი ხელისუფლების მხრიდანაც და სოციოლოგიური გამოკითხვებიც მიუთითებს, რომ საზოგადოება ირჩევს დასავლეთს. რა აჩენს ეჭვს, რომ კვლავ არჩევანის წინაშე ვართ?
-ეჭვს იწვევს არათანაბარი ტერიტორიული კომფორტი ქართული დემოკრატიისთვის. ამ თემაზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის კრებულისთვის იქმნება ნაშრომი და მხოლოდ ანონსი შემიძლია გავაკეთო ამ თემის, ავტორსაც არ დავასახელებ.
პრობლემას ჩვენ ვხედავთ სწორედ განსხვავებულ სტანდარტებში დემოკრატიის მიმართ დამოკიდებულებისა, ურბანულ და პლურალურ საქართველოში. რაც უფრო ნაკლებად თვითკმარია რეგიონი, მით უფრო არაადეკვატურია მისი დამოკიდებულება ევროპული პერსპექტივის მიმართ, რადგან მათ საბჭოთა კავშირის დროს თავი მშიერი არ უგრძვნიათ - ეს არის ლოგიკა, სხვა არაფერი.
როგორ მოვახერხოთ, რომ დავეწიოთ დემოკრატიის ევროპულ სტანდარტებს და სოფელსა და ქალაქში იყოს საერთო მიდგომები ამა თუ იმ ფასეულობების მიმართ, ეს არც თუ შორეული მომავლის პრობლემაა, ამ შემთხვევაში არ გამოვიყენებ მოდურ სიტყვას - გამოწვევას, ეს ნამდვილად პრობლემაა და ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების საზრუნავი.
ბოლო პერიოდში საერთასშორისო საზოგადოების მხრიდან გაისმა მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ მოლდოვაში პრორუსული ძალების გააქტიურების ხელშეწყობისგან თავი შეიკავოს. საქართველოს მიმართ დასავლეთიდან მსგავსი განცხადებები ამ ეტაპზე არ მოგვისმენია, თუმცა საქართველოში პრორუსულ ძალებზე საუბარი სიახლე არ არის, ზოგჯერ გარკვეული ჯგუფების მხრიდან კამპანიური მოქმედებებიც შეინიშნება; როგორ ფიქრობთ, ვისი მხარდაჭერით აქტიურდებიან ისინი დროდადრო?
-როდესაც ერთმანეთს ემთხვევა რუსული იმპერიული ძალების და ყოფილი ხელისუფლების ინტერესები, მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელები არიან ნაციონალები, როდესაც საუბრობენ ევრპული პერსპექტივის უპირატესობებზე.
ფაქტი ერთია, შფოთი ქვეყანაში, მითუმეტეს არჩევნების წინ, არის პუტინის და ნაცმოძრაობის ინტერესებში. ამიტომ არის, რომ არ გათენდება დღე, რაიმე ახალი ბრალდება არ წამოაყენონ ახალი ხელისუფლების მიმართ.
ვერ ვიტყვი, რომ ყველა ბრალდება ყალბია, რასაკვირველია, საზოგადოება უნდა იყოს აქტიური და სამოქალაქო სექტორი ასეთ მაგალითს აძლევს ჩვენს საზოგადოებას - ისინი უნდა იყვნენ ყოველთვის საქმის ყურში, რა ტიპის გადაცდომები შეიძლება იყოს საფრთხის მომტანი ხელისუფლების მხრიდან.
მაგრამ როდესაც ნაცვლად შენიშვნისა, ვცდილობთ, ყველა ცოდვა დღევანდელ ხელისუფლებას გადავულოცოთ, ეს უკვე პოლიტიკური ბრძოლის ელფერს იღებს, რომლის მიზანია, იყოს არეულობა როგორც არჩევნების დროს, ასევე მის შემდეგაც; რადგან მიუხედავად იმისა, რომ ფინალი სხვადასხვა წარმოუდგენიათ კრემლის ჩინოვნიკებს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, ისინი ნებით თუ უნებლიედ, ახორციელებენ ერთსა და იმავე ტექნიკურ ნაბიჯებს, რომ არ იყოს ივნისში სიმშვიდე ქვეყანაში.
რამაც შეიძლება, დააფიქროს ევროპა კიდევ ერთხელ, სჯობს თუ არ სჯობს, ხელმოწერა ასეთი ხელშეკრულებისა საქართველოსთვის. და დე, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ღიად დააფიქსიროს, რა ურჩევნია, ევროპული და დასავლური დემოკრატია ქვეყანაში თუ საკუთარი თავი უმაღლეს სახელისუფლებო სავაძლებში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაანონსებულია, რომ მისი ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა. განსაკუთრებით სტაბილურობისა და უსაფრთხოების ნაწილში საქართველოში საკმაოდ მყიფე მდგომარეობა აქვს. ასეთი ვიზიტები გაგვიწევს რაიმე ტიპის დახმარებას?
-ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ჩამოვიდნენ, კი ბატონო, თავად გაეცნონ რეალურ ინფორმაციას, რადგან დღემდე ისინი მხოლოდ იკვებებიან ნაცმოძრაობის აქტივისტებისგან მიწოდებული ინფორმაციით. ასეთი ვიზიტები მათვე დაეხმარება რეალობის უკეთესად აღქმაში.
ნურც უსაფრთხოების კუთხით ვიქნებით გულხელდაკრეფილნი, ეს ასე არ გახლავთ და თავისთავად, ქვეყნისთვის უპირველეს საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინსტრს არ სურს, დაელაპარაკოს პრეზიდენტს.
ასეთი გაუკუღმართებული დამოკიდებულება ხელისუფლების ორი უმაღლესი პირისა, რომელიც გამოწვეულია კიდევ უფრო გაუგებარი სისტემით ქვეყნის მართვის - კულისებიდან, რასაკვირველია საჭიროებს, რაც შეიძლება, ხშირად ჩამოივიდნენ მაღალი თანამდებობის პირები ევროპიდან, ამერიკიდან, რომ აქ ყური მაინც მოკრან ქართულ რეალობას და არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციაზე.
ასევე გასათვალისწინებნელია ყველა ის ნაბიჯი, რაც დაგეგმილი და ჩაფიქრებული აქვს იმ ძალებს, რომლებიც მოიაზრებიან ანტისახელმწიფოებრივ ძალებად. არ მიმაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა წარმოადგენს ასეთ სუბიექტს, ვგულისხმობ იმ „მეხუთე კოლონის“ რეალურ ამოქმედებას, რომელსაც შეუძლია ასევე მხოლოდ შფოთის სახით ყურადღების გადატანა ჩვენი საზოგადოებისა, ნაკლებადს აქტუალურ საკითხებზე. საინტერესოზე - მაგრამ ნაკლებად აქტუალურზე; რომელსაც შეუძლია, მუდმივი დაპირისპირების რეჟიმის შექმნა თავად საზოგადოებაში იმით, რომ ერთსა და იმავე თემაზე მსჯელობა ყოველღიურად და ყოველ საათში, ყველა მედიასშუალების გამოყენებით, იყოს მხოლოდ შემაფერხებელი საქართველოსთვის ევროპული გზით სიარულის დროს.
როგორი პროგნოზი გაქვთ, დალაგდება ურთიერთობები?
-ურთიერთობების დალაგებას ისტორიულად, საქართველოში ახერხებდა ქართული სუფრა, ეს დალოცვილები ახალგაზრდები ხომ არიან, თითო ჭიქა ღვინის აწევა ხომ შეუძლიათ და იქნებ მარტო დასხდნენ, სუფლიორებისა და მრჩევლების გარეშე და ნახევარი საათი ასე გაატარონ...
დარწმუნებული ვარ, ასეთი ინდივიდუალური პრობლემები იქნება დავიწყებული, მგონი დროა, პოლიტიკოსებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება. შედარება რომ გავაკეთოთ, ბურატინოს მეტი თავისუფლება ჰქონდა პაპა კარლოსგან, ვიდრე დღევანდელ მინისტრებს გააჩნიათ მათი მწყემსისგან.
მწყემსი ვინ არის ივანიშვილი თუ ღარიბაშვილი?
-რაღაცას თვითონ მკითხველიც ხომ უნდა მიხვდეს, ყველაფერს ჩვენ ხომ ვერ ვუკარნახებთ - ვისაც ვინ ეგულება - დაიდონ წინ საქართველოს მოქალაქეთა სია და ყველა მწყემსი თავად მკითხველმა დაასახელოს.