მოწმეთა ჩვენებები და გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

მოწმეთა ჩვენებები და გვარამიას მუქარა ხელისუფლებას

„პირობას ვაძლევ ხელისუფლებას, მათ შორის იმათ, ვინც ამ საქმეებს პროკურატურაში კერავს და განსაკუთრებით შსს-ს, როგორც ერთი ჩემი მეგობარი შეგპირდათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად, ყველაფერი გამოაშკარავდება, ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით, თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და აი იმას რომ მოგასმენინებთ, მერე რას მოიფიქრებთ, ძალიან მაინტერესებს. ამაზე ველედები პასუხებს“, - ასე უპასუხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დიერქტორმა ნიკა გვარამიამ მთავარ პროკურატურას.

მთავარმა პროკურატურამ „რუსთავი 2“- ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედური მასალები გამოაქვეყნა. ამ მასალების მიხედვით, ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება. პროკურატურამ უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს ნიკა გვარამიას, ნინო შუბლაძის და დუდუ კურდღელიას სამუშაო ოთახებში.

ტელეკომპანიაში მომხდარი პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 6 მაისს დაიწყო. 8 მაისს, მთავარ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომლის განცხადებითაც იგი სამსახურიდან 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, მან გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები.

მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, სპეციალური აპარატურის გამოყენებით, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა.

მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყონებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა.

„21 დეკემბერს დაახლოებით შუადღისას ტელეკომპანიაში მოვიდა სახელმწო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი მანქანა. როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დავინტერესდი რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ტელეკომპანიის დაცულ ტერიტორიაზე სამთვრობო დაცვის მანქანა და დავუკავშირდი დათო კოპალაძეს, რომელიც ტელეკომპანიაში უსაფრთხოების სამსახურს კურირებდა. მან მითხრა, რომ საქმის კურში არ იყო და ნურც მე დავინტერესდებოდი.

ამის შემდეგ შევედი ტელეკომპანიის შენობაში, ფოიეში იმყოფებოდა დაცვის სპეციალური სამსახურის სამი თანამშრომელი. მათ ხელში ეკავათ სპეციალური ტექნიკისთვის განკუთვნილი ჩემოდნები. ამ სამი თანამშრომლიდან ერთ-ერთი ვიცანი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელია, რა დროსაც ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ჩემოდნები განკუთვნილი იყო ფარული მიყურადების ან მოსასმენი აპარატურის მონტაჟისთვის. მე ვუთხარი მას თუ რა საკითხთან დაკავშირებით იყვნენ, თუმცა მან პასუხი არ გამსცა და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

დავბრუნდი ჩემს სამუშაო კაბინეტში. კომპანიაში დაყენებული კამერების მეშვეობით ვაკვირდებოდი ზემოთ ხსენებული პირების გადაადგილებას ტელეკომპანიის შემობაში. სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლება დაიწყეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირების სამუშაო ოთახში შესვლა, კერძოდ ისინი შევიდნენ ნიკა გვარამიას, დუდუ კურდღელიას, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტში. ამ პერიოდში ნიკა გვარამია დაკავებული იყო. დავინახე როგორ მიიტანა და გადასცა ამ პირებს დუდუ კურდღელიამ მეტალის გასაშლელი კიბე. მათ დაახლოებით 3 საათი დაჰყვეს ტელეკომპანიის შენობაში.

ვინაიდან ისინი ტელეკომპანიის შენობაში სპეციალური ტექნიკისთვის განკუთვნილი კეისებით გადაადგილდებოდნენ და დასჭირდათ კიბის გამოყენება. გამიჩნდა ეჭვი, რომ იმ ოთახში სადაც ისინი შევიდნენ და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაამონტაჟეს ფარული მეთვალყურეობის კამერები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები ტერიტორიაზე შემოვიდნენ ჩემი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გვერდის ავლით და მათი ვიზიტის შემდეგ განმარატებები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ვერ მივიღე, გადავწყვიტე შემენახა ტელეკომოპანიის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკადრების ჩანაწერები, რომელშიც ასახულია მათი გადაადგილება ტელეკომპანიის ტერიტორიაზე.

2013 წლის იანვარში როდესაც მომეცა ოთახების დეტალურად შემოწმების შესაძლებლობა, ნინო შუბლაძის ოთახში შევმაჩნიე, რომ ჭერის ერთ-ერთი ფილა უმნიშვნელოდ იყო გადაადგილებული, შევატყვე საეჭვო დეტალი და მივიჩნიე, რომ მითითებულ ადგილას შესაძლებელია დამონტაჟებული ყოფილიყო ფარული კამერა. საქმის კურში ჩავაყენე ნიკა გვარამია, რომელმაც მითხრა, რომ შენს საქმეს მიხედე და ზედემტ ინიციატივებს ნუ იჩენო“, - ეს გახლავთ ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ კოვზიაშვილის ჩვენება.

გამოძიებას ჩვენება მისცა ზაზა კევლიშვილმაც, რომლის მოვალეობა ტელეკომპანიის საშვთა რეჟიმის შემოწმება, ტელკომპანიის ქონების დაცვა და ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შემოსული ვიზიტორების კონტროლი იყო.

„პირველ სართულზე ვიყავი. იქვე ფოიეში იყო ტელეკომპანიის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დუდუ კურდღელიაც, რომელიც რამდენიმე წუთის გავლის შემდეგ გარეთ გავიდა ეზოში, მას მეც გავყევი. დუდუმ დაუძახა ცენტრალურ საგუშაგოზე მდგარ დაცვას, რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა თეთრი ფერის პიკაპის ავტონამანქანა და ისე, რომ არ დაეფიქსირებინათ სპეციალურ ჟურნალში, დაუბრკოლებლად შემოეშვათ ტერიტორიაზე.

რამენიმე წუთში გამოჩნდნენ თეთი ფერის პიკაპები. მანქანიდან გადმოვიდა სამი პიროვნება, რომლებსაც სპეციალური ჩემოდნები ე.წ. კეისები ეკავათ. ამ პიროვნებებს კურდღელია მიესალმა და შეიყვანა ტელეკომპანიაში. მოგვიანებით მეც ავედი ტელეკამპანიის უსაფრთხოების ოთახში, საიდანაც ჩანს ხელმძღვენელების ოთახები, დავინახე როგორ მოძრაობდნენ ისინი გასაშლელი კიბეებით გვარამიას, შუბლაძის და კურდღელიას ოთახებში. მათი ვიზიტის შესახებ საქმის კურში არ იყო ტელეკომპანიის უსაფრთხოების არც ერთი თანამშრომელი“, - ამტკიცებს ზაზა კევლიშვილი.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებას საგანგებო ბრიფინგით უპსუხა არხის ხელმძღვანელობამ. ნიკა გვარამია ირწმუნება, რომ ხელისუფლება პროკურატურის დღევანდელი განცხადებებით ადასტურებს, რომ თავად ხელისუფლებაა ავტორი ფარული ჩანაწერების და მიყურადების. მისივე განცხადებით, მთელი ეს ხაზი ბუნტურიძემდე მიდის, რომელიც ტელევიზიაში დაცვის უფროსი იყო და რომლიც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზეა.

„თეიმურაზ კოვზიაშვილმა ალიბი გაიკეთა, ეს მასალა გადაიღო, რომელიც თითქოს კამერების დამონტაჟებას ეხება და შემდეგ უკვე თავისუფალი იყო ამ კორპორაციაში ეკეთებინა ის, რაც უნდოდა. ეკეთებინა ის, რაც უნდოდა, ნიშნავს, რომ მან ბუნტურიძის დავალებით კამერები დაამონტაჟა და ბუნტურიძეს საიდან ჰქონდა ეს დავალება, ეს სავსებით ცხადია. ის მუშაობს სასჯელაღსრულების სამინისტროში.

გასაგებია, რომ მოკავშირე შიგნიდანაც უნდა ჰყოლოდათ. სად-ში რომ ადამიანი მუშაობს და მასთან გადის ხაზი, ადვილი გამოსაცნობია საიდან იქნება დაკვეთა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის არის გარეული ამ საქმეში და ჩვენებაც მივეცი“, - თქვა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, მოსასმენი აპარატურის აღმოსაჩენად სპეციალისტები არხის დამფუძნებელმა გამოიძახა და მათი ვიზიტი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას შეუთანხმა. ის ამბობს, რომ მათ მეთვალყურეობის გარეშე არ უმუშავიათ და სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟების დრო არ ჰქონდათ.

„მაშინ ეჭვიც არ გაგვჩენია, რომ შეიძლება ვინმე ვიდეო სათვალთვალო აპარატურით გვადევნებდა თვალყურს. ვამოწმებდით ოთახებში ე.წ. „ჟუჩოკებს“. ეს ადამიანები მოსული იყვნენ სპეციალური აპარატურით და ეს კადრებშიც ჩანს, რომლითაც ისინი ოთახში არსებულ ელექტროტექნიკას ამოწმებდნენ. დღეს აქცენტი გაკეთდა, რომ კიბე იყო შემოტანილი და შემდეგი ვერსია რაც იქნება გასაგებია. კიბე ნამდვილად იყო შემოტანილი, რათა შეემოწმებინათ კონდიციონერი, რომელიც სიმაღლეზე მდებარეობს და ჭერი.

დაშალეს ყველა კვების წყარო, კონდიციონერები, „რესივერები“, კომპიუტერი, ტელეფონი. ამის შემდეგ ეს ადამიანები წავიდნენ. ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება ოთახიდან რამდენიმე წუთით გამოვსულიყავი, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გავდიოდი ან არ მუშაობდნენ, მათ სხვა ჩვენი თანამშრომელი ადევნებდა თვალს. ანუ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი არ მოცილებია ამ ხალხს და იქ ვიღაცას ჭერი რომ აეხადა, გაექლიბა, გამოეთალა და მერე რაღაც დაემაგრებინა და ეწებებინა, ამის დრო იქ არავის არ ჰქონია“, - განაცხადა დუდუ კურდღელიამ. 

ტელეკომპანიის თანამშრომლების ირწმუნებიან, რომ მოსასმენი აპარატურის აღმოსაჩენად სპეციალისტები არხის დამფუძნებელმა გამოიძახა და მათი ვიზიტი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას შეუთანხმა, რატომღაც ისინი ვერ იხსენებენ რომელი უწყებიდან იყვნენ სპეციალისტები მისული.

ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა უმრავლესობა.

მათი შეფასებით, წინასაარჩევნოდ დაიდგა სპექტაკლი, თითქოს „რუსთავი 2“-ს შსს უსმენს და ეს ხელისუფლების ინტერესშია. ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

„ის, რაც უკვე გამოიკვეთა, მათ შორის დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ არის გაცხადებული და მიცემული აქვს ჩვენება, რომ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ შს მინისტრობის პერიოდში განაცხადა, რომ იყო გარკვეული სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომელთა გატანაც მოხდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება.

სპეციალური სამსახურები ექვემდებარებოდა მიხეილ სააკაშვილს. მათ ხელი მიუწვდებოდათ ამ ტიპის ტექნიკურ საშუალებებზე. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარით განხორციელებულ საქმესთან გვაქვს საქმე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

თუმცა, ამ შემთხვევაში აქცენტს პოლიტიკურ მხარეზე აკეთებს უმცირესობა.

„ეს ადასტურებს, რომ ფარული ჩანაწერები, ისევე, როგორც ტოტალური თვალთვალის სხვა მაგალითები, რაც საზოგადოებამ იცის და მომავალში გაიგებს, პირადად იყო და არის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებული, რომელიც იმ პერიოდში, რა დროსაც აღნიშნული ჩანაწერებია გაკეთებული, შს მინისტრი იყო. როგორც ჩანს, ის პირადად არის ამ თვალთვალის კამპანიის ორგანიზატორი და აქედან გამომდინარეობს მისი აუხსნელი მოუთმენლობა, როცა პირველივე დღეს, პროკურატურას პირდაპირ ეთერში დაავალა, რომ საზოგადოებისთვის ეს ვერსია შეეთავაზებინათ“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.