საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლია ალასანიამ შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართა.
ირაკლი ალასანიამ მასპინძლებს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
კონგრესმენებმა და სენატორებმა ქართული მხარის მიმართ ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გამოხატეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კონგრესის წარმომადგენლები აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კუთხით კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.
„შევხვდით სენატორებს და კონგრესმენებს, რომლებიც კონგრესში ძირითადად საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას უძღვებიან. მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავდაცვის უწყებაზე და საგარეო პოლიტიკის შემქმნელებზე გავლენა აქვთ. ერთსულოვნებაა საქართველოს, მისი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართ, საქართველოს თვლიან საიმედო პარტნიორად. ასევე, მივიღეთ დაპირება, რომ სერიოზულად იმუშავებენ თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან იმისთვის, რომ საქართველომ ნატოს გზაზე დიდი პროგრესი ნახოს. ასევე, ჩვენ აშკარად ვხედავთ ერთსულოვნებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხშიც. ეს შეხვედრები უკვე კონკრეტულ რეზოლუციებში, კონკრეტულ მხარდამჭერ განცხადებებში გადაითარგმნება. მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, იმუშავებენ საკუთარ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ის ამოცანები, რაც დასახული გვაქვს, მიღწეული იქნას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
როგორც საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ აღნიშნა, სენატორები და წარმომადგენლობითი პალატის კონგრესმენები საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ. კონგრესში გამართულ შეხვედრებზე ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.