საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ანუ სახელმწიფო დაზღვევა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს. მალე პროგრამის მესამე ეტაპი უნდა დაიწყოს და გამორიცხული არ არის, სახელმწიფომ მედაკამენტების თანადაფინანსება თავის თავზე აიღოს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ბენეფიციარებისათვის.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუხადა, რომ მედიკამენტები მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მთავრობა მუშაობს.
„სტაციონარული მკურნალობისას, როდესაც ადამიანს საავადმყოფოში დაწვენა სჭირდება, ცხადია, მედიკამენტები ფინანსდება. რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, არის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, მაგალითად დიაბეტის მართვის, ინფექციური დაავადებების მართვის, სადაც ასევე შესულია მედიკამენტების კომპონენტი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ვფიქრობთ, რომ ეს კომპონენტი უნდა გავაფართოვოთ პრიორიტეტების მიხედვით, ანუ არსებული პროგრამა კიდევ უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა სერგეენკომ.
რამდენიმე დღის წინ მინისტრი აცხადებდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მესამე ეტაპი შეფასებითი იქნება - თუ რამდენად ეფექტურად მოხდა ამ პროექტის მართვა ადმინისტრირების, ფინანსებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით.
მიუხედავად ამისა, მინისტრი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მედიკამენტების გარკვეული ნაწილი მართლაც ჩაერთოს ამ პროგრამაში, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს პროცესი სწორად დასაგეგმია.
„მესამე ეტაპზე შეიძლება შენარჩუნდეს იგივე ტემპი, შეიძლება გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის მოცულობა ან თანხები მივმართოთ ახალ პროექტებში. მაგალითად, არსებობს სახელმწიფო დიაბეტით უზრუნველყოფის პროგრამა. ჩვენ შეიძლება გავააქტიუროთ სახელმწიფო არტერიული ჰიპერტენზიის პროგრამაც“, - განაცხადა მინისტრმა.
კონკრეტულად რომელი ნოზოლოგიების მკურნალობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები მოხვდება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და ღირებულების რამდენ პროცენტს დააფინანსებს სახელმწიფო, ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტები კი თვლიან, რომ ყველა დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა თანაბრად უნდა დაფინანსდეს.
„ჩემი აზრით, დაფინანსება თანაბრად სჭირდებათ როგორც გულსისხლთარღვთა დაავადებით დაავადებულებს, ასევე სხვა პაციენტებსაც. შესაბამისად, იმაზე საუბარი თუ რომელი პრიორიტეტულია, რომელი მნიშვნელოვანია და რომელი ნაკლებად მნიშვნელოვანი, არ უნდა იყოს. აქ უნდა იყოს ცალსახა მიდგომა, ანუ დაწესდეს გარკვეული ლიმიტი, ზღვრული ოდენობა იმ პაკეტებისა თუ რა თანხით მოხდება დაფინანსება“, - აცხადებს ექსპერტი ლევან კალანდაძე.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი 2013 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო. იმავე წლის 1-ლი ივლისიდან კი მეორე ეტაპი ამოქმედდა. ახლა მესამე ეტაპის ჯერია და ბენეფიციარებს მედიკამენტების კომპონენტის პროგრამაში ჩართვის დიდი იმედი აქვთ.