სკანდალური კანონპროექტი თეატრალური სამყაროსთვის

სკანდალური კანონპროექტი თეატრალური სამყაროსთვის

„საშინელ კატასტროფას მივიღებთ, დაინგრევა ქართული თეატრი, არ დამთავრდება ჩვენს თეატრებში კონფლიქტები“, - ასე ეხმაურება ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური „თეატრების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

საქმე ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების - ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, თეატრებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სამხატვრო საბჭოს უფლებამოსილება. შესაბამისად, ძირითადად მსახიობები გადაწყვეტენ თეატრის ბედს და არა - დღეს არსებული სამხატვრო ხელმძღვანელები. იმის გათვალისწინებით, რომ მსახიობები ემოციური ხალხია და მიდრეკილნი არიან დაპირისპრებისა და კონფლიქტური სიტუაციებისკენ, მათ მიერ თეატრის მართვა კითხვებს აღძრავს. გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ ახალი პროექტით სუსტდება კულტურის სამინისტროს როლი თეატრების ცხოვრებაში, რაც პროტესტს თავად კულტურის სამინისტროში იწვევს. ოდიშარიას უწყებაში აცხადებენ, რომ პროფესიული თეატრების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

პროფესიული თეატრების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თეატრალურ სამყაროში დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა.

როგორც ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, არ არსებობს თეატრი ინტრიგის გარეშე, მაგრამ, როცა ინტრიგა მართვის საფეხურზე გადადის, ეს უკვე სრული კატასტროფაა.

„არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არასდროს ყოფილა, რომ სამხატვრო საბჭომ, რომელიც, პირველ რიგში, მსახიობებისგან შედგება, მართოს თეატრი. სამხატვრო საბჭო შეიძლება არსებობდეს თეატრში, ეს ბუნებრივიცაა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შემოქმედებით პროცესებთან პოზიციის გამოთქმის უფლება, მაგრამ მართვის უფლების გადაცემა მსახიობისთვის წარმოუდგენელია. მსახიობებს თავ-თავიანთი ინტერესები აქვთ. არ შეიძლება, შემოქმედებითი და ადმინისტრაციული პროცესი ერთდროულად მართოს ადამიანმა, რომელიც, ერთი მხრივ, მიკერძოებული და თავისი ინტერესების მქონეა და, მეორე მხრივ, საერთოდ არ იცის, ადმინისტრაციულად როგორ მართოს თეატრი. მით უმეტეს, თეატრი ყოველთვის იყო არამშვიდი ცხოვრების ადგილი“, - აღნიშნა ლელა ოჩიაურმა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ამ კანონს ხელს აწერენ არაჩვეულებრივი მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და პარალმენტის წევრი გედევან ფოფხაძე, მაგრამ გაუგებარია, რატომ ჩათვალეს ამ ადამიანებმა, რომ ეს უცაბედი „ახირება“ თეატრისთვის მისაღები იქნება? ისიც საინტერესოა, რომელი თეატრი უჭერს მხარს ამ ცვლილებას?!

ამის საპირისპიროდ, ზაზა პაპუაშვილი და გედევან ფოფხაძე განმარტავენ, რომ მანამდე არსებული კანონის გამო ხშირად ხდებოდა სამხატვრო საბჭოებისა და დასის პოზიციების იგნორირება. მათი აზრით, თეატრი, როგორც შემოქმედებითი კოლექტივი, დაცული უნდა იყოს პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არავის არ უნდა გაუჩნდეს თანამდებობებზე ყოფნის შეუცვლელობის განცდა. უფრო მეტიც, თეატრებში უნდა არსებობდეს თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე კი თეატრებში არ არსებობს ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმი და ბალანსი, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.

For.ge-სთან საუბარში თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ მართვის სადავეების მსახიობთა დასისთვის გადაცემა ქართულ თეატრს დაანგრევს. მისი აზრით, არ შეიძლება, სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობის ჭკუაზე გაიაროს, მათი დარიგებებით, კონტროლით იმუშაოს. ეს პერიოდი უკვე გაიარა ქართულმა თეატრმა და ეს იყო წარუმატებელი პერიოდი. უფრო ადრეც, საბჭოთა ხელისუფლების ადრეულ ხანაში, სამხატვრო საბჭოები მართავდნენ თეატრებს, მაგრამ შემოქმედების თვალსაზრისით, ამას არანაირი შედეგი არ მოუტანია და ეს სტაგნაცია გრძელდებოდა მანამ, სანამ რეჟისორები არ გაუძღვნენ შემოქმედებით პროცესს.

„წარმოიდგინეთ მსახიობი, რომელსაც სურს გარკვეული სამსახიობო როლის შესრულება. თუ ის სამხატვრო საბჭოში იქნება, უკვე ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა და ის მაინცდამაინც იმ პიესების დადგმას მოიწონებს, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს. თეატრი აეწყობა მხოლოდ მსახიობის ხედვაზე და არაფრით წარმატებული არ იქნება. თეატრის კოლექტიური მართვა წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს მრავალ აზრთა სხვადასხვაობას და, ცხადია, ეს სხვადასხვაობა თეატრს ვერ მართავს. თეატრს სჭირდება ერთი ლიდერი, ეს არის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, რომელიც გაუძღვება მის შემოქმედებით პროცესს“, - გვითხრა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ჩვენ ვესაუბრეთ თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორს ავთანდილ ვარსიმაშვილს, რომელმაც, ასევე, ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „თეატრების კანონპროექტში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ერთ მაგალითს ვერავინ დამისახელებს, სადაც სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობის დროს თეატრი ყვაოდა. ეს პერიოდი ჩვენ გვახსოვს რუსთაველის თეატრისა და ბევრი სხვა თეატრის მაგალითზე. ვფიქრობ, ამით ჩვენ პატივს არ ვცემთ დამფუძნებლის ინსტიტუტს. თუკი სახელმწიფო არის დამფუძნებელი, მაშინ სახელმწიფომ, კულტურის სამინისტროსთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი ან დირექტორი, საითკენ უნდა მიდიოდეს თეატრი. მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემ ზაზა პაპუაშვილს და გედევან ფოფხაძეს, რომლებმაც აღნიშნული ინიციატივა მოიფიქრეს, ისინი ვერ ხვდებიან, მომავალში რას გამოიწვევს ეს თეატრებში. ასეთი პრეცედენტი რომ დავუშვათ, მაშინ ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან მიმართებითაც და რაიონული განყოფილების პოლიციელებმა თავად უნდა აირჩიონ პოლიციის უფროსი და არა - შს მინისტრმა. ეს სხვა უწყებებსაც გადაედება. ასეთი თვითნებობა კი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე დაუშვებელია“, - აღნიშნა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.

ჩვენ ვესაუბრეთ მსახიობ გივი ბერიკაშვილს. მან აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის შესახებ არაფერი იცის, თუმცა მიიჩნევს, რომ თეატრი სამხატვრო საბჭომ და მთავარმა რეჟისორმა უნდა მართოს.

„აბა, სხვამ ვინ უნდა მართოს თეატრი? ამ კანონპროექტის შესახებ სხვა არაფერი ვიცი და არც ჩემს შვილთან - მანანა ბერიკაშვილთან მისაუბრია ამის შესახებ“, - აცხადებს გივი ბერიკაშვილი.

ჩვენ კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ზოგადად კი, მანანა ბერიკაშვილის პოზიცია ამ თემასთან მიმართებით ცნობილია. იგი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ადრე რომ სცოდნოდათ, მის განხილვაში ყველანი მონაწილეობას მიიღებდნენ, რაც უკეთესი იქნებოდა.