“დემოკრატიის შუქურის” სპორტული ბრწყინვალება - რა მოხდა 13 მაისს, ანუ როგორ ჩაფლავდა ოპერაცია “სანამ პრეზიდენტს ეძინა”

“დემოკრატიის შუქურის” სპორტული ბრწყინვალება - რა მოხდა 13 მაისს, ანუ როგორ ჩაფლავდა ოპერაცია “სანამ პრეზიდენტს ეძინა”

ამ თემაზე საუბარს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდამ გაურბიან, იმდენად ცალსახად აღმაშფოთებელი იყო ყველაფერი, იმდენად კარგად გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჭეშმარიტი სახე და მისი სურვილი, ჩარეულიყო და საკუთარი თამაშის წესები დაემკვიდრებინა ყველა სფეროში, მათ შორის სპორტში და განსაკუთრებით - ფეხბურთში. შედეგს ყველა ხედავს - ქართული ფეხბურთი კატასტროფის წინაშე დადგა. შესაძლოა, 2007 წლის 13 მაისი მსოფლისთვის ერთი რიგითი დღე იყო, მაგრამ საქართველოსთვის მთელი ეპოქად იქცა. ამ დღემ მაშინდელი მმართველების რეალური სახე აჩვენა, ქართული ფეხბურთისთვის კი საბედისწერო როლი შეასრულა.

წინაისტორია

მოვლენების უკეთ ასახსნელად წინაისტორია გავიხსენოთ და მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკოთ. საამისოდ 2005 წლის საფეხბურთო არჩევნებიც იკმარებს. თავად მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2005 წელს ახალკაცებს სახლში ეწვია და ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე დაითანხმა. მინიმუმ, ასეთი საქციელი გაუგებარია, როდესაც “დემოკრატიის შუქურა” ხარ, რადგან მამრთველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცა. ეტყობა, თავად არ იცოდა და გარემოცვამაც არ ურჩია, რომ ასეთი საქციელს ფიფა და უეფა „სახელმწიფოს უხეშ ჩარევას“ უწოდებდა და რომ ამის გამო წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციიდან რამდენიმე ქვეყანაც გარიცხეს. როდესაც სააკაშვილმა ფეხბურთს ეს განაჩენი გამოუტანა, ვლადიმერ გუცაევმა, რევაზ არველაძემ და გიორგი ნემსაძემ ერთიმეორის მიყოლებით მოხსნეს კანდიდატურები. ეტყობა, სამივემ ერთად ცუდი სიზმარი ნახა ან პირადმა ასტროლოგებმა ურჩიეს, რომ არჩევნების დღეს ქონების წართმევა ან დაპატიმრება ელოდათ. ამ “სამართლიან” არჩევნებში ახალკაცს 26 დელეგატიდან ხმა 25-მა მისცა. თავი მხოლოდ მამუკა გუგეშაშვილმა შეიკავა, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. მაშინ მან ღიად განაცხადა, რომ ამ შოუში მონაწილეობა არ სურდა.

ალტენატიული ნაციონალი

ნოდარ ახალკაცი-უმცროსი გოკა გაბაშვილს ჯერ კიდევ გერმანიაში ცხოვრების დროს დაუმეგობრდა – თავად იქ სწავლობდა, გაბაშვილის მამა, კოტე გაბაშვილი კი გერმანიაში, წლების განმავლობაში, საქართველოს ელჩი გახლდათ.

ამტკიცებენ, რომ სწორედ გაბაშვილის დახმარებით მიიღო უმცროსმა ახალკაცმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა. ფაქტია, რომ ძველი ხელისუფლება, პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ მას უცხადებდა მხარდაჭერას. მაგრამ “ნაციონალების” საფეხბურთო მმართველმა იმედები ახალკაცმა აშკარად ვერ გაამართლა. მიუხედავად ფინანსური დახმარებებისა, მისი ორწლიანი მმართველობა წარუმატებელი და უშედეგო გამოდგა.

ახალკაცის შემცვლელის კანდიდატურაზე მხოლოდ საფეხბურთო საზოგადოებაში როდი ფიქრობდნენ. განსხვავებული მოსაზრება ახალკაცის თაობაზე თავად ნაციონალურ მოძრაობაშიც იყო. განსაკუთრებით, პარტიის იმდროინდელი გენერალური მდივანი, დავით კირკიტაძე და “თავისუფლების ინსტიტუტიდან” წამოჩიტული, ნაციონალებთან დაპირისპირებული ვალერი გიორგობიანი აქტიურობდნენ.

ამ დროს გამოჩნდა გიორგი ნემსაძე. სხვათა შორის, მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მან კანდიდატურა ნაციონალების თანხმობის შემდეგ დააყენა. ის ამ რევანშზე 2005 წლიდან ფიქრობდა, როდესაც განზე პირველად გასწიეს.

ეს ვარაუდი იმ ფაქტს ემყარება, რომ წინა არჩევნებიდან ჩამოშორებული გიორგი ნემსაძე იმ დროისთვის ”ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრი გახდა, თუმცა, პარტიაში არ გაწევრიანებულა – იქაც სწორედ რევანშის წყურვილით შევიდა.

ნემსაძის განზრახვა კირკიტაძისთვის გახდა ცნობილი. რადგან ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, კირკიტაძემ დააჯერა, რომ ამჯერად საქმეს მოაგვარებდა და... საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმა.

მათ გარდა, გიორგი ნემსაძის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ აკაკი ბობოხიძე, მიხეილ მაჭავარიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, მერაბ სამადაშვილი, აგრეთვე, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც შემდეგ ნაციონალებს გადაუდგნენ – მათ შორის, თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი წევრი მიხეილ ქავთარაძე და პარლამენტარი გოჩა ენუქიძე.

მაგრამ, ნემსაძის მფარველები საკუთარი ძალების შეფასებაშიც შეცდნენ და ვერც ის გათვალეს, ვის დაუპირისპირდნენ ნაციონალურ მოძრაობაში: ბოლომდე ეგონათ, რომ არჩევნებში გამარჯვებულ მათ კანდიდატს აღიარებდა ის, ვის ახირებებზეც ჩუმ-ჩუმად თავად ქირქილებდნენ.

ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ ახალკაცს კვლავ “ის” პატრონობდა. ეს მათ მხოლოდ არჩევნების წინა ღამეს, 12 საათზე შეიტყვეს. იმ ამბის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, რომ ზარი “მისი” კაცისგან გაისმა – პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი უნდა გახდეს და სხვა ყველა გაჩერდესო.

ოპერაციასანამ პრეზიდენტს სძინავს

ამ ზარის შემდეგ ნემსაძის მომხრეთა უმრავლესობა გაჩერდა, მაგრამ ნაწილში თავმოყვარეობამ გაიღვიძა და გადაწყვიტეს, მაინც თავისი გაეტანათ. ამბოხებულებმა ბრძოლის წარმატებაში სხვებიც დაარწმუნეს – “მას” სხვა გზა არ ექნება და არჩევის შემთხვევაში, ნემსაძეს პრეზიდენტად აღიარებსო. შესაბამისი გეგმაც შეიმუშავეს: ყრილობა დილის 10 საათზე იწყებოდა – ნემსაძის შტაბმა სამოქმედო გეგმა სწორედ ამაზე ააწყო. გიორგის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა უთხრა, რომ “პირველის” ძილისგუდობით ესარგებლა. „მას ძილი გვიანობამდე უყვარს და სანამ გაიღვიძებს, არჩევნები მანამ ჩავატაროთ, მერე კი ვერაფერს იტყვის“, – ასეთი იყო მათი ჩანაფიქრი, რომელიც იმდენად გასაიდუმლოებული გახლდათ, თავის მომხრებსაც არ უმხელდნენ.

ოპერაცია “სანამ პრეზიდენტს სძინავს” გენიალურად განხორციელდა. ახალკაცის და თავად ნემსაძის მომხრეები გაოცებული იყვნენ, რადგან ნემსაძის შტაბი ყველაზე მიუღებელ წინადადებასაც კი იოლად თანხმდებოდა, მათ შორის, გურიის რეგიონისთვის ხმის ჩამორთმევაც “გაატარეს”. მათ ხომ წინასწარ იცოდნენ ის, რაც 2007 წლის 13 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა - „გიორგი ნემსაძე 19 ხმა, ნოდარ ახალკაცი – 13 ხმა. ამრიგად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულია გიორგი ნემსაძე“.

დამარცხებულმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნოდარ ახალკაცმა, გამარჯვებულ კონკურენტს მოგება პირადად მიულოცა.

წავაგეთ!!!

სათქმელი ძნელი, მაგრამ სავარაუდოდ ადვილია, ვის ელაპარაკა შედეგის გამოცხადების შემდეგ გოკა გაბაშვილი, როდესაც მისი ფავორიტის დამარცხების შემდეგ უცნობ პირთან დარეკა და უთხრა: „წავაგეთ!“ ეს გაიგო ძალიან ბევრმა იმ ადამიანმა, ვინც ამ დროს სასტუმრო „ქორთიარდ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში იმყოფებოდა. ისიც დაინახეს, ლოყებღაჟღაჟა გაბაშვილს სახეზე ფერი რომ აღარ ედო.

საინტერესოა, რატომ უწოდა “დემოკრატიის შუქურების” ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელმა „წაგება“ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის გამარჯვებას, თუ “ნაციონალური მოძრაობ“ და მაშინდელი ხელისუფლება არჩევნებში არ ერეოდა? მით უფრო, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციის არჩევნებში ჩარევისა და ფავორიტის შერჩევის უფლება ხელისუფლებას არ ჰქონდა?! 

ამ “წავაგეთ”-ს დიდი ამბები მოჰყვა. როგორც თვითმხილველი ყვება, გიორგი ნემსაძე მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად ემზადებოდა, როდესაც მასაც ფერი ეცვალა და იმ ნომერში შებრუნდა, რომელიც მის მომხრე ნაციონალებს ჰქონდათ დაქირავებული. იმ ოთახში ნემსაძე დიდხანს გაჩერდა და შემდეგ მედიასთან კომენატრი კი გააკეთა, მაგრამ გამარჯვებულის სიხარულზე მეტად, სახეზე უფრო შეშფოთება ეწერა – ცხადია, ეს გამარჯვებით გამოწვეული არ იყო.

ვის დაურეკა გაბაშვილმა?

მთავარი ამბები ამის შემდეგ დატრიალდა. ყრილობის დელეგატებისა და ჟურნალისტების ნაწილი ჯერ კიდევ “ქორთიარდ-მარიოტში” იმყოფებოდა, ნაწილი -  დიღომში მდებარე რესტორან “მონოპოლში”, სადაც გამარჯვებულის მომხრეები ფავორიტის წარმატების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, მაგრამ არჩევნებიდან სულ რაღაც ერთი საათში მეხი გავარდა: “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან გიორგი ნემსაძე ჩართეს, რომელმაც პოსტიდან გადადგომაზე შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: ”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ ფედერაცია ერთ ოჯახად უნდა გავაერთიანოთ. ვაპირებ, რამდენიმე კვირაში მოვიწვიო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს”.

გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, არადა, თანამდებობაზე იგი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.

საქართველო გარიცხვას გადარჩა

ბევრისთვის უცნობია, რომ “ქორთიარდ მარიოტიდან” ნემსაძე ვაკეში მდებარე “ფალავანთა კლუბში” ძველი ხელისუფლების თანამდებობის პირებმა მოტყუებით წაიყვანეს და გარეთ არ უშვებდნენ.

ხმათა უპირატესობით გამარჯვებულმა გიორგი ნემსაძემ, არჩევნებიდან ერთ საათში, პოსტიდან გადადგომის შესახებ ზოგადი განცხადება კი გააკეთა, მაგრამ საღამომდე სერიოზული ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ, სიტყვიერი განცხადება წერილობითი სახით დაედასტურებინა – სხვაგვარად მის სიტყვებს იურიდიული ძალა არ ექნებოდა.

ამ დროს, მომხრეები მას რესტორან “მონოპოლში” გამარჯვების აღსანიშნავად ელოდნენ და მისი ეს განცხადება შეცდომად და გაუგებრობად სურდათ ჩაეთვალათ, ხოლო გულშემატკივრები ვაკის, ვერისა და კიკვიძის პარკებში, “მუშტაიდში” იკრიბებოდნენ და ანტისახელისუფლებო გამოსვლების მოწყობასა და შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.

დროის გაყვანის პოლიტიკა ნემსაძეს არ გამოუვიდა – საბოლოოდ, ის ზეწოლას დაყვა: 14 მაისს, დილით, ფეხბურთის ფედერაციაში ჩუმად მივიდა და პოსტიდან გადადგომა წერილიბითი განცხადებით დაადასტურა.

მანამდე, სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის გამო, საბერძნეთი და აზერბაიჯანი უეფადან და ფიფადან გაირიცხნენ. შემდეგ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა უკან დაიხიეს და უეფასა და ფიფაში აზერბაიჯანს წევრობა მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგინეს.

პოლიტიკური კლანების გააფთრებულ ბრძოლაზე მმართველი პარტიის შიგნით და უეფა-ს მხრიდან მოსალოდნელ სანქციაზე სპორტული მედია და საზოგადოება ერთხმად ალაპარაკდა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის სკანდალური არჩევნების გამო, ქართულ ფეხბურთსაც საბერძნეთისა და აზერბაიჯანის მსგავსი სანქციები არ ასცდებოდა – იმ დღეებში, ამ საკითხმა საქართველოში ყველა პოლიტიკური თემა გადაწონა, და უეფა და ფიფა ხომ არ დაყრუვდებოდნენო!

მაგრამ გიორგი ნემსაძე გაჩუმდა. გაზეთ ”24 საათის” ყოფილი სპორტული მიმომხილველი, მიხეილ აბაიშვილი კი დარწმუნებულია, რომ პოსტზე ნებაყოფლობით უარის თქმით, გიორგი ნემსაძემ საქართველოს უეფას მხრიდან ის საშინელი სანქციები აარიდა, რომელიც ქართულ ფეხბურთს მძიმე დარტყმას მიაყენებდა.

ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იყო დაინტერესებული, რომ სკანდალი უეფას ყურამდე მისულიყო – ასე დემოკრატიის შუქურა 1-ელ ოქტომბრამდე გაცილებით ადრე ჩაქრებოდა.

ნემსაძემ მხოლოდ წლების შემდეგ, ისიც - ნაწილობრივ, ილაპარაკა მომხდარზე, რომ ყველა მისი მომხრე დელეგატი 3-3 დღე გამომძიებლებთან აყურყუტეს. ალბათ, მათ ქართული დემოკრატიის მიღწევებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივაზე შედეგიანად ესაუბრნენ.

ვერსიები

მას შემდეგ ექვს წელზე მეტია გასული. იმ მოვლენების ცალკეული პერიპეტიები დღემდე გასაიდუმლოებულია, რადგან საზოგადოებაში არსებული არაერთი კითხვის მიუხედავად, არჩევნების მთავარი მოქმედი გმირები დუმილს არჩევენ.

ჯერ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ცნობილი ვერსია გავიხსენოთ. ამტკიცებდნენ, რომ ფერწასულმა გოკა გაბაშვილმა “წავაგეთ” სააკაშვილს უთხრა; თითქოს, არჩევნების დასრულებიდან მალე, გაღვიძებულ პრეზიდენტთან მივიდნენ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, კახა ლომაია და გოკა გაბაშვილი, და შეეცადნენ აეხსნათ, რომ დავით კირკიტაძე (რომელიც მაშინ რეგიონებსა და გუბერნატორებს კურატორობდა) დაუმორჩილებელი ხდებოდა, რადგან პარტიის დირექტივა არ შეასრულა.

ვერსიის მიხედვით, მათი სტუმრობის შემდეგ სააკაშვილმა “ქორთიარდ-მერიოტში” მყოფ კირკიტაძეს დაურეკა და ნემსაძის გადადგომა მოთხოვა. ეს ვერსია ვერსიადვე მანამ დარჩება, სანამ თავად მონაწილეები არ დაადასტურებენ.

მაშინ ამ ვერსიას სპორტული ჟურნალისტების უმრავლესობა ემხრობოდა. ისინი სხვადასხვა გამოცემებსა თუ ტელეეთერში ღიად წერდნენ და აცხადებდნენ, რომ გიორგი ნემსაძეს გადადგომა საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აიძულა.

პოპულარულ სპორტულ გაზეთ ”სარბიელის” კორესპონდენტმა, კობა ინასარიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ ქართული ფეხბურთი მმართველი პოლიტიკური კლანების ბრძოლის ასპარეზად იქცა:

”ეს იყო ამ ორი კლანის, ორი დაჯგუფების დაპირისპირება: აქეთ -  ბოკერია და მისი საპარლამენტო მეგობრები, იქით - კირკიტაძე და მისი ფრთა”, – განცხადა ინასარიძემ.

ხოლო გაზეთ “ლელოს” ჟურნალისტმა, მერაბ მამულაშვილმა, 2007 წლის 14 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს ღიად დასდო ბრალი, რომ ნემსაძის გადადგომა მათი ზეწოლის შედეგი იყო.

არანაკლებ საინტერესო ამბებს იხსენებს ფეხბურთის ფედერაციის 2007 წლის 13 მაისის არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, მამუკა კვარაცხელია:

„გაბაშვილი არჩევნებში აშკარად ერეოდა, ფაქტობრივად, მაშინდელ სხდომას ხელმძღვანელობდა და ტელეფონით დირექტივებსაც იძლეოდა. ხოლო გამარჯვების შემდეგ, ნემსაძის მომხრეები დააშინეს.

გარკვეული დროის შემდეგ, გვარიანად გამისწორდნენ, ვფიქრობ, სწორედ მაშინდელი აქტიურობისთვის. თბილისის აეროპორტის გზაზე უცნობი პირები დამხვდნენ, გამიტაცეს და ისე სასტიკად მცემეს, რომ სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი.

ამ დროს, ძველი ხელისუფლება ამაყად აცხადებდა, რომ კრიმინალი მოსპო და რომ მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. თავდამსხმელებს სურდათ ჩემი მოტყუება, თითქოს, ცხინვალელი ოსები იყვნენ. მაგრამ თბილისში ისინი ასე იოლად თუ იტაცებდნენ ხალხს, მაშინ კრიმინალის აღკვეთაზე ნაციონალების ლაპარაკი ბლეფი იყო.

მეორე ვარიანტია -  ჩემი აზრია, რომ არჩევნების დროს "ნაციონალების" უკანონობების მხილებისთვის ჩემზე შური იძიეს. იყო მუქარები და დაშინების მცდელობა და ამ ყველაფრის შემდეგ გატაცებაზე რა უნდა მეფიქრა?

სხვათა შორის, ზუსტად იმ დროს ანალოგიურად გაუსწორდნენ რესპუბლიკელ ვალერი გელაშვილსა და სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორს, გიორგი თავდგირიძეს. ჩემი აზრით, ამით გარკვეულ ჯგუფს ხალხის დაშინება სურდა, რომ ყველა მოწინააღმდეგეს სასტიკად გაუსწორდებოდნენ. ფაქტია, რომ სამივე ეს საქმე დღემდე გაუხსნელია“.

უცნაური ეკონომია

ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა –საქვეყნო საქმეებით გადატვირთული მიხეილ სააკაშვილი საფეხბურთო არჩევნებამდე გერმანელ სპეციალისტს შეახვედრეს. პრეზიდენტთან ტოპმიოლერმა განაცხადა, თუ ფედერაციის პრეზიდენტად ნემსაძეს აირჩევენ, მასთან არ ვითანამშრომლებო.

ბევრი ფიქრობს, რომ ფედერაციამ ტოპმიოლერის ამ სიტყვებით ისპეკულიანტა. ნოდარ ახალკაცი-უმცროსის წინამორბედი, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ორჯერ დაიჭირეს და ორჯერვე დიდი თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ფედერაციის ფინანსური აუდიტის ჩატარებას გიორგი ნემსაძის გუნდიც აპირებდა, რაც ნათელს მოჰფენდა კითხვას -  ხდებოდა თუ არა ქართულ ფეხბურთში ფინანსური მაქინაციები და ფულის გათეთრება.

ასეთი სკანდალი ხელს არც მაშინდელ საფეხბურთო ელიტას აძლევდა და არც ნაკრების მწვრთნელს, კლაუს ტოპმიოლერს, რომელიც ნოდარ ახალკაცს მხარს საჯაროდ უჭერდა.

ერთი საინტერესო ფაქტი: ტოპმიოლერი საქართველოში ყოფილმა ჟურნალისტმა, შემდგომში კი ფიფას აგენტმა, აკა ტონიამ ჩამოიყვანა, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ გერმანელ მწვრთნელს 800 ათას დოლარიან წლიურ ხელფასზე შეუთანხმდა.

ტონია საქმიდან იმ მოტივით ჩამოიცილეს, რომ მენეჯერი გარიგების ფასს აძვირებდა და თავად წელიწადში... ორ მილიონ ევროზე შეუთანხმდნენ. დაგვეთანხმებით, უცნაური “ეკონომიაა”.

ნაკრების მწვრთნელს ხელფასს სახელმწიფო უხდიდა და წარმოუდგენელია, ეს ამბავი არ სცოდნოდა იმ ხალხს, ვინც საძინებელში ფარულად ათასობით ადამიანს აყურადებდა და მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან პირთა პირად თუ საჯარო ცხოვრებაზე ყველა მნიშვნელოვან ცნობას აგროვებდა.

ტონიას მიერ საჯაროდ გაკეთებული ამ განცხადებების შემდეგ, რომ ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებში 800 ათას დოლარზე მუშაობას დათანხმდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მას მაინც ბევრად ძვირი კონტრაქტი გაუფორმეს. ვითომ, რამე გამოეპარათ? საეჭვოა.

ყოფილი ნაციონალის აღსარება

თბილისის საკრებულოს წევრი, მიხეილ ქავთარაძე ყოფილი ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევაზე ღიად ილაპარაკა. 2013 წლის 23 აპრილს, ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას მოხდა.

“მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი პიროვნება, პრეზიდენტი იღებდა. ვინც განსხვავებულ აზრს გამოხატავდა, ის უფუნქციოდ რჩებოდა, ან თამაშიდან გადიოდა. ეს ერთი კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს გარაჟების აღებაზეც, ომის დაწყებაზეც და ნებისმიერი სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის დანიშვნაზეც.

“ნაციონალურ მოძრაობაზე” პირველად გული 2007 წელს ავიცრუე, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კანონიერად არჩეული ჩემი მეგობარი და დღევანდელი თანაფრაქციელი, გიორგი ნემსაძე, პრეზიდენტმა ერთი სატელეფონო ზარით გადააყენა. მე გიორგის ნაცვლად ლაპარაკი არ მსურს, მაგრამ ახლა ამის უფლება მაქვს, რადგან ჩემი ახლო მეგობარია.

იყო მუქარა გიორგის ახლობლებზე, სააკაშვილი გამწარებული ყვიროდა, დაიჭირეთ, ვინც ნემსაძეს ეხმარებოდაო, მაგრამ იქ ვიღაც-ვიღაცებმა გააჩერეს. მანამდე იყო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობები, მაგრამ ეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება და უსამართლობა, რომელმაც დამაფიქრა” – განაცხადა ქავთარაძემ.

ქავთარაძის მონათხრობი იმიტომაც არის საყურადღებო, რომ 2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში იგი გიორგი ნემსაძის მხარდამჭერ სახელისუფლებო ჯგუფში იყო და მაშინდელ კულუარებში კარგად ერკვეოდა.

რეზო არველაძის აღიარება

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ, დაადასტურა, რომ ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ობიექტურობის პრობლემები მართლაც იქმნებოდა და სფფ-მ ეს საკითხი ვერ მოაწესრიგა.

2013 წლის 6 აპრილს, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" მრავალი საინტერესო საკითხთან ერთად, ფეხბურთში სამართლიანობის აღდგენაზეც ილაპარაკეს.

ფედერაციის გენერალურ მდივანს შეახსენეს, რომ 2005 წლის არჩევნებში ის უპირველეს და, ფაქტობრივად, უალტერნატივო ფავორიტად ითვლებოდა, სანამ საქმეში "ნაციონალური მოძრაობა" და მისი რჩეული არ ჩაერთო; სპორტის აკადემიაში გამართულ შეკრებაზე კი ყველა არასასურველ კანდიდატს გზა გადაუღობეს.

კითხვაზე - “ბევრი ცდილობს, დაივიწყოს და დახუროს იგივე 2007 წლის 13 მაისის არჩევნების თემა, როდესაც პრეზიდენტად არჩეული გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან ძალადობრივი გზით გადააყენეს” – არველაძემ უპასუხა:

"ახალ ამბავს არ იძახით, რომ არჩევნები არ გვქონდა. კარგი იქნება, თუ მთავრობა არჩევნებში არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს - ყველაფერი ჩვენს ხელშია და წინ რა უდგას, რომ მივაღწიოთ? ნემსაძესა და არჩევნებზე კითხვა დამისვით... მე უფრო უკან წავალ, როდესაც ჟორდანიას არჩევას აღმასრულებელი ბიურო ეწინააღმდეგებოდა, გარეთ კი სპეცრაზმი იდგა... ძალიან დიდი ტრავმა მიაყენეს ნემსაძეს და, სხვათა შორის, არანაკლები - ახალკაცს... მაგრამ მე სამართლიანობის აღდგენას კი არ ვეწინააღმდეგები, არამედ სხვის ნაცვლად ლაპარაკი არ მსურს და მხოლოდ საკუთარ გაკეთებულ საქმეებსა და შეცდომებზე ვაგებ პასუხს...“

ბოლო წლებში პირველად, ნაციონალური მოძრაობისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არჩევნების დროს არსებული პრობლემები დაადასტურეს.

რიგგარეშე ყრილობა

2007 წლის 15 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“ხუთშაბათს, 2007 წლის 17 მაისს, 11 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ”ბასა”, სფფ-ის მე-13 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის ჩატარების აუცილებლობა და პროცედურა შეთანხმებულია ფიფა-სთან და უეფა-სთან. სფფ-ის რიგგარეშე ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს უეფა-ს დელეგატი. რიგგარეშე ყრილობის მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ 2007 წლის 13 მაისს სფფ-ის მე12 საარჩევნო-საანგარიშო ყრილობისთვის წარდგენილ დელეგატებსა და იმავე ყრილობისთვის წარდგენილ პრეზიდენტობის და აღმასრულებელი კომიტეტის კანდიდატებს”.

ამ ერთ პატარა განცხადებში ნათლად აისახა ის ფარისევლობა, რაც 2003-2012 წლებში საქართველოს მართავდა. “დემოკრატიის შუქურა” ხალხის ნებას უმოწყალოდ თელავდა და ახალი ყრილობა ისე დანიშნეს, თითქოს არაფერი მომხდარა.

ეს ახლაა, “ნაციონალურმა მოძრაობა” სიტყვიერ შენიშვნასაც ადამიანის უფლებების დარღვევად რომ ასაღებს.

დღე, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ყველაზე სასიხარულო და საამაყო დღედ ითვლებოდა, ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საფეხბურთო მოვლენასთან გაიგივდა. 13 მაისს საბოლოოდ დაიმსხვრა მითი “ნაციონალთა” დემოკრატობაზე. სპორტული სამყაროში დარწმუნებულები არიან – 7 ნოემბერი, 26 მაისის და მას შემდეგ ბითუმად დატრიალებული მოვლენები, ქონების ჩამორთმევების უწყვეტი სერიალი, ციხეში სისტემად ქცეული ძალადობები და ა.შ. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს და იმის შედეგია, 2007 წლის 13 მაისს საზოგადოებამ თვალებში ნაცრის შეყრა რომ არ გააპროტესტა. და რაც უნდა უტიფრად ეცადონ ნაციონალების ლიდერები, ლოგიკურად ვერასოდეს ახსნიან, რატომ მოხდა ეს ყველაფერი “ქორთიარდ-მარიოტში” გამართული საფეხბურთო ყრილობის შემდეგ.

საინტერესო ფაქტები

13 მაისს დატრიალებულ მოვლენებს “საზოგადოებრივ არხზე” საგანგებო და საკმაოდ მწვავე გადაცემა მიუძღვნა ლაშა დვალიშვილმა, რომელსაც არხის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გარკვევით მიანიშნა, რომ აჯობებდა, გაჩუმებულიყო.

ტელეკომპანია “იმედის” შენობაში მდებარეობდა გაზეთ “მთავარი სპორტის” რედაქცია, რომლის ბაზაზეც პოპულარული გაზეთი “ლელო” აღდგა. გაზეთმა 13 მაისის მოვლენებს მწვავე წერილი უძღვნა.

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 20007 წლის 7 ნოემბერს დარბეული “იმედის” შენობაში ჟურნალისტებს  დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებნენ, მათ შორის - არც “მთავარი სპორტის” რედაქციას.

კითხვაზე - სპორტულ გაზეთს რაღას ერჩოდნენ? - გამომძიებლმა უპასუხა - მიზეზი 15 მაისის სტატიაში ეძებეთო... 2007 წლის 15 მაისი ორშაბათი დღე გახლდათ, როდესაც გაზეთში 13 მაისის არჩევნებზე წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” საფეხბურთო ვნებებზე იყო საუბარი.

ჩვენ რა შუაში ვართო?!

მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდნენ საფეხბურთო არჩევნებში ჩარევის ფაქტს, მაგრამ 2009 წელს თანამდებობიდან “საკუთარი ნებით” თავად ნოდარ-ახალკაცი რომ გადადგა, ყველაფერი გაცილებით ღიად მოხდა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა: ”უეფას წესებით, მთავრობას არ აქვს უფლება, ფედერაციის საქმიანობაში ჩაერიოს. მაგრამ კარგად გაახსენეთ ფედერაციის ახლანდელ თავმჯდომარეს, თუ რა ბედი ეწია მის წინამორბედს. და ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ პრობლემები შეიძლება შეექმნას, გადაეცით ეს ახალკაცს. თავს ბოლომდე ნუ იჭრის”.

თუ სააკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში არ ერეოდა, ახალკაცს პრობლემებს როგორ შეუქმნიდა ან რატომ ემუქრებოდა? ვის და რა უნდა გადაეცა უმცროსი ახალკაცისთვის, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა ჯერ აღაზევეს, შემდეგ კი გამოწურული ლიმონივით მოისროლეს და ისეთი პანღური ამოკრეს, რომ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლის სურვილი დღემდე არ გააჩნია.

ამის შემდეგ, რადიო “თავისუფლების” ეთერში, 2009 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სპორტისა და კულტურის საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ კობა ლიკლიკაძის გადაცემაში შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა - "მე შევთავაზე ახალკაცს, დროებით გადამდგარიყო".

რა იყო ეს, თუ არა ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში უხეში ჩარევა?

ბოროტი თესლის ნაყოფი

განა ვინმეს ჰგონია, რომ რაც ქართულ ფეხბურთში დღეს ხდება, ეს შემთხვევითი ამბავია და რომ ბოროტ თესლზე კეთილი ნაყოფი აღმოცენდებოდა? ფაქტია, რომ მას შემდეგ ქართული ფეხბურთი კატასტროფული ტემპით განიცდიდა რეგრესს და ბოლოს, უფსკრულში გადაიჩეხა. ამ დროს, საფეხბურთო სამყარო დუმდა და ხელახალ არჩევნებზე ახალკაცს ისე დაუჭირა მხარი, თითქოს, არაფერი მომხდარა. თითქოს, სახელმწიფოს გამოყოფილი მილიონები საეჭვოდ არ გამქრალიყოს.

არც ის გახსენებიათ, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელად  დანიშნულმა კლაუს ტოპმიოლერმა მილიონები წაიღო. ან, სად წავიდა ორ წელიწადში “ათვისებული” 12 მილიონზე მეტი ლარი? იმაში, რომ ჩვენი ჩემპიონატი ფარერების დონეზე დაცემულიყო? რომ ბავშვთა ფეხბურთი განადგურებულიყო? რომ ევროპაში ყველაზე სამარცხვინო ფეხბურთი გვქონოდა?

კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც 13 მაისის ლოგიკური გაგრძელებაა – მაშინ ხელისუფლების ხუშტურებს ქართული ფეხბურთი გადააყოლეს და საბოლოოდ, სპორტის ეს სახეობა, რომელიც ჩვენი ერის გამხარებელი  იყო, უფსკრულში გადაჩეხეს და ქვეყნის სირცხვილად აქციეს.