2012 წელს თურქმენეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ მიმართული „თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის“ (TAPI) პროექტისა და ჩინეთისკენ გაყვანილი «ცენტრალურაზიური გაზსადენის» სწრაფმა წარმატებებმა ბრიუსელში კვლავ წამოჭრა კითხვები თურქმენეთის გაზის რეზერვების და ამ გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესაძლებლობის შესახებ. ექსპერტები, ევროზონის ფინანსური პრობლემების ფონზე არ გამორიცხავენ, «დერეფნის» პროექტების გაიაფების მიზნით, მათ სხვადასხვა ფორმით ტრანსფორმაციას.
ერთ-ერთი ასეთი ტრანსფორმაციული იდეაა ევროპული და რუსული გაზსადენების გაერთიანება ფინანსური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ეს საკითხი პირველად 2010 წლის დასაწყისში დაისვა. 2011 წლის 10 იანვარს, ის კვლავ წამოჭრა აშშ-ს ელჩმა იტალიაში დ. ტორნმა.
ამგვარი გაერთიანების იდეას რუსეთში მართალია ღიად უარყოფენ, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, „სამხრეთის ნაკადის“ მომავალმა მაღალმა დანახარჯებმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს და „გაზპრომი“ აიძულოს, რომ ან უკრაინული გაზის ქსელის მოდერნიზაციაზე დაიწყოს ფიქრი, ან ევროპულ ბაზარზე თავისი გაზი გაცილებით ნაკლებ დანახარჯიანი, ევროპული პროექტების მარშრუტით გადაგზავნოს. ამ პროექტებიდან უკრაინასთან, მხოლოდ ყველაზე ნაკლებად დამუშავებული, ჯერ იდეის დონეზე არსებული, „თეთრი ნაკადია“ ასოცირებული. თანაც, უკრაინის გაზის ქსელის გამტარუნარიანობა შეზღუდულია. ექსპერტების გათვლებით, უკრაინაზე ტრანზიტი გაზზე ევროპის მზარდ მოთხოვნას, სრულად ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომ, პროექტების არა უკრაინის საშუალებით, არამედ სხვა ფორმატში გაერთიანებას, ახლა რუსეთმა შეიძლება დაუჭიროს მხარი. ექსპერტულ წრეებში უკვე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შეიძლება მოსკოვში ევროპული «დერეფნის» გაზსადენებთან რუსული «სამხრეთის ნაკადის» დაკავშირების ადგილის მოძიება დაიწყონ.
დღევანდელ პირობებში, ადგილი სადაც რუსეთის და კასპიისპირეთის გაზის დასავლური მარშრუტები იკვეთება, არის საქართველო. კერძოდ, საქართველოში გადის „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი“, რომელიც რუსეთის ქ. მოზდოკიდან საქართველოს ტერიტორიით სომხეთს უკავშირდება. ის ქ. გარდაბანსა და ს. ჯანდარას შორის კვეთს „სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს“ (SCP), რომლითაც ამჟამად „შაჰ-დენიზის“ პირველი სტადიის გაზი არა მარტო თურქეთს, არამედ მისი გაზის ქსელით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, - საბერძნეთსაც მიეწოდება. SCP გაზსადენიდან საქართველო, სატრანზიტო მოსაკრებლის სახით, გატარებული გაზის 5%-ს იღებს უფასოდ, 5%-ს - შეღავათიან ფასად.
„მაგისტრალური გაზსადენი“, ორი დაწყვილებული მილისგან შედგება, - ძირითადი მილის დიამეტრია 1200 მმ, ხოლო სათადარიგოსი, - 700 მმ. დღეს ამ გაზსადენის ძირითადი მილით გაზი სომხეთს მიეწოდება, ვინაიდან საქართველო 2007 წლიდან „შაჰ-დენიზი 1“-ის გაზით მარაგდება.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ეს გაზსადენი, საპროექტო სიმძლავრესთან შედარებით (წლიურად 18 მლრდ კუბმეტრი), გაცილებით ნაკლები დატვირთვით (1.93-1.44 მლრდ კუბმეტრი) მუშაობს. თუმცა, საბჭოთა პერიოდშიც, მისი დატვირთვა არ აჭარბებდა წლიურად 9.5 მლრდ კუბმეტრს. ამჟამად, „მაგისტრალური გაზსადენიდან“ ტრანზიტის საფასურად „საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ იღებს გატარებული რუსული გაზის 10%-ს, რაც 2008-2011 წლებში 193-144 მლნ კუბმეტრის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი საქართველოს გაზის მოხმარების 11.2-11.0%-ია.
სომხეთის კონტროლის პალატის 2009-10 წწ. ენერგო-სისტემის შემოწმების მასალებიდან ირკვევა, რომ სომხეთში იმპორტირებული ირანული გაზის ნაწილი საქართველოსაც მიეწოდება, რის სანაცვლოდაც სომხეთში «ერევნის თბოელექტროსადგური» საქართველოდან იღებს ელექტროენერგიას თანაფარდობით, - 1 კუბმეტრ ირანულ გაზში 4.5 კვტ/სთ ელექტროენერგია. სომხეთში იგივე ელექტროსადგური 1 კუბმეტრ ირანულ გაზში, რომელიც „არმროსგაზპრომის“ «თავრიზი-მეგრის» გაზსადენით მიეწოდება, ირანს უბრუნებს 3 კვტ/სთ ელექტროენერგიას. ნათელია, რომ «ერევნის თბოელექტროსადგური» საქართველოში გატანილსა და ირანიდან მიღებულ გაზის ყოველ კუბმეტრს შორის 1.5 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტოლ სხვაობას იღებს. ამის შედეგია, რომ თუ 2009 წელს «ერევნის თბოელექტროსადგურმა» საქართველოში 259 მლნ დრამის გაზი შემოიტანა, უკვე 2010 წელს ეს მაჩვენებელი გაათმაგდა და 2.2 მლრდ დრამი შეადგინა, რამაც სომხეთს საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული ელექტროენერგია მისცა.
ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ერთ-ერთი მილით საქართველოს ირანული გაზის მცირე რაოდენობა უკვე მიეწოდება. თუ ვთქვათ, ამ გაზსადენის 1200 მმ-იანი მილი ქ. გარდაბანთან SCP-ს დაუკავშირდება, მაშინ ის შესაძლებელია გადაიქცეს რუსული გაზის ერთი ნაწილის, რომელიც „სამხრეთის ნაკადისთვის“ იყო განკუთვნილი, დასავლეთისკენ საექსპორტო ახალ მარშრუტად. ეს გაზი, SCP-ს გავლით, შემდგომში „ნაბუქოთი“ ან „ტრანსადრიატიკით“ (TAP), ანუ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ რომელიმე გაზსადენით, ან «ტრანსანატოლიური გაზსადენით“, თურქეთიდან ევროპაში გაიგზავნება.
მიუხედავად ბრიუსელის წინააღმდეგობისა, სავარაუდოდ, აშშ-ს მხრივ გაზსადენების გაერთიანების იდეის კვლავ წამოწევა, ევროპაში გაზის საექსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის შესუსტებას ისახავს მიზნად. ამ მიზეზით, ეს იდეა ევროკავშირის ფინანსური პრობლემების ფონზე, შესაძლოა მალე ბრიუსელისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. ეს ევროპას გაზმომარაგების ალტერნატიული მარშრუტების განხორციელებას გაუადვილებს, ვინაიდან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განხორციელებით უკვე მოსკოვიც დაინტერესდება და მოიხსნება ამ დერეფნისადმი რუსეთის ანტაგონიზმი. მეტიც, ეს კავშირი რუსულ და ევროპულ პროექტებს ურთიერთშემავსებელს გახდის, რითაც საქართველომაც შეიძლება ნახოს სარგებელი. კერძოდ:
ჯერ ერთი, ამ გზით გაიზრდება საქართველოზე გამავალი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზის ნაკადები. შესაბამისად, მოიმატებს ქვეყანაში უფასოდ და შეღავათიანად დარჩენილი გაზის მოცულობა. ამით შეივსება ნახევრად დაუტვირთავი SCP და „მაგისტრალური“ გაზსადენები, და საქართველოს სატრანზიტო ამონაგები გაიზრდება, ისე რომ დამატებით ხარჯების გაწევა არც ქვეყნის ბიუჯეტიდან და არც დასავლეთელი დონორების მხრიდან საჭირო არ იქნება, - აუცილებელი იქნება მხოლოდ მილების გადაკვეთაზე - ქ. გარდაბანთან, ჯანდარაში ე.წ. ინტერკონექტორის აგება.
მეორე, გაიზრდება ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოება, რადგან SCP -სთან მიერთებით რუსეთი დაინტერესდება „მაგისტრალური გაზსადენის“ მაქსიმალურად შევსებით და მისი გამართული მუშაობით, რადგან ეს მილი რუსეთს ახალი მარშრუტით, მაღალი წარმადობის დასავლურ საექსპორტო გაზსადენებთან დააკავშირებს. ასევე, გაიზრდება დასავლეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნად გამოყენების ინტერესი, რადგანაც საქართველო გადაიქცევა გაზმომარაგების რეგიონალურ კვანძად.
მესამე, SCP-სა და „მაგისტრალური“ გაზსადენების ურთიერთდაკავშირება ირანისა და სომხეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ირანი აპირებს სამჯერ გაზარდოს გაზის ექსპორტი და მსოფლიო გაზით ვაჭრობაში თავისი წლი 2%-დან 2015 წლისათვის 10%-მდე გაზარდოს. ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ ამას თეირანი თავისი გაზის რუსეთში (რომელი მილით, უცნობია?!) და სხვა მეზობელ ქვეყნებში გატანით შეეცდება.
კერძოდ, ზოგიერთი ქართველი სპეციალისტის ნაშრომში მითითებულია, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ძირითადი მილი, რომლითაც ის ქ. გარდაბანთან SCP-ს შეუერთდება, შესაძლებელია მეორე ბოლოდან რევერსით, „თავრიზი-მეგრის“ გაზსადენის და სომხეთის გაზის ქსელის გავლით, გახდეს გარდაბნის მომავალ „ჰაბში“ გაზის სამხრეთიდან მიღების საშუალება. ამ აზრს, სრულიად სამართლიანად, „მაგისტრალური გაზსადენის“ პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები ავითარებდნენ. ეს იდეა სომხეთისთვის მისაღებია, რადგან ამ გზით ის თავის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და პანევროპულ პროექტში ჩაერთვება. თანაც ერევანი რუსეთისაგან ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს და სატრანზიტო მოსაკრებლებს მიიღებს. ამასთან, რუსეთიდან მისი გაზმომარაგება ჩვეულებრივ გაგრძელდება „მაგისტრალური გაზსადენის“ 700 მმ-იანი სათადარიგო მილით, რომლის სიმძლავრე, სომხეთის დღევანდელ მოთხოვნილებას (2011–2013 წწ. წელს ეს მაჩვენებელი საშუალოწლიურად დაახლოებით 2 მლრდ კუბმეტრი იყო), სრულად დააკმაყოფილებს.
ჩრდილოეთ–სამხრეთის ენერგოსინქრონიზაცია
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ბოლოს საქართველოს ირანიდან კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული გამოწვევა დაემუქრა. 2013 წლის 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრები მოსკოვში, დსთ-ს ელექტროენერგეტიკული საბჭოს 44-ე სხდომაზე, ენერგეტიკის სფეროში სამმხრივი ურთიერთობების თემას განიხილავდნენ.
აზერბაიჯანის რუსეთ-ირანის ერთიან ქსელში ჩართვა საქართველო-თურქეთის „შავი ზღვის რეგიონული გადამცემის“ (Black Sea Transmission Network - BSTN) პროექტის თავდაპირველი სიმძლავრით განხორციელებას, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის. BSTN დაკავშირებულია გარდაბანის ქვესადგურთან აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ხაზთან, რომლის აგების მიზანი იმთავითვე იყო რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის შექმნა საზღვრებზე ელექტროენერგიის თავისუფალი გაცვლის გზით.
დსთ-ს ელექტროენერგეტიკული საბჭოს 44-ე სხდომაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემები ორი გადამცემი ხაზით – „დერბენტი“ (330 კვტ) და „იალამა“ (110 კვტ) უკვე დაკავშირებულია. თავის მხრივ, ენერგოგაცვლა აზერბაიჯანსა და ირანს შორის ხორციელდება ხაზებით „ფარსაბად-1“ (230 კვტ), „ფარსაბად-2“ (330 კვტ), „ასტარა“ (110 კვტ) და „ჯულფა/არაზი“ (132 კვტ). აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ენერგოსისტემების სინქრონიზაცია ამ ქვეყნებს ელექტროენერგიის სამმხრივი გაცვლის საშუალებას მისცემს, ეს სისტემა რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის საშუალებასაც იძლევა.
ამავდროულად, რეგიონში ხორციელდება სინქრონიზაციის სხვა ელექტროენერგეტიკული პროექტებიც. კერძოდ, საქართველო მესამე წელია ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში, საქართველოს ენერგეტიკული უწყება განსაკუთრებით ძვირი თურქული ბაზრის მიმართულებით აქტიურობს. ევროკავშირის სამეზობლო ფონდისა და მსხვილი ევროპული საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება „შავი ზღვის რეგიონული გადამცემის“ (Black Sea Transmission Network - BSTN) პროექტი - ეს 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს ზესტაფონს, ახალციხესა და გარდაბანს. პარალელურად, ახალციხეში ახალი ქვესადგური აშენდა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თურქეთის ართვინის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბორჩხას ქვესადგურს. BSTN იქნება ხუთჯერ მძლავრი ხაზი თურქეთის მიმართულებით, ვიდრე ბათუმი-ჰოფაა.
ამ ქსელის შესაქმნელად აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის შენდება 400 და 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები და მონტაჟდება 700 მეგავატი მუდმივი დენის ჩანართი (ახალციხეში). ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას. ქართულმა მხარემ თავისი წილი სამუშაოები უკვე დაასრულა, რაც ქვეყნის ენერგოსექტორს მალე მისცემს ხელშესახებ შედეგებს. კერძოდ აღსანიშნავია, რომ თურქეთში საბითუმო ტარიფი – 10-11 ამერიკული ცენტი კვტ/სთ-ზე - საქართველოზე ორჯერ მაღალია და, შესაბამისად, სწორედ თურქეთის მიმართულებითაა საჭირო ელექტრო ინფრასტრუქტურის განვითარება. მას შემდეგ, რაც თურქეთისკენ ორივე, 400 და 500-კილოვოლტიანი ხაზი აშენდება, საქართველოსა და თურქეთს შორის გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 2000 მეგავატი. თურქეთის გავლით, ელექტროენერგიის გაყიდვა შესაძლებელი გახდება სირიასა და ერაყშიც.
ამასთან, თურქეთი 2011 წლის ბოლოდან შეუერთდა ერთიან ევროპულ ენერგოსისტემას და მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთს შორის უკვე იარსებებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ახალი ხაზი, შესაძლებელი იქნება ჩვენი და აზერბაიჯანული ელექტროენერგიის გაყიდვა ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომაა მომგებიანი საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის, BSTN-ის საშუალებით თურქეთში გატანა. ამასთან, 2013 წლის ბოლოს თურქეთი ხდება ევროპის ელექტროგადაცემის ხაზების ოპერატორთა ასოციაციის – ENTSO-ს წევრი. ეს საქართველოს საზღვრამდე ევროკავშირის ელექტროგადაცემის სისტემის მოყვანას ნიშნავს.
ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ქ. ბრიუსელში, 2012 წელს საქართველოს მთავრობის გაკეთებული განცხადება, ქვეყნის “ევროკავშირის ენერგოთანამეგობრობაში” (European Energy Community - EEC) გაწევრიანების სურვილის შესახებ. თუმცა, მხოლოდ საქართველოს ენერგოსისტემაში ევრორეგულაციების დანერგვა (მესამე მხარის დაშვება, საწარმოთა განცალკევება მფლობელობის დონეზე), თურქეთში იგივე რეგულაციების დანერგვის გარეშე, ეფექტიანი ვერ იქნება. საქმე ისაა, რომ ზემოაღნიშნულ EEC-ში გაწევრიანების სურვილის გამოთქმამდე, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მომხდარი პრივატიზების შედეგად ისეთი კერძო კომპანიები აღმოჩნდნენ, რომლებიც ერთდროულად ფლობენ გენერაციის, გადაცემის და დისტრიბუციის ობიექტებს. მათთან გაფორმებულია მრავალწლიანი ხელშეკრულებები და მათი მფლობელობის დონეზე განცალკევება გულისხმობს არსებული საინვესტიციო ხელშეკრულების გადასინჯვას და ზოგჯერ მათთვის ქონების ჩამორთმევასაც, რაც უარყოფითად აისახება ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობაზე, ზოგადად და საინვესტიციო გარემოზე, კერძოდ. ეს რისკები ქართული მხარისთვის გასათვალისწინებელია EEC-ის სამდივნოსა და ევროკომისიას შორის, 2016 წელს დაგეგმილი, EEC-ის დამფუძნებელი შეთანხმების ახალი რედაქციის დამტკიცების დროისათვის.
2013 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სპეციალურ თავზე ენერგეტიკისა და ტრანზიტის შესახებ. მისი პარაფირება მოხდა 2013 წლის ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსში “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე. 2014 წელს ამ ხელშეკრულების წარმატებით გაფორმებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად აარიდებს თავს ქართული მხარე იმ ვალდებულებების აღებას, რომლებიც შეიძლება ზემოაღნიშნულ რისკებს შეიცავდეს. სწორედ ასეთ რისკებს მიეკუთვნება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესაძლო მიუღებლობა გარდაბანში, რაც რუსეთ-ირანის ზემოაღნიშნულ ერთან ქსელში აზერბაიჯანის ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს.