სესიაშვილის ძღვენი თარგამაძეს

სესიაშვილის ძღვენი თარგამაძეს

მმართველი გუნდის ულტიმატუმი ულტიმატუმად დარჩა - გივი თარგამაძე „ნდობის ჯგუფის“ წევრი ხდება. პარლამენტი „ნდობის ჯგუფს“ წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ, 12-16 მაისის სასესიო კვირას შექმნის.

„ნდობის ჯგუფი“, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კერძოდ, გასულ წელს, უმრავლესობამ „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტა, მას ცნობილი ფრაზა - „სულს ამოგხდით, ნაძირლებო“ გაუხსენეს და კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა ჩააგდეს.

მმართველი გუნდის საპასუხოდ, უმცირესობამ „ნდობის ჯგუფში“ სხვა კანდიდატურა არ წარადგინა და უმრავლესობას მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებულ შეცდომას ნუ გაიმეორებდა, როდესაც „ნდობის ჯგუფში“ დავით გამყრელიძის კანდიდატურა „დაბლოკეს“.

უმრავლესობა-უმცირესობას შორის არსებული უთანხმოების გამო, მერვე მოწვევის პარლამენტში „ნდობის ჯგუფი“ ამ დრომდე არ შექმნილა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ირაკლი სესიაშვილმა გამონახა, რომელმაც გივი თარგამაძეს „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში ცვლილებები ორჯერ მიუძღვნა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო, რადგან დავით უსუფაშვილმა ის ნორმა არ მოიწონა, რომლის მიხედვითაც, „ნდობის ჯგუფის“ წევრებს სპიკერი ამტკიცებდა.

იქედან გამომდინარე, რომ უსუფაშვილმა „ნდობის ჯგუფის“ დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო, სესიაშვილს კიდევ ერთი ცვლილებების მომზადება დასჭირდა, რომელიც მისმა ოპონენტებმა და თანაგუნდელებმა მოიწონეს.

როგორც ჩანს, დეპუტატებმა ეს ცვლილებები მართლაც მოიწონეს, რადგან პარლამენტმა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ნდობის ჯგუფი“ წევრები პარლამენტის წევრების დასამტკიცებელი აღარ იქნება. ანუ, კანდიდატების ჯგუფში წარდგენა ცნობად იქნება მიღებული.

სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონის წყალობით კი, გივი თარგამაძე მომავალ სასესიო კვირას „ნდობის ჯგუფში“ ბინას უპრობლემოდ დაიდებს, მაგრამ მანამდე, როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, მისი პიროვნული მონაცემები უნდა შემოწმდეს, ისევე როგორც სხვა წევრების.

აღსანიშნავია, რომ „ნდობის ჯგუფის“ წევრი იქნება უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც თარგამაძის კანდიდატურის წინააღმდეგ, ლამის, ხმალამოღებული იბრძოდა.

„ნდობის ჯგუფში“ თუ როგორ წარიმართება ოპონენტებს შორის თანამშრომლობა, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ საგანელიძე-თარგამაძის გარდა, ჯგუფის წევრები იქნებიან - ზვიად ძიძიგური, ირაკლი სესიაშვილი და კახა ოქრიაშვილი.

რომ არა, სესიაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებები „ნდობის ჯგუფი“ ისევ ჰაერში იქნებოდა გამოკიდებული, მაგრამ თარგამაძე მარიამ საჯაიას შემდეგ, ის დეპუტატი გახდა, რომელსაც კანონი „მიუძღვნეს“.