მანანა კობახიძეს „რუსთავი 2“-ზე და ნაციონალებზე ეცინება: „ბინძური ხალხია“

მანანა კობახიძეს „რუსთავი 2“-ზე და ნაციონალებზე ეცინება: „ბინძური ხალხია“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, შეფასებით, წინასაარჩევნოდ დაიდგა სპექტაკლი, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“ -ს შსს უსმენს და ეს ხელისუფლების ინტერესშია. მანანა კობახიძე ამ თემის გარშემო სრულფასოვანი, დეტალური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საჭიროა გამოძიებასთან ითანამშრომლონ ნიკა გვარამიამ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა. გარდა ამისა, ვიცე-სპიკერმა ტელეკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან თვლის, რომ ის არის მხარე.

For.ge. მანანა კობახიძეს ესაუბრა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ჯოჯოხეთის მოწყობით დაგემუქრათ. როგორ შეიძლება დასრულდეს ღია დაპირისპირება ხელისუფლებასა და ტელეკომპანიას შორის? მით უმეტეს, თქვენ ამტკიცებთ, რომ ტელეკომპანია ამ შემთხვევაში არის მხარე და მას ჟურნალისტიკასთან საერთო არ აქვს...

მანანა კობახიძე: დიახ ეს არის მხარე. „რუსთავი 2“-ის მიმართ ვერ ვიქნები ნდობით განწყობილი, ეს არა არის გუშინ და გუშინწინ მომხდარი მოვლენების ბრალი, არამედ მას შემდეგ, რაც დაირქვა, რომ არის ხალხის ტელევიზია. იყო პერიოდი, როდესაც „რუსთავი 2“ მართლა ცდილობდა მაქსიმალურად გადმოეცა საზოგადოების განწყობა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვნახეთ, თუ როგორ გადაიქცა ეს ტელევიზია „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის წყაროდ.

ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ აპოლოგეტი ჟურნალისტების სცენარით იყო დაწერილი. ქვეყანაში დღის წესრიგს ქმნიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის რუპორი იყო „რუსთავი 2“. ძალიან ბევრი დადგმული სიუჟეტის მომსწრეა საზოგადოება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ძალა არ არსებობდა.

ამ ტელევიზიის მიმართ ნდობა არ მაქვს და ეს 2012 წლის არჩევნებამდეც ასე იყო. მახსენდება ქალბატონი თეა ადეიშვილი, რომელიც მის სიუჟეტებში დაკავებული იყო იმით, როგორ მოეხდინა „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წევრის დისკრედიტაცია. მათი მთელი საინფორმაციო ეხებოდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ ეს იყო რუსული ძალა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსეთის აგენტი და მათი მიცემული ფულით მოქმედებდა და ჩვენ, ყველანი, ამ გუნდის წევრები, ქვეყნის მოღალატეები ვიყავით, ლამის ნარკობარონების მფარველად გამომიყვანეს პირადად მე. ტყუილს და მართალს ერთმანეთში ურევდნენ.

ეს სცენარები იწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირმა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით. ყველა არხი მაშინდელი „იმედი“, „რეალ ტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (ქალბატონი კვესიტაძის უშუალო ჩართულობით)  მონაწილეობდნენ ამაში. ნიკა გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი და არქიტექტორი „ნაციონალური მოძრაობისა“,  მათ შორის - ფილმის „ნოემბრიდან-ნოემბრამდეს“ სცენარისტი, მისი და მისი მეგობრების მიერ ხდებოდა უკანონო მოსმენები და ამის საფუძველზე უდანაშაულო ადამიანების გასამართლება.

ნიკა გვარამიას ბოდიში მისაღებია თქვენთვის? ეს არის დანაშაულის აღიარება?

- დიახ, ეს იყო აღიარება. ადამიანი აღიარებს, რომ ის იყო ყოველივე ამის თანამონაწილე. „ბოდიში“ - ეს კარგი სიტყვაა და ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ბოდიშს ვიხდი რა... - როდესაც იმ რეჟიმმა და იმ სისტემამ, რომელიც მათ შექმენს,  ადამიანების სიცოცხლე შეიწირეს და არაერთი ადამიანის, ოჯახებში ტრაგედიები დატრიალდა ამის გამო, ათი ათასობით ადამიანი გაუბედურდა იმის გამო, რომ სისხლიანი რეჟიმი იყო... ბოდიში ამას არ შველის. ამ უბედურებას ვერ რეცხავს ნიკა გვარამიას ბოდიში. ადამიანების სიცოცხლე შეიწირეს, ოჯახები გააბედურებს და ახლა მათი ბოდიში, ისიც - ნახევრად ცინიკურად ნათქვამი, უკაცრავად, ეს საზოგადოების ძალიან დიდი შეურაცხოფაა.

არ მსიამოვნებს არც ერთ ჟურნალისტთან დაპირისპირება და არც ერთი ხელისუფლების სურვილი ეს არაა. ჩვენ მედიას პატივს ვცემთ, მაგრამ მედიას, რომელიც დამოუკიდებელია, პატიოსანია, მიუკერძოებელია და, რაც მთავარია, პროფესიონალია. ამ თვალსაზრისით „რუსთავი 2“-ს ძალიან ბევრი ნიშანი აქვს დაკლებული. ნიკა გვარამიას წარსულ ბიოგრაფიას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ის იყო იმ რეჟიმის შემოქმედი და დღეს ბოდიშს იხდის, რომ ამაში მონაწილეობდა.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ ისევე როგორც წლების განმავლობაში, ეს ტელეკომპანია დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კურსის გამტარებელია?

- დიახ. „რუსთავი 2“  პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა „მე-9“ არხთან დაკავშირებით, რომ აი ბიძინა ივანიშვილს თავისი ტელევიზია აქვს და ა.შ. პროპაგანდის ხარისხით ეს არხი გაუტოლდება „რუსთავი 2“-ს პროპაგანდას რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აწარმოებს. ეს არხი დაიხურა ზუსტად იმიტომ, რომ არავის ეთქვა ხელისუფლებას თავისი არხი აქვს, რომლის საშუალებით ეწევა პროპაგანდასო.

სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირი ინტერესები და კავშირები აქვს „რუსთავი 2“-ის მიმართ. მათი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი, ირმა ნადირაშვილი რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოღვაწეობდა, პარალელურად კიდევ საქმიანობდა „რუსთავი 2“-ში, დღესაც რომ კავშირებია მათ შორის, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? დამფუძნებელს რა კავშირები აქვს სააკაშვილთან და ყოფილ ხელისუფლებასთან, ეს კიდევ სხვა თემაა. როგორ ხდებოდა ამ არხის წილების გადაფორმება და წილების დათმობა, ეს ყველამ ვიცით. დღეს უკვე არავის ეჭვი არ ეპარება რომ „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამხმოვანებელი.

ვიზიარებ ლევან იზორიას განცხადებას, თუ ასეთი კავშირებია ყოფილ ხელისუფლებასა და „რუსთავი 2“-ს შორის, რატომ არ დაგეგმავენ ისინი საარჩევნო კამპანიას ერთად, როდის რა სიუჟეტი უნდა გავიდეს, როდის რა ჯოჯოხეთი უნდა მოუწყონ ხელისუფლებას. გულწრფელი იყო ნიკა გვარამია, რაც გულში აქვს ის თქვა. ეს ახლა თქვა, თორემ რა პროცესები უნდა მოუწყონ ხელისუფლებას, ეს ბევრად ადრე დაიგეგმა „რუსთვი 2“-ში უბრალოდ ახლა გააჟღერა გვარამიამ.

ლევან იზორია ამბობს, რომ ნიკა გვარამია ამ თამაშში დამარცხდება. ის ამბობს, რომ  კანონით პრეზიდენტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება, შეემოწმებინათ კერძო კომპანიის უსაფრთხოების კუთხე. თუმცა, არხის ხელმძღვანელობა ვერ იხსენებს, ეს იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, თუ რომელიმე სხვა კომპანია...

- დავიჯეროთ, რომ ისეთი მიამიტები და ბრიყვები არიან, რომ ეს არ იციან? ეს დადასტურებულია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება. ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შედის ამ უწყებაში მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა პრეზიდენტს და ეს სამსახური შედის ტელევიზიაში, ეს ადასტურებს, რომ ამ ტელევიზიას აკონტროლებდა მიხეილ სააკაშვილი. ასე მარტივი არაა ტელევიზიაში შესვლა. სცადეთ და კერძო კომპანიაში მოიწვიეთ სახელმწიფო დაცვის სამსახური... აბა, თუ მოვლენ და ასეთ მომსახურებას თუ გაგიწევენ! შესაბამისად, ის, რომ მათ გადააჭარბეს უფლებამოსილებას და ის, რომ „რუსთავი 2“ იწვევს მათ, ეს არაა საკმარისი საფუძველი, რომ კავშირები დავინახოთ „რუსთვი 2“-ს და ყოფილ ხელისუფლებას შორის? როცა ამ კითხვას ვსვავ ამ არხის მიმართ,  ამაზე პასუხი არ აქვთ.

სახელმწიფო დაცვის მიერ კერძო კომპანიის დაცვა, ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი, ამტკიცოს ხელიუფლებამ, რომ ეს არის ტელეკომპანიის მიერ გაკეთებული?

- რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი დეტალია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილება ძალიან მკაცრად არის გაწერილი კანონში, თუ როგორ უნდა მოქმედებდნენ სპეცსამსახურები და მისი თანამშრომლები, რა არის  მათი უფლებამოსილება. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი აშკარად ამეტებდნენ ამ უფლებამოსილებებს, ამეტებდნენ კერძო კომპანიის სასარგებლოდ. რატომ მაინცადამაინც „რუსთვი 2“? ფაქტია, რომ ყოფილ ხელისუფლებასა და ტელეკომპანიას შორის კავშირები არის, ამის დამადასტურებელი კიდევ სხვადასხვა მაგალითები შეიძლება მოვიძიოთ, ეს გამოძიების საქმეა, დავაცადოთ გამოძიებას.

ეს მიზანმიმართული და ძალიან ცუდად დაგეგმილი კამპანია. ნამდვილად ყველაფერს გაარკვევს გამოძიება და დადგინდება, ვინ და როდის უსმენდა. როდესაც ითხოვ სწრაფად გამოძიებას და ამ დროს კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ წყაროს არ დავასახელებ, თან წყარო არ დაასახელო, თან დაზარალებულის ვალდებულება არ შეასრულო, ეს არაა სწორი. ვინ გველაპარაკება ფარულ მოსმენებზე და მიყურადებაზე? მათ არ შექმნეს ეს სისტემა? მე შეიძლება კრიტიკა მივიღო მოქალაქისგან, ჟურნალისტისგან და არა „ნაცმოძრაობის“ პიარშიკებისგან, მაგრამ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მელაპარაკება ფარულ ჩაწერაზე, კანონის მიღება-არმიღებაზე, აქ უკვე ძალიან მეცინება.

ამ კანონით სწორედ მათ შექმენს უბინძურესი სისტემა, ჩვენ ვანგრევთ ახლა ამ სისტემას და ჩვენ ვცვლით ამ კანონს. ძალიან ვთხოვ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ მიიღებენ ამაში მონაწილეობას. სულ არ მაქვს სურვილი, რომ იმ სიბინძურის ჩამოწმენდა მოახერხონ ამ კანონსითვის მხარდაჭერით. სწორედ მათი მხარდაჭერის გარეშე მივიღებთ ჩვენ ამ კანონს.  ესენი იყვნენ ძალა, რომლებიც მთელს საქართველოს და მათ შორის ერთმანეთს უსმენდნენ.

გამორიცხვათ, რომ დღესაც გრძელდებოდეს მოსმენები? ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,  ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გააჩნით დადასტურებული ინფორმაცია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სპეციალური მოწყობილობები, მოსასმენი აპარატურა, ასევე სხვა საშუალებები, რომლითაც მათ აქვთ საშუალება განახორციელონ უკანონო მოსმენა და ფარული მიყურადება. მით უმეტეს, დააანონსა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, რომ აქვთ ჩანაწერები როგორ უსმენენ დღევანდელ ხელისუფლებაში ერთმანეთს...

- დიახ, როდესაც შს მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, მან გააკეთა ეს განცხადება. 2011 წელს შსს-ს სპეცსახსრების ანგარიშიდან ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მათ შეიძინეს ფარული მოსმენების აპარატურა. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა შს მინისტრი, ეს აპარატურა იქ არ დახვდათ, არადა ძალიან დიდი თანხა იყო გადახდილი. გაიტაცეს ეს აპარატურა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ მათ ნამდვილად ამოყარონ რამე ჩანაწერები. შეიძლება ეს დაემთხვეს ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მორიგი სპექტაკლი დადგან და იყვირონ, რომ აი თქვენც ისმენთო. ბინძური ხალხია, ბინძური მეთოდებით მუშაობენ. სულ რომ გაქრეს „ქართული ოცნება“, დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხს ეყოფა იმის გონიერება, რომ არასოდეს ეს კრიმინალური ძალა არ დააბრუნოს ხელისუფლებაში.

„რუსთავი 2“ სოციალური რეკლამის სახით აშუქებდა „ეს შენ გეხებას“ მიერ ორგანიზებულ აქციას, რომ ყველას გვისმენენ. ამას მოჰყვა ტელეკომპანიაში ე.წ. სათვალთავლო კამერის აღმოჩენა. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური დივიდენდები შესძინა ამ კამპანიამ პროცესებს?

- არ მინდა, რომ პირდაპირ დავუპირისპირდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს უნდა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ წინა წლებში „რუსთავი 2“-ის ეთერში ასეთი ტიპის სოციალური რეკლამები გასულა? ასეთი ტიპის კამპანაია თუ უწარმოებიათ არასამთავრობოებს „რუსთავი 2“-თან ერთად, იმიტომ, რომ მართლაც ტოტალური მოსმენა იყო. მარტო ფოტოგრაფების საქმე რად ღირს, რომ ადამიანები სურათის გადაღებისთვის დაიჭირეს, იმ პერიოდში არ მახსოვს ასეთი დონის სატელევიზიო კამპანია და, თანაც - „რუსთავი 2“-ზე გაშვებული.

სწორედ ამიტომ მწყდება გული, რადგან ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა იმ ფაილების განადგურებაში, შსს-ს მოწვევით იყვნენ ამ საქმეში აქტიურად ჩართული, მათ მიერ შემოტანილი ინიციატივა კანონპროექტად აქცია პარლამენტმა... ეს არ აწყობთ „ნაციონალებს“. ამ ფონზე წამოიწყეს ეს კამპანია არასამთავრობოებმა, შეიძლება ძალიან გულწრფელად, მაგრამ ამას ძალიან კარგად იყენებს „რუსთავი 2“ ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. ეს ძალიან შორს დაგეგმილი კამპანია.

და რა როლი აქვს ამ შემთხვევაში ტელევიზიას?

- „ნაციონალური მოძრაობის“ შემობრუნება. ერთი გუნდი არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებში კომფორტულად არ არიან. ეს არის ერთი გუნდი. ამიტომ ებრძვიან ხელისუფლებას. ჟურნალისტი კი არ უნდა ებრძოდეს ხელისუფლებას, უნდა მიუთითებდეს ობიექტურად და აშუქებდეს რეალობას. „რუსთავი 2“-სგან დანახული რეალობა კი სხვაა.

რამდენადაც ვიცი, ბოიკოტი გამოუცახეთ...

- სხდომიდან გამოვსულვარ იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-სთვის კომენტარი მიმეცა. ჟურნალისტებს დიდ პატივს ვცემ, თავის საქმეს აკეთებენ, პოლიტიკოსი კი ვალდებულია მისცეს კომენტარი, მაგრამ როცა კომპანიის დირექტორი გვემუქრება, რომ ჯოჯოხეთს მოგვიწყობს, რატომ უნდა მქონდეს სურვილი ამ კომპანიას მივცე რაიმე კომენტარი?