საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეათე ნაწილი)

საქართველო არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი (მეათე ნაწილი)

გიორგი XII -ის სიკვდილის შემდეგ რუსეთს უკვე განსაზღვრული ჰქონდა საქართველოს მომავალი პოლიტიკური მოწყობა. ქართლ-კახეთი ირიცხებოდა რუსეთის გუბერნიების სიაში, სახელად უნდა ეწოდებინათ საქართველოს სამეფო, ხოლო მის მმართველად გენერალ-გუბერნატორის სამხედრო წოდებითა და მეფის ტიტულით უნდა დანიშნულიყო გიორგი XII-ის შვილი დავითი. ეს ლოგიკურიც ჩანდა, რადგან უფლისწული დავითი ისედაც რუსეთის სამხედრო სამსაურში იყო. გრაფი როსტოპჩინი, რომელიც იმპერატორ პავლეს მიერ დანიშნული იყო ქართლ-კახეთის ელჩებთან მოლაპარაკების უფლებამოსილ პირად, თავის საიდუმლო მოხსენებაში წერს, რომ იმპერატორი პავლე I ქართლ-კახეთის საშინაო საქმეების გამგებლობას სრულად გადასცემდა ქართველებს, შეეძლოთ აერჩიათ მოსამართლეები, სამოქალაქო და სასულიერო მმართველები, დაენიშნათ გასამრჯელო და გამოეყვანათ ჯარიც ქვეყნის საჭიროების მიხედვით. Н. дубровин ”Гиорги XII посльедний царь грузии и присоединение ея к росии” გვ. 166

რუსეთის მეფისნაცვალს გენერალ კნორინგს დაევალა დამატებითი რუსული პოლკები გადაეყვანა საქართველოში გარეშე მტრისგან თავის დასაცავად და მეფე გიორგის სიკვდილის შემთხვევაში მეფედ მისი შვილის დავითის ტახტზე აყვანაც მასვე დაეკისრა. საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში საბოლოო ხელშეკრულების დასადებად მეფე გიორგისთან თბილისში გამოემგზავრნენ თავადი გიორგი ავალოვი (ავალიშივილი) და თავადი ელიზბარ ფალავანდოვი (ფალავანდიშვილი), ხოლო პეტერბურგში დარჩა გარსევან ჭავჭავაძე (პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამა).

სწორედ ამ დროს გავრცელდა ხმა რომ გიორგი XII გარდაიცვალა. მისი ძმები სასწრაფოდ შეიკრიბნენ სოფელ ჭალაში და გააკეთეს მოწოდება, რომ ერეკლე მეფის ნების მიხედვით ტახტი ეკუთვნის მის უფროს შვილს იულონს და ხალხს მის ერთგულებაზე ფიცის დასადებად მოუხმეს გორში.

ამის საპასუხოდ გიორგი XII-ის შვილმა დავითმა მცხეთასთან გააკეთა პიკეტი, ხალხს ამ მოწოდების წერილებს ართმევდა და აწიოკებდა. ამასთანავე მისი მომხრეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სხვა უფლისწულები ირანის შაჰთან ბაბა-ხანთან იყვნენ კავშირში და საქართველოს დაღუპავდნენ. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა გიორგი XII ჯერ კიდევ ცოცხალია. რუსეთის სახელმწიფო საბჭო ქართლ-კახეთში უფლისწულებს შორის დაპირისპირებას მეტად სახიფათოდ მიიჩნევდა საგარეო საფრთხის გაზრდის მხრივ და ჩქარობდა ქართლ-კახეთის შეერთებას, რადგან ამაში ბევრ სარგებელსაც ხედავდა, თუნდაც სამხრეთ აზიისკენ პლაცდარმის გაჭრის სახით. ამიტომ 1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორმა პავლემ სასწრაფოდ ხელი მოაწერა საქართველოს რუსეთთან შეერთებას, ხოლო მისი გამოქვეყნება მხოლოდ მეფის გარდაცვალების შემთხვევაში იყო დაგეგმილი. 28 დეკემბერს კი გიორგი XII თბილისში გარდაიცვალა.

გენერალმა ლაზარევმა მაშინვე შეკრიბა თბილისში დარჩენილი წარჩინებულები და იმპერატორ პავლეს გადაწყვეტილება საქართველოს-რუსეთთან შეერთების შესახებ ამცნო, თანაც უკვე იმ დროს აღარ იყო საუბარი რომელიმე ქართველი უფლისწულის ქვეყნის მმართველად დანიშვნის შესახებ. ლაზარევის ცნობა სხვაგვარად თარგმნა თავადმა ლიონიძემ და ტახტის მემკვიდრედ დავით ბატონიშვილი გამოაცხადა. ეს ის სოლომონ ლიონიძეა, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილს თავის პოემაში ”ბედი ქართლისა” ჰყავს ერთ-ერთ გმირად გამოყვანილი. ლაზარევმა ლიონიძე ბუნტის მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა.

ერეკლე მეფის შვილებმა ლაზარევისადმი მიწერილ წერილში უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ ამავე დროს ლაზარევს სთხოვეს, რომ ქვეყნის მმართველობა თავად ეკისრა და მაშინ რუსი იმპერატორის ერთგულ სამსახურს ჰპირდებოდნენ. გვ.174.

მარიამ დედოფალმა სთხოვა ლაზარევს, რომ სანამ ქვეყანა არ დამშვიდდება, მანამ ნუ დავასაფლავებთ მეფის ნეშტსო და ასეც მოხდა, მხოლოდ 1801 წლის 20 თებერვალს მხეთაში დასაკრძალად წაასვენეს მისი ცხედარი.

ამ დროს საქართველოში ბევრად იძაბება შიდა პოლიტიკური ვითარება. 1801 წლის 5 იანვარს კავკასიის ხაზის სარდალი კნორინგი რუსეთის ინპერატორ პავლეს რაპორტით ატყობინებს უფლისწულ ვახტანგის განცხადებას, რომ ერეკლეს შვილები არ დავუშვებთ გიორგი XII –ის შვილის უფლისწულ დავითის გამეფებას და მაგას გვირჩევნია ვიყოთ რუსეთის უშუალო ქვეშევრდომობაშიო.

ამ დროს კი, უფლისწულ დავითს მიაქვს გენერალ ლაზარევთან 22 თავადის ხელმოწერით წერილი, რომ კახეთის თავადობას სურს დავითი იყო მათი მეფე. თავის მხრივ ერეკლე მეფის უფროსი შვილი იულონი კრებდა ხალხს და როგორც ტახტის კანონიერი მემკვიდრე მის ერთგულებაზე აფიცებდა. იმერეთის მეფე სოლომონ II-მაც მისწერა პავლეს, რომ ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო უფლისწული იულონი.

ამ ვითარებაში, იმპერატორი პავლე ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების საზეიმო ცერემონიისთვის ემზადება და ბიზანტიურ სტილში ტანსაცმელსაც კი უკვეთავს. ის ფიქრობს, რომ თბილისიდან ეწვევა დიდი დეპუტაცია ამ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად.

იმპერატორი პავლე თავისი უმაღლესი სიგელით პრივილეგიებს, ორდენებსა და წოდებებს ჰპირდებოდა იმ პირებს, ვინც მის ქვეშევრდომობას და ერთგულებას აღიარებდა. ის მოითხოვდა თავის წერილში, რომ ქართველებისგან შეექმნათ ერთი ჰუსართა პოლკი და მის მეთაურად დაენიშნათ ერთ-ერთი გამორჩეული უფლისწული გენერალ-მაიორის ჩინით. უფლისწულ დავითს იმპერატორმა პავლემ 19 იანვარს გამოუგზავნა პირადი წერილი მასზე მზრუნველობისა და კეთილი სურვილების შესახებ, ხოლო გენერალ კნორინგს პავლე I წერდა, რომ: ”საქართველო იმ საფუძვლებით უნდა შემოვიმტკიცოთ, როგორც დაგიწესეთ. სხვა რამის გაკეთებას არ ეცადოთ, რათა ნებაყოფლობით ეძებონ ჩემი მფარველობა. სჯობს გვყავდეს მოკავშირეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი მოკავშირეობით, ვიდრე არასაიმედო ქვეშევრდომები.” გვ.186

ამავე პერიოდში გენერალ ლაზარევის ადიუტანტ კოტლიარევსკის შეხვდნენ უფლისწულ იულონის 20-მდე თავადი და მათ კითხვაზე, უფლისწული დავითი არის თუ არა აღიარებული რუსეთის მიერ ტახტის მემკვიდრედ, კოტლიაროვსკი პასუხობს, რომ ასეა და ამის ნახვა შეუძლიათ უმაღლესი სიგელის ასლში, რომელიც უფლისწულ იულონსაც გაეგზავნა. ამის საპასუხოდ ეს თავადები საოცარ რამე ამბობენ, რომ მემკვიდრედ უფლისწულ დავითის აღიარება არ შეუძლიათ, რადგან ჯერ კიდევ ერეკლე მეფის სიცოცხლეში შეჰფიცეს იულონს ერთგულება, მაგრამ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა თუ ინებებს, რომ არცერთი მათგანი მეფე არ იყოს, მაშინ ამაზე ჩვენ თანახმა ვართ და მისი უდიდებულესობისათვის სისხლის უკანასკნელ წვეთსაც დავღვრითო. გვ.188

მიუხედავად ამგვარი დაპირისპირებისა, თბილისში მაინც შეიკრიბა საკმაოდ ბევრი წარჩინებუილი და სასულიერო პირი და რუსეთთან საქართველოს შეერთებისათვის საკუთარი ხელმოწერებით მადლიერების სიგელი გაუგზავნეს იმპერატორ პავლეს, რომელიც პეტერბურგში ახლახან ჩამოსულმა თავადებმა ავალოვმა და ფალავანდოვმა წაიღეს 1801 წლის 18 იანვარს. გვ 189
უფლისწულმა დავითმა იმპერატორ პავლეს ნების მიხედვით ქართლ-კახეთის მმართველობა ხელში აიღო, მაგრამ ამას სასტიკად შეეწინაღმდეგა უფლისწული იულონი, მან თავის მომხრეებისგან შექმნა სამხედრო რაზმები და არ ემორჩილებოდა უფლისწულ დავითის მმართველობას. მისმა ძმებმა ვახტანგმა და იულონმა გადაკეტეს დუშეთის გზა და საქართველოდან რუსეთში არავის უშვებდნენ.

ამ მოვლენების ასე დაწვრილებით გახსენება იმისთვის არის საჭირო, რომ ცნობილი გახდეს ასეთ ურთულეს პერიოდში თუ რა განხეთქილება და დაძაბული დაპირისპირება იყო ქართლ-კახეთის იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელთაც ქვეყნის ბედი ებარათ, მაშინ როცა ერთსულოვნება და ერთ პოზიციაზე ყოფნა იმ დროს ქართული სახელმწიფოებრიობის თუნდაც ნაწილობრივ შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში სამეფო ტახტისთვის ბრძოლა გიორგი XII-ისა და ერეკლე II-ს შთამომავლებს შორის იყო უდიდესი სიბეცე და პოლიტიკური დანაშაული. ამ დანაშაულს საფუძველი ჯერ კიდევ მეფე ერეკლეს დროს ჩაეყარა, როცა შეცვლილი იქნა სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ტრადიცია.

როგორც ჩანს, დარეჯან დედოფლის მცდელობით უფროსი ძმიდან უმცროსზე მემკვიდრეობის გადასვლის წესი მიიღეს, როცა მანამდე უფროს უფლისწულზე და მის შთამომავალზე გადადიოდა. გიორგი XII ერეკლეს პირველი ცოლის შვილი იყო, ეს კი მისი მეორე ცოლის, დარეჯანის შთამომავლობას სამეფო ტახტზე ასვლის საშუალებას სამუდამოდ უკარგავდა.

ამ ახალ წესს გიორგი XII არ დაემორჩილა და თავისი შვილის დავითის გამეფებას სთხოვდა თავის წერილებში რუსეთის იმპერატორს პავლეს, რასაც მძაფრად უპირისპირდებოდნენ ერეკლეს მრავალრიცხოვანი და დიდი გავლენის მქონე სხვა შთამომავლობა. არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ ამგვარად შევიწროვებული მეფე გიორგი სამეფო უფლებების რუსეთის სასარგებლოდ ნებაყოფლობითი შეზღუდვის სანაცვლოდ ცდილობდა თავისი შთამომავლობისთვის იმავე რუსეთიდან სამეფო ტახტის შენარჩუნების გარანტიების მიღებას. სამეფო გვარის ამ ორ შტოს რომ გაეცნობირებინა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროების პასუხისმგებლობა და მეფობის ერთ კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ, მაშინ, დიდი ვარაუდით, ასე ადვილად ვერც რუსეთი გაბედავდა სამეფო ტახტის მემკვიდრისთვის ასე იოლად სამეფო ძალაუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად ჩამორთმევას.

ასეთ ვითარებაში უფლისწული იულონი იწყებს სხვადასხვა სოფლებში მისი მეფობისადმი ხალხის დაფიცებას, ხოლო ვინც უფლისწულ დავითის მხარეს არის მათზე ძალადობს, რაც რუსეთის იმპერატორის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. ამ პროცესს გენერალი ლაზარევი რუსული ჯარით წინ ეღობება. ამიტომ ერეკლეს შვილები იმერეთის მეფეს და ომარ ხანს სთხოვენ დახმარებას, თუმცა ლაზარევის მკაცრი ჩარევით ამ დახმარებას ვერ იღებენ.

1801 წლის 16 თებერვალს ლაზარევი სიონის ტაძარში იბარებს თბილისის მოსახლეობას და ამცნობს იმპერატორ პავლეს 1800 წლის 18 დეკემბრის მანიფესტს, საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზეიმით ხვდება გვ. 199-200

1801 წლის მარტის თვეში იმპერატორი პავლე I შეთქმულების მსხვერპლი ხდება და ტახტზე ადის მისი შვილი იმპერატორი ალექსანდრე I. მას სამეფო ტახტზე პრეტენზიების გამომხატველ წერილებს უგზავნიან ცალკე უფლისწული დავითი და ცალკე დარეჯან დედოფალი. გვ.215

რუსეთის იმპერატორმა სახელმწიფო საბჭოს დაავალა ამ საკითხის განხილვა იმის გასარკვევად, ხდებოდა თუ არა რაიმე უსამართლობის ჩადენა ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეების მიმართ ამ სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ გადასვლის შემთხვევაში. სახელმწიფო საბჭომ სამი საფუძვლით მიზანშეწონილად მიიჩნია რუსეთის გვირგვინის ქვეშ ქართული სამეფოს მოქცევა. პირველი - სამეფო სახლში უთანხმოება ამ სუსტ სამეფოს დამღუპველი ძმათაშორის ომით ემუქრებაო; მეორე - რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ მფარველობა მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად უძველესი ხანიდან რუსეთის ღირსების საქმეა და მესამე - ამ ქვეყნის შეერთება უზრუნველყოფს რუსეთის საზღვრების სიმშვიდეს და ალაგმავს მთის ხალხების თვითნებობას. ამიტომ სახელმწიფო საბჭომ მიიღო დასკვნა: 1. დატოვებული იქნას საქართველოში მთელი ის ჯარი, რომელიც იქ იმყოფება; 2. დაწესდეს დროებითი რუსული მმართველობა და გაიგზავნოს გუბერნატორი. ეს ყველაფერი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პროტოკოლებშია აღნიშნული. გვ. 216

მოცემული დასკვნა არ გაიზიარა არც იმპერატორის კომიტეტის წევრებმა და არც თავად იმპერატორმა იმ მოსაზრებით, რომ არანაირი ძალა არ იძლევა უფლებას შეუერთოს ქვეყანა იმპერიას, თუ თავად მის მოსახლეობას ეს სურვილი არა აქვსო. საქმე მეორედ განსახილველად გადაეცა სახელმწიფო საბჭოს, რომელმაც 15 აპრილს იგივე დასკვნა მიიღო. მასში ისიც ეწერა, რომ რუსეთთან შეერთებისა და დაცვის გარეშე ეს ქრიატიანები, რომლებიც ფლობენ ამ მიწებს, მთლიანად განადგურდებიან, რადგან მთის ხალხებიც არ შეწყვეტენ მასზე ძარცვის მიზნით შეტევებსო.

მოცემულ დასკვნაში მეტად საყურადღებო კიდევ ერთ პასაჟს ვაწყდებით, რომელიც ამჟამადაც აქტუალურია. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ქართველი ხალხი ეცდება რა თავიდან აიცილოს მეზობელი ხალხებიდან სრული გაპარტახება, შესაძლოა გახდეს ოსმალეთის ქვეშევრდომი და ამ მოვლენას ისეთი შედეგები მოჰყვება, რომ რუსეთისთვის საშინელი სურათს წარმოადგენსო. მოხდება მთელი კავკასიის მუსულმანების თურქეთის ქვეშევრდომობის ქვეშ გაერთიანება და რა საშუალებით გადავეღობოთ შემდგომ მათ 800 ვერსის მანძილზეო.

დამატებით გადაწყდა კნორრინგის საქართველოში გამოგზავნა იმის გასარკვევად, შეიძლებოდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელ სამეფოდ დატოვება. თავად რუსეთის იმპერატორი კნორრინგს წერს გაარკვიოს, სინამდვილეში შეუძლია თუ არა საქართველოს გაუმკლავდეს სპარსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას, მთის ხალხების დარბევებს და მართლა მოსალოდნელია თუ არა ძმათა შორის დაპირისპირება. ამავე დროს ხალხის გულწრფელი სურვილია რუსეთის ქვეშ მფარველობა, თუ ეს გარეშე ძალების მიერ არის თავსმოხვეულიო.

1801 წლის 15 მაისს კნორრინგი ჩამოდის თბილისში და მიუხედავად უფლისწულ დავითის თხოვნისა, რომ იმპერატორ პავლესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად აღიარონ საქართველოს მეფე-გამგებლად, ის სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორა და აყალიბებს ახალ მთავრობას მასში ქართველი თავადების შეყვანით, რომელსაც ქვეყნის მართვის მთელი უფლებამოსილება გადაეცა. ამ ფაქტის წინაშე მდგომი უფლისწული დავითი წერს გენერალ ლაზარევს: ”ცნობილია თქვენთვის, რომ საქართველო უკვე აღარ არის საქართველო, არამედ რუსეთია, ხოლო მისი მცხოვრებელები ამიერიდან რუსეთის ქვეშევრდომები არიან.”გვ.226

გაოცებას იწვევს, რომ უფლისწული დავითი ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა ის ქვეყნის მმართველად არ დანიშნეს, თორემ განა რუსეთის ქვეშევრდომობის ტრაქტატს არ ესწარფვოდა მამამისი გიორგი XII და თვითონაც ხომ ამ პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, რომ როგორმე მეტოქეები თავისი ბიძების სახით თავიდან ჩამოეშორებინა?!

უფლისწულები უკვე აშკარად მტრობდნენ რუსეთს, აბუნტებდნენ ხალხს, ეძებდნენ მოკავშირეებს ქვეყნის გარეთ. ამის გამო ლაზარევი პირდაპირ წერდა კნორრინგს: ”ჩემი აზრით, ყველაფერს სჯობს, მთელი ბაგრატიონოს გვარი აქედან იქნას გაყვანილი, თორემ სანამ ესენი აქ იქნებიან, უწესრიგობას ბოლო არ ექნებაო.”

ამ პერიოდში წარმოიშობა კიდევ ერთი ბრალდება ბაგრატიონი უფლისწულების მიმართ. ერევნის ხანი მეჰმედი იპყრობს ქართლ-კახეთის პროვინციას ბამბაკს, ხოლო მას ამ ქმედებაში წერილობით მხარდაჭერას უცხადებენ უფლისწულები იულონი, ალექსანდრე და ვახტანგი, რის შესახებაც ლაზარევს ატყობინებს ერევნის არქიეპისკოპოსი გრიგორი, რომელსაც თითქოს ეს წერილები თავად მეჰმედ ხანმა აჩვენა, რომელშიც ეწერა, რომ მას მხარდაჭერას გაუწევდა მათი მოკავშირე ახალციხის ფაშა, ხოლო იმერეთიდან სოლომონ მეფე. ლაზარევი სამხედრო ძალით უსწორდება ერევნის ხანს, მაგრამ ამ პერიოდში ახალციხის ფაშის ხელშეწყობით ლეზგინები (დაღესტნელები) იწყებენ ახალ საყაჩაღო შემოსევებს ქართლ-კახეთზე. რომელთა მოგერიებას კვლავ ლაზარევი ახორციელებს.

კნორინგი წერს იმპერატორს რაპორტს, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაურჩეს მრავალრიცხოვანი ისლამური გარემოცვის თავდასხმებს, ამავე დროს ქართლ-კახეთში დარჩენილია აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ მხოლოდ 35 ათასი ოჯახი. თავადაზნაურობა გაყოფილია ორ პარტიად - უფლისწულ იულონისა და დავითის პარტიად და მიუხედავად იმისა, რომ იულონს ბევრად მეტი მომხრე ჰყავს, ერთმანეთს მაინც არაფერს უთმობენო. ”ერთ-ერთს რომ მივცეთ ტახტი, ამით სავარაუდოდ გამოვიწვევთ სასტიკ სისხლისღვრას და ძმათა შორის შუღლს და მაშინ უკვე ამ თვითმყოფადი სამეფოს ამ ნარჩენებისგან დარჩება მისი სუსტი აჩრდილიო.” გვ.227

ჯერ კიდევ 1801 წლის დასაწყისში, იცოდა რა, რომ რუსეთის იმპერატორს არ სურდა არცერთი უფლისწულის მეფედ დანიშვნა, ერეკლე II-ს შვილი, ულისწული ვახტანგი გენერალ კნორრინგს წერდა: ”ამგვარი ცნობა სასიამოვნოა. ამის გარეშეც რუსეთის იმპერატორი ჩვენი ხელმწიფეა, ჩვენ კი მისი ქვეშევრდომები და მონები და მე ამაზე დიდ ბედნიერებად არაფერს ვთვლი, რომ საქართველოში არავინ იყოს მეფე. ჩემი ძმებიც ასე ფიქრობენ და ასევე მიიღებენ მისი უმაღლესობის ნებასო.” ამავე დროს, უფლისწული ვახტანგი იმასაც აღნიშნავდა, რომ იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ მხოლოდ ძმების მხრიდან იძულების გამო იქცევა. გვ.238

1801 წლის 8 აგვისტოს გაიმართა სახელმწიფო საბჭოს სხდომა. საბჭოში საქართვველოს რუსეთთან შეერთების მოწინააღმდეგეებიც იყვნენ: გრაფები ვორონცოვი, კოჩუბეი და თავადი ჩარტორინსკი. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა,რომ საქართველოს შემოერთებით კიდევ უფრო იზრდებოდა რუსეთის საზღვრები, რაც მისი დაცვისთვის დანახარჯებს ბევრად გაზრდიდა, მითუმეტეს, ეს ქვეყანა მეზობლების მტრულ გარემოცვაში იმყოფებოდა. ამავე დროს, ის მიზანშეწონილად თვლიდა ეკეატერინე მეორის დროინდელი სტატუსით საქართველოს შენარჩუნებოდა დამოუკიდებლობა და მხოლოდ ჯარით დახმარებოდა რუსეთი საგარეო და საშინაო საფრთხეებთან ბრძოლაში.

ვიცე-კანცლერი გრაფი ვორონცოვი პირდაპირ აცხადებდა, რომ ბაგრატიონების გვარი მეფობს საქართველოში არა არჩევით საფუძვლებზე არამედ მემკვიდრეობით და ამიტომ ამ სამეფოს შეერთებას ექნება ძალადობის სახეო. მაგრამ სხვა წევრები ამტკიცებდნენ, რომ რეალური ხელისუფლების გარეშე რუსეთის წარმომადგენელი შინაურ მშვიდობას ვერ დაამყარებდა უფლისწულებში ატეხილი დაპირისპირების გამო. ხალხი კი მშვიდობას და რუსეთის ქვეშევრდომობას მოითხოვს, რასაც შეპირდა მათ რუსეთის იმპერატორი და ის ამ დანაპირებზე უარს ვერ იტყვისო.

სახელმწიფო საბჭო აღიარებდა, რომ 1783 წლიდან საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის შემდგომ, საქართველოს მდგომარეობა უფრო დამძიმდა, უფსკრულში მიექანება და გარდაუვალი სიკვდილისთვის არის განწირულიო. საქართველოს სჭირდება ტახტზე მეფედ ღირსეული უფლისწული, მაგრამ მათგან ვინც ახლა იბრძვის მეფობისათვის ”არცერთი მათგანისგან საქართველოს ხსნა არ ელოდება, და თვითონ მეფე გიორგი ირაკლის ძემ განსაზღვრა რა მთელი უბედურება ბაგრატიონების გვარის იმდროინდელი უვარგისობისა ხალხისთვის, მისგან იმავე ხალხის განსათავისუფლებლად სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობა დაედგინაო.” გვ. 241-244

როგორც ვხედავთ, რუსეთის ხელისუფლებამ სამეფო გვარში უთანხმოება და უფლისწულებს შორის ძმათა შორის ომის გაჩაღების საშიშროება მთელი თავისი უარყოფითი შედეგებით მთავარ მოტივად გამოაცხადა ქართლ-კახეთში ბაგრატიონების სამეფო ტახტის გაუქმებისა და მისი სახელმწიფოებრიობის სრული გაუქმებით ქართლ-კახეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანისათვის.

ბევრი იტყვის, რომ იმპერიული რუსეთი საბაბს ეძებდა, თორემ მისი საბოლოო მიზანი მაინც თავის წიაღში საქართველოს სრული ინკორპორაცია იყო და ძნელია ამ მოსაზრებას შეეწინაღმდეგო, თუმცა არსებობს მონარქიული რუსეთის ისტორიაში სხვა მაგალითები, რომელიც განსხვავებული მოსაზრების არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული. კერძოდ, 1808-09 წლის რუსეთ-შვეციის მორიგი ომის შედეგად რუსეთმა შემოიერთა ფინეთი და იმავე ალექსანდრე I-ის გადაწყეტილებით შეუნარჩუნდა დიდი სათავადოს ავტონომიის სტატუსი ლუთერანული ეკლესიისა და ადმინისტრაციული შიდამოწყობის ხელშეუხებლობით, რომელმაც 1917 წლმადე იარსება, სანამ ფინეთმა სრული დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. ანალოგიურად შენარჩუნებული იქნა სამეგრელოს სამთავროს ავტონომიური სტატუსი, რომელმაც 1804 წლიდან 1867 წლამდე იარსება და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით გაუქმდა.

რაც შეეხება იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებას, სოლომონ II-მ 1803 წელს სოლომონ ლიონიძე, რომელიც ახლა მის სამსახურში იყო, რუსეთში გაგზავნა რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის მისაღებად, მაგრამ იმერეთის მეფე პარალელურად თურქეთთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას დახმარების მისაღებად, რაც გამჟღავნდა. ამის გამო ლიონიძე პეტერბურგიდან გამოაძევეს და რუსეთ-იმერეთის ურთიერთობის პოლიტიკის წარმოება გენერალ პავლე ციციანოვს მიანდეს, რომელმაც აიძულა სოლომონ მეფე რომ მფარველობის ნაცვლად ქვეშევრდომობის ხელშეკრულება დაედო რუსეთთან 1804 წელს, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. სოლომონი არ ურიგდებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას, დიდი ბრძოლებიც გამართა რუსეთის ჯართან, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და 1815 წელს თურქეთში დევნილობაში გარდაიცვალა.

საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. გავაანალიზოთ ამ ეპოქის დადებითი და უარყოფით მხარეები და შემდგომ გამოვიტანოთ დასკვნა, საერთო ჯამში, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთება ქართველი ერისთვის დადებითი მოვლენა იყო თუ უარყოფითი. აქსიომაა რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დაკარგვა უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირან-ოსმალეთის კავკასიაში აქტიურად შემოჭრის შემდგომ, განსაკუთრებით მე-17 საუკუნიდან, გარდა იმისა რომ მანამდე საქართველომ ერთიანობა და უამრავი ტერიტორია დაკარგა, ამავე დროს, შემდგომში ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლილი ქვეყანა ირანისა და თურქეთის ვასალურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდა?

მაშასადამე, თითქმის მთელი ორი საუკუნის მანძილზე, რუსეთთან შეერთებამდეც, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკი სიმართლისგან შორს არის. ეს ჩვენ ვუწოდებთ ბაგრატოვან მმართველებს მეფეებს, თორემ სინამდვილეში ისინი შაჰ-სულთნების მიერ ინიშნებოდნენ, ხანებად და ფაშებად იწოდებოდნენ და ხშირად იძულებულნი იყვნენ მუსულმანობაც მიეღოთ.
ასეთები იყვნენ დავით XI (დაუთ-ხანი), როსტომ მეფე (ხოსრო მირზა), ვახტანგ V (შაჰნავაზი), ვახტანგ VI (ჯანიშინი) და სხვა. არსებული შეზღუდული ქართული სახელმწიფოებრიობაც ასრულებდა თუ არა თავის ფუნქციას, ესეც სამსჯელო საკითხია. საერთოდ, სახელმწიფოს სამი მთავარი ფუნქცია გააჩნია, გადაარჩინოს და შეინარჩუნოს: პირველი - სახელმწიფოს მაიდენტიფიცირებელი ერის ფიზიკური არსებობა, მეორე - ერის თვითმყოფადობა-იდენტურობა, მესამე: სახელმწიფო ტერიტორია, როგორც ერის სასიცოცხლო სივრცე. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამ დანიშნულებას დაქუცმაცებული საქართველოს ქართული სამეფოები უმეტესწილად ვერ ასრულებდენენ, ან იმდენად ძნელად ასრულებდნენ, რომ ხშირად ქართველი ხალხი სრული განადგურებისა და გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა.

რა თქმა უნდა, ამას თავისი გეოპოლიტიკური მიზეზები ჰქონდა, მოკლედ რომ ვთქვათ, უზარმაზარ აბობოქრებულ ისლამურ ოკეანეში საბოლოოდ პატარა ქრისტიანულ კუნძულად ვიქეცით, მაგრამ ეს ხომ სწორედ იმ რეალობას ამტკიცებს, რომ მუდმივად ჩვენს წინაშე აღმართული დაუნდობელი ტალღებით წალეკვა-მოსპობის წინაშე ვიდექით. ვერც იმ სალ კდესავით მტკიცე ურღვევ ციხე-ბასტიონად შევძელით ქცევა, რომელსაც ეს ტალღები ასკდებიან, მაგრამ ვერაფერს აკლებენ და უკუდარტყმა მიღებულნი იშლებიან და უკან იხევენ. შური, განდიდება-ამპარტავნობა, ანგარებით ქვეყნის ღალატი, ძმათა შორის შუღლი და ურთიერთმტრობა საუკუნეების მანძილზე აუძლურებდა და შლიდა ქვეყნის ერთიან სხეულს, რომელიც ისედაც მოძალებული მტრისთვის ადვილი ლუკმა ხდებოდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ისტორია არა მარტო ჩვენი წინაპრების გმირული შემართებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის ამბებს მოგვითხრობს, არამედ მისი შვილების სულიერი დაცემის აღწერითაც არის სავსე, რამაც საქართველოს დაჩოქება-დაცემის ნიადაგი შექმნა. უდიდესი პატრიოტი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის სტრიქონები განა ამ მდგომარეობას არ დასტიროდნენ? მინდა კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ეს სტროფები, განა მათზე უკეთესად და მეტყველად ვინ იტყვის იმას, თუ რა მომაკვდინებელი სენი სჭირდა საქართველოს:

შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანერთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,
მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, -
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!

საუბედუროდ, არანაკლებ მძიმე დღეში იყო იმერეთის სამეფო. გარდა იმისა, რომ იმერთა მეფე ხშირად სამეგრელო(ოდიშის), გურიისა და აფხაზეთის მთავრების მიერ საპამპულოდ იყო ქცეული, ამავე დროს, ქვეყანაში საკუთარი თანამემამულეების მონებად გაყიდვა ჩვეულებრივი ვაჭრობის საგანი გახდა, რაც, რა თქმა უნდა, თურქეთიდან იყო წახალისებული, მაგრამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ეს არა მარტო სამარცხვინო ლაქად იქცა, არამედ საქართველოსთვის უკვე კატასტროფულ შედეგებს იწვევდა.

ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც 1672 წელს დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, გვამცნობს: ”ტყვეთა სყიდვამ სამეგრელოს 40 000-იანი მოსახლეობა 1640-იანი წლებიდან მოყოლებული სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში 20 000-მდე შეამცირა.”

იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1630-1649 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში, ტყვეთა სყიდვის საშინელ ფაქტებს აღწერს, კერძოდ, თავადმა ჭილაძემ თუ როგორ მოტყუებით მიიწვია 12 მღვდელი, წირვა ჩაატარებინა, შემდგომ შებორკა, გაპარსა და თურქებზე გაყიდა. წარმოიდგინეთ, როცა სასულიერო პირებს ასე თავხედურად, დაუსჯელად მონებად ჰყიდდნენ, უბრალო ყმა-გლეხობის რა დაუნდობელი გატაცებები იქნებოდა.

ტყვეთა სყიდვას, როგორც ამ ამაზრზენ მოვლენას უწოდებენ, არადა, ეს იყო მონების ყიდვა-გაყიდვა, რომლის ოფიციალური ბაზრები არსებობდა დასავლეთ საქართველოში და ანალოგი იმ ეპოქაში ჰქონდა მხოლოდ აფრიკიდან გატაცებული ზანგებით ამერიკაში ვაჭრობას, იმერეთის მეფე სოლომონი და მანამდე სხვა პატრიოტი ქართველებიც ებრძოდნენ, მაგრამ ეს მავნე ჩვევა იმდენად იყო გამჯდარი ქართულ საზოგადოებაში, რომ მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ მოხერხდა მისი სრული აღმოფხვრა.

მტერთა მუდმივი შემოსევებისა და ტყვეთა სყიდვის შედეგად XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე იმერეთის სამეფოში დაახლოებით 120 ათასამდე მცხოვრები იყო. დაახლოებით ამდენივე ქართველი ცხოვრობდა აღმოსავლეთ საქართველოში. მაშასადამე რუსეთთან შეერთების წინ საქართველოში ცხოვრობდა 250 ათასი ქართველი. ესე იგი, თამარ მეფის ეპოქის 5 მილიონიანი რაოდენობის ქართველობა შემცირებულა 20-ჯერ.

ძნელი გასაცნობიერებელი არ უნდა იყოს, რომ არსებული პოლიტიკური გარემო-ვითარების შენარჩუნების პირობებში გაგრძელდებოდა ზემოთ აღნიშნული იგივე კატასტროფული პროცესები და დიდი ვარაუდით, ქართველი ხალხი, როგორც ერი სრული გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე დადგებოდა, ისევე როგორც უამრავი მაღალცივილიზებულ ერი ითვლება განადგურებულ-ასიმილირებულად და მათი ხსოვნა მხოლოდ ისტორიულ ძეგლებსა და წერილობით საბუთებშია შემონახული. ასეთებია: შუმერები, ფინიკიელები, ძველეგვიპტელები, ლათინები, ეტრუსკები, აცტეკები, მაიას ტომი და სხვა. რაღა შორს წავიდეთ, აგერ კავკასიაში ათიოდე საუკუნის წინ ქრისტიანი ალბანელი ერი არსებობდა, მაგრამ დღეს მათ შთამომავლად ორიოდე სოფლის მაცხოვრებლებსღა თვლიან.

გულუბრყვილობაა იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც ზებუნებრივი ძალები უზრუნველყოფენ ქართველი ერის მარადიულ სიცოცხლეს და მას უკვდავების წყალი აქვს გადასხმული. ერიც ცოცხალი არსებასავით არის და თუ მას შესაბამისი სასიცოცხლო პირობები გამოეცლება, ისიც სუსტდება და კვდება. ამიტომაც სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ჟლეტვა-გადასახლება-გატაცებებით და სარწმუნოებრივ-ეროვნული მენტალიტეტის ძალადობრივად შეცვლით 5 მილიონიდან 250 ათასამდე დაყვანილი ქართველი ერის გადარჩენის პერსპექტივა იყო მხოლოდ ძლიერი, ერთმორწმუნე მოკავშირე-მფარველის მოძიებაში, რაც ყველაზე უკეთ ჰქონდათ შეგნებული ჩვენს საღად მოაზროვნე წინაპრებს და ამიტომაც საუკუნეების მანძილზე დაუღალავად ეძებდნენ მას ქრისტიანულ სამყაროში. ის რომ მხოლოდ რუსეთი აღმოჩნდა მზად ეს როლი შეესრულებინა, ეს არის ისტორიული ფაქტი, ხოლო პოლიტიკურ-იდეოლოგიური ტენდეციური შეხედულებებით ამ ფაქტის დამახინჯება ან დავიწყება მის არსებობას ვერაფერს დააკლებს, რადგან ეს ისეთი სიმართლეა, რომ ვერავინ წაშლის.

ეს სიმართლე კი ეფუძნება რეალურ ციფრებს. 250 ათასი ქართველიდან რუსეთთან პოლიტიკურად მჭიდრო თანაცხოვრების პირობებში 1990 წელს სუფთა ქართული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 4 მილიონამდე ავიდა, ანუ 15-ჯერ გაიზარდა და ეს მაშინ, როცა საქართველომ რუსეთის შემადგენლობაშიც განიცადა მძიმე დანაკლისი პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაახლოებით რეპროდუქციის ასაკში მყოფი ნახევარი მილიონი მამაკაცის სახით.

აღნიშნულის ანალიზით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხი დადებითად გადაწყდა რუსეთის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში, რომელიც ჯერ რუსეთის ადმინისტრაციული ერთეულების, გუბერნიების სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო შემდგომ საბჭოთა რესპუბლიკის სახით, რომელიც ქართველ ერს რეალურად მხოლოდ შიდა ავტონომიური მმართველობის უფლებებს ანიჭებდა. ხოლო ფიზიკური გადარჩენის პრობლემის მოგვარება, რომ მისი სუვერენული უფლებების მოგვარებისათვის წინაპირობებს ქმნის, ეს სადავო არ უნდა იყოს და ეს, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაამტკიცა, ასეც მოხდა.

სახელმწიფოს მეორე ფუნქცია, როგორც აღვნიშნეთ, ეს არის ერის თვითმყოფადობა-იდენტურობის შენარჩუნება. გლობალისტ-კოსმოპოლიტური დასავლური ანტიეროვნული იდეოლოოგიის დოქტრინის მიმდევრებისთვის ეროვნული პრობლემა საერთოდ არ არსებობს, მათ ქართველი ერი, როგორც ეთნოკულტურული ფენომენი, მეასეხარისხოვან კატეგორიად მიაჩნიათ და სახელმწიფო-საკანონმდებლო და პროპაგანდისტულ დონეზე იბრძვიან მისი ფუნდამენტის დასუსტებისა და მოშლისთვის.

მართლმადიდებლური სარწმუნოება და მასზე დაფუძნებული ეროვნული ტრადიციები, ზნეობრივი პრინციპები, ოჯახის კულტი, ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი განათლება - ეს ის სამიზნეებია, რომელთა მოშლისკენ არის მიმართული მათი იარაღი. ამას ისლამური სამყარო ახერხებდა დაპყრობილ ტერიტორიებზე ქრისტიანული რწმენის ცეცხლითა და მახვილით ამოშანთვით და მის ნაცვლად მაჰმადიანური სარწმუნოებისა და კულტურის დამკვიდრებით. ტყუილად კი არ წერდა ილია ჭავჭავაძე: ”ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა ჩვენში ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა საქართველოს. ჩვენში სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორცთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი მტრისა წინაშე.” განა იმავეს არ ამბობს ჩვენი პატრიარქი თავის ბოლო სააღდგომო ეპისტოლეში: ”საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, არ მგონია, ეარსება ქართველ ხალხს. საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის და ამაზე იყო და არის დაფუძნებული ქართული ცნობიერება და ქართული კულტურა და ეს გრძელდება.”

სწორედ ქრისტიანული რწმენის გულიდან ამოგლეჯვით დაკარგა ქართული ცნობიერება თურქეთის მიერ დაპყრობილი ტაო-კლარჯეთისა და ქართული ორიენტაციის მქონე ყოფილი ტრაპიზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობამ და უძველესი ქართული ტომი ლაზები დღეს აცხადებენ, რომ ქართველები არ არიან. ანალოგიური საშიში შედეგების მომტანი პოლიტიკა ხორციელდება სადღეისოდ აჭარაში რელიგიურ ნიადაგზე საოცრად გააქტიურებული პროთურქული ძალების მიერ და, სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებულმა ქართულმა ხელისუფლებამ იმის ნაცვლად რომ თურქეთის ამ ფარულ ეკონომიკურ-რელიგიურ-კულტურულ ექსპანსიას დაუპირისპიროს კარგად დაგეგემილი ეროვნული პოლიტიკა, პირქით, თავისი უმოქმედობით თუ ქმედებებით ხელშემწყობ პირობებს უქმნის ამ დამღუპველ პროცესებს.

ქართულმა ეკლესიამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლით 1811 წელს ავტოკეფალია დაკარგა. 1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს სწერს: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით“. მართალია, შემდგომ საერთოდ რუსი ეგზარქოსები დაინიშნენ ეკლესიის მმართველებად და ბევრი უმსგავსი ქმედებაც განხორცილდა ქართული ეკლესიის მიმართ, მაგრამ ქართულ მოსახლეობას მაინც ძირითადად ქართველი სასულიერო პირები მოძღვრავდნენ, რაც ერის ქრიატიანული რწმენისა და კულტურის შენარჩუნების საფუძველი იყო, ხოლო 1917 წელს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალიაც აღიდგინა.

ის, თუ რა მძლავრი ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობა გაჩაღდა საქართველოში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ევროპულ განათლება მიღებული ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ, ეს ყველას მოგვეხსენება, თუმცა ზოგჯერ რუსეთის იმპერია წინ ეღობებოდა თავისი რუსიფიკატორული პოლიტიკით, რომელსაც შეეწირნენ კიდეც სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი, მაგრამ მათ მიერ ჩაყრილმა თესლმა იხარა და მათ ეროვნულ იდეებზე აღზრდილმა თერგდალეულთა თაობამ ეროვნულ-კულტურული რენესანსი განახორციელა საქართველოში.

უმადურობა იქნებოდა არ ითქვას, რომ მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლებამ ეროვნული საკითხებისადმი ლიბერალური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რომლის მაგალითი იყო საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის ვორონცოვის მოღვაწეობა. 

(გაგრძელება იქნება)