„ნაციონალურ მოძრაობას“ უკანონო მოსმენისა და ფარული მიყურადების საშუალება რომ ჰქონდა, ამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს კი შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებს არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფოსთან მით უფრო შსს-თან.
მისი თქმით, თავის დროზე, 2010-2011 წლებში შსს-მ პორტაბელური, ხელით გადასატანი ტექნიკური საშუალებები შეიძინა, რომლითაც შესაძლებელია მოსმენა და არსებობს კონკრეტული ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ეს საშუალებები იქნა გამოყენებული, მაგრამ შემდეგ დაიკარგა და საგამოძიებო ორგანოებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ ის შეიძლება კერძო სუბიექტების ხელში იყოს.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ამ ტექნიკურ საშუალებებზე მონოპოლია არ აქვს სახელმწიფოს, ასეთი ტექნიკური საშუალებები შეუძლიათ გამოიყენონ კერძო სუბიექტებმა და სხვა სახელმწიფოებმა.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ საქმეში არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს.
„2012 წლის არჩევნების შემდგომ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული იყო რამდენიმე მილიონის ტექნიკა, რომელიც სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის შემოსვლამდე იქნა გატანილი. აღნიშნულზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს.
მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი სამინისტროდან დაკარგულია.
მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელ პირებს არ შეეძლოთ, სამინისტროდან მისი გატანა. ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა, იყოს გაშლილი იმ პირებში, რომლებიც ძველი მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ, თუმცა სად იმყოფება აღნიშნული ტექნიკა, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის კახი კახიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი.
კახიშვილი აცხადებს, რომ ტელეფონების მოსმენის საშუალება ექსპრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის სამსახურსაც შეეძლო.
For.ge. კახი კახიშვილს ესაუბრა.
„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერები შეეხება მხოლოდ 2013 წლის პერიოდს, არც ერთი ჩანაწერი არაა 2014 წლის, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილს დაქვემებარებული დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ?
კახი კახიშვილი: ჩანაწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც მის დაქვემდებარებაში იყო, ჰქონდა ტელეფონების მოსმენის საშუალება. ამიტომ, ჩემი აზრით, „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, ცალსახად იმის მტკიცება, რომ შსს ახორციელებდა მოსმენებს, შეუძლებელია.
თუმცა, ნამდვილად არ უარვყოფ იმ ალბათობას, რომ შსს-ს შეეძლო მოსმენა, ან დღესაც გვისმენს. ფაქტია, რომ შსს-მ ნამდვილად უნდა დაადგინოს ამ ჩანაწერების შემსრულებელი.
ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამას დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი არ სჭიდება. წარმოიდგინეთ, თუ პირველი პირების ტელეფონები ასე მარტივად ისმინება, არ ვსაუბრობ ჩვენს ტელეფონებზე, თუ მათი ტელეფონების მოსმენა შეიძლება რაღაცა პორტატული აპარატის გამოყენებით, წარმოიდგინეთ რა ფუფუნებაში არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში.
ხელისუფლება ამბობს, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2013 წელს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ჩანაწერები გახდა საჯარო, რაც ალბათ, სერიოზული სიგნალია ხელისუფლებისთვის...
- ხელისუფლებამ დღეს პოლიტიკური ტიპის განცხადებები ნაკლებად უნდა აკეთოს. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ეჭვები კი არ უნდა გამოთქვას, არამედ ხელისუფლების ამაცანაა დაადგინოს და ფაქტებით დაადასტუროს ის ჭეშმარიტება, რომელიც არსებობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ამ ხელისუფლების მხრიდან გვესმის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ანონსები, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი სამართლებლივი ტიპის გაგრძელება.
თუ ჩვენ გვინდა საქართველოს განვითრება, ვფიქობ პირველ რიგში უზრუნველყოფილი უნდა იქნას კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება. თუ ჩვენ გვსურს ქვეყნის განვითარება, ელემენტალურად მაინც უნდა ვიყოთ დაცულები. დღეს, როდესაც ფაქტად არის აღიარებული, რომ შესაძლებელია პირველი პირების, მათ შორის პრემიერის ტელეფონიც ისმინებოდეს და მას უსმენდეს, ან პოლიტიკური ოპონენტი, ან სპეცსამსახური, ერთი წლის განმავლობაში იმის დადგენაც ვერ შეძლო შსს-მ სად შეიძლება ასეთი ტიპის აპარატურა იყოს.
როგორ ფიქრობთ, ჩანაწერების გამოქვეყნება შიდა მოხმარებისთვის მოხდა თუ დასავლეთისთვის?
- შიდა მოხმარებისთვისაც იყო გათვლილი და გარე მოხმარებისთვისაც. როცა აცხადებ, რომ კიდევ ძალიან ბევრი მასალა მაქვს, მაგრამ ამავდროულად, ეპიზოდურად აქვეყნებ მასალებს, ხელისუფლებაში მყოფ პირებს უტოვებ განცდას, რომ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მასალა გქონდეს და ამ ადამიანებს მიანიშნებ, რომ ფრთხილად იყვნენ გამონათქვამებში და მოქმედებებში - შეიძლება უფრო მძიმე მაკომპრომეტირებელი მასალა იქნეს მათ მიმართ გამოქვეყნებული სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი „გასროლა“?
- დიახ და თუ დადგა შესაბამისი დრო, ან თუ ვითარება მოითხოვს, გაცილებით მძიმე მასალა იქნება გამოქვეყნებული. ასე რომ, ფრთხილად იყავით, კარგად დაფიქრდით მანამ სანამ ან მოქმედებაზე გადახვალათ, ან განცხადებას გააკეთებთ კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის, ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
ნიკა გვარამიას ღია მუქარა - ჯოჯოხეთს მოვუწყობ ხელისუფლებას, როგორც თავად ამბობს, კონკრეტულ პირებს ეხებოდა, რომლებიც თითქოს, მტკიცებულებებს აყალბებენ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით. ის, რაც ვიხილეთ შეიძლება ჩაითვალოს მუქარის შესრულებად?
- ნიკა გვარამიასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რას ნიშნავს მუქარა სამართალდამცავების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გაცხარებულ ფონზე გაკეთებული არაკორექტული განცხადება, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მკაფიო გზავნილი - თუ კონკრეტულ საკითხებში ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღეენ მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებას, გამოქვეყნებული იქნება უფრო მძიმე მასალა, რომელმაც შეიძლება დაასრულოს კონკრეტული ადამიანების კარიერა. ამიტომ, ჩემი აზრით, ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი ახლა ზის და ფიქრობს, ვისთან რა ულაპარაკია ტელეფონის საშუალებით და კიდევ რა მძიმე მაკომპრომეტირებელი მასალა შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში „რუსთვი 2“-ს, ან იმ წყაროს, რომელმაც ტელევიზიას მიაწოდა ეს მასალა.
შეიძლება ეს შემაკავებელი ფაქტორი გახდეს?
- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ამას გარკვეულწილად ექნება შემაკავებელი ეფექტი და არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ფარულ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ამ მასალებთან დაკავშირებით, ან „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობასთან, ან წყაროს ძიებით არიან დაკავებულები. შესაძლებელია უფრო მძიმე მასალაც გამოქვეყნდეს, შეიძლება არა „რუსთავი 2“-ის ეთერით, მაგრამ შეიძლება დაიდოს რომელიმე სოციალურ ქსელში.
ამიტომ, როდესაც ამ ხელისუფლებისგან ვითხოვდი, განადგურების ნაცვლად ეფიქრათ ამ საქმეების სრულყოფილ გამოძებაზე და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის უზრუნველყოფაზე, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ასეთი ტიპის დანაშაულებრივ მოქმედებას, ჩემი მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული. ეს არ იყო მხოლოდ მოთხოვნა მოთხოვნისთვის. ის ადამიანები, რომლებმაც დანერგეს ასეთი ტიპის დანაშაულებრივი სისტემა ქვეყანაში, დასჯილი რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს არავის არ გაუჩნდებოდა სურვილი ასეთი სისტემური დანაშაულის დანერგვის, ან შემსრულებელი იქნებოდა რთულად საპოვნი. სამაგიეროდ, დღეს ამ თანამშრომლებს აქვთ ძალიან ცუდი მაგალითი - არ დაისაჯა არავინ, ვინც ასეთი ტიპის დანაშულს ჩადიოდა.
როგორც ირკვევა, ზოგო მათგანი დააწინაურეს...
- და, ეს არის მაგალითი ამ თანამშრომლებისთვის, რომ შენ თუ შეასრულებ ჩემს სამსახურეობრივ დავალებას და ჩაიდენ დანაშაულს, მე შენ დაგიცავ. ასეთი ტიპის გზავნილია გაკეთებული.
ჯერ კიდევ დაულაგებელ სისტემაში, როდესაც ხედავ, რომ ხელისუფლებას მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვს ამ საქმის გამოძიების და შესაძლებელია ხელისუფლებამ აითვისოს ის ბერკეტი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა იყო დაინტერესებული, რომ ამ საქმის ყველა დეტალი იქნას გახსნილი, რათა ხელისუფლებას არ დაუტოვო მოქმედების არეალი. კიდევ კარგი და მადლობა კომისიის წევრებს, რომ ბოლომდე არ იქნა მთელი მასალა განადგურებული, რისი სურვილიც ჰქონდათ. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ რამდენიმე ფაილი განადგურდა, რომელიც ინტიმურ კაფრებს შეიცავდა, დანარჩენი მასალა დარჩა ხელუხლებელი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ მასალებთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ოთხ თვეზე მეტი გავიდა, დღემდე ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერია.
ოთხი თვე საკამრისია იმისათვის, რომ პირველადი შედეგი არსებობდეს?
- რა თქმა უნდა. გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გამორიცხულია, რომ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკევეთებოდეს, მაგრამ გაუგებარია რატომ არ ისმის ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი. მეტიც, ფაქტობრივად ჩვენ ვნახეთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას ინფორმაციის მოწოდების სურვილიც არ გააჩნია. ამიტომ, კომისიის წევრების პასუხისმგებლობის ნაცვლად, ვფიქრობ, საჭიროა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის მოთხოვნა, ვინც ბრალეული პირების დადგენა გააჭინაურეს.
რთულია იმ განცდით ცხოვრება, როდესაც იცი, რომ არა მხოლოდ შენი, არამედ ქვეყნის პირველი პირების ტელეფონებიც დაუცველია.
ამ ჩანაწერში ნაჩვენები იყო ბიზნესმენ მამიას სანადირაძის საუბარი. როგორც ცნობილია მას „კავკასუს ონლაინი“ იმიტომ წაართვეს, რომ უარი უთხრა მაშინდელ ხელისუფლებას მისი კომპანიიდან ეწარმოებინათ უკანონო მოსმენა. თუმცა, ეს ადამიანი დღემდე სამართლის ძიებაშია...
- მან გააკეთა საჯარო განცხადება, რომ მის მიმართ ბიზნესის წართმევას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ერთი ინტერესით, რომ დიდი გადანაწილება უნდოდათ საკუთარ ხელისუფლებაში, არამედ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ითხოვდნენ იმ საკომუნიკაციო ბიზნესის მეშვეობით მოსმენების და თვალთვალის უზრუნველყოფას. ამიტომ, როგორც მინიმუმ, ამ ნაწილში ხომ უნდა დაკითხო ადამიანი და დაადგინო ვისგან მოდიოდა მოთხოვნა მოსმენებთან და თვალთვალთან დაკავშირებით.
რამდენადაც ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ კითხვები არ არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი რასთან გავქვს საქმე - ან არაა სურვილი, ან არაა კომპეტენცია. თუმცა, არ მჯერა, რომ არც ერთი კომპეტენტური გამომძიებელი სისტემაში არ არსებობს, რომელსაც ამ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა ექნებოდა. დარწმუნებული, ვარ ძალიან ბევრი პროფესიონალი არსებობს, მაგრამ მათ კანონის ფარგლებში მოქმედების საშუალება არ აქვთ.
გაიხსენეთ პროკურატურის, განსაკუთრებულ საქმეთა ყოფილი გამომძიებლის განცხადება, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მას თხოვდნენ კონკრეტული საქმეების თაროზე ჩამოდებას. ეს განცხადებაც დარჩა განცახდებად, არავინ დაინტერესდა ვინ და რა საქმეზე სთხოვდა მას საქმის გაჩერებას.