ირაკლი ტრიპოლსკი: ჩემთან შეხვედრის პრობლემა არცერთ მოსახლეს არ აქვს

ირაკლი ტრიპოლსკი: ჩემთან შეხვედრის პრობლემა არცერთ მოსახლეს არ აქვს

დუშეთის რაიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტი უკვე განხორციელდა - ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის პრობლემა პრაქტიკულად სრულად მოგვარდა, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დუშეთის გამგეობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა და ნაპირსამაგრი სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება. რაიონში უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე, for.ge დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი ესაუბრა.

- დუშეთის რაიონში, განსაკუთრებით გაზაფხულზე, მდინარეებისა და ხევების ადიდების პრობლემა მუდმივად იდგა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შედეგად, დუშეთის მოსახლეობას უზარმაზარი ზარალი მიადგა, განსაკუთრებით დოლასქედისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის მოსახლეობა დაზარალდა. მოსახლეობასთან შესახვედრად მეორე დღესვე ადგილზე ჩავედი... როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, დუშეთის გამგეობას მთელი ზამთარი ნაპირების გამაგრებასა და დამბების შეკეთებაზე რომ არ ეზრუნა, ზარალი ბევრად მასშტაბური იქნებოდა. ისეთი ნიაღვარი მოდიოდა, სტიქიას მთელი სოფლის წალეკვა შეეძლო. ნაპირსამაგრი სამუშაოები უკანა ფშავშიც თითქმის ბოლო სოფლამდე განხორციელდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დასრულებული პროექტი უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებს დავაკისრებთ. ზოგადად, ასეთი მიდგომა მაქვს - თუ დაკისრებულ ვალდებულებებს კომპანია პირნათლად არ შეასრულებს, არავის დავინდობთ და კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს დაუყოვნებლივ მივმართავთ.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქი სასმელი წყლით ბულაჩაურიდან მარაგდება, დუშეთის რაიონს სასმელი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია?

- სასმელი წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელში აღმოიფხვრა. მათ შორის, ფასანაურშიც. ფასანაურში ავზი სრულად განახლდა, სასმელი წყლის მილები შვიდ კილომეტრზე გამოვიყვანეთ, თუმცა, როგორც მეუბნებიან, ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ახლის ნაცვლად, მოსახლეობას სასმელ წყალს ძველი ავზიდან აწვდიან, რომელიც უამინდობის გამო საკმაოდ ამღვრეული იყო.

- ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ აწვდის მოსახლეობას ამღვრეულ სასმელ წყალს მაშინ, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელებულია და აღნიშნული პრობლემა სრულად უნდა მოგვარებულიყო?

- ეს საკითხი აუცილებლად გაირკვევა, პასუხისმგებელი კი, ის პირია, რომელიც უშუალოდ, ფასანაურის წყლით მომარაგებას ემსახურება. ამ ეტაპზე, ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს საბოტაჟია და მოსახლეობის გასაღიზიანებლად სპეციალურად კეთდება, მაგრამ უახლოეს მომავალში საკითხს გამოვიკვლევთ და სიმართლეც დადგინდება. რაც შეეხება სხვა პროექტებს. დუშეთში საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას ხევის ადიდებაც ქმნიდა, თუმცა ამ მიმართულებითაც სერიოზული სამუშაოები განხორციელდა და ადგილობრივ მოსახლეობას სტიქიის უკვე აღარ ეშინია. გამგეობამ პრობლემის მოსაგვარებლად მართლაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავა, ხევზე ორი ხიდიც აღდგა... როგორც მითხრეს, მოსახლეობა საცალფეხო ხიდის აშენებასაც ითხოვს და უახლოეს მომავალში ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.

ადგილობრივი მოსახლეობა გზების რეაბილიტაციასაც ითხოვს, დუშეთის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი. იქნებ დაასახელოთ კონკრეტული პროექტები.

- პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთის, კერძოდ, არხოტთან დამაკავშირებელი 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, რომელიც სოფელ როშკას და პირიქითა ხევსურეთის სოფელ ამღას დააკავშირებს. როგორც ვიცი, გზის მშენებლობის შემდეგ, არხოტში დაბრუნების სურვილი 35-მდე ოჯახმა უკვე გამოთქვა. ამ პროექტის ფარგლებში სკოლის, კულტურის სახლის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.

მოგეხსენებათ,  არხოტამდე სამანქანო გზა არასოდეს ყოფილა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთთან საცხენოსნო ბილიკი აკავშირებს. საპროექტო თანხაც უკვე გამოყოფილია, თუმცა ამ ეტაპზე, უამინდობა გვაფერხებს. მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალმთიან ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც თოვლი ჯერ არ დამდნარა. იმედი გვაქვს, მომავალი კვირიდან ეს პრობლემაც აღარ გვექნება და დამპროექტებლები თითოეული მეტრის შესწავლას შეძლებენ. რაც მთავარია, როშკა-არხოტის პროექტის განხორციელება კახეთიდან ჟინვალამდე გზის გავლისთვის საჭირო დროს 50 წუთით შეამცირებს. ამ პროექტს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან სამხედრო გზაც სწორედ აქ გადის.

უახლოეს მომავალში ჩინთი-ბარისახოს გზის რეაბილიტაციაც იგეგმება, რომლის დასრულების შემდეგ შატილსა და ხევსურეთში ტურისტთა რაოდენობა გასამმაგდება. სამწუხაროდ, უგზოობის გამო ტურისტებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, რადგან თბილისიდან ხევსურეთამდე მგზავრობას დაახლოებით 5-6 საათი სჭირდება. პარალელურად, ახატანი-ბიწმენდის გზის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ. ახატანელი ბავშვები ჭოპორტისა და ჟინვალის სკოლებში დადიან. ამის გამო, სოფელი ფაქტობრივად, იცლება, ამიტომ ახატანში სკოლის აღდგენა გადავწყვიტეთ, რათა ბავშვებს განათლების მისაღებად რამდენიმე კილომეტრის გავლა არ უწევდეთ. 

რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულებსა და ლტოლვილების პრობლემებს. მათ დასახმარებლად გამგეობის ბიუჯეტში ფინანსები გათვალისწინებულია?

- რა თქმა უნდა! დუშეთის რაიონში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, კერძოდ, შენობების სახურავების აღსადგენად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამი მილიონი ლარი გამოყო. ამ მიმართულებით გამგეობამ საკმაოდ მობილურად იმუშავა. მაგალითად, ზემო მლეთაში ლტოლვილებისთვის, მთავრობასთან შეთანხმებით შესაბამისი თანხა უკვე გამოყოფილია. ამ ეტაპზე, მოსახლეობამ მიმდებარე ტერიტორიაზე, ათი ათასი ლარის ფარგლებში, სახლები თავად უნდა მოიძიონ, რომელსაც გამგეობა დააფინანსებს. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ათსართულიანი კორპუსის მშენებლობის დასასრულებლად თანხა გამოყო, რომელიც ანალოგიურ პრობლემას ყველა ადამიანისთვის გადაჭრის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკმა სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის განსავითარებლად 30 მილიონი გამოყო. აქედან დაახლოებით, 8-10 მილიონი დუშეთის რაიონის განსავითარებლად დაიხარჯება. კერძოდ, ქალაქში  მისასვლელი გზების, სახლებისა და ძველი დუშეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება. ჩვენი სურვილია ძველ დუშეთში ილია ჭავჭავაძის სასამართლოს შენობა აღდგეს, რომელიც დღეს კერძო საკუთრებაა. ამ მიმართულებით ერთ წელზე მეტია მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, დუშეთის გამგეობა მზადაა, შესაბამისი თანხაც გადაიხადოს, თუმცა სამწუხაროდ, მფლობელები საკმაოდ დიდ ციფრს ასახელებენ. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება!

ცნობილია, რომ დუშეთის გამგეობა კერძო საკუთრებაში არსებული სპორტული კომპლექსის სახელმწიფო ბალანსზე დაბრუნებას ცდილობს.

- დიახ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კერძო საკუთრებაში არსებული სპორტული კომპლექსის შესაძენად თანხა გამოგვიყო. საკმაოდ ლამაზი და კარგად გაკეთებული სპორტკომპლექსია, რომელსაც საჭიდაო დარბაზი, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აქვს. ამ შემთხვევაში მფლობელებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რადგან გაყიდვის სურვილი მათაც აქვთ. ახალგაზრდებისთვის კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ... გვინდა, რაიონში თითქმის ყველა ბიბლიოთეკა აღვადგინოთ. უახლესი წიგნების შეგროვება უკვე დავიწყეთ, ბიუჯეტში შესაბამისი თანხაც გამოყოფილია და ახლა დახარისხების პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, ინტერნეტის დაქსელვის სამუშაოები ხორციელდება. რამდენიმე ფიჭურმა კომპანიამ ქალაქ დუშეთსა და სოფლებშიც ინტერნეტის პრობლემის მოგვარების ვალდებულება აიღო. ჩვენი მიზანია, დუშელი ახალგაზრდები დედაქალაქში სწავლის გაგრძელების შემდეგ, კონკურენტუნარიანები გახდნენ. სხვათა შორის, სტუდენტებისთვის დუშეთი-თბილისის მიმართულებით უფასო ავტობუსებიც დავნიშნეთ, უფასო ტრანსპორტი ხორხი-გუდამაყრის მიმართულებითაც დაინიშნა კვირაში ერთხელ, რათა მოსახლეობამ პროდუქტის რეალიზება შეძლოს.

როგორც რაიონის მაჟორიტარი, მოსახლეობას ხშირად ხვდებით?

- რა თქმა უნდა, ჩემთან შეხვედრის პრობლემა არც ერთ მოსახლეს არ აქვს. უამრავ ინფორმაციას პირადად მათგან ვიღებ, თანაც ყოველთვის იქ ვარ, სადაც რამე კონკრეტული პრობლემა ჩნდება. დამეწყრილ რეგიონებშიც მუდმივად ჩავდივარ.