[ეკა ბაქრაძე]
ლეიბორისტული პარტია საქართველოს ხელისუფლებასა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თბილისელების დაყაჩაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივნის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ხელისუფლება, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად, დედაქალაქის მოსახლეობისგან უკანონოდ მოითხოვს არარსებული წყლის დავალიანების გადახდას.
ჯიბლაძის განცხადებით, 2005-07 წლების დავალიანება, რომელიც 15 მილიონ ლარს შეადგენდა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2006 წელს გამოიყო და იგი ჩინოვნიკებმა დაინაწილეს, ახლა კი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობისგან ამ თანხის ხელმეორედ ამოღებას ცდილობს.
„2007 წლის იანვრამდე კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლადაა აღწერილი, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ დედაქალაქის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დავალიანების დასაფარად უკანონოდ იქნა გადარიცხული 15 მილიონი ლარი, რომელიც თბილისელების ქვითრებში არ ასახულა, ახლა კი ხელისუფლება ცდილობს ამ მილიონების გათეთრებას.
400-დან 1200-მდე ლარის დავალიანებები, რომლისთვისაც რეალურად თანხა იყო გამოყოფილი, მოსახლეობას 6-8 თვეზე გადაუნაწილეს, შემდეგ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრნენ, თუმცა აქციების შიშით ამას ჯერ ვერ ახორციელებენ“, - განაცხადა ჯიბლაძემ.
ლეიბორისტული პარტია მთავარი პროკურორისგან აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას მოითხოვს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„ეს ხელისუფლებისა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიის მიერ თბილისელების მორიგი დაყაჩაღებაა. სააკაშვილსა და უგულავას მოვუწოდებთ, თბილისელების დაყაჩაღებას თავი დაანებონ და მათ მიერ კონტროლქვეშ მყოფ კომპანიას დაავალონ, მოსახლეობაზე დარიცხული არარსებული დავალიანებები ჩამოწეროს. მთავარ პროკურატურას კი მოვუწოდებთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები განახორციელოს“, - აღნიშნა გუგავამ.
სხვათა შორის, პოლიტიკოსები არსებული წყლის ტარიფის შემცირებასაც ითხოვენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება უშუალოდ უგულავამ მიიღო და იგი აბსოლუტურად უკანონოა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთსა და იმავე ტარიფს იხდის ის ოჯახები, რომლებსაც უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ და ისინიც, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხელისუფლებამ ამ კუთხით მომხმარებელთა უფლებების დარღვევა აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ დიფერენცირებული ტარიფის დაწესების ადმინისტრირება რთული იყო. შესაბამისად, ყველა მომხმარებელი ერთ სატარიფო პოლიტიკაში მოაქცია.
წყლის ტარიფის გაზრდის მოტივად წყლის სისტემების მოწესრიგებისთვის ჩადებული ინვესტიციები მიიჩნევა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ, სანამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებდა, წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარის გამოყოფის განკარგულება გასცა. შესაბამისად, სისტემების ნაწილის რეაბილიტაცია ისევ ხალხის ფულით განხორციელდა.
მართალია, საქართველო წყლის სიუხვით გამოირჩევა, მაგრამ რეგიონის მასშტაბით ქართველი მოსახლეობა ღვთისგან მოძებულ უხვ წყალს ყველაზე ძვირად ყიდელობს. ჩვენთან, ერთი ადამიანი წყლის მოხმარებისთვის თვეში 3,15 ლარს იხდის, აზერბაიჯანში - 3,30 თეთრს, სომხეთში კი ეს გადასახადი სულ რაღაც 0,99 ლარია. ამ ციფრებიდან აშკარაა, რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არა მარტო ინფლაციის მაჩვენებლითაა ლიდერი, არამედ წყლის გადასახადიც საკმაოდ მაღალია, რამდენადაც, როგორც იტყვიან, საქართველოში წყალი ყველა ფეხის ნაბიჯზეა, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი მისი აშკარა სიმწირეა.
მოკლედ, საქართველოში ერთი კუბური მეტრი სასმელი წყალი ფიზიკური პირებისთვის 26,6 თეთრი ღირს, იურიდიული პირებისთვის კი - 4,4 ლარი. კომპანიები გადასახადს დახარჯული წყლის შესაბამისად იხდიან, ფიზიკური პირები კი სულადობით - 1 თვეში 3 ლარსა და 15 თეთრს, რამდენადაც წყლის გამანაწილებელ კომპანიებს აბონენტების გამრიცხველიანება არ მოუხდენია.
აზერბაიჯანში, კერძოდ კი ბაქოში ფიზიკური პირები ერთ კუბურ მეტრ წყალში 0,3 მანათს (30 კაპიკს), ანუ დაახლოებით 66 თეთრს, იურიდიული პირები კი 1 მანათს, ანუ დაახლოებით 2,21 ლარს იხდიან. აღნიშნული ტარიფი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით საკმაოდ დაბალია წყლის ტარიფი სომხეთში. მაგალითად, იქ თვეში ერთი ადამიანი 207 დრამს, ანუ დაახლოებით 99 თეთრს იხდის.
წყლის საცალო ტარიფი თბილისთან შედარებით მაღალია კიევში. იქ ერთი კუბური მეტრი წყალი 3 გრივნა და 32 კაპიკი ღირს, ანუ დაახლოებით 70 თეთრი. თუმცა ერთი 4-სულიანი ოჯახი თვეში დაახლოებით 10 კუბურ_მეტრს ხარჯავს, შედეგად, თუ თბილისში 4-სულიანი ოჯახი თვეში წყლის მოხმარებისთვის 12,6 ლარს იხდის, კიევში იგივე 4-სულიან ოჯახს, საშუალოდ, 7 ლარის გადახდა მოუწევს.
რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში სასმელი წყალი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან. მაგალითად, რუსეთის დედაქალაქში ერთი ადამიანი თვეში წყლის მოხმარებისთვის, დაახლოებით, 4-5 დოლარს იხდის. მართალია, თბილისსა და მოსკოვში დაწესებული წყლის ტარიფი განსხვავებულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოსკოვსა და თბილისში შორის განსხვავებულია მინიმალური ხელფასის ოდენობაც. თუ ჩვენთან მინიმალური ხელფასის ცნება, პრაქტიკულად, დღემდე განსაზღვრული არ არის, მოსკოვში ის, დაახლოებით, 1000 დოლარს შეადგენს.