თამბაქოს გამო საქართველოში 11 ათასი ადამიანი იღუპება, 3 ათასი კი პასიური მწეველობის მსხვერპლია

თამბაქოს გამო საქართველოში 11 ათასი ადამიანი იღუპება, 3 ათასი კი პასიური მწეველობის მსხვერპლია

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ ე.წ. „ლაითი“, რბილი სიგარეტი თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან მარკეტინგულად ახალგაზრდა გოგონებზეა გათვლილი. გოგონებს ჰგონიათ, თუ წვრილღერიან სიგარეტს მოსწევენ, ჯანმრთელობას მოუფრთხილდებიან. სინამდვილეში, ეს სიგარეტი სატყუარაა და მასში ქიმიური ნივთიერებების შემცველობა სულაც არ არის დაბალი.

როგორც გიორგი ბახტურიძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, სამედიცინო გამოკვლევების თანახმად, ე.წ. „ლაითი“ სიგარეტის კვამლი უფრო ღრმად შედის ფილტვის ნაზ ქსოვილებში, რომლის დაზიანებაც მანამდე სამედიცინო კვლევებით ცნობილი არ იყო. თუ 20 წლის წინ მანდილოსნებში ფილტვის კიბო 3-4 % იყო, ახლა 25-27 %-ია, რადგან ამ სიგარეტებში 190-მდე ქიმიური ნივთიერებაა. ფაქტობრივად, ძველებური თამბაქო არც ფიგურირებს და ესაა ქიმიურ ნივთიერებათა კონგლომერატი. ამიტომაცაა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა 30 წლის ადამიანს ხორხის, ფილტვის, მკერდის კიბო აღენიშნება. თუ 10 წლის წინ საქართველოში 8000 ადამიანი იღუპებოდა თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით, ანუ ყოველი მეხუთე, დღეს ყოველი მეოთხე იღუპება, ანუ 11 ათასი ადამიანი. ასე რომ, ნომერ 1-ლი მკვლელი, თავისი მასტშაბით, სწორედ თამბაქოა. ფაქტობრივად, მშვიდობიანობის პერიოდში ერთი ქალაქის ოდენა მოსახლეობა იღუპება, რაც ჩვენისთანა დემოგრაფიის მქონე ქვეყანაში წარმოუდგენელია.

„ამ 11 ათასი დაღუპულიდან 3 ათასი პასიური მწევლობის მსხვერპლია, რომელიც იძულებულია, ჩაისუნთქოს სხვის მიერ მოწეული სიგარეტის ნამწვი. მათ შორის, 10% ბავშვებზე მოდის. ბავშვთა უეცარი გარდაცვალების შემთხვევებში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასიურ მოწევას. გამოდის, ამით შვილებს ვკლავთ. ანუ ყოველდღიურად 9 ადამიანი მხოლოდ იმის გამო იღუპება, რომ სხვა ადამიანების გამონაბოლქვ ჰაერს ჩაისუნთქვენ. მომდევნო ათი წლის შემდგომ ნავარაუდევია, რომ ეს ციფრი 18 ათას დაღუპულამდე ავა. ამას ემატება ისიც, რომ თვითონ თუთუნიც ბოლო წლებში გენმოდიფიცირებულია, რომ არაფერი ვთქვათ იმ არომატიზირებელ საშუალებებზე, რომლითაც გაჯერებულია სიგარეტი. მთლიანობაში, 4 ათასამდე ქიმიური ნივთიერება იყრის თავს თამბაქოში -„ლაით“ სიგარეტშიც და ჩვეულებრივშიც“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისივე თქმით, თამბაქოს ინდუსტრია ყოველნაირად ცდილობს, ქვეყანაში არ დაბრუნდეს თამბაქოს ლიცენზირების კანონმდებლობა, რაც 2010 წელს საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, ქვეყანაში ყოველგვარი კონტროლის გარეშე შემოდის თამბაქოს ნაწარმი, ასევე, თამბაქო იწარმოება საქართველოში და მისი შემცველობა, ისევე, როგორც ქიმიურ დანამატთა შემცველობა, უცნობია მომხმარებლისთვის. თუ თამბაქოს ინდუსტრია დაიცავს არსებულ სტანდარტებს, მაშინ პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება და მათი შემოსავალი, გარკვეულწილად, შემცირდება. კერძოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტში ამ ინდუსტრიიდან სტაბილურად 150 მილიონი ლარი შედიოდა. ეს მაშინ, როცა ეკონომიკური გათვლებით, 280 მილიონი ლარი უნდა შესულიყო. გამოდის, დაახლოებით 130 მილიონი იკარგებოდა და ილექებოდა ვიღაცის ჯიბეებში. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფოს კატასტროფულად დიდი თანხების გაღება უწევს თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის, რაც ორჯერ სჭარბობს იმას, რაც შემოქვს თამბაქოს ინდუსტრიას. ეს დარგი მომგებიანია მათთვის, ვინც წილებს ფლობს ამ სექტორში.

„მოგეხსენებათ, თამბაქო ისედაც სასიკვდილო პროდუქტია, მაგრამ ქიმიურად შეჯერებული თამბაქო ბევრად უარესია. თუ ადრე ჩვეულებრივი თამბაქო, ქიმიური დანამატების გარეშე, ფიტვის კიბოს 30-35 წლის განმავლობაში იწვევდა, ასეთი ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული თამბაქოს ნაწარმი უფრო ადრე იწვევს კიბოს შემთხვევებს, ასევე, ინსულტს, ინფარქტს. ამ დროს მასზე არანაირი კონტროლი სახელმწიფოში არ ხდება“.

რაც შეეხება ლობისტებს, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკოსებს ასახელებს და მათ თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ თამბაქოს ბიზნესს წლების განმავლობაში მფარველობდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და უკვე მმართველ გუნდშიც გაჩნდნენ ამ ბიზნესის ლობისტები.

მისი თქმით, იაპონური თამბაქოს წარმოების საკომუნიკაციო დირექტორი კავკასიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის თანაშემწეა. დღესდღეობით იგი მთავარი ლობისტია მთავრობასა და პარლამენტში. ასევე, გიორგი ბახტურიძის თქმით, ლობისტები წლების განმავლობაში იყვნენ ჯანდაცვის სისტემაშიც. მაგალითად, იურიდიული სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, რომლებიც პირდაპირ ლობირებენ ამ საკითხებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროში ყოფილი მინისტრის მოადგილეები მატკავა და ჯანელიძე და დეპარტამენტის უფროსი ღოღობერიძე. მისი ინფორმაციით, პარლამენტში, მმართველი გუნდიდანაც გამოჩნდა რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც, ასევე, ლობირებენ ამ ბიზნესს საქართველოში და ესენი ძირითადად „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

„ლობისტები ჯანდაცვის სამინისტროდან მთავრობაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის გადაგზავნას აბრკოლებენ. შესაძლებელია, აღნიშნული კანონპროექტის გადაგზავნა საგაზაფხულო სესიების დაწყებამდე ვერც მოესწროს. ამიტომ

მოვუწოდებ მთავრობას, მოიწვიოს სამთავრობო კომისია და მოხდეს ყველა ამ საკითხის ღიად განხილვა“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.