დიქტატურიდან ქაოსისკენ

დიქტატურიდან ქაოსისკენ

ხელისუფლების შეცვლიდან ორი წელიც კი არ გასულა, უფრო მეტიც სახელისუფლებო ვერტიკალი ბოლომდე მმართველი გუნდის ხელში არ გადასულა. კვლავ ჩამოუყალიბებელი და გასამართია ინსტიტუციები, ჩასატარებელია რეფორმები. საზოგადოება, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთანავე აღმშენებლობისა და სამართლიანობის მოლოდინში იყო, დაბნეულია. დაბნეულობას ისიც უწყობს ხელს, რომ ხშირად აშკარად იკითხება პროვოკაციული ქმედებები, რომელიც ხელისუფლების იმიჯის შესალახად, ქაოსური მდგომარეობის შექმნისაკენ არის მიმართული. ცხადია ეს ხელისუფლების დამსახურებაცაა, რადგან ხან საზოგადოებასთან კომუნიკაციაში მოიკოჭლებს, ხანაც რაღაცას უბრალოდ ვერ ახერხებს.

ქვეყანაში არსებულ ძირითად ტენდენციებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ზაზა, პრეზიდენტმა საზოგადოების ერთი ნაწილის თხოვნის მიუხედავად, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის ვეტო დაედო, უკვე მოაწერა ხელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკლესიის მხრიდან პროტესტი კვლავაც გრძელდება, რამდენად არის ქართული საზოგადოება მზად ამ კანონის ამოქმედებისთვის, ხომ არ გამოიწვევს დასავლეთის მიმართ აგრესიას, რითაც საბოლოოდ შესაძლოა ისარგებლოს რუსეთმა?

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე კიდევ ბევრი რამ გველის. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ნებისმიერი შეცდომით ისარგებლებს, რათა ხელი შეგვიშალოს. ის დაძაბულობა, რასაც დღეს ვხედავთ, სწორედ ამგვარი შეცდომის შედეგია. ჩვენი კანონმდებლები სრულიად კეთილ მიზნებს რომ ისახავდნენ, მათი ერთსულოვნებიდანაც ჩანს, მაგრამ უმწეო საინფორმაციო პოლიტიკის გამო ბევრ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს, საქმე ტრადიციულ ღირებულებათა ხელყოფას შეეხება და რომ საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მრავალი ფუნდამენტური ფენომენი - ოჯახი, მომავალი თაობა და სხვ. არადა, ყველა საეჭვო პუნქტს თითქოს დამაჯერებელი პასუხი გაეცა.

გაგახსენებთ თუნდაც ბატონი ოთარ ზოიძის მიერ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ წერილს. სწორედ მისმა წერილმა დამარწმუნა საბოლოოდ, რომ კანონი არაფერს შეიცავდა ისეთს, რაც უკვე არ იყო ჩადებული ჩვენს კანონმდებლობაში. მაგრამ საქმე ისაა, რომ საქმე არგუმენტებს და სიმართლეს არ ეხება.

კანონის ოპონენტების მნიშვნელოვან ნაწილს არ აინტერესებს არგუმენტები. მათი მიზანია ირაციონალური პოლიტიკური ვნებების გაღვივება. მათ შორის არიან გულწრფელი ადამიანებიც, ვინც ფიქრობს, რომ კანონში სექსუალურ უმცირესობათა ხსენება რაღაცას არსებითად ცვლის და რომ ამით თავად მოვლენას ეძლევა „ლეგალური“ ხასიათი. შევახსენებ, რომ სწორედ ეს ლოგიკა მოქმედებდა, როდესაც საკითხი რელიგიურ უმცირესობათა რეგისტრაციის წესზე მიდგა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც იმ კანონს დაუნგრევია ქვეყანა და დღეს მას არც არავინ იხსენებს.

გარდა ამისა, არსებობს ერთი გარდუვალი სახელმწიფოებრივი პრინციპი: თუკი ქვეყანაში რაიმე არსებობს და მნიშვნელობს, იგი აუცილებლად უნდა იყოს კანონის ობიექტი. ამბობენ, თითქოს ჩვენმა კანონმდებლობამ ცოდვა დააკანონა. აქ უკვე ძალზე მნიშვნელოვან სფეროს ვეხებით - რამდენად არის დასაშვები ცოდვის კრიმინალიზაცია? იმის თქმა, რომ ეს დაუშვებელია, არ შეიძლება. მკვლელობა, ქურდობა და სხვანი რელიგიური თვალსაზრისით ცოდვაა, სამართლებრივით - დანაშაული. მაგრამ თუ ამ გზას ბოლომდე მივყვებით, აღმოჩნდება, რომ დანაშაულად უნდა გამოვაცხადოთ შური, ნაყროვანება, გარყვნილება მათი ყველა, თუნდა სამართლებრივად ნეიტრალური გამოვლინებით და ასე შემდეგ.

გავიხსენოთ, რომ სექსუალური ინტერესის გამომხატველი მზერაც რელიგიური თვალსაზრისით ცოდვაა. საკმაოდ რთული პრობლემაა. სად მთავრდება ცოდვა და სად იწყება დანაშაული, ან - პირიქით? ყველა ეს კითხვა პასუხს მოითხოვს. თავის დროზე ინკვიზიციაც კი არ წასულა ცოდვის ტოტალური კრიმინალიზაციის გზით, რადგან იცოდნენ, რომ ამით მოსპობდნენ ქრისტიანობის საფუძველს - პიროვნების თავისუფლებას.

კანონის ოპონენტები იოლ გზას დაადგნენ და მას რაციონალური თვალსაზრისით გაუგებარი მითოლოგიების შექმნით დაუპირისპირდნენ. არადა, ერთია ქრისტიანობა და მეორე - ფსევდოქრისტიანული პათეტიკა, რომელიც ძალზე ხშირად - და ამის გამოცდილება კაცობრიობას აქვს - არსებითად, თავად ქრისტიანობას უპირისპირდება.

ამიტომაც მგონია, რომ ორივე გამოთქმა, რომლითაც დაპირისპირებული მხარეები სარგებლობენ („ცოდვის დაუშვებელი დაკანონება“ და „ცოდვის დაუშვებელი კრიმინალიზაცია“) ერთნაირად უსაზრისოა და საკითხი უფრო სერიოზულ განხილვას მოითხოვს და იგი სცილდება პუბლიცისტიკის ფორმატს.

დღევანდელ კონფლიქტში კიდევ ერთი ძველი დაავადება იჩენს თავს. განვლილი წლების განმავლობაში მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში ცხოვრებას შევეჩვიეთ. გემოს მხოლოდ ექსტრემალურ დაპირისპირებასა და შეურიგებლობას ვუგებთ. თითქოს დღემდე გვიჭირს იმის გააზრება, რომ სახელმწიფო იბადება იქ, სადაც თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებული ძალები დიალოგის სივრცეს შექმნიან. თითქოს ჩვენთვის მთავარი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა კი არ არის, არამედ ერთგვარი თეატრალური პათეტიკის, ბოროტისა და კეთილის საბოლოო დაპირისპირების აპოკალიფტურ რეჟიმში ცხოვრებაა. სწორედ ამაზე თამაშობენ ეს ძალები. ამას დაუმატეთ ისიც, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანა სრულიად დაუცველია და პრორუსულმა პროპაგანდამ საკმაოდ იოლად ბევრ ადამიანს შეუქმნა შთაბეჭდილება, თითქოს დღეს საქართველოსთვის იბრძვიან „გარყვნილი დასავლეთი“ და „მართლმადიდებელი რუსეთი“.

შეგახსენებთ, რომ ეს ის რუსეთია, რომელზეც ჰეროინით დაღუპულთა 40% მოდის და რომლის მეორე დედაქალაქშიც, პეტერბურგში, თითქმის ორჯერ მეტი ადამიანი ირჩენს თავს პროსტიტუციით, ვიდრე - ამსტერდამში. ხოლო ვისაც რუსული ტელევიზიებიც თვალის დევნის შესაძლებლობა აქვს, იოლად დარწმუნდება, თუ რა „ზნეობრივი“ ცხოვრებით ცხოვრობს დღეს ეს ქვეყანა.

უკვე არაერთხელ ითქვა და მეც გავიმეორებ, რომ ქვეყანა საინფორმაციო თვალსაზრისით დაუცველია. ლაპარაკი არ არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. სიტყვის თავისუფლება და საინფორმაციო უსაფრთხოება არაფრით უპირისპირდება ერთმანეთს. ამ ორის შეთავსების საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს და ჩვენც უნდა ავითვისოთ იგი.

თითქოს 2011-2012 წლებში გაჩნდა პირველი სერიოზული პრეცენდენტები იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება საკუთარი ცხოვრების რაციონალიზების გზით მიდიოდა. ცხადია, ჩვენს მეზობლებს ყველაზე მეტად სწორედ ეს არ სურთ.

და მაინც, უნდა ითქვას, რომ ჩვენმა კანონმდებლებმა ვერ განსაზღვრეს, თუ რა მტკივნეულ ნერვს ეხებოდნენ და რომ ადეკვატური საინფორმაციო უზრუნველყოფის გარეშე ამ თემის შეხება არ შეიძლებოდა. კულტურას - მითუმეტეს, თუ იგი საუკუნეების განმავლობაში გაქრობის პირზე იყო - თავისი უკიდურესად მგრძნობიარე წერტილები აქვს და ვინც მათ არ გაითვალისწინებს, აუცილებლად აღმოჩნდება კულტურასთან დაპირისპირებაში.

დღეს რუსული ძალების აქტიურობა ასეთი აშკარა რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პროტესტს გაცილებით უფრო მასშტაბური სახე ექნებოდა. იმასაც გავახსენებ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო ის, რომ მან სწორედ ქირურგიული მეთოდებით მოინდომა კულტურის რეჟიმში კორექტივების შეტანა და პასუხად ქარიშხალი მიიღო.

ცხადია, პრეზიდენტს კანონისთვის ხელი უნდა მოეწერა, მითუმეტეს, ვინც მას გაეცნო, ვერაფერს აღმოაჩენდა ისეთს, რასაც საზოგადოებრივი ზნეობის დანგრევა ძალუძს. მე თუ მკითხავთ, საზოგადოებრივ ზნეობასა და რაციოს სწორედ მუდმივი ექსტრემალური დაძაბულობის რეჟიმში ცხოვრება ანგრევს. სწორედ აქ იწყება ხელისუფლების როლიც და ჩვენი მასმედიის პასუხისმგებლობაც.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები სათითაოდ განმარტავენ, რომ დასავლეთი არ აპირებს ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ხელყოფას, უარყოფითი შთაბეჭდილება მაინც იქმნება და მის შექმნას ხელისუფლების მიერ წარმოებული არც თუ ისე გამართლი საინფორმაციო პოლიტიკაც და „მოლაპარაკე თავების“ მწვავე დეფიციტიც უწყობს ხელს.

მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ აქტიურობენ ისინი, ვინც ყველაფერს იზამს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქმე არ მივიდეს. ისინი ყველაფერს აკეთებენ და კიდევ გააკეთებენ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ნავი საბედისწეროდ დაირწეს.

პროცესები უკვე იმ ფაზაშია, რომ ახლა უკვე როგორი არგუმენტიც არ უნდა წარუდგინონ პროტესტანტების გარკვეულ ჯგუფს, მათ უკან დახევა გაუჭირდებათ. ყოველგვარი ირაციონალური ექსტრემიზმის უბედურება სწორედ ესაა - იგი საკუთარი რიტორიკის ტყვეა და ამ უკანასკნელისაგან გათავისუფლება მისთვის მარცხის ტოლფასია.

ეს შენ გეხებასფარგლებში დიდი ხანია მიმდინარეობს კამპანია მოსმენებისა და თვალთვალის მკაცრ საკანონმდებლო ნორმებში ჩასმის მოთხოვნით, რომელიცდაგვირგვინდა“ „რუსთავი-2“-ის მიერ ცნობილი კადრების გავრცელებით, სადაც აღბეჭდილია როგორ უსმენენრუსთავი-2“-ის ხელმძღვანელობას. ხელისუფლების და მათ შორის საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო მართული კამპანია. მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ მოსმენები არ შეწყვეტილა. თქვენი შეფასებით, როგორ ფინალამდე შეიძლება მივიდეთ, შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ სულ უფრო ბევრი პარალელი მოძებნოს ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის?

- იმის თქმა, რომ ახალი ხელისუფლება ძველის მიერ გათელილ გზას დაადგა, საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და მისი გამართლება მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის. გარდა მოსმენებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმისა, უკვე გაისმა ხმები ადგილებზე პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ოპონენტების დაშინების შესახებაც. ორიოდე ფაქტი მეც გამიგია.

ცხადია, იმის ილუზია არავის შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ ახალი ხელისუფლება კრისტალურად წმინდა იქნებოდა. კრისტალურად წმინდა ხელისუფლება, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. ეგ არის, ახლებმა არ უნდა შექმნან იმის საფუძველი, რომ პარალელი ზედმეტად დამაჯერებელი და აშკარა გახდეს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ვფიქრობ, ისინი, უმალ, განმუხტავენ მოსმენების თემისადმი არსებულ დაძაბულობას, ვიდრე გააღრმავებენ მას.

აშკარაა, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები თუ ინსტიტუციები ცდილობენ, პოპულარულ იდეათა ავანგარდში იყვნენ, თუმცა კი მათ მიმართ არსებული უნდობლობის გამო, უმალ, აზარალებენ ამ იდეებს და საზოგადოებრივი პროცესების პარალიზებასაც ახდენენ.

ბოლო დღეებში, კოდუას ცემის შემდეგ საზოგადოებაში ახალი ტერმინი მკვიდრდება - „ნოშრევანიზაცია“, რაც ერთი მხრივ, არქაულ წარსულში დაბრუნებას ჰგავს, მეორე მხრივ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულთა დიდი არმიაა, რომელიც სამართალს ელოდება და რომლის ნაწილმაც აიტაცა ანგარიშის ფიზიკურად გასწორების იდეა... თქვენი შეფასებით საით მივყავართ ამ ტენდენციას?

- ცხადია, სრულ ქაოსამდე. შესაძლოა, მსგავსი მოვლენები ვინმესთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს, მაგრამ საფუძველშივე უპირისპირდება სამართლის იდეას. არადა, ბუნებრივია, ადამიანებს გაუჩნდეთ საკუთარი ძალებით სამართლიანობის აღდგენის სურვილი მაშინ, როდესაც ხელისუფლება გაუგებარ პასიურობას იჩენს და მხოლოდ ორიოდე შემთხვევაში გამოიძიებს ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს. ხანდახან ვფიქრობ, ჯობდა, ესეც არ გამოეძიებინათ.