NDI-ის კვლევის შედეგები და პოლიტიკური ციებ-ცხელება პარტიებში

NDI-ის კვლევის შედეგები და პოლიტიკური ციებ-ცხელება პარტიებში

თვითმართველობის არჩევნებამდე 37 დღე რჩება, მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიციური ძალები კი მეორე ტურისთვის.

15 ივნისის არჩევნები რა შედეგით დასრულდება, ამის პროგნოზი ყველა პოლიტიკოსს უჭირს, მაგრამ ოპოზიციონერები მეორე ტურის ჩატარებაზე აპელირებენ და NDI-ის კვლევის შედეგებით მანიპულირებენ. ხელისუფლება კი, მეორე ტურის ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავს და ნეიტრალური პოზიციის მქონე მხარდამჭერების გადაბირებაზე მუშაობას გეგმავს.

თუ რამდენად მოახერხებს მმართველი გუნდი „მერყევი“ ამომრჩეველის, ანუ გამოკითხულთა 19 პროცენტის კეთილგანწყობის მოპოვებას, ამის თქმა რთულია, მაგრამ ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 48 პროცენტმა უკვე იცის, რომ მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიღებდა. 48 პროცენტი ხმას მმართველ გუნდს მისცემდა, 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“, 4-4 პროცენტი „ქდმ“-სა და „ლეიბორისტულ პარტიას“, ხოლო 19 პროცენტს არჩევანი გაკეთებული არ აქვს, 3 პროცენტი მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს, შეკითხვაზე უარს კი 8 პროცენტი აცხადებს.

ამას გარდა, NDI-ის კვლევის თანახმად ირკვევა, რომ მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოკითხულთა 38 პროცენტი დავით ნარმანიას აქვს, გია გაჩეჩილაძეს 26 პროცენტი, კახა კუკავას 24 პროცენტი, ნიკა მელიას კი 17 პროცენტი.

კვლევის შედეგებს ნიკა მელია „ნორმალურად“ უყურებს, დავით ნარმანია მეორე ტურს გამორიცხავს, გია გაჩეჩილაძე კი კვლევის შედეგებით ამაყობს.

ნიკა მელის განცხადებით, კვლევის ჩატარების შემდეგ, მან 140 შეხვედრა გამართა, საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს და რეიტინგის გაზრდას ელის.

„ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, თუ ვინ იქნება გამარჯვებული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თბილისელებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი ხელისუფლებით იმედგაცრუებულია. მათი რეიტინგი შემცირებულია, რაც ქვეყნის განვითარებისთვის სახარბიელო არ არის. კვლევას ნორმალურად ვუყურებ და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან სამწუხაროდ, მმართველ გუნდს რაიმეს გაკეთების უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია“, - განუცხადა for.ge-ს მელიამ.

მელიას მსგავსად, საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია დავით ნარმანია, რომელიც ამბობს, რომ რეიტინგები მეორე ტურის არანაირი წინაპირობა არ არის.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ 150-მდე შეხვედრა ჩატარდება და საზოგადოება პროგრამას ადგილზე გაეცნობა.

„ჩვენს შესაძლებლობებში დიდი ხანია დარწმუნებული ვარ. ის ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით, კითხვაზე პასუხს არ სცემენ, ჩვენი პოტენციური მხარდამჭერები არიან. მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევა, ჩვენი რეიტინგი სულ უფრო მეტად მოიმატებს. დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება“, - აღნიშნა ნარმანიამ, რომლის მსგავსად რეიტინგის ზრდას ელის გია გაჩეჩილაძე.

„მწვანეების“ ლიდერი კვლევის შედეგს რეალისტურს უწოდებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებში მეორე ტური მასსა და დავით ნარმანიას შორის ჩატარდება.

„ამომრჩეველს არასოდეს ვატყუებთ და სასიხარულოა, რომ დაფინანსების მიღმა მყოფ პარტიას, ასეთი შედეგი აქვს. ეს საზოგადოების სიმწიფეზე მეტყველებს“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძემ, რომლის საპასუხოდ, ნაციონალი აკაკი ბობოხიძე ინტერესდება, კვლევაში რესპოდენტები პოზიციის დაფიქსირებისას „მწვანეების“ ლიდერ გია გაჩეჩილაძეს გულისხმობდა, თუ „უცნობ“ გია გაჩეჩილაძეს.

for.ge-სთან საუბარში საუბარში აკაკი ბობოხიძე ხელისუფლებას თავის ამომრჩეველთან ერთად აკრიტიკებს და ამბობს, რომ მასა მოდას არის აყოლილი, „პოპულალური“ „ქართული ოცნებაა“ და ხმას მას აძლევენ, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რატომ უჭერს მხარს კოალიციას.

მისი შეფასებით, არც ნარმანია და არც მისი ამომრჩეველი გონზე არაა, თუ რას უპირებენ ხვალ თბილისს.

„თუ საქართველოს მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ ქვეყანა უკან მიდის, ჩვენი საშველი არ ყოფილა! ხალხი გვეთანხმება, რომ ქვეყანა გაჩერდა, მაგრამ არჩევანს მაინც „ქართულ ოცნებაზე“ აკეთებენ, რაც ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობაა, რადგან შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონდეს, მაგრამ ხელისუფლებას შენიშვნა უნდა მისცე“, - აღნიშნავს ბობოხიძე, რომელსაც კითხვით მივმართეთ - „რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი ყოფილ სახელისუფლებო პარტიას?“.

ჩვენს საპასუხოდ, ბობოხიძე აცხადებს, რომ ქვეყანა ჭაობიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყვანა, რომელმაც უზარმაზრი შეცდომები დაუშვა, ფეხიც წაიმტვრია, მაგრამ არის ძალა, რომელმაც გამარჯვების და მარცხის ფასი იცის.

„ქართული ოცნება“ ჩვენს შეცდომებს ქსეროასლივით იმეორებს, ჭკუას ვერ სწავლობს და სანამ ფეხს არ წაიმტვრევს, ვერც ისწავლის. სამწუხაროდ, ისინი საქმის კეთებაში არ დაგვემსგავსენ და შეცდომებს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით იმეორებენ“, - აცხადებს ბობოხიძე, რომლის პათოსს იზიარებენ გოკა გაბაშვილი და გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე მეორე ტურზე აპელირებს, გაბაშვილი კი საზოგადოებაში არსებულ იმედგაცრუებაზე.

როგორც for.ge-სთან გაბაშვილი აღნიშნავს, „ოცნების“ პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუება დიდია და ხელისუფლებას რეიტინგის ძალიან დიდი ვარდნა აქვს.

„ოპოზიციაში მთავარი პოლიტიკური ძალა ისევ ჩვენ ვართ, რაც მოტივაციას გვაძლევს, რომ მეორე ტურებისთვის ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ“, - აცხადებს გაბაშვილი. ვაშაძე კი ამბობს, რომ მთავრობამ „გაჩერებული“ საქართველოს არსებობა NDI-ს არ უნდა დააბრალოს.

ვაშაძის პროგნოზით, თითქმის ყველა რაიონში იქნება სერიოზული ბრძოლა და მეორე ტური.

„გამარჯვების შანსი გვაქვს, რადგან ეს კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა“, - განუცხადა for.ge-ს ვაშაძემ.

ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპანიკო არაფერია და მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, 90 პროცენტიანი რეიტინგი არ სჭირდებათ.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს არ ჰგონია, რომ მეორე ტური ჩატარდება.

მისი თქმით, საქართველოს ისეთი ლიდერები აღარ ჰყავს, როგორებიც იყვნენ შევარდნაძე, აბაშიძე და სააკაშვილი.

„კარგია, რომ რეიტინგებში 90 პროცენტანი მონაცემები აღარ ჩანს. მშვენიერი რეიტინგია, რომელიც დაფიქრების საშუალებას გვაძლევს. ამას კრიტიკულად უნდა შევხედოთ და არაფერია საპანიკო. 35 პროცენტამდე ელექტორატი მერყევია, რომელზეც ყველამ ძალამ უნდა იმუშაოს. მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მერყევი ამომრჩეველი ჩვენსკენ მოვიზიდოთ. არავინ არ ფიქრობს, რომ 80 პროცენტს მივიღებთ. უპირობო გამარჯვება არ გვჭირდება“, - ამბობს ცაგარეიშვილი, რომლის მსგავსს პოზიციაზეა მისი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მეორე ტური არ ჩატარდება, მაგრამ თუ ჩატარდება არც ეს არის ტრაგიკული.

„ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და მათთვის სახეცვლილი საქართველოს დანახვა. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას კარგად ხედავს. მეორე ტურის ჩატარების ალბათობას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს არ იქნება უბედურება. რატომღაც მგონია, რომ ნარმანიას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მას ბევრი აქვს გაკეთებული თავისი პატიოსნებით და პასუხისმგებლობით“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.

თანაგუნდელების მსგავსად, კვლევის შედეგებში საპანიკოს ვერაფერს ხედავს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, მაგრამ ის კვლევის შდეგების ცდომილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

დეპუტატის განცხადებით, ხშირად ხდება, რომ მაჩვენებლები რეალურ შედეგს არ ემთხვევა.

„სამწუხაროდ, ასე იყო 2012 წლის არჩევნებამდეც. კვლევის შედეგების ცდომილება დიდია. კარგია, რომ ვლიდერობთ და დარწმუნებული ვარ, პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან კამპანია ახლა დავიწყეთ. მართალი გითხრათ, ნაციონალების 12 პროცენტიანი რეიტინგი მაღალი მეჩვენება“, - დასძინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას უკვე ეწევიან. მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელებულია, 16 მაისამდე კი პარტიები საარჩევნო სიებს და პირველ ნომრებს წარადგენენ.