[გიორგი ბექაური]
თბილისის მერისა და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცების მიუხედავად, თბილისში სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა უკვე გაძვირდა. პიონერი ამ შემთხვევაში N221 სამარშრუტო ხაზზე მომუშავე „მარშრუტკები“ აღმოჩნდნენ. ამ ხაზზე მგზავრობა ნაცვლად 50 თეთრისა, უკვე 70 თეთრი ღირს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „თბილქარში“, რომელსაც აღნიშნული მარშრუტი ეკუთვნის, აცხადებენ, რომ მგზავრობის ღირებულება მძღოლებმა სასწვავის ფასის გაზრდის გამო თვითნებურად გააძვირეს. უფრო მეტიც, როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ ამის შესახებ არც არაფერი იცოდნენ.
არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ტენდერში გამარჯვებული ყველა კომპანიის წარმომადგენელი ცალსახად აცხადებდა, რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა. პირობას დებდა უგულავაც და ჯოხაძეც, თუმცა მგზავრობის საფასურის გაზრდა უკვე დაიწყო. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში N221-ს სხვა სამარშრუტო ხაზების მძღოლებიც აყვნენ და დედაქალაქში „მარშრუტკით“ გადაადგილება 70 თეთრი გახდეს.
ცნობისათვის, მესამე დღეა თბილისში, ვაგზლის მოედანი - ლილოს დასახლების ხაზზე N221 სამარშრუტო მიკროავტობუსზე მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა და 70-თეთრი გახდა. კომპანია „თბილქარში“, რომელსაც ეს ხაზი ეკუთვნის, ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულება მძღოლებმა სასწვავის ფასის გაზრდის გამო, თვითნებურად გააძვირეს და კომპანია საქმის კურსში არ იყო.
„ეს ხაზი ვაგზალი-ლილოს დასახლების მიმართულებით მოძრაობს და ძალიან დიდი მარშრუტია. საწვავის გაძვირების გამო კი, მძღოლები სერიოზულ ზარალზე მუშაობენ. ფასი ადრეც გაზარდეს, შემდეგ ისევ დასწიეს. ჩვენ შეგვიძლია ფასი ახლაც დავაწევინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მარშრუტის მთლიანად გაუქმება მოგვიწევს. ეს ყველაზე დიდი ხაზია და ხარჯიც ყველაზე მეტი აქვთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს თანხა, ამიტომ დავრეკავთ და ფასს დავარეგულირებთ“, - განაცხადა კომპანია „თბილქარის“ კოორდინატორმა ვასილ დვალიშვილმა.
არადა თბილისში ასეთი გრძელი მარშრუტით ბევრი სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. მაგალითად, N133, რომელიც გლდანიდან ორთაჭალის მიმართულებით მოძრაობს; N11, რომელიც ავჭალიდან რესპუბლიკური საავადმყოფომდე დადის; N30, რომელიც გლდანიდან მეტრო „გოცირიძემდე“ მიდის; N117, რომელიც დიღმის მასივიდან მოსკოვის პროსპექტის მიმართულებით დადის და ა.შ. ასეთი გრძელი ხაზები თბილისში საკმაოდ ბევრია და N221-ის პრეცენდენტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ ხვალ-ზეგ ყველა მათგანით გადაადგილება 70 თეთრი გახდეს.
ვიდრე N221-ით მგზავრობა გაძვირდებოდა, მგზავრობის ფასი მოკლე მარშრუტზე მოძრავმა მიკროავტობუსებმა გააძვირეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მერიამ სამარშრუტო ტაქსების გადაადგილებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ახალ წლამდე თითქმის ყველა „მარშრუტკა“, რომელიც მეტროდან უახლოეს დასახლებულ წერტილამდე მოძრაობდა, ნაცვლად 30 თეთრისა, 40 თეთრი გახდა. მაშინ მძღოლების ერთი ნაწილი მგზავრობის გაძვირებას საწვავის ფასის მატებას უკავშირებდა, ნაწილი კი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ „აიძულეს“.
„როდესაც ტენდერი გამოცხადდა, ჩვენთან მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მგზავრობის საფასური აუცილებლად უნდა გაგვეზარდა. როცა ვუთხარით, რომ ამით მგზავრთა რაოდენობა შეგვიმცირდებოდა, პასუხი იყო ასეთი - თუ არ გააძვირებთ, მაშინ ხაზზე ვეღარ გამოხვალთო. არადა, მეტროდან შეიძლება ადამიანი ავტობუსს გაჰყვეს, ავტობუსი 50 თეთრი ღირს, ასევე გაჰყვეს უფრო გრძელ ხაზზე მოძრავ „მარშრუტკას“, რომელიც ასევე 50 თეთრი ღირს, 40-თეთრიან მიკროავტობუსში კი ძალიან ცოტა მგზავრი ამოდის.
ჩვენმა პროგნოზმა გააამრთლა, გაძვირების გამო მგზავრები მართლაც დავკარგეთ, ხალხი მაშინ ამოდის, როცა არც ავტობუსი ჩანს და არც სხვა „მარშრუტკა“. ახლა უფრო ზარალზე ვართ, ვიდრე 30-თეთრიანის შემთხვევაში ვიყავით“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი მეტროსადგურიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მოძრავი „მარშრუტკის“ მძღოლმა.