რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიუხედავად, მავთულხლართების პოლიტიკა კვლავაც გრძელდება. „ბორდერიზაცია“ უკვე შეფასდა მცოცავ ანექსიად. გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის ეს პოლიტიკა შესაძლოა, საბოლოოდ ნავთობისა და გაზის მაგისტრალების გაკონტროლებისკენ იყოს მიმართული. რამდენად რეალურად უნდა განიხილებოდეს მსგავსი საფრთხე, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსა და თურქეთსაც; რა პრევენციული ღონისძიება შეიძლება იყოს ეფექტური, ან ვინ შეიძლება მოახდინოს ამისი პრევენცია, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, ისიც კი ითქვა, რომ თბილისის სამიტზე პრეზიდენტების შეკრების რეალური მიზეზი ამ შესაძლო საფრთხის განხილვა იყო. ნავთობსადენის გაკონტროლების მიზნით საზღვრის ნელ-ნელა გადმოწევა რადენად რეალური მიზანი შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან?
- ეს მოსაზრება პირველად მე დავაფიქსირე და ამ ვერსიას არა თუ ვიზიარებ, ვიტყოდი, რომ ეს რუსეთის სტრატეგიაშიც დევს, რადგან მათ სჭირდებათ სატრანზიტო კომუნიკაციურ ქსელებზე კონტროლის დაწესება - ეს აშკარაა და ნებისმიერი პოლიტიკური დაგეგმარების კონტექსტში, ყოველ შემთხვევაში, რუსული გადმოსახედიდან ლოგიკაში ჯდება.
სოფელ ორჭოსანთან დაახლოებით სამკილომეტრიანი ზოლის ფარგლებში მათ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე უკვე მოიპოვეს კონტროლის უკანონო უფლება.
ეს მაგისტრალი რუსეთს რამდენიმე მიზნის გამო სჭირდება. ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის გენშტაბს უკვე შემუშავებული აქვს უკრაინაში შეჭრის, სამხედრო ინტერვენციის გეგმა და ამასთან დაკავშირებით ლავროვმაც ილაპარაკა.
ეს გეგმა ყველა შემთხვვევაში იქნება დამუშავებული, დეტალები - დაზუსტებული და ყველა ელოდება გეგმა X-ის ამოქმედებას საქართველოს მიმართულებითაც, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო და რუსეთი დღესაც იმყოფებიან საომარ მდგომარეობაში, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს ზავი დადებული სარკოზი-სააკშვილის შეთანხმების შედეგად.
რუსეთს ყველა შემთხვევაში დასჭირდება კორიდორი ჩრდილოეთ-სამხრეთი, ანუ სატრანზიტო გზა, რომლის მეშვეობითაც ის სომხეთში გადაისვრის სამხედრო შეიარაღებას, ტექნიკას, სამხედრო შეიარაღების კომპონენტებს.
თუ გავითვალისწინებთ, რა სიტუაციაა დღეს მსოფლიო პოლიტიკურ არეალზე, რუსებმა უკვე დაიწყეს წვრთნები წყნარი ოკეანის მიმართულებით და ფაქტობრივად, იმიტაციური შეტევაც კი განახორციელეს აშშ-ს ტეროტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება პროცესში ჩაერთოს სამხედრო ინტერვენციის გზითაც.
კიდევ ერთი მომენტი, რისთვისაც სჭირდება ეს მაგისტრალი, კიდევ ერთხელ უკავშირდება სომხეთის მიმართულებას სამხედრო ბაზების განმტკიცების თვალსაზრისით, ეს არის სირიის მოვლენები.
უკრაინის მოვლენების ფონზე ჩვენს საზოგადოებას მიავიწყდა, რა ხდება სირიაში. ვიტყოდი, რომ საკმაოდ დრამატული ვითარებაა, შეიძლება დაეცეს ასადის რეჟიმი და თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე ზიანს მიაყენებს რუსეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს, ვიდრე უკრაინაში შექმნილი ვითარება. ამიტომ რუსეთი და ირანი დღეს ყველანაირად ცდილობენ, რომ ასადის რეჟიმი როგორმე სიციცხლისუნარიანი გახადონ, გაუხანგრძლივონ არსებობა.
ამ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ კავშირშია სირიის კონფლიქტთან, ჩრდილოეთ-სამხრეთის სივრცის გაფართოება მნიშვნელოვანია - რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადასროლა ირანის მეშვეობით, სირიის მიმართულებით, მომგებიანი იქნება რუსეთისთვის. შესაძლებელია, რუსეთმა სამხედრო ძალები გადაისროლოს კასპიის ზღვიდანაც და ჰაერიდანაც, მაგრამ ზღვით და ჰაერით გადასროლილი ტექნიკა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
გარდა ამისა, რუსეთმა უკვე გადალახა წითელი ხაზები - საუბარია უკრაინაზე, სადაც მან მოახდინა პირდაპირი ანექსია და ინტერვენცია. რუსეთს უკვე აღარაფერი უშლის ხელს განაახლოს სამხედრო მოქმედებები საქართველოს მიმართულებითაც თუ მას ეს დასჭირდა.
ცნობილია, რომ არსებობდა გარკვეული ვალდებულება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვის თვალსაზრისით, თუმცა აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდშიც ამაზე რატომღაც არ გამახვილებულა ყურადღება...
- სუამის ფორმატში განიხილებოდა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა), რომ შექმნილიყო სამხედრო ბატალიონი, რომელიც მოახერხებდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაცვას. გარდა ამისა იყო სამმხრივი ფორმატი - საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფარგლებში, რომ მათ უზრუნველეყოთ ნავთობსადენის დაცვა.
2008 წელს, როგორც კი მოხდა რუსების მიერ ამ სამკილომეტრიანი მონაკვეთის დაკავება, საქართველოში გაიმართა კავკასიური სამიტი ამ სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობით. ეს უფრო უსაფრთხოების კონტექსტში შემდგარი შეხვედრა იყო, ვიდრე ეკონომიკური. შეშფოთება იმით იყო გამოწვეული, რომ ნავთობსადენს რეალური საფრთხე დაემუქრა.
ბაქო-ჯეიჰანის ხელშეკრულებაში, რომელიც 2005 წელს ამოქმედდა, ჩადებული იყო მექანიზმები, თავდაცვის სამინისტროებისა და სპეცსამსახურების დონეზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ მილსადენის ფიზიკური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს იყო სამმხრივი ფორმატი, მაგრამ საერთაშორისო ვალდებულება არ ყოფილა.
თუმცა არსებობდა აბრეშუმის გზის სტრატეგია, რომელიც იყო მიღებული აშშ-ს კონგრესში, რომლის ფარგლებშიც აშშ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც ამ ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. თუ ამას დავამატებთ, რომ საქართველო-ამერიკის ქარტიის ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ენერგოუსაფრთხოება, ამ კუთხითაც ებმება ამ თემატიკას, თუმცაღა პირდაპირ არა, მაგრამ ბმის ელემენტი გააჩნია 3+1-ის ფორმატში.
ანუ თუ მცოცავი ანექსია ნავთობსადენის უფრო დიდ მონაკვეთსაც მოიცავს, რეალურად ვინმეს დახმარების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს? თუ აგვისტოს ომის დროს ვერ მივიღეთ დახმარება ამ კონტექსტში, დღესაც ალბათ, საეჭვოა ვინმეს ჩარევა. მითუმეტეს, რომ ომამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე თურქეთის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ტერაქტს ნავთობსადენზე, ითქვა, თითქოს, ქურთულმა დაჯგუფებამ ააფეთქა, მაგრამ ამ თემას გაგრძელებაც კი არ მოჰყოლია...
- მაშინ განსხვავებული სიტუაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობდა ომი, საბრძოლო მოქმედებები საქართველოსა და რუსეთს შორის, რამდენადაც პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ამას ზემოქმედება არ მოუხდენია. მიმდებარე ტერიტორიები იბომბებოდა, მაგრამ ნავთობსადენის მოქმედება არ შეჩერებულა, ანუ არ მოქცეულა მტრის კონტროლქვეშ.
დღეს უკვე მცოცავი ანექსიის პირობებში, როდესაც ხდება ტერიტორიის ოკუპირება, ეს უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მილსადენების შემდგომი მუშაობის კუთხით.
განსხვავებული სიტუაცია იყო რუსეთ-საქართველოს ომის დროს - რუსები მოვიდნენ მხოლოდ იგოეთამდე, შემდეგ 16 აგვისტოდან დაიწყეს გასვლა და ფაქტობრივად, მილსადენი დარჩა ქართული შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ.
რა უნდა გაკეთდეს? ამაზე ხმაური უნდა ატყდეს, საერთაშორისო დონეზე განხილვის უზრუნელყოფა მოხდეს, თუ რა გზით შეიძლება ავიცილოთ თავიდან საფრთხე, თუკი გამოიკვეთა, რომ ის მართლაც რეალურია?
- არსებობს უსაფრთხოების ქარტია, რომელიც ევროკავშირის ეგიდით იყო მიღებული და მასზე რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი. ალბათ, ამ ქარტიის ელემენტების ამოქმედებაც იქნება საჭირო, მაგრამ რთულია რუსეთის მოქმედებები წინასწარ განსაზღვრო. არა მარტო უკრაინასათან, აშშ-სთანაც კი მიდის კონფრონტაციაზე და ამისთანა პირობებში რთულია პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.
ეს უფრო მწვავედ ეხება თურქეთს, რომელიც ერთგვარ „ჰაბს“ წარმოადგენს ენერგომაგისტრალებისა - თურქეთის პოლიტიკური სტატუსისთვის საფრთხის შემცველი მომენტი იქნება. ფაქტები ჯერჯერობით ასეთია და როგორი იქნება მოვლენათა შემდგომი განვითარების სცენარი, ამას დრო გვიჩვენებს.
თუ ბაქო ერზერუმის გაზსადენი დამატებითი რესურსებით დაიტვირთება, საუბარია თურქმენული ან ირანული გაზის გატარებაზეც, დასაშვებია, რუსეთი ამ მიმართულებით უფრო გააქტიურდეს?
- საუბარია ტრანსადრიატიკული მილსადენის გაყვანაზე, რომელიც იქნება ბაქო-ერზერუმის გაგრძელება. საუბარია აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე ბალკანეთის ქვეყნების მეშვეობით სამხრეთ ევროპის მიმართულებით. სხვა ქვეყნები რამდენად ჩაერთვებიან, ამ ატაპზე რთულია განსაზღვრა, იმიტომ რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „ნაბუკოს“ პროექტზე ყაზახეთმა და თურქმენეთმა უარი თქვეს, განსაკუთრებით თურქმენეთმა.
რაც შეეხება რუსეთის გააქტიურებას, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, რუსეთმა ამ ტრანსადრიატიკულ მაგისტრალთან მიერთებაც შესთავაზოს, ანუ აზერბაიჯანულ-რუსული გაზის მიერთებაზე იყოს საუბარი.
რუსეთს პირდაპირი ინტერესი ჰქონდა ამ მარშრუტის მიმართ „ლურჯი ნაკადის“ პროექტის ფარგლებში. არსებობს კიდევ „სამხრეთის ნაკადი“, რომლის შეჩერება-არშეჩერებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
ტრანსადრიატიკული გაზსადენის იდეა არის, რომ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე შემცირდეს, თუნდაც დღევანდელი გართულებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, რუსეთი ამასაც განიხილავს, როგორც მის წინააღმდეგ გადადგმულ გეოეკონომიკურ ნაბიჯს, ისევე, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს.
ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ესეც ერთგვარი წინააღმდეგობის საგანი გახდეს რუსეთის მხრიდან, რომელიც მტკივნეულად აღიქვამს რეგიონში განვითარებულ ამ ალტერნატიულ პროექტებს. ნავთობსა და გაზს უკვე სარკინიგზო მაგისტრალების განვითარებაც ემატება. რაც შეეხება სარკინიგზო მაგისტრალს, მას შეუძლია სომხეთის ინტეგრაციაც მოახდინოს სხვა მიმართულებით, რაც რუსეთის ინტერესში არ შედის.
როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესები საქართველოს მიმართულებით კიდევ უფრო გაზრდილია...
- ამას არც მალავს რუსეთი. რუსეთმა შემოიტანა ასეთი ტერმინი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გავლენის ზონები“, სადაც საქართველოც შეიყვანა და რაც 2008 წლის საგარეო დოქტრინის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ისევე, როგორც უკრაინის გამო, ლამის, ომშია ჩაბმული რუსეთი და უპირისპირდება მსოფლიოს.
თუ ამ „სიცოცხლოდ მნიშველოვანი გავლენის ზონის“ „დაცვას“ გადაწყვეტს რუსეთი, გამოდის დასავლეთის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს?
- დასავლეთის იმედი უნდა გვქონდეს და გვაქვს კიდეც და თანამშრომლობის ელემენტებიც უკვე გამოსჭვივის, მაგრამ აქ საუბარია, რა დონეზე მივა კონფრონტაცია. ახლა ჯერი დასავლეთზეა - რუსეთმა წითელი ხაზი გადალახა, ისე, რომ უკან დასახევი გზებიც მოიჭრა. თუ რუსეთს აგრესიული პოლიტიკის გაფართოების საშუალება მისცეს, მაშინ შეიძლება, დასავლეთს რუსეთის აგრსიის შეჩერება ვარშავასა და ბერლინშიც კი მოუწიოს, ბალტიისპირეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
აქედან გამომდინარე, დასავლეთზეა დამოკიდებული, რა დონეზე მოახდენს რუსეთის შეკავებას. ცივი ომის რიტორიკა ისევ ბრუნდება, ამიტომ, ახლა მხოლოდ დასავლეთის ხელშია ეს ყველაფერი.