საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ მტკიცებით, სადავო ტერიტორია, რომელსაც ეროვნული ძეგლის სტატუსი 2013 წელს მოეხსნა, სავალალო მდგომარეობაშია. რა სიახლეებია ამ თემის გარშემო და რას აპირებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კონფლიქტის მოსაგვარებლად?
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს გარშემო კამათი გრძელდება. დღეს, 2014 წლის 7 მაისს, „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ საჯარო გაფართოებული ყრილობა გაიმართა. შეხვედრა საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა. დამსწრე სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაღაროს გარშემო შექმნილ პრობლემებსა და გამოსავალზე ისაუბრეს.
არქეოლოგმა გიორგი გოგოჭურმა აღნიშნა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ნაწილი უკვე განადგურდა:
„კულტურული ფენა, ჩვენ ასე ვეძახით, მთლიანადაა მოსპობილი, ანუ წაშლილია. შეგნებულად არის, როგორც ჩანს, „არ ემ ჯი გოლდის“ მიერ გაკეთებული“.
შეხვედრაზე მადნის მომპოვებელი სამუშაოების ეკოლოგიურ მავნებლობაზეც ისაუბრეს. გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენლის, ოთარ ჭელიძის თქმით, მადნის მომპოვებელი სამუშაოები ტექნიკურად გაუმართავია, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს:
„ხდება დაბინძურება ყველაზე ნაყოფიერი სავარგულების, საიდანაც იკვებება ამ რაიონის ხალხი და ასევე ბოლნისი, რომელიც ერთ-ერთი მომმარაგებელია თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის. სამწუხაროდ, ამ კომპანიას არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს აღებული ამ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“.
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს 2006 წელს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2013 წლის ივლისში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს სტატუსი მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეეძლო ეს ტერიტორია მთლიანად აეთვისებინა. საზოგადოების ნაწილის პროტესტიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, სულხან სალაძე, ამბობს, რომ გადაწყვეტილება ძეგლის სტატუსის მოხსნის შესახებ ნაჩქარევი და საფუძველს მოკლებული იყო:
„კომისიას დაევალა 2 მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი, რომ შეესწავლათ იურიდიული დოკუმენტაცია. ამისთვის საერთოდ არაა კომისია საჭირო, მით უმეტეს, 11-კაციანი, რომელშიც შევლენ გეოლოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, იმიტომ რომ გეოლოგი იურიდიულ საკითხებზე ვერ იმსჯელებს. მეორე, ძეგლის გადატანაზე საუბარი: საყდრისი-ყაჩაღიანი მაშინ ეროვნული კატეგორიის ძეგლი იყო, რაც კატეგორიულად კრძალავს ძეგლის ერთიდან მეორე ადგილას გადატანას. ასე რომ, ამ თემაზე მსჯელობაც კი კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა“.
სულხან სალაძე დასძენს, რომ როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო კომისიას, სამინისტრო ვალდებული იყო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებულ საბჭოში გადაემოწმებინა, 11-წევრიანი კომისიის დასკვნა კი შეიძლებოდა რეკომენდაციად მიეღო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ ანთიძე მიიჩნევს, რომ „არ ემ ჯი გოლდისა“ და სამინისტროს წინააღმდეგ ყველა კრიტიკა საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, სამინისტრომ საკითხის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია:
„გუშინ შევახვედრე უკვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ის არქეოლოგები, რომლებიც გერმანელებთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიას სწავლობდნენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო და მოდავე მხარე სამეცნიერო წრეების მხრიდან ამ სპეციალისტების მიმართ არსებობს ნდობა“.
„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ კრიტიკას არც კომპანია „არ ემ ჯი“ ეთანხმება. კომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, მათ სადავო ტერიტორიაზე სამუშაოები იმ დრომდე აქვთ შეჩერებული, სანამ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო დასკვნას გამოიტანს.