სახელმწიფოს, ყველა ორგანიზაციის ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც საქმე ეხება სიძულვილის ენას, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარე სასამართლო პროცესების შეფასებისას.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა ლეგიტიმური უფლებაა, გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც საჭიროა მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად.
„აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ევროპარლამენტმა ან სხვამ სცადა ან ცდილობენ სიძულვილის ენის რეგულირებას, აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ ამავე დროს, მეორე ხელით, მათ შორის საქართველოს მოუწოდებენ, რომ არაფერი გააკეთოს სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა მახაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მსჯელობს. სასამართლომ 4 ათასი ლარით დააჯარიმა ვახო სანაია, ასევე დავით ქაცარავა. მას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.