თბილისის საკრებულოში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე ცნობილია. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სახელისუფლებო პარტიის პროპორციული სიის კანდიდატების ვინაობა. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში ამ ეტაპზე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როდის გახდება ცნობილი თბილისის არჩევნებში პარტიული სიით მონაწილე პირების ვინაობა და ის, თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.
მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას და ჟურნალისტებს დღეს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წარუდგინა. 25 კანდიდატს შორის, 7 ქალბატონია, რაც კანდიდატთა დაახლოებით 30%-ს შეადგენს. კოალიციაში განმარტავენ, რომ ქალბატონები პროპორციულ სიაშიც იქნებიან წარმოდგენილნი და გენდერული ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცული იქნება.
გენდერულ საკითხზე საზოგადოების ნაწილის კრიტიკა კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით, ასარჩევი მერების დასახელების დროს დაიმსახურა, როცა მერობის 12-ვე კანდიდატად მამაკაცი შეარჩია.
მაჟორიტარობისთვის მებრძოლ 25-კაციან სიაში საზოგადოებისთვის ნაცნობი და ახალი სახეებიც მოხვდნენ. დავით ნამრანიამ კანდიდატების წარდგენა მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან დაიწყო და საზოგადოებას პირველი, სწორედ, ჯაბა ჯიშკარიანი წარუდგინა. იგი კოალიციაში პარტია „ქართული ოცნების“ სახელით არის წარმოდგენილი. მაჟორიტარების 25-კაციან სიაში, ნახევარზე მეტი, 13, სწორედ, ამ პარტიის წარმომადგენელია. „თავისუფალი დემოკრატებიდან“ 3 კანდიდატია შერჩეული, ამდენივეა „ეროვნული ფორუმიდან; „კონსერვატორებიდან“, „რესპუბლიკელებიდან“ და პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ორ-ორი კანდიდატია შერჩეული.
„დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი შთამბეჭდავ და დამაჯერებელ შედეგებს მიიღებს 15 ივნისის არჩევნებში. მე ეჭვი არ მეპარება, რომ თითოეული მათგანი დეტალურად იცნობს თავიანთი რაიონისა და უბნის პრობლემებს. ისინი ხალხთან უშუალო და მჭიდრო კომუნიკაციით მოახერხებენ იმას, რომ თუკი სადმე რამე პრობლემა არსებობს, უნდა წამოვწიოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ მათ მოსაგვარებლად“, - განაცხადა კანდიდატების პრეზენტაციაზე თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. რომელსაც პრეზენტაციაზე შესავალი ნაწილის შემდეგ სიტყვა კოალიციის შტაბის უფროსმა კახა კალაძემ გადასცა.
მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დავით ზურაბიშვილია. ის მიიჩნევს, რომ საკრებულოს წევრებმა ჯეროვნად უნდა გააკონტროლონ დედაქალაქის მერიის მიერ ბიუჯეტის ხარჯვა და რეალურად იყვნენ იმ რაიონის წარმომადგენლები, რომლის მცხოვრებლებიც მას აირჩევენ.
„აქამდე, თითო-ოროლა დეპუტატი თუ იბრძოდა ამ კუთხით, როგორც წესი, მერიაც და საკრებულოც საკუთარ სტატუსს და ბიუჯეტს კონკრეტული მიზნის მისაღწევად იყენებდნენ“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა, რომელსაც მთავრობის კონტროლის გამოცდილება პარლამენტარობის პერიოდიდან აქვს.
თბილისის საკრებულოში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი სახელისუფლებო გუნდს ნდობისა და იმედისათვის მადლობას უხდის და გამარჯვებისთვის ემზადება. ჯიშკარიანი განმარტავს, რომ მთაწმინდელების პრობლემები კარგად იცის და მათ მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.
„არ დავიწყებთ ზღაპრების მოყოლას წინასაარჩევნოდ, როგორც იციან ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, შემიძლია ვთქვა, რომ ჭიპი მაქვს მოჭრილი მთაწმინდაზე, ძალიან კარგად ვიცნობ ამ უბანს და არა მხოლოდ მთაწმინდას, არამედ, მასში შემავალ ყველა მიკროუბანს - ეს იქნება ვერა, სოლოლაკი თუ მისი შემოგარენი. უპირველეს ყოვლისა, აქ ყველაზე მთავარი პრობლემა არის ძველი სახლები, რომლების მრავალ ათეულ წელს ითვლის და რომელსაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის წვიმა. პრობლემაა ასევე უგზოობა და ბევრი სხვა საკითხი. ამჯერად მიმდინარეობს გამოკითხვა მთაწმინდაზე, რომ დავაზუსტოთ ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ადგილობრივებს“, - აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი და აღნიშნავს, რომ მისი კოალიციის ლოზუნგის ფარგლებში, რომელიც საქართველო, საკუთარი ქალაქის, უბნის, ქუჩის და სახლის მართვას გულისხმობს, ნებისმიერ მოქალქეს შეეძლება საკუთარ მაჟორიტართან ერთად მმართველი იყოს და პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მიიღოს.
თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, რომელიც კენჭს ვარკეთილისა და ლილოს დასახლებაში იყრის, ყურადღებას თბილისთან შემოერთებული სოფლების საკითხებზე ამახვილებს და დედაქალაქის საკრებულოში კიდევ ერთხელ არჩევის შემთხვევაში, კონკრეტული პრობლემების მოგვარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„არ უნდა იყოს განსხვავება ცენტრსა და გარეუბნებს შორის, მნიშვნელოვანია შიდა ეზოების პრობლემა, სკვერების პრობლემა, განვახორციელებთ საბავშვო ბაღების მშენებლობას, აუცილებელია, რომ შემოერთებული სოფლებიდან გადაიტანონ ნაგავსაყრელი და ტერიტორიის კონსერვაცია მოხდეს. შემოერთებულ სოფლებს დედაქალაქის სხვა უბნებისგან განსხვავებული სტატუსი უნდა განესაზღვროთ - საკურორტო, რეკრეაციული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიმართულებით“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.
კიდევ ერთი კანდიდატი, გენერალი კობა კობალაძე ამბობს, რომ ამორჩეველს ვერაფერს დაჰპირდება, თუმცა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებთა პრობლემებზე აქტიურად იმუშავებს და მათ ინტერესებს სახელისუფლებო წრეებში ლობირებას გაუწევს.
„იდეოლოგიურად მზად ვარ და შანსიც მაქვს. თუ მოვიპოვე მოსახლეობის ნდობა, ეს იქნება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე მანდატი“, - აცახდებს კობა კობალაძე.
კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატების სრული სია ასე გამოიყურება:
ჯაბა ჯიშკარიანი - ქართული ოცნება - მთაწმინდა
გიორგი მუსხელიშვილი - თავისუფალი დემოკრატები - ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი
გოჩა ბაბუნაშვილი - ქართული ოცნება - ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები
შორენა ბუხრაშვილი - ეროვნული ფორუმი- სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი
გივი ჭიჭინაძე- ქართული ოცნება - ვეძისი, კანდელაკის ქუჩა, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუას ქუჩა
დავით ზურაბიშვილი - რესპუბლიკური პარტია - საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის , ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
ბექა ნაცვლიშვილი - ქართული ოცნება - კრწანისი, ფონიჭალა
ილია ჯიშკარიანი - თავისუფალი დემოკრატები- ავლაბარი, მეტრომშენი
ირაკლი აბუსელიძე - ქართული ოცნება - ვაზისუბანი , მერვე ლეგიონი
ზურა ნეფარიძე - ეროვნული ფორუმი- ნავთლუღი
ია მაკასარაშვილი - ქართული ოცნება - ვარკეთილი
ლევან დარახველიძე - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - მესამე მასივი
გულიკო ზუმბაძე - რესპუბლიკელები- ვარკეთილის დასახლება, ორხევი, აეროპორტი, წინუბანი, ნასაგური, დიდ ლილო, პატარა ლილო
ლია ჯახველაძე - თავისუფალი დემოკრატები - მოსკოვის გამზირი, აფრიკა
რიმა ბერაძე - ქართული ოცნება - ჩუღურეთი
ლადო ძნელაძე - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - დიდუბე
თარაშ შურღაია - ქართული ოცნება - დიღმის მასივი
დავით ჭელიძე - ქართული ოცნება - ნაძალადები, ლოტკინი
გივი გოგლიძე - ეროვნული ფორუმი - ნაძალადევი
ზაზა კოლელიშვილი - ქართული ოცნება - სანზონა
ჯაბა სამუშია - ქართული ოცნება - თემქა
კობა კობალაძე - ქართული ოცნება - ავჭალა, ზაჰესი, კონიაკის დასახლება, გლდანულა, სოფელ გლდანის მუნიციპალიტეტები
ნინო გოგუაძე - კონსერვატორები - გლდანი - ლუწი მიკრორაიონები
მურთაზ შელია - ქართული ოცნება - გლდანი - კენტი მიკრორაიონები
ქეთი ჯოხაძე - კონსერვატორები - მუხიანი, სამხედრო დასახლება.