არალეგალებს ევროპიდან ადვილად დააბრუნებენ

არალეგალებს ევროპიდან ადვილად დააბრუნებენ

 

ევროკავშირთან დადებული ორი ხელშეკრულების - სავიზო მიმოსვლის გამარტივებასა და უკანონო მიგრანტთა რეადმისიის (უკან დაბრუნების) დეტალებზე სასაუბროდ შევხვდით და ვესაუბრეთ “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილეს, თეა წულუკიანს, რომელიც ამავდროულად არის თავმჯდომარის მრჩეველი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება ევროპარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მოახდინა, 18 იანვარს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა, ხოლო 1 მარტიდან ძალაში შევიდა.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს ამ ხელშეკრულებებს?

- თეა წულუკიანი: საქმე ორმხრივ დოკუმენტებთან გვაქვს; ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რაღაც უფლებები მივიღეთ და მოვალეობებიც ვიკისრეთ. უფლებების კუთხით პოზიტიურია, რომ ჩვენს მოქალაქეების დაახლოებით 11-13 კატეგორია ვიზებს ადვილად მიიღებს; ასევე 60-დან 45 ევრომდე მცირდება ვიზის საფასური, მიუხედავად იმისა, რამდენჯერადიც არ უნდა იყოს.

კონკრეტულად  ვინ მიიღებს ვიზებს, გამარტივებული წესით?

- ვიზების მიღება გამარტივდება: საქართველოს იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებიან (ოჯახის წევრებში ითვლებიან: მეუღლეები, შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუა, შვილიშვილები); ბიზნესმენებისთვის, ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მეცნიერებისთვის, კულტურული და სპორტული სფეროს მოღვაწეებისთვის; საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ოჯახის გარდაცვლილი წევრები დასაფლავებული ჰყავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სამოქალაქო, ან სამხედრო სასაფლაოებზე;

ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ ასევე სამოქალაქო საზოგადოების და ლიბერალური პროფესიის (ადვოკატები, ექიმები და სხვა) წარმომადგენლები; აგრეთვე, ტრანსპორტის სფეროში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეები (მძღოლები და ასე შემდეგ). ამასთან, ვიზების აღება გაუდვილდება იმათ, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში სამედიცინო მიზნით, სამკურნალოდ მიდის.

ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისთვის მცირდება წარსადგენი საბუთების ნუსხა და მტკიცების ტვირთი - აქამდე ვიზა რომ მოგეთხოვა, საბუთების დიდი რაოდენობა უნდა წარედგინა  და შემდეგ დაგემტკიცებინა, რა მიზნით მიდიხარ.

საბუთების ნუსხა ყველა საელჩოში ერთიდაგიგივე იქნება, თუ მათი მოთხოვნა ისევ ინდივიდუალურად მოხდება?

- ახლა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხისადმი ერთიანი მიდგომა იქნება. ზემოაღნიშნული კატეგორიები სავიზო რეჟიმს პირველად თუ არ დაარღვევენ, შემდეგ ჯერზე შეიძლება მიეცეთ მრავალჯერადი და უფრო გრძელვადიანი შესვლის უფლება.

ვინ აიღებს ვიზას უფასოდ?

- ვიზა უფასო იქნება იმ პენსიონრებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურად იმყოფებიან. ამასთან, საკონსულო მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევთ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, 12 წელს ქვემოთ ბავშვებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სხვას.

რაც შეეხება ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს?

- ვალდებულებებში იგულისხმება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება, იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნებას გაამარტივებს.

როგორ მოხდება უკან ადვილად დაბრუნება?

- მაგალითად, აქამდე ერთიანი ბაზა არ არსებობდა და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვის იყო ადვილი იმის გარკვევა, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელმა ქვეყნის საელჩომ მომცა ვიზა. ახლა ემიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება და სწორედ ამის მეშვეობით მოხდება უკან ადვილად დაბრუნება. ანუ ჩვენი მონაცემთა ბაზა გახდება მათი მონაცემთა ბაზის ნაწილი, რომ ერთიანად შევამოწმოთ ის, ვინც ჩვენთან ემიგრანტად ითვლება და გავარკვიოთ რის საფუძველზე დატოვა ქვეყანა, ვიზა ვისზე გაიცა და ასე შემდეგ.

აქამდე ასე იყო - არალეგალის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიოროკრატიული პროცედურების გამო, უკან დაბრუნების პროცესი იმდენად ხანგრძლივი იყო, რომ იქაური კანონის თანახმად, ვადა იწურებოდა და არალეგალს ათავისუფლებდნენ. შემდეგ, როგორც წესი, არალეგალი ქალაქში იკარგება და სანამ მეორედ არ წააწყდები,  ტრამვაიში ან მეტროში, დაკავება ვერ ხდება. ამ კუთხით სიახლე დადებითია იმ გაგებით, რომ ევროპის ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო მეტი ცივილიზებულობისა და დემოკრატიული სიმშვიდის იერს შეიძენს, მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ამით მოგვარდება ემიგრაციის საკითხი.

ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების გადინების კუთხით - უკვე მრავალი წელია, რაც პრაქტიკულად სისხლისგან ვიცლებით. რეადმისიის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ევროპიდან უკან ადვილად დააბრუნებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე ადამიანები, ან სხვები არ მოინდომებენ არალეგალურად წასვლას. ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში ხომ ყველა არ ხვდება?!

ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ქვეყნებში ძირითადად მიდიან ეკონომიკური გაჭირვების გამო. სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი და მთავარი პრობლემა არის ჩვენს ქვეყანაში არსებული უკიდურესი ეკონომიკური და სოციალური გაჭირვება, რაც აიძულებს ხოლმე რომ ქართველებს იქცნენ ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ დევნილებად.

ბევრი არალეგალი თუ დააბრუნეს, ზოგიერთი მათგანი რა თქმა უნდა, ადვილად ვეღარ შევა ევროპის კავშირის ქვეყნებში და შეეცდება აქ მოაგვაროს თავისი ცხოვრება, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო მზად უნდა დახვდეს. დღეს ჩვენი სახელმწიფო ამისთვის მზად არ არის! არალეგალურად ყოფნა კანონთან მიმართებაში საძრახისია, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ისინი აქედან გულდალხინებული ცხოვრების გამო არ წასულან.

ქართველები  სამშობლოს რომ უბრუნდებიან, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ რით ეგებება მათ სამშობლო, რა პირობებს შევუქმნით?! აი, ეს არის მთავარი. რომ დაბრუნდებიან, რას სთავაზობს ჩვენი ქვეყანა მათ - დუხჭირ ცხოვრებას? მაგალითად, სტრასბურგში არალეგალურად მცხოვრებ არაერთ ქართველს ვიცნობ; ისინი წელებზე ფეხს იდგამენ, ღამე მუშაობენ ქარხნებში, სხვადასხვა საწარმოებში და ამით არჩენენ იქ მყოფ ოჯახის წევრებს და აქაც აგზავნიან რაღაც თანხას.

ამასთან, უსაფუძვლო პიარ-კამპანიებს მიჩვეულები ვართ და არ გამოვრიცხავ, რომ არალეგალების უკან დაბრუნებასთან მიმართებაში ხელისუფლებამ წამოიწყოს პიარ კამპანია  და კიდევ ერთხელ გვითხრას - აი, რამდენი ქართველი ბრუნდება და ნახეთ, როგორ გაიფურჩქნა ქვეყანა ჩვენს ხელში. კონკრეტული მონაცემები შეიძლება ააფრიალონ, მაგრამ არ იტყვიან ვინ და როგორ დააბრუნა ეს ხალხი უკან და აქ რას შესთავაზებენ მათ.

რეადმისიის ხელშეკრულება მხოლოდ არალეგალების საქართველოში დაბრუნებას ითვალისწინებს?

- ჩვენ ვიცით, რომ დაკავებისას არალეგალების ძირითადი ნაწილი ამბობს - “ეს საბუთი არ მაქვს“, “დაკარგული მაქვს“... არაერთი მათგანი სახელს, გვარს იცვლის და იდენტიფიკაციის პროცედურა ძალიან ხანგრძლივია. სანამ მათი ამოცნობა მოხდება, ისინი თავშესაფარში იქნებიან და ასეთი თავშესაფარი ჩვენთანაც უნდა გაკეთდეს. საერთოდ, რეადმისია არის ასეთი მექანიზმი - ქვეყნის დატოვების შემდეგ რა გზაც გაიარა, უკან იმავე გზით დააბრუნებენ.

რა ვალდებულებები გვეკისრება თავშესაფრის  მოწყობის შემთხვევაში?

- ჩვენ უნდა ვუზრუნველოთ თავშესაფარში მყოფების კვება, ცხოვრება და იდენტიფიკაციის შემდეგ აქედან სამშობლოში გამგზავრება.

ეს ხელშეკრულებები ჩვენს ქვეყანას ხიფათს უფრო მოუტანს თუ სიკეთეს?

- ასე ცალსახად ვერ ვიტყვი - ეს ხელშეკრულებები ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენს ურთიერთობას ცივილიზებულობას მატებს, მაგრამ ჩემთვის შემაშფოთებელია იმის წარმოდგენა, რას იზამენ ამ დუხჭირ ცხოვრებაში დაბრუნებული მოქალაქეები.