წელს, დუშეთის რაიონში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

წელს, დუშეთის რაიონში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოციალურ საკითხებთან ერთად, დამატებით ორი ძირითადი პრობლემაც გამოიკვეთა - დაზიანებული გზა და სასმელი წყლის უქონლობა. წინა ხელისუფლებას შესაბამისი კეთილი ნება რომ გამოეჩინა, რაიონში ორივე პრობლემა დიდი ხნის გადაჭრილი იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ყოფილი მაღალჩინოსნები მხოლოდ კანონით აკრძალული საჩუქრების მიღებით იყვნენ დაკავებულნი. მუნიციპალიტეტის განვითარება კი, დიდად არავის ადარდებდა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ოტიაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, თაღლითობასა და აკრძალული საჩუქრების მიღებაში ედება. სხვათა შორის, მის სახელს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაც უკავშირდება. კერძოდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა ზურაბ ოტიაშვილმა დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა, ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი “უსახსოვრა”. მოგვიანებით კი, განმარტა, უსინათლო მომღერალს საკუთარი თანხით დავეხმარეო...

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე იქით იყოს, და...

For.ge დაინტერესდა, ხელისუფლების ცვლილებისა და დუშეთის რაიონში ახალი გამგებლის არჩევის შემდეგ, მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად და რაიონის გასავითარებლად, რა კონკრეტული ღონისძიებები თუ სამუშაოები ჩატარდა. ისიც საინტერესოა, იცის თუ არა დუშეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მმართველმა ადგილობრივების პრობლემების შესახებ და რას აკეთებს, მათ დასახმარებლად.

2013 წლის 16 დეკემბერს, ძლიერმა ქარმა, ბაზალეთის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების მცხოვრებლები მნიშვნელოვნად დააზარალა. კერძოდ, 13 შენობის სახურავი დაზიანდა. სტიქიის მეორე დღესვე, შემთხვევის ადგილზე დუშეთის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი სოლომონია, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი და ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია ხეხელაშვილი იმყოფებოდნენ - მათ სტიქიით მიყენებული ზარალი დაათვალიერეს, 

დაზარალებულ ოჯახებს კი, შესაბამის დახმარებასაც დაპირდნენ.

იანვარში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, 127 100 ლარი გამოიყო. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ამ თანხით რამდენიმე დაზარალებული ოჯახისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა მოახერხა. კერძოდ, ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ყარსიმაანთ დასახლებაში მცხოვრები ლალი კასრაძის საცხოვრებელი სახლი, ასევე ბაზალეთის ტბაზე მდებარე სანიჩბოსნო სკოლა და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გარემონტდა. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ მლაშის ტერიტორიაზე მდებარე სასათბურე მეურნეობის საცხოვრებელ კორპუსსაც. ამასთან, სოფელ ჩირდილელიანთ დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების, აკაკი და ნიკოლოზ სონიშვილების საცხოვრებელი სახლები შეკეთდა. შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ საკრამულში მცხოვრები გივი ხოსრუაშვილის, სოფელ ჩანადირების მკვიდრის მურთაზ ბოდაველის, სოფელ ბაგას მცხოვრები ალბერტ ჩოხელის, ოთარ კედელაშვილისა და ლამარა ჭინჭარაშვილის, ამასთან, სოფელ ჩუბინიაანთ დასახლებაში მცხოვრებ ნუგზარ არაჩაშვილის, სოფელ ჭილურტში დავით ფეიქრიშვილის საცხოვრებელ სახლებსაც.

ბუნებრივია, სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების პრეცენდენტი მისასალმებელია, თუმცა როგორც გავარკვიეთ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიისა და მდინარეების ადიდების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. ამ მიმართულებით, გამგეობის ინიციატივით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც განხორციელდა. კერძოდ, სოფელ გომეწარში, სადაც გზა დაზიანებული იყო, კალაპოტის მოუწესრიგებლობის გამო კი მდინარე დიდდებოდა, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, კალაპოტი - გაიწმინდა. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი-სტიქია) 137 674 ლარი დაიხარჯა. სხვათა შორის, იმავე სოფელში 2013 წელს გაბიონების, ორი ბოგირისა და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციაც დასრულდა.

კალაპოტი და ბოგირები გაიწმინდა სოფელ ცეხევდავში, შუახევში, დოლასქედში, ჯუღისსა და ვაშლობშიც. მეტიც, სოფელ დოლასქედ-ჯუღისი-ვაშლობში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც განხორციელდა. ამასთან, სოფელ შარახევში გზის რეაბილიტაციისა და ხევის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებიც დასრულებულია. გზა მოეწყო და კალაპოტი გაიწმინდა სოფელ ჭართალშიც, რომლისთვისაც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 344 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭართლის თემში, წყალამრიდის საფუძვლის, მიწის ვაკისის გამაგრებისა და ჯიმი გიგაურის ტერიტორიის მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულებულია.

ინფრასტრუქურა მოწესრიგდა სოფელ ბიჩნიგაურებშიც, სადაც შესასვლელი გზა, ფაქტობრივად, ამორტიზირებული იყო. ამ მიმართულებით საჭირო თანხა, კერძოდ 58 916 ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

გარდა ამისა, სოფელ კაწალხევში გზის მოწყობის, ხიდის რესტავრაციის, კალაპოტის გაწმენდისა და გაბიონის რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დროსაც მიმდინარეობს. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იუწყება, სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიისგან ბევრად დაცული გახდება.

პარალელურად, სოფელ ანანურის დასახლებაში დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემა ანანურის თემში, კერძოდ, სოფელ ციხისძირში პრაქტიკულად გადაჭრილია. აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭირო სახსრები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოინახა და ჯამში, 13 550 ლარი შეადგინა. სასმელი წყლის პრობლემა ბაზალეთსა და სოფელ ჩანადირანთკარშიც აღმოიფხვრა. სოფელ მჭადიჯვარში, ჭოპორტში, გრიგოლიანთარსა და ჩუბინიანთკარში კი, სანიაღვრე არხები სრულად გაიწმინდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

2014 წლის მაისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ოწყლიდან უკანაფშვამადე მდინარე ფშავის არაგვის კალაპოტის დამბების რეაბილიტაცია და სავალი ნაწილის აღდგენაც დასრულდება. ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54 358 ლარი გამოიყო და სამუშაოებიც გაბიონების მოსაწყობად უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვათა შორის, უკანაფშავის ტერიტორიულ ორგანოში ფშავის არაგვის ხეობაში “ღამეხევას” ხევზე, ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებიც ხორციელდება.

რაც შეეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლისთვის დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალის მიხედვით, აშკარაა, რომ რაიონის გამგეობისთვის პრიორიტეტს ინფრასტრუქუტურის მოწესრიგება და სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენს. მაგალითად, ქალაქ დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოსაწყობად, 44 ათას 300 ლარი გამოიყო. სამუშაოები უკვე დაწყებულია და გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამასთან, მცხეთა-ლარსის საავტომობილო გზიდან, ქ. დუშეთის ამოსასველის სავალი ნაწილის დამცავი კედლის რეაბილიტაციის, “დამპალი წყაროს” სათავე ნაგებობისა და მილსადენის რეაბილიტაციისთვის, ბიუჯეტიდან 11 ათას 500 ლარია გათვალიწინებული. წყალმომარაგების ქსელის მოწყობა იგეგმება სოფელ პირმისაანთკარშიც, სადაც განსახორციელებლი სამუშაოებისთვის 36 ათას 600 ლარი დაიხარჯება. ორივე პროექტის სისრულეში მოყვანის პროცესი დაწყებულია.

სოფელ მლაშე-საკრამულის საავტომობილო გზის მოსწორება-მოხრეშისთვის კი, ბიუჯეტიდან 57 ათას 900 ლარი დაიხარჯება. 100-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ მეზვრიაანთკარში მიმავალ გზაზეც. სოფელ მთვრარელიანთ დასახლებაში კი, საცალფეხო ხიდი მოეწყობა. მეტიც, სოფლის შემოვლითი გზის მოხრეშვაც იგეგმება. გზის მოხრეშვისთვის 51 900 ლარი გამოიყო სოფელ სულიკიანთკარშიც. მოიხრეშევა ასევე ქ. დუშეთში, ბექაურის ქუჩის ბოლო მონაკვეთიც...

დუშეთის გამგეობა მასშტაბური სამუშაოების დაწყებას დაზიანებული სახურავების აღდგენის მიმართულებითაც გეგმავს. კერძოდ, ქალაქ დუშეთში, სამხედრო დასახლება ¹3-ში მდებარე მე-7 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისთვის მასალების შესყიდვა იგეგმება. დაბა ჟინვალში კი,  საცხოვრებელი კორპუსების (1, 4 , 5 , 6 , 8 , 9 , 10, 11, 12, 14, 15, 17, 18, 19) რესტავრირებისთვის  61 100 ლარი ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო. აღსანიშნავია, რომ დაბა ჟინვალში  ¹18 კორპუსს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება. 2014 წელს დაგეგმილ პროექტებში დაბა ფასანაურში სპორტული დარბაზის სახურავის რეაბილიტიაციაც გათვალისწინებულია, რომლისთვისაც 16 600 ლარი გამოიყო. დაბა ჟინვალში კი,  სპორტული დარბაზის გათბობის სისტემის მონტაჟიც იგეგმება.

გარდა ამისა, 2014 წელს სოფელ წითელსოფლის ბაზრის რეაბილიტაციაც იგეგმება, შესაბამისი სამუშაოებისთვის კი, 63 500 ლარი დაიხარჯება. იმავე სოფელში სკვერიც მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურად, სოფელ ქვეშეთის საბავშვო ბაღის რეაბილიატიაც იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან და მიუვალ სოფლებში უფასო ტრანსპორტი დაინიშნება. კერძოდ,  ხორხი-დუშეთი-ხორხის მიმართულებით უფასო ავტობუსი კვირაში ერთხელ ადგილობრივ მოსახლეობას 2014 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 31 დეკმებრის ჩათვლით მოემსახურება. ჩოხი-ფასანაური-ჩოხის მიმართულებით კი, უფასო ტრასნპორტი კვირაში ორჯერ ივლის. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს მოსავლის რეალიზაცია მაქსიმალურად მოახერხონ.