მკვლელი კვლევები, ანუ ნავარო ისევ გვაოცებს

მკვლელი კვლევები, ანუ ნავარო ისევ გვაოცებს

სხვა თვისებებთან ერთად, ქართველებს კიდევ ერთი უცნაური თვისება გვჭირს. რაღაცეების ამოჩემება ვიცით და შემდეგ პრინციპით „მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, ჯიუტად პირველ ჩვენებაზე ვდგევართ. ამჯერად იმ სოციოლოგიურ კვლევაზე გვსურს მოგითხროთ, რომელიც ისევ NDI-მ ჩაატარა და რომელმაც ისევ საზოგადოების თუ პოლიტიკოსთა ვნებათაღელვა გამოიწვია.

უკვე მერამდენედ ხდება, რომ NDI წინასაარჩევნო პერიოდში ისეთ კვლევებს აქვეყნებს, რომელიც ყველამ იცის, რომ რეალობას აცდენილია და თუ ახლა NDI-ის დირექტორი, ბატონი ლუის ნავარო იტყვის, რომ მის კვლევით კომპანიას რეიტინგს ვუგდებ, შევახსენებ, რომ სწორედ NDI-მ ჩაატარა გამოკითხვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და 40%-იანი ცდომილება მიიღო. წესითა და რიგით, ამის შემდეგ ამ კომპანიას კვევების ჩატარების სურვილი კი არა, საქართველოდან წასვლის სურვილი უნდა გასჩენოდა, მაგრამ ისე, რომ არც ბოდიში მოუხდია და არც არაფერი აუხსნია, მაინც ჯიუტად ატარებს კვლევებს და საზოგადოებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს ახვევს.

როცა შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ მისცა ნავაროსა და მის ორგანიზაციას კვლევების ჩატარების ექსკლუზიური უფლება და რატომ არის, რომ ყოველი არჩევნების წინ აქტუალური მაინცდამაინც NDI-ს კვლევებია, გავარკვიეთ, რომ ქართულ ბაზარზე სხვა ანალოგიური ორგანიზაცია, უბრალოდ, არ არის და თუ არის, ისინი კონკრეტული პარტიების დაკვეთით მუშაობენ ან უფრო უარესი - კვლევებს ატარებენ, მაგრამ საჯაროს არ ხდიან. როგორია?! როგორი და სუფთა ქართული. შესაბამისად, NDI-იც გალაღებულია და გინდა თუ არა, არჩევნებიდან არჩევნებამდე მას უნდა უსმინო.

„ვნახე კვლევის ის ნაწილი, რაც პოლიტიკური რეიტინგებს უკავშირდება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამჯერადაც სამწუხაროდ, სოციოლოგიური კვლევა პოლიტიკური ბრძოლის იარაღადაა გამოყენებული. კერძოდ, იმ მიზნით, რომ ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება და ურთიერთუნდობლობის პროცესები წააქეზონ. როდესაც სოციოლოგიური კვლევა ასეთ მიზანს ისახავს, რა ნდობაზე შეიძლება იყოს საუბარი?! საქართველოში სოციოლოგიური კვლევების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ეს რეიტინგები თეთრი ძაფითაა ნაკერი და ხელისგულზე ჩანს მიზანი - დაიწყოს თუ გაღრმავდეს ხელისუფლების შიგნით უნდობლობის პროცესები. ისეთი შედეგები მაინც დაიდოს, რომელიც რეალობასთან ოდნავ მაინც იქნება კავშირში“, - ეს განცხადება ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა და ძნელია, მის მოსაზრებას არ დაეთანხმო.

და მაინც? რა სარგებელს ნახულობს ანალოგიური კვლევების ჩატარებით NDI?! „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში მმართველი პარტია სარგებელს აშკარად ნახულობდა. არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ნაციონალები კი სწორედ NDI-ის კვლევებს იშველიებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებს მათ მიერ ნაჩვენები შედეგი ასი პროცენტით ემთხვევა და ოპოზიცია ტყუის.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას. ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ გახლავთ, მაგრამ NDI ჯიუტად ამტკიცებს, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა და ყოველი გამოკითხვის შემდეგ მმართველ გუნდს რეიტინგს დაბლა უწევს, საპარლამენტო ოპოზიციას პროცენტებს უმატებს და თუ ასე გაგრძელდება, იმ ნიშნულამდეც არ არის შორს, რომელიც ამავე ორგანიზაციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დადო და უდიდესი შეცდომაც დაუშვა - მათ მიერ დაანონსებული 12 პროცენტის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ 65 პროცენტი მიიღო. მათივე მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე გარდაუვალი იყო მეორე ტური და გიორგი მარგველაშვილმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. და ეს იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მინიშნებითაც კი არ უთქვამთ, რომ რომელიმე არჩევნები გაყალბდა.

რა გამოდის? არჩევნები არ ყალბდება, შედეგებს ყველა აღიარებს და ეს შედეგები უზარმაზარი სხვაობით არის აცდენილი რეალობას. NDI, ისევე როგორც სხვა უცხოური კომპანიები, ჯიუტად ამტკიცებს, რომ კვლევის შედეგებთან სხვაობა ყველაზე ცუდ შემთხვევაში 2-3 პროცენტია და რას ნიშნავს 40-პროცეტნიანი სხვაობა, უბრალოდ არ ხსნიან. სავარაუდოდ, ამას სახელიც არ აქვს, თუმცა ჩვენ ხომ ყველაფერს ვეგუებით და აზრადაც არავის მოსვლია, რომ ბატონი ნავარო უბრალო თაღლითობაში ამხილონ და ძალიან მშვიდად დაემშვიდობონ. ასევე საინტერესოა რატომ არ ხურავს საქართველოს ოფისს NDI-ის ამერიკული ოფისი, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ საქართველოში ნავარო და რომელიც რეალურად, ცენტრალური ოფისისთვის რეიტინგის დადგების მეტს უბრალოდ არაფერს აკეთებს.

ძალიან დიდი ალბათობით, ნავარო არც ამ არჩევნების შემდეგ მოიხდის ბოდიშს და საერთოდ, სულ არ დააინტერესებს, რას იტყვიან მისი ორგანიზაციის შესახებ, მთავარი ხომ ის არის, რომ მას ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს და გინდა თუ არა, ყოველი კვლევის შემდეგ სწორედ მას უნდა მოუსმინო, მის შედეგებზე აკეთებინო პოლიტიკოსებსა თუ ექსპერტებს კომენტარები და თუ ვინმე ჟურნალისტი გააკრიტიკებს, არც არაფერი... ძაღლი ყეფს, NDI მიდის.