„მიშა, არ არის, დროშაც არ არის“

„მიშა, არ არის, დროშაც არ არის“

„ნაციონალური მოძრაობის“ 55 წუთიან კონფერენციაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთხელ ახსენეს, ყოფილი ძალოვანი მინისტრები - ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არცერთხელ, გულებიანი დროშის ნაცვლად, საქართველოს დროშა აღმართეს, მოწინავე ადგილების ნაცვლად კი, გიული ალასანია უკანა რიგებში დასვეს.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის კონფერენცია დღეს, სპორტის სასახლეში 18:00 საათზე, ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, საქართველოს ჰიმნით დასრულდა, მაგრამ მანამდე, დარბაზში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული მუსიკოსების ჰანგები ისმოდა. უმცირესობის წევრები ჰოლივუდის ვარსკვლავებივით ფოტოებს მხარდამჭერებთან იღებდნენ, დარბაზი კი ტრადიციისამებრ, წითელ ფერებში 5 ნომრიანი მაისურებით და ბანერებით იყო მორთული.

კონფერენცია გიორგი ვაშაძემ გახსნა, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, „ქართულ ოცნებას“ „უსუსური“ და „უნიათო“ უწოდა, გიგი უგულავამ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის - „მამული, ენა, სარწმუნოების“ ალტერნატივა - „მამული, წესრიგი, გზა ევროპისკენ“ შესთავაზა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დაახასიათა როგორც ძლიერი, თანამედროვე და კომპეტეციიის მქონე პარტია, ნიკა მელიამ ოპონენტი დავით ნარმანია დებატებში გამოიწვია, ხოლო ხათუნა დეკანოიძემ გამოსვლისას ტრიბუნას მუშტები ურტყა.

ტრიბუნასთან აღნიშნული ლიდერების გამოსვლა ტაშის ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ განსაკუთრებული ოვაციები მიხეილ სააკაშვილის და პატიმრობაში მყოფი პირების - ზურაბ ჯიბუხაიას, ალქესანდრე ნინუას და ზურაბ ოტიაშვილის ხსენებამ გამოიწვია.

მართალია, ნაციონალებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი გამგებლები არ დაავიწყდათ, მაგრამ საჯაროდ, მათი ყურადღების მიღმა დარჩნენ ასევე პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, რომლის მეუღლე თაკო სალაყაია კონფერენციას არ დასწრებია, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიასგან, რომელიც ღონისძიებას თვალს უკანა რიგებიდან ადევნებდა.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალებს კონფერენციაზე გულებიანი დროშის აღმართვა დაავიწყდათ, მაგრამ ღონისძიებაზე დაპატიჟეს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე.

როგორც for.ge-ს კალმახელიძემ განუცხადა, ის ამჟამად, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და არის აქტიური მოქალაქე.

„ჩემს დროს ვიყენებ, რომ ზოგიერთ ადამიანს სარგებლობა მოვუტანო. ლექციებს ვკითხულობ და თავისუფალ დროს ვიყენებ, რომ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე“, - განგვიცხადა ხათუნა კალმახელიძემ, რომელმაც ჩვენი დარწმუნება სცადა, რომ ის შეცდომები გაიზიარა, რომელიც ყოფილმა მთავრობამ დაუშვა.

თუ რომელი ერთი შეცდომა გაიზიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის თაობაზე გამომსვლელებს არ უსაუბრიათ, მაგრამ ნაციონალებმა საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვეს, სანაცვლოდ კი, მათ 24 საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელი მუშაობა შესთავაზეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიის პროგრამა გაჩერებული ქვეყნის ამუშავებას ითვალისწინებს. მისი თქმით, მათი მიზანი, არ არის ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლება.

„მთელ საქართველოს 24-საათიან მუხლჩაუხრელ შრომას ვთავაზობთ, რადგან ეს გაგვიკეთებია, ვიცით და ამას აუცილებლად მომავალში გავაკეთებთ. რაც გავაკეთეთ, საკმარისი არ არის და გაცილებით მეტის პოტენციალი და ამბიცია გვაქვს. არც ერთი ნაბიჯი უკან, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის მსგავსად გამარჯვებაზე გაამახვილა ყურადღება დავით ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ ძლიერი, კომპეტენტური ძალაა.

მისი თქმით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან ხელისუფლება საზოგადოებას გაჩერებული პროექტების, შეუსრულებელი დაპირებების და გაზრდილი უმუშევრობის გარდა ვერაფერს სათავაზობს.

„ჩვენი შვილების უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის ვიბრძოლოთ, რადგან კრიმინალის, ანგარიშსწორებისა და დაუსჯელობის დამღუპველი აჩრდილი უკვე შემოიპარა. არცერთ ჩვენს ოპონენტს არ ვებრძით, არამედ შეუსრულებელ დაპირებებს და გაუკეთებელ საქმეებს, კორუფციას, უმუშევრობას, კრიმინალს, გაძვირებულ ფასებს ვებრძვით. ასევე ვებრძვით ერთმანეთთან დაპირისპირების, ზიზღისა და შურისძიების ტალღას, რომელიც ხელისუფლებისგან მოდის. ეს ტალღა ერს გახლეჩს და გარედან მომდინარე საფრთხეების წინაშე დაუცველად დატოვებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, გამოსვლისას მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ აქცენტი საარჩევნო პროგრამაზე გააკეთა და განაცხადა, რომ თბილისს „არავინ არ უნდა დაუსვას“ ქალაქის მერი.

მელიამ საზოგადოებას პროგრამა სუფლიორის საშუალებით გააცნო და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასო იქნება, ხოლო სხვა მოქალაქეებისთვის მგზავრობა 20-თეთრამდე შემცირდება.

მისი თქმით, ასევე მოხდება საშემოსავლო გადასახადების შემცირება და კომუნალური გადასახადები, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს.

„საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადების გაუქმება მოხდება. ბიზნესთან დაკავშირებული დარღვევების და გადაცდენის ამნისტია მოხდება. შეჩერებული პროექტების განახლება მოხდება, როგორიც არის თბილისიდან რკინიგზის გადატანა, გზების მშენებლობის მეორე ტალღა და ა.შ“, - დასძინა მელიამ.

ნიკა მელიამ გამოსვლისას ნარმანია დებატებში გამოიწვია და აღნიშნა, რომ ვერცერთი ავტორიტეტი ვერასოდეს გადაწყვეტს - ვინ იქნება დედაქალაქის მმართველი.

„ვერავინ ვერავის დანიშნავს პირადი ერთგულებისა და მორჩილების მიზნით. არჩევანი ჩვენზეა, ხალხზე და გამარჯვების მჯერა, როგორც არასდროს“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება გულებიან დროშას, თუ 5 ოქტომბრის პარტიულ ყრილობაზე, მიხეილ სააკაშვილმა დროშა დიდი პომპეზურობით წარადგინა და საზოგადოება სიყვარულში ამ ფორმით დაარწმუნა, დღეს, ეს დროშა არავის გახსენებია. მას შემდეგ, რაც for.ge-მ დროშის შესახებ მოიკითხა ინფორმაცია, უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ხუმრობით გვიპასუხა - „მიშა, არ არის, დროშაც არ არის“.