არ არსებობს პროდუქტი, რომ მთელი მსფოლიოს მასშტაბით არ ძვირდებოდეს. ფასების ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები არ არსებობს. ბოლო პერიოდში დამაიმედებალი ცნობებიც კი არსაიდან ვრცელდება.
სასურსათო საქონელზე ფასების მსოფლიო ინდექსი თებერვალში, იანვართან შედარებით, 2,2%-ით გაიზარდა და 236 პუნქტს მიაღწია, რაც 1990 წელის შემდეგ, ანუ ამ მონაცემების დაანგარიშების დაწყებიდან დღემდე, მაქსიმალური მაჩვენებელია. რეკორდული იყო იანვრის თვეც, ინდექსი 230,9 პუნქტზე დაფიქსირდა (ინდექსი იქმნება კალათისგან, რომელშიც შედის მარცვლეულის, ზეთის, ხორცის, რძისა და შაქრის ფასები).
გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, თებერვალში ფასების ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მსოფლიო ბაზრებზე შაქრის გაძვირება. ორგანიზაციის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თებერვალში შაქრის ფასის ინდექსმა 418,2 პუნქტს მიაღწია, რეკორდული მაჩვენებელი კი 420,2 პუნქტია.
ხორცის ფასების ინდექსი თებერვალში 2%-ით გაიზარდა, ზეთისა 0,6-ით, ხოლო მარცვლეულის 3,7%-ით.
მოსლფიო ბაზარზე ფასების ზრდა, საქართველოშიც წამსვე პოულობს გამოხმაურებას. უკვე საუბარი აღარ არის იმპორტირებულ პროდუქციაზე, მკვეთრად ძვირდება ადგილობრივი პროდუქციაც. მაგალითად, უშუალოდ მარხვის დაწყების წინ რატომცაღ 2 ლარით გაძვირდა ხორცი. მეწარმეები ამას საწვავის და სხვა საკვები პროდუქტების გაძვირებას უკავშირებენ. შედეგად ამჟამად აგრარულ ბაზრებში ხორცის ფასმა საშუალოდ 2 ლარით მოიმატა და ერთი კილოგრამი 11-12 ლარი ღირს. ამასთან, რეალიზატორები აღიარებენ, რომ გაძვირების შემდეგ რეალიზაცია გაუნახევრდათ.
ხორცის ფასი 13 ლარამდე გაზარდა ხორცის უმსხვილესმა მწარმოებელმა “იბერმითმა”. მენეჯმენტის განცხადებით, საწარმოში ხორცის დეფიციტია, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტის ზრდით არის გამოწვეული.
საკვებთან ერთად ძვირდება ყველა და ყველაფერი. პირველ რიგში და ძვირფასი ლითონები და ნავთობპროდუქტები. ლონდონის ძვირფასი ლითონების საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ღირებულებამ წლის რეკორდი მოხსნა. ამ ეტაპზე 1 უნცია ოქროს ფასი 1430 დოლარს გადაცდა. 70 პროცენტით გაძვირდა ვერცხლი, რომლის ღირებულებამ 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 1 უნციაზე 34 დოლარს გადააჭარბა.
საქართველოში ოქროს ფასი წლის დასაწყისიდან 20%-ით გაიზარდა. თბილისში, ოქროს უმსხვილესი სავაჭრო ცენტრების ცნობით, დღეისთვის 585-სინჯიანი ოქრო 43 ლარი ღირს, ბაჯაღლო ოქროს ფასი 70-80 ლარს აღწევს. თუმცა, ოქროს სავაჭრო ცენტრებში განმარტავენ, რომ ბოლო 10 დღეა ფასების ცვლილება არ მომხდარა და საერთაშორისო ბირჟებზე არსებული გაძვირების ტენდენცია ქართულ ბაზარზე, სავარაუდოდ, მომავალში აისახება.
ოქროზე შედარებით მაღალ ფასს კომპანია “ზარაფხანა” ინარჩუნებს. ქსელში 1 გრამი 585 სინჯის ოქრო 100-110 ლარი ღირს, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ოქროს ფასი გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ შეცვლილა.
“ზარაფხანაში” აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ოქროზე მოთხოვნა, მაღალი ფასის მიუხედავად, მაინც შენარჩუნებულია, თუმცა ეს მხოლოდ შეკვეთების გააქტიურებაში გამოიხატება. “ზარაფხანას” მაღაზიებში კი ძვირფას ლითონზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში შემცირდა.
ყველაფრის გაძვირების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ნავთობის ფასია. ბოლო რამდენიმე დღეა 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 115 დოლარზე გაშეშდა.
“ბოლო დროს ნავთობის გარშემო შექმნილი ვითარება არაპროგნოზირებადია. გაძვირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. არავინ ელოდა, რომ ასე სწრაფად და ასე მალე ნავთობის ფასი ამ ნიშნულამდე ავიდოდა. ბიძგი მას ეგვიპტის მოვლენებმა მისცა, ხოლო ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გარდა ამისა, არის საშიშროება იმისა, რომ რევოლუციური ტალღაგადავიდეს საუდის არაბეთში, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მომპოვებელია და ექსპორტიორი ქვეყანა. საშიშროება ემუქრება ირანსაც”, - აცხადებს ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.
ფასები საერთაშორისო ბაზრებზე ისეთ ზღვარზეა, რომ მორიგი გაძვირება საქართველოშიც, შეიძლება, გარდაუვალი გახდეს. ერთი სიტყვით, ადგილობრივი ბაზარი კრიტიკულ ფაზაშია.