სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა ელექტრონული ფორმითაც იქნება შესაძლებელი. ამ სახის ინფორმაციის დაცვა კი, სპეციალური დაცული სისტემით მოხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები - „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა.
როგორც for.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა განუმარტა, დღეს მოქმედი კანონით, კიბერსაშუალებების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციის შექმნა, დამუშავება და მისი ბრუნვა დაუშვებელია, რაც მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციის მყისიერი გაზიარების უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, კანონომდებლობაში „კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის“ (CIS) - სპეციალური დაცული სისტემის ცნება შემოდის, რომელიც მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს. კერძოდ, ცვლილებებით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან მოპყრობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ისეთი ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციული სისტემების მეშვეობით, რომელთაც პროგრამული და ტექნიკური დაცვის სათანადო საშუალებები გააჩნიათ.
ამასთანავე, პროექტით, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან ელექტრონული ფორმით მოპყრობის მიზნით, CIS სისტემის გამოყენების ნებართვას იძლევა და მასზე კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებს, პროექტი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს აყალიბებს ახლებურად, მეორე მხრივ კი, გამიჯნულია საიდუმლო ინფორმაციებზე ინდივიდვალური და იურიდიული პირის დაშვების შემთხვევები.
ინიციატივით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან იურიდიული პირის დაშვება ხუთი წლის ვადით იმ საწარმოზე, დაწესებულებაზე ან ორგანიზაციაზე გაიცემა, რომელსაც ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება გააჩნია. მსგავსი ტიპის დაშვებას კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
პროექტით, ინდივიდვალური დაშვების შემთხვევაში გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე იურიდიული პირის ხელმძღვანელი იღებს. ხოლო, ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას შესაბამის პირზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი გასცემს, მაგრამ ნებართვის გაცემის წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
გარდა ამისა, ცვლილებებით, ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს - დადგენილი ვადის გასვლა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულება, რომ სახელმწიფო საიდუმლოება ღიად იქნეს გაცვლილი და ასევე, ობიექტური გარემოების შეცვლა, რომლის შედეგადაც აღარ არის საჭირო დაცული იქნეს ის ინფორმაცია, რომლიც სახელმწიფო საიდუმლოებაა.
უნდა ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრი ასევე უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ, დასაიდუმლოების ვადა გააგრძელოს.
კანონპროექტით, თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, რის გამოც, საქართველოში იქმნება ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება თავდაცვის სამინისტროში, ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, პარლამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობის კანცელარიაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მოქმედი ქვერეგისტრებისაგან.
პროექტით, ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დაცვისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას. კერძოდ, იმ ეროვნული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების სანქცირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტში შეცვლილია მიდგომები ფულად-საკრედიტო სფეროში. კერძოდ, პროექტის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ ობიექტების მშენებლობისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ, სადაც ხორციელდება ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები.
ასევე კანონპროექტით, მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტების და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის (მიმოქცევისათვის განკუთვნილი) აღრიცხვასთან და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომის, ამ ინფორმაციის მიღება-გაცემის და შენახვის წესი და პირობები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით განისაზღვრება.
კანონპროექტში ასევე გაწერილია ის შემთხვევებიც, როდესაც პრესაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა ხდება.
ინიციატივით, პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, ასევე ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, მაგრამ პრესაში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია.
პროექტით, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, დანაშაულად არ ითვლება.
პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება გასულ კვირას მოხდა და მასზე მსჯელობა სავარაუდოდ, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყება. როგორც სესიაშვილმა განგვიმარტა, პროექტზე მუშაობა ცხრა თვის მანძილზე მიმდინარეობდა.