საყდრისის დამცველები „არ ემ ჯი გოლდის“ მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს ეჭვით უყურებენ

საყდრისის დამცველები „არ ემ ჯი გოლდის“ მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს ეჭვით უყურებენ

დღეს საყდრისი უცხოელმა ექსპერტებმა მოინახულეს, რომლებსაც, ასევე, ახლდა ქართველი არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე. ძეგლის მონახულების შემდეგ ექსპერტებმა ტერიტორია სულ სხვა გზით დატოვეს და მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამდენად, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებისთვის უცნობია რა მდგომარეობაშია ძეგლი, აიღეს თუ არა ექსპერტებმა ნიმუშები და სხვა. ეს მაშინ, როცა სწორედ ამ უცხოელების ვერდიქტზეა დამოკიდებული მეოთხე ათასწლეულის უნიკალური ძეგლის ბედი, როგორც მას საყდრისის დამცველები უწოდებენ.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები უნდობლობას უცხადებენ აღნიშნულ გერმანელ და ბულგარელ ექსპერტებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მოწვევით ჩამოვიდნენ. მათი აზრით, პროცესი გაუმჭვირვალედ ტარდება და ამ ყველაფერს ასაიდუმლოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

გამოსავლის ძიების პროცესში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები აპირებენ მის უწმინდესობასთან, ასევე, ბიძინა ივანიშვილთან გამართონ შეხვედრები. მათი შეფასებით, ივანიშვილი პასუხისმგებელია საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის გაუქმებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე მისი გავლენა მაღალია.

For.ge საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრს ირაკლი მამალაძეს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაფართოებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ უცხოელი ექსპერტები საქართველოში. კერძოდ, ამერიკის მხარემ საქართველოს ხელისუფლებას 15 ექსპერტი შესთავაზა, თუმცა მათ არცერთი არ ჩამოიყვანეს, არც გერმანიის მხარის მიერ შემოთავაზებული ხუთი ექსპერტის ჩამოყვანას დათანხმდნენ.

ირაკლი მამალაძის თქმით, ჩვენმა ხელისუფლებამ მდგომარეობა ჩიხში შეიყვანა, ამიტომ მათ, როგორც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა, წერილი მისწერეს საყდრისის აღმომჩენ გერმანელ მეცნიერს - თომას შტოლნერს, ჩამოსულიყო საქართველოში და ჩაეტარებინა დამოუკიდებელი კვლევა. თუმცა პრობლემაა ის, რომ ბატონი შტოლნერი არ მოიწვია არც კულტურის სამინისტრომ და არც „არ ემ ჯი გოლდმა“. ამდენად, ის არ ჩამოვა საქართველოში იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ „არ ემ ჯი გოლდმა“ მას სამჯერ უჩივლა და მას პოლიციაში დაატარებდნენ დაკითხვაზე. უფრო მეტიც, თავის დროზე შტოლნერს ხელს უშლიდნენ ექსპედიციის ჩატარებაში, როცა არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა საყდრისში. ამის მიუხედავად, ირაკლი მამალაძე იმედოვნებს, რომ შტოლნერის მოწვევა მაინც მოხერხდება და მასთან ერთად გვეწვევა რამდენიმე ექსპერტი. თუმცა ისიც სათუოა, შეუშვებს თუ არა მათ „არ ემ ჯი გოლდი“ მის მიერ ლიცენზირებულ ტერიტორიაზე.

„საჯარო პირობის მიუხედავად, რომელიც საყდრისში ჩამოსულმა კულტურის მინისტრმა მოგვცა, ბატონი თომას შტოლნერი მაინც არ მოუწვევია კულტურის სამინისტროს. ამჟამად ჩამოიყვანეს ორი საეჭვო რეპუტაციის ექსპერტი. ისინი შეხვდნენ საყდრისის ექსპედიციაში მონაწილე არქეოლოგებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ ეს მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიული ძეგლია. უცხოელები აპრიორი უკვე საუბრობენ ეკონომიკურ მოგებაზე, ეფექტზე, რომელიც შეიძლება მოუტანოს საყდრისმა საქართველოს და არაფერს ამბობენ ძეგლთან დაკავშირებით. ერთი რამ ცალსახაა, ორივე ექსპერტი მოწვეულია „არ ემ ჯი გოლდის“ მიერ. ჩვენს კომიტეტს ამ უცხოელი ექსპერტების კომპეტენციში არანაირი ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ ჩვენში ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ისინი ჩამოიყვანა მაინცდამაინც „არ ემ ჯი გოლდმა“, ანუ დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც სურს, ეს ადგილი აითვისოს და დაიწყოს იქ ოქროს წარმოება. მგელს რომ კრავი ჩააბაროთ, იგივე სიტუაციაა. ფაქტობრივად, კულტურული ფენა წაშლილია საყდრისში და ეს ჩაიდინა „არ ემ ჯი გოლდმა“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე.

რაც შეეხება მოარულ ხმებს, თითქოს საყდრისის „დამანგრევლები“ ქართველ არქეოლოგზე, ირინე ღამბაშიძეზეც ახორციელებენ ზეწოლას, ირაკლი მამალაძე ეჭვობს, რომ ეს ღვაწლმოსილი მეცნიერი ვინმემ გატეხოს. უბრალოდ, მისი თქმით, ირინე ღამბაშიძე ამდენი ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, ის იყო ძალზე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, მას ექიმმა აუკრძალა ტელეფონზე საუბარი, ინტერნეტთან ურთიერთობა. თუმცა ირინე ღამბაშიძე ისევე იცავს საყდრისს, როგორც იცავდა მანამდე და ის არის საყდრისის ერთ-ერთი ძლიერი გულშემატკივარი.

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი For.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ გაუგებარია, ვინ ჩამოიყვანა საქართველოში ორი უცხოელი ექსპერტი, რა ფინანსებით მოხდა მათი მოწვევა, რა სტატუსი აქვთ მათ, ოფიციალურ კომისიას განეკუთვნებიან თუ უბრალოდ ჩამოიყვანეს? მათ ჩამოყვანაში რა როლი მიუძღვის „არ ემ ჯი გოლდს“ ან ძეგლთა დაცვის სააგენტოს? ჟურნალისტის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და ამ პროცესს გაუმჭვირვალედ უძღვება ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რომელიც საჯაროდ არაფერს ხდის. ამიტომ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი უნდობლობას უცხადებს ასეთ გაუმჭვირვალე პროცესს.

„საყდრისში უნდა ჩასულყვნენ მეცნიერები_ირინე ღამბაშიძე, გიორგი გოგოჭური და გოგი მინდიაშვილი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, აქ მარტო ირინე ღამბაშიძეა ჩამოსული, ის ორი ქართველი მეცნიერი კი არ წამოიყვანეს. უცხოელებთან ერთად ირინე ღამბაშიძეც იყო ასული ბორცვზე, მას დავურეკეთ და ვუთხარით, რომ ჩვენ ვიცით ინგლისურიც, გერმანულიც და არც გაბედონ, ჟურნალისტებთან დალაპარაკების გარეშე წავიდნენ პატივცემული ექსპერტები. ახლა ვდგავართ და მათ ველოდებით. აქ პოლიციაა მობილიზებული და დგას პოლიციის ხუთი მანქანა. სანამ ეს უცხოელები და ქართველი ექსპერტები მოვიდოდნენ, მანამდე „დრუჟბით“ კაფავდნენ საყდრისში გზის მხარეს დარჩენილ მწვანე საფარს, ელექტროხერხითაც ჭრიდნენ, ეს ყველაფერი გადავიღე, მეორე მხრიდან კი ბულდოზერი ავიდა“ - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.