ჯონჯოლისა და „ტყვეობის სეზონი“ საჩხერეში

ჯონჯოლისა და „ტყვეობის სეზონი“ საჩხერეში

საჩხერეში 21–ე საუკუნის „ლეკიანობა“ გრძელდება. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას თავიანთი სოფლების მახლობელი ტყეებიდან ლამის ყოველდღიურად იტაცებენ. ჯონჯოლის საკრეფად წასული საჩხერელები რუს ოკუპანტებს ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ.

სოფელი ცხამის მცხოვრები გოჩა გულიაშვილი ახლაც ცხინვალის იზოლატორშია. ის საკუთარი სოფლის მახლობლად მდებარე ტყიდან რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 11 მაისს, დღის ორ საათზე გაიტაცეს. მასთან ერთად გაიტაცეს კიდევ 6 საჩხერელი. ყველა მათგანი, წინა დაკავებულების მსგავსად ჯონჯოლის საკრეფად იყო წასული. ე.წ. ცხინვალის ხელისუფლების ბრალდება თითოეულის მიმართ იდენტურია – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

„ჩემი ძმა გუშინ გაიტაცეს. ვინც იყო მასთან ერთად იმ ბიჭებმა შენიშნეს, რომ ვიღაც ფორმიანები იყვნენ მახლობლად. საღამოსკენ რომ აღარ გამოჩნდნენ, იფიქრეს, რომ იმათმა წაიყვანეს. გუშინ 2 საათზე გამოირთო მისი ტელეფონი და ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით. ჩემ ძმასთან ერთად ბიძაშვილი და კიდევ ორი წაიყვანეს, ჩვენი სოფლიდან სულ ოთხი კაცი, სპეთიდანაც წაუყვანიათ სამი“, - უთხრა For.ge–ს გატაცებულის ძმამ, ზაზა გულიაშვილმა.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ჯონჯოლის კრეფა რამდენიმედღიან პატიმრობად 20–ზე მეტ საჩხერელს დაუჯდა. როგორც for.ge–სთან საუბრისას საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა ზაბახიძემ განაცხადა, ამ დროისთვის ცხინვალში პატიმრობაში 16 საჩხერელი რჩება.

„გუშინ 5 გაათავისუფლეს, დღეს – 3. ცხინვალის საპატიმროში 18 საჩხერელი რჩება. ყველა მათგანი ჯონჯოლის კრეფის დროს დააკავეს. ოჯახის წევრებთან დაკავშირების საშუალებაც არ აქვთ. მათ შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან და საჩხერის პოლიციიდან ვიღებთ“, - განმარტავს ინგა ზაბახიძე.

ჯონჯოლის საკრეფად წასული საჩხერელების გატაცების საკითხზე for.ge მუნიციპალიტეტის გამგებელსაც დაუკავშირდა. ამირან ნოზაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საჩხერის სოფლების მოსაზღვრე ტერიტორიებს რუსები და ოსები აკონტროლებენ და პრობლემას ის ფაქტი ქმნის, რომ რეალურად ე.წ. საზღვარიც არსად არის მონიშნული. შესაბამისად, ადგილობრივებს უჭირთ კიდეც იმის გარკვევა, თუ სადამდე შეუძლიათ უსაფრთხოდ გადაადგილება.

„მოსახლეობას ვერ ვუკრძალავთ იქ გადასვლას, მაგრამ მოვუწოდებთ, რომ ფრთხილად იყვნენ. ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია და როგორ უნდა ავუკრძალოთ გადაადგილება? იქ არსად არანაირი ე.წ. საზღვარი ან პირობითი საზღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა“, - აცხადებს საჩხერის გამგებელი.

ამირან ნოზაძის ინფორმაციით, უკვე გათვისუფლებულ მოქალაქეებს რამდენიმედღიანი პატიმრობის გარდა ჯარიმაც დააკისრეს და და თითოეულს დაახლოებით 125 ლარის ეკვივალენტი რუსული რუბლი გადაახდევინეს.

„სხვადასხვა სტრუქტურები არიან ჩართულები ამ საკითხში და იმედია, მალე ყველა გატაცებულს გაათავისუფლებენ. იქნებ, მოსახლეობაც მეტად გაფრთხილდეს და მსგავსი უსიამოვნო ფაქტები თავიდან ავიცილოთ“, - აცხადებს საჩხერის გამგებელი.

ჯონჯოლის საკრეფად წასული საჩხერელები რუსებსა და ოსებს წელს პირველად არ გაუტაცებიათ. მსგავსი ფაქტები წინა წლებშიც არაერთხელ მომხდარა. გასულ წელს კი ამ პროცესმა, მიმდინარე წლის მსგავსად, საკმაოდ ფართო მასშტაბები მიიღო.

ჯონჯოლი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სეზონური შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. პატიმრობის რისკზეც ამიტომ მიდიან.

როგორც For.ge–ს გატაცებულების ახლობლებმა განუცხადეს, დაკრეფილ ჯონჯოლს კონკრეტული პირები ადგილზევე იბარებენ და ერთი კილოს ფასი, საშუალოდ, 3 ლარს შეადგენს. ერთი ადამიანის მიერ დღის განმავლობაში დაკრეფილი ჯონჯოლის ფასი კი 30 ლარს მცირედით აღემატება.

„იქვე აბარებენ ხოლმე. საშუალოდ 10 კილოს თუ მოკრეფს ერთი კაცი დილიდან საღამომდე. უმაღლესი 12 კილო მოკრიფონ. ყველამ იცის, რომ საშიშია, მაგრამ იძულებულები არიან, გარისკონ წასვლა“, - გვითხრა გოჩა გულიაშვილმა.

გატაცებულ საჩხერელებთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიც ავრცელებს. აღნიშნული სამსახურის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გადაყვანილ დაკავებულებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდებიან და მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

საჩხერეში ჯონჯოლის მკრეფავთა დაკავებების სერიის თაობაზე განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

„ბევრი ოჯახისთვის, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, ჯონჯოლის კრეფა შემოსავლის მთავარი წყაროა. მხედველობაში იღებს რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებისთვის, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაგებით მოეკიდონ მკრეფავებს, რომლებიც შესაძლოა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრო ზოლის გაღმა აღმოჩნდნენ“, - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

ევროკავშირის მისია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, პატიმრობაში ამ დრომდე მყოფი 18 მოქალაქე სასწრაფოდ გაათავისუფლონ.