„რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს“, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ირაკლი ალასანიას ამ გზავნილს ოპერატიულად გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუ, რომლის განცხადებით გზავნილი ნატოში მიღებულია და აუცილებლად განიხილება. ალიანსისთვის ეს გზავნილი საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი პარტნიორებისათვის. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საკითხი რომელიც იდეის დონეზე გაჟღერდა ყურადღებით მოეკიდნენ ნატოს წევრი ქვეყნები და ამ თემაზე დისკუსია გაგრძელდება.
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი განცხადებას ეთანხმება, თუმცა, მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს როგორც მთავარსარდალთან, ასევე უშიშროების საბჭოზეც უნდა იყოს განხილული.
„როგორც აპატურაიმ განაცხადა, ამ საკითხზე იმსჯელებს ნატო და ეს უკვე თავისთავად კარგია. თავდაცვის მინისტრი როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას, ვფიქრობ, წინასწარ ალბათ უნდა იყოს ხოლმე შეთანხმებული მთავარსარდალთან, როგორც წესი და ალბათ, უშიშროების საბჭოზეც უნდა ხვდებოდეს ასეთი საკითხები. თუმცაღა განცხადებას მეც ვეთანხმები“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
ის რაც ალიანსისთვის და აშშ-სთვის საინტერესო აღმოჩნდა, მიუღებელია აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძისთვის, ხოლო პარლამეტრის ვიცე-სპიკერისთვის მანანა კობახიძისთვის ნაჩქარევი.
„ბატონი აპატურაი და სხვები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. პასუხსაც კი ვერ გვაძლევენ ამ თემასთან დაკავშირებით. სერიოზული პოლიტიკოსები ასეთ რამეს არ აკეთებენ, რომ ასეთი სტრატეგიული განცხადება გააკეთო ისე, რომ წინასწარ მოთელილი არ იყოს ეს როგორც მტერთან, ასევე მოყვარესთან“, - ასე ფიქრობს ნინო ბურჯანაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ირაკლი ალასანიას განცხადებას ნაჩქარევს უწოდებს. კობახიძე ამბობს, რომ რაც იდეის დონეზე განიხილება, საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს.
„შეიძლება ცოტა ნაჩქარევი იყო მაღალ ტრიბუნაზე ამის თქმა, რადგან ის, რაც იდეის დონეზე განიხილება, ასე საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს. შესაძლებელია, აშშ-ში, მოცემულ სიტუაციაში, მსჯელობის და დისკუსიის პროცესში, გაჩნდა ამის თქმის გარკვეული წინაპირობა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იყო, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომ თავდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია მთავრობის დონეზე. თუ გადაწყვეტილება არ არის მიღებული სამართლებრივად და პოლიტიკურად, იმ ფორმების დაცვით, რა ფორმებიც უნდა იყოს დაცული, ცხადია არ უნდა ხდებოდეს ასეთი განცხადებების გაკეთება“, - აღნიშნა კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ ასეთი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილეა საჭირო.
ბურჯანაძე-კობახიძისგან განსხვავებით, ალიანსი წევრი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი, უილიამ ჰეიგთი თვლის, რომ საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება საქართველოს წაადგება.
„დარწმუნებული ვარ, რომ არის კიდევ სხვა გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საქართველოში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება, რომელიც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს ვერ ჩავუღმავდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნატოს მომავალი სამიტი, ალბათ, იქნება ხელის შემწყობი გარემოება იმისთვის, რომ საქართველომ ამ გზაზე წინ წაიწიოს“, - განაცხადა იულიამ ჰეიგთმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ ამერიკის თავდაცვის მდივან ჰეიგელთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონს რეგიონში თავდაცვის მიმართულებით არსებული სიტუაციის გადაფასება შესთავაზა.
„აშშ-ს და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა კვლავ მტკიცდება. ვაშინგტონს სტუმრობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ძალზე საინტერესო შეხვედრა და მათ შორის იყოს თავდაცვის მდივან ჰეიგელთან, სადაც განხილული იქნა საქართველოს მხრიდან შეთავაზებული გადაფასება რეგიონში არსებული თავდაცვის სიტუაციებისა. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
აღასანიშნავია, რომ თავდაცვითი საშუალებების შესახებ საკითხი დღის წესრიგში რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დადგა. უმრავლესობის წევრი, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომუნდა გავაძლიეროთ როგორც საჰაერო თავდაცვითი სისტემები, ასევე სანაპირო თავდაცვა, სახმელეთო ჯარები, თუ ნებისმიერი სხვა.
„რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კომპონენტი პარტნიორ ქვეყნებშიც რომ უნდა გაძლიერდეს, ამასთან დაკავშირებით კითხვა არავის აქვს. ის, თუ რამდენად რთულია დღეს ევროპული უსაფრთხოების კონიუნქტურა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც რომ ავიღოთ, ორი აზრი არ არსებობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის გაძლიერება. საქართველოში თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე თავდაცვის მინისტრის განცხადება ნაადრევად ნამდვილად არ მენიშნა. ეს აბსოლუტურად პრაგმატული და ადეკვატური დამოკიდებულებაა.
ეს მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისკენ და გარდა რეგიონული სტაბილურობისა, ეს არავის საფრთხეს არ უქმნის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუკი ამდაგვარი რამ მოხდება, იქნება ეს ნატო-ს მხრიდან, აშშ-დან - ორმხრივი თუ მრავალმხრივი დახმარება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ნატო-ს გადასაწყვეტია, საქართველოში განთავსდება თუ არა თავდაცვის სისტემები, თუმცა მისი განცხადებით, საკითხავია, ჩვენ რამდენად გვჭირდება ეს.
„ნატო განათავსებს თუ არა თავდაცვის სისტემებს საქართველოში, ეს ნატო-ს გადასაწყვეტია. ეს ჩვენს ნებაზე არაა დამოკიდებული, თუმცა რამდენად სჭირდება ეს ჩვენს ქვეყანას, სხვა საკითხია. მე ამ საკითხში არ ვარ ჩახედული და კომპეტენტური. აღნიშნულს ნატო თავად გადაწყვეტს“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
სამხერო ექსპერტების განცხადებით, ნატომ არა მხოლოდ თავისი წევრი ქვეყნები უნდა დაიცვას, არამედ იზრუნოს მისი პარტიორების უსაფრთხოებაზე და ამასთან ერთად მოხდეს ნატოს გაფართოების დაჩქარება და დაჩარებული წესით მოხდეს ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანება. ექპერტები ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრმა არა მხლოდ სამხედრო თავდაცვის სიტემაზე გაამახვილა ყურადღება, არამედ ისაუბრა იმაზე, რომ ასპირანტმა ქვეყნება უნდა მიიღონ ნატოს სტატუსი. ეს განცხადება კი მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ველოდებით უელსის სამიტს, რადგან სექტემბერში შესაძელებელია საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტლება იყოს მიღებული.
გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ეს იყო ძალიან დროული განცხადება, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს დასავლელი პარტნორებისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო დგას საფრთხის წინაშე.
„ჩვენ ვლაპარაკობთ თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე და არა რომელიმე ექსპერტის ან პოლიტიკოსის განცხადებაზე. თავდაცვის მინისტრი, თავისი პოსტიდან გამომდინარე, უშუალოდ არის პასუხისმგებელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. როდესაც კეთდება განცხადება, რომ ეს ნაადრევია, ისეთია ან ასეთია, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, როგორც მინიმუმ, მისი კომპეტენცია უნდა უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს თავდაცვის მინისტრის კომპეტენციას და ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანს აქვს.
ის, რომ თვდაცვითი სისტემები საქართველოს სისუსტეს წარმოადგენს, ეს მგონია, რომ ყველასთვის ცნობილია და გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, გვახსოვს ის პრობლემები, რაც გვქონდა თავდაცვითი სისტემების არარსებობის გამო. ჩვენი სამხედრო დოქტრინა მთლიანად აგებულია შეკავების მექანიზმზე. ყველაფერ ამისთვის ქვეყანას სჭირდება თავდაცვის სისტემის განვითარება. ეს განცხადება გაკეთებულია იმ ადამიანის მიერ ვისაც აქვს საკმაო კომპეტენცია და ინფორმაცია, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს. მისი უშუალო და პირდაპირი ვალდებულებაა ამ თემაზე ზრუნვა“, - აღნიშნა ფხალაძემ.
ფხალაძის განცხადებით, თავდაცვის საშუალების განთავსება ამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ინიციატივა საქართველომ უნდა გამოიჩინოს.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ შეტევით იარაღზე, არამედ თავდაცვით საშუალებებზე. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მეორე და რაც ყველაზე მთავარია, პარტნიორობა ნატოსთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, თუ ამას ადამიანი გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ინიციატივა საქართველომ უნდა გამოიჩინოს. ჩვენ სხვას არ უნდა ვუყუროთ. ჩვენ რა გვჭირდება, ეს ჩვენზე კარგად არავინ არ იცის.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის კეთილგანწყობა, რომელიც ალიანს და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს აქვთ საქართველოს მიმართ. როდესაც ლაპარაკია იმაზე, თურმე, აპატურაი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ეს განცხადება ცოტა სასაცილოა იმ ადამიანისგან, ვინც ისეთ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე ნატოზე და ალიანსზე, რომ თურმე საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება მისი წევრი ოკუპირებული ტერიტორიების გამო და ა.შ. ეს არასერიოზულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.